Menu
RSS

ირაკლი ჩხვირკია: „ჩემი დამორჩილების მცდელობა ყოველთვის უშედეგო იქნება!“

ექსკლუზიური ინტერვიუ ქუთაისის #2 საპყრობილედან

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს სასამართლომ წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ,,ვერსია'' ირაკლი ჩხვირკიას ქუთაისის #2 საპყრობილეში დაუკავშირდა და მიმდინარე პროცესის შეფასება სთხოვა.
_ ირაკლი, როგორ აფასებთ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს?
_ ჩემი დაკავებაცა და მიმდინარე პატიმრობაც პოლიტიკური დევნა და ჩემი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტის, დამორჩილების მცდელობაა. დამაკავეს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას ნიშნავს. 2017 წლის 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებული ძალადობის, ვანდალური მოვლენების ორგანიზატორობა და ხელმძღვანელობა დამაბრალეს. პროკურატურამ არა მხოლოდ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოში დავამტკიცე გამოძიების მასალების გაყალბების, პროკურორების მიერ სასამართლოსა და საზოგადოების შეგნებულად მოტყუების ფაქტები და ჩემი უდანაშაულობაც.
 
მთელი საქმე იმდენად შესამჩნევი ,,თეთრი ძაფებით'' იყო შეკერილი, რომ ,,ქოცებისა'' და შოთაძის დიდი მეცადინეობის მიუხედავად, სასამართლო იძულებული გახდა, უდანაშაულოდ ვეცანი და გავემართლებინე. რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას დღემდე არა აქვს პასუხი, ვინ იყო 12 მარტის ვანდალიზმის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. გამართლდა მერაბ ღოღობერიძეც, თუმცა სასამართლომ იპოვა ,,გამოსავალი'' და უფრო აბსურდული მუხლით მაინც დამტოვა პატიმრობაში. 226-ე მუხლის მიხედვით, თურმე ბათუმში, დილის 04:36 სთ-ზე ჩემმა ჩამოსვლამ გამოიწვია გზის გადაკეტვა და საწარმოების გაჩერება, რადგან ტელევიზიებს გზის სავალ ნაწილზე ვაძლევდი ინტერვიუს. თუ ვინმე მეტყვის, გზა სად გადავკეტე ან რომელი აგუგუნებული საწარმოს მუშაობა შევაფერხე, კი ბატონო. ყველაზე სამარცხვინო კი ისაა, რომ მოსამართლის განმარტებით, თურმე სურვილი მქონდა, მიმდინარე პროცესი ნაცმოძრაობის სასიკეთოდ გამომეყენებინა ანუ, ფაქტობრივად, აბსტრაქტული ,,სურვილების'' გამო მომისაჯა 18 თვე პატიმრობა მაშინ როცა მათაც, ვინც აღიარა, რომ პოლიციის მანქანებს წვავდა და შუქნიშნებს ამტვრევდა, 18 თვე მიუსაჯეს, ზოგს _ ბევრად ნაკლები. საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ნიშნად ადვოკატები ავიცილე და მარტო ვიცავდი თავს, მაინც გავიმარჯვე და გავმართლდი! დანარჩენი კი არსებული პოლიტიკური რეალობის შედეგია და ვაგრძელებ ბრძოლას ამ რეალობის შესაცვლელად.
_ ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა სინამდვილეში 11-12 მარტს ბათუმში, ვინ დაგეგმა და ვის ,,აწყობდა'' დესტაბილიზაცია?
