Menu
RSS

THE GUARDIAN: არის თუ არა მარიხუანა სამედიცინო სასწაული?

სიმართლე ისაა, რომ ეს ჯერ კიდევ არ ვიცით


რა ფაქტები არსებობს სამედიცინო კანაფის შესახებ? მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მის სამკურნალო თვისებებს ადასტურებს, მცენარის სრული პოტენციალის კვლევა დიდი ხნის განმავლობაში კანონით შეზღუდული იყო. სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზების მოძრაობა სათავეს 1980-იან და ადრეულ 1990-იან წლებში, აშშ-ში გავრცელებული შიდსის ეპიდემიის დროიდან იღებს. ეს დაავადება სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა და დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცები მარიხუანას შვებისა და დამშვიდების საშუალებად მიიჩნევდნენ. 1996 წელს, კალიფორნია იყო პირველი შტატი, სადაც დაშვებული იქნა სამედიცინო მარიხუანას გამოყენება.
 
შვება ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორებიცაა შიდსი და კიბო (განსაკუთრებით ქიმიოთერაპიის დროს) ერთ-ერთი ყურადსაღები ფაქტორია სხვა ფაქტორებს შორის, რაც ამტკიცებს, რომ მცენარეს მართლაც სამკურნალო ეფექტი აქვს. მკითხველი გაერთიანებული სამეფოდან წერს, რომ როდესაც მისი ცოლი მკერდის კიბოს დიაგნოზით კვდებოდა, მან შეიძინა ინჰალატორი, რაც მალევე გახდა შეუცვლელი როგორც ტკივილის შესამსუბუქებლად, ისე ხასიათის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები შეზღუდულია, უკანასკნელ ხანებში განხორციელებულმა კვლევამ უჩვენა, რომ სიეტლში კიბოთი დაავადებული პაციენტების მეოთხედი იყენებს მარიხუანას. სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული კონცეფცია შეიძლება ადვილად გაბათილდეს, რადგან ბევრ მომხმარებელს არ გააჩნია გადაუდებელი სამედიცინო საჭიროება, მაგრამ მაშინ როდესაც მძიმედ ავადმყოფი ადამიანები სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად იღებენ მარიხუანას, ეს სულაც არ არის სისულელე. აშშ-ს ოცდაათმა შტატმა და ბევრმა ქვეყანამ მოახდინა ამ ნარკოტიკის ლეგალიზება ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ის შეიძლება სასარგებლო იყოს.
კანაფი შეიცავს უამრავ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC), რაც იწვევს განწყობის გაუმჯობესებასა და კანაბიდიოლი, რომელიც არ არის ფსიქოაქტიური ნაერთი და ხშირად ასოცირდება სამკურნალო ეფექტთან. ამ ფაქტორების გარდა, ცოტა რამ არის ცნობილი ამ მცენარის, როგორც მედიკამენტის შესაძლებლობების შესახებ, სულ მცირე, აფთიაქებში ხელმისაწვდომ სხვა ნებისმიერ წამალთან შედარებით. ამ მიზეზის გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, მისი მოხმარება დიდი ხნის განმავლობაში არალეგალური იყო და ძალიან რთული იყო მცენარის სამედიცინო მიზნებით გამოყენების კვლევა. ამგვარად, დღეს ეს სამკურნალო საშუალება შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ხალხური საშუალება და უხერხული კომპრომისი მცენარის ფართოდ აღიარებულ სამკურნალო თვისებებსა და შეუსაბამო სამართლებრივ გარემოს შორის.
30 შტატს შორის, სადაც მარიხუანას გამოყენება ლეგალიზებულია, თითოეულს აქვს იმ გარემოებების საკუთარი სია, რომელთა საფუძველზეც უზრუნველყოფილია მარიხუანაზე ხელმისაწვდომობა სამედიცინო მიზნით. არიზონას შტატში მიჩნეულია, რომ პოსტტრამვული სტრესული აშლილობა (PTSD) არის მაკვალიფიცირებელი პირობა, თუმცა ლუიზიანაში ასე არ მიიჩნევენ. დელავერში ექიმის რეკომენდაციის მიღება შედარებით რთულია, კალიფორნიაში კი ასეთი რეკომენდაციები გაიცემა სამწუთიანი ვიდეოსაუბრის შემდეგ.

თუნდაც დაშვებული გამოყენების შემთხვევაში, მთავრობა და ჩემთვის ცნობილი არც ერთი სანდო სამედიცინო დაწესებულება არ ცდილობს, უპასუხოს ისეთ ძირითად შეკითხვებს, როგორებიცაა: უნდა მიიღოს ან შეისუნთქოს თუ არა კონკრეტულ სპეციფიკურ მდგომარეობაში მყოფმა პაციენტმა კანაფი? რა დოზით შეუძლია პაციენტს მისი მიღება? როგორია ტეტრაჰიდროკანაბინოლისა და კანაბიდიოლის იდეალური თანაფარდობა? (ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომია მუდმივი მომარაგება, რაც ჩვეულებრივ არ ხდება).


ამის ნაცვლად, პაციენტები დარჩენილი არიან ცდის იმედად და შეცდომებსაც უშვებენ. ზოგიერთისთვის ესკარგად მუშაობს და სტიმულსაც აძლევს კომპანიებს, ისეთი პროდუქტების შესაქმნელად იმუშაონ, რომლებიც გამიზნულია უძილობის, შაკიკის, მუცლისტკივილის ან სხვა დაავადებებისთვის.


აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ იმ შტატებში, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია, მოთხოვნა ისეთ ფარმაცევტულ პრეპარატებზე, რომლებიც გამიზნულია შფოთვის, დეპრესიის და ტკივილის სამკურნალოდ, მნიშვნელოვნად შემცირდა. ზოგიერთი პაციენტი აშკარად ამჯობინებს ამ საშუალებას. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენად კარგად მოქმედებს ის ჩვეულებრივ მედიკამენტებთან შედარებით.


როდესაც საქმე ეხება დისკომფორტის ზოგიერთ რბილ ფორმას, შესაძლოა, დასაშვები იყოს ადამიანების მიერ ამ სამკურნალო საშუალებით ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარი სურვილის მიხედვით. სხვა შემთხვევებში, საჭიროა მეტი კონკრეტიკა. აშშ-ს ვეტერანთა ჯგუფები აქტიურად უჭერენ მხარს ამ სამკურნალო საშუალების კვლევას, ეყრდნობიან რა ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ფაქტებს, რომ ის ეფექტურია პოსტტრამვული სტრესული აშლილობის დროს.
მედიის ანგარიშების მიხედვით, სადაც მარიხუანა მიჩნეულია განკურნების საოცარ საშუალებად, იზრდება მშობელთა ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ, თავიანთ შვილებს კრუნჩხვითი აშლილობების დროს კანაბიდიოლის ზეთით უმკურნალონ. უმეტესწილად, ისინი ამ დამანგრეველ დაავადებებს ზეპირსიტყვიერად ან ინტერნეტით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მკურნალობენ. არსებობს ერთი მაგალითი, რომლის მიხედვითაც კანაფისგან მიღებული ფარმაცევტული პრეპარატების გამოყენება შედეგიანია. საუკეთესო მაგალითია ალბათ გაერთიანებულ სამეფოში არსებული ფირმა GW PHARMACEUTUCALS. კომპანიის პირველი სამკურნალო საშუალება სატივექსი (Sativex), პირის ღრუს აეროზოლი, რომელშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლისა და კანაბიდიოლის