_ საქმის მასალების მიხედვით, უტყუარად შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმში პროცესმა 2017 წლის 11 მარტს ყოფით პრობლემებზე სპონტანურად იფეთქა. აქცია კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობდა, ვიდრე 12 მარტს ღამით, დაახლოებით 00:30 სთ-ზე საიდანღაც კარგად ორგანიზებული მოძალადე-პროვოკატორთა ჯგუფი არ გამოჩნდა და ,,ტიტუშკურ'' სტილში არ მოაწყო ბალაგანი. მაქვს ინფორმაციაცა და მოსაზრებებიც, თუ ვის ,,აწყობდა'' ან ვინ მოაგზავნა ის ,,ტიტუშკები'', მაგრამ ამაზე ახლა საუბარს ჭორაობის ფორმა ექნება და ვიდრე კონკრეტული ფაქტებით არ გავამყარებ ინფორმაციას, არასწორი იქნება საუბარი. ფაქტია, ამ მოვლენებს გადაჰყვა ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხაიძის თანამდებობა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხელისუფლების უუნარობა ,,სტიქიურ'' მოვლენებთან მიმართებაში. სპეცრაზმმა დილის ექვს საათზე შვიდი კაცი დაშალა, როცა წესით, ექვსი საათით ადრე უნდა ემოქმედათ.
_ როგორ აფასებთ ენმ-ს გადაწყვეტილებას თქვენი პარტიიდან გარიცხვის შესახებ, ხომ არ იყოს ეს სიმხდალე და ერთგვარი შიში პასუხისმგებლობის აღებისა პარტიის მხრიდან?
_ ვფიქრობ, პარტიიდან ჩემი გარიცხვა გაუაზრებელი პოლიტიკური შეცდომა იყო და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ეს არ ნიშნავს არც სიმხდალეს, არც _ შიშს. არ ვიცი, რა პასუხისმგებლობის აღებაზე მეკითხებით... მიუხედავად იმისა, რომ პარტიის რიგითი წევრი გახლდით, ჩემი ინდივიდუალური აზრი გამაჩნია და ქოცების დეპუტატებივით ბრმად არ ვემორჩილები ვინმეს სურვილს. სატელევიზიო ინტერვიუებიც ჩემი პირადი ინიციატივა იყო და პარტიამ როგორ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა? _ ფაქტი იყო საწყენი და არასასიამოვნო, თუმცა განსაკუთრებული პროტესტი არც გამომიხატავს. ჩემი უფლებით ვისარგებლე, რაც მათ დისციპლინარულ გადაცდომად ჩათვალეს და გადაწყვიტეს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნიეს. სიმხდალე და შიში კი ისაა, მთავრობამ გაჩუმების მიზნით უდანაშაულოდ რომ გამომკეტა.
_ ნაციონალური მოძრაობისგან საპყრობილეში რამდენად გრძნობთ თანადგომას?
_ ძნელია, საპყრობილეში რამე იგრძნო ან ადეკვატურად შეაფასო, გარეთ ვინ რას ფიქრობს შენზე. თუმცა, მორალურ თანადგომას პარტიიდანაც ვგრძნობ, ნაცნობ-მეგობრებისგანაც და უცხო ადამიანებისგანაც.
_ რა ინფორმაცია გაქვთ დედათქვენის, ოჯახის შესახებ. რა პირობებში არიან და ჰყავთ თუ არა, თქვენ გარდა, მარჩენალი?
_ სახლში მხოლოდ დედა და ბებია მყავს. პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირები არიან. დღეს ისინი მარჩენალის გარეშე არიან დარჩენილები და აქეთ მარჩენენ, მაგრამ გააქვთ თავი ისე, როგორც ქვეყნის სოციალურ გარემოს ,,შეეფერება''.
_ თქვენი მხარდამჭერები ამბობენ, რომ თქვენ და მერაბ ღოღობერიძე ხელისუფლებამ ,,განტევების ვაცად'' გაქციათ. რატომ მაინცდამაინც თქვენ, რა ინტერესი ჰქონდათ პირადად თქვენ მიმართ?
_ ღოღობერიძის მიმართ რა ინტერესი ჰქონდათ, არ ვიცი, რადგან ცნობილი იყო მისი პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ჩემ მიმართ მთავარი ინტერესი ჩემი პოლიტიკური აქტივობა გახლავთ. ამას დაემატა ისიც, რომ ბათუმის მოვლენების დაბრალება მთავრობამ იმავე ღამეს ნაცმოძრაობაზე დაიწყო და ჩემი გამტყუნების შემთხვევაში იტყოდნენ _ აი, ხომ ვამბობდითო, მაგრამ სასამართლო იძულებული გახდა, გავემართლებინე, შესაბამისად, ,,ქოცმინისტრების'' მხრიდან ნაცმოსკენ თითის გაშვერა უკვე სიბრიყვეა. ვერ გადამიბირეს რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ვერ მომისყიდეს და იფიქრეს, რადგან ნაცმოძრაობამ გამრიცხა, თუ ესენიც დამიჭერდნენ, სიბინძურეებზე მოვაწერდი ხელს. აქაც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ცუდად მიცნობენ.
_ გრძნობთ თუ არა, გარკვეულ პასუხისმგებლობას თუნდაც იმ განცხადებების გამო, რასაც აქციის დროს აკეთებდით და ხომ არ ნანობთ იმ პროცესებში რომ ჩაერთეთ?
_ მიუხედავად იმისა, რომ 9 თვეზე მეტია, ციხეში ვზივარ და კიდევ ამდენი უნდა ვიჯდე, მაინც არ ვნანობ არც იმ ინტერვიუებს და არც ბათუმში ჩასვლას. რამე რომ დამეშავებინა ვინმესთვის, ვინანებდი და ვაღიარებდი კიდეც, მაგრამ რატომ უნდა ვინანო ის, რაც არ საჭიროებს მონანიებას? რაიმე ფორმით რომ ვყოფილიყავი იმ აქციის, ძალადობის მოტივატორი ან სულისჩამდგმელი, ვიგრძნობდი პასუხისმგებლობას და გულწრფელად ვიღელვებდი მომხდარზე. პასუხისმგებლობა მე კი არა, მაშინდელმა შს მინისტრმა ,,ბალასტა'' მღებრიშვილმა და მოქმედმა მთავრობამ უნდა აიღოს. თუ ჩემი დანაშაული ინტერვიუებია, მაშინ ამ ინტერვიუს გამოც უნდა მომისაჯონ რამე.
_ ციხიდან განთავისუფლების შემდეგ პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას აპირებთ?
_ ციხეში ბევრი დრო მაქვს კითხვისა და ფიქრისთვის, ორივე ძალიან მიყვარს. ერთის მხრივ, ინფორმაციულად ვვითარდები, მეორეს მხრივ იმაზე ვფიქრობ, რას გავაკეთებ აქედან გასვლის შემდეგ. ჩემი დამორჩილების მცდელობა ყოველთვის უშედეგო იქნება. რა თქმა უნდა, სოციალურ აქტივობას გავაგრძელებ. ამ უკიდეგანო უსამართლობისა და პოლიტიკური მამაძაღლობის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებ იმ საშუალებებით და იმ სივრციდან, რაც არ სცდება კანონის ფარგლებს. ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანი ქმნის გარკვეულ პოლიტიკას იქ, სადაც არის და როგორც შეუძლია. ყველამ რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ქვეყნისთვის სასიკეთო პოლიტიკა ვაკეთოთ, სოფელიც აშენდება.
 
_ აპირებთ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზედა ინსტანციებში?
_ სააპელაციოში გავასაჩივრებ რამდენიმე დღეში, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მათგან სამართალსა და ობიექტურობას არც ველი. მოვილევ აქაურ ინსტანციებს და აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგში. მართალია, მომიწევს ლოდინი, თუმცა, ზუსტად ვიცი, ჩემ მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასაც დაადგენს ევროსასამართლო და ამ ბრალდებაშიც გამამართლებს. ასევე ვაპირებ საჩივარი შევიტანო პროკურატურისა და რამდენიმე გამყალბებელი გამომძიებლის წინააღმდეგ, რომლებმაც, ფაქტობრივად, მტკიცებულებები გააყალბეს. არც აქედან ველი შედეგს, მაგრამ ხომ იცით, დრონი მეფობენ და არა მეფენი... დღეს თუ არა, ზეგ ხომ მაინც იზეიმებს სამართალი?!
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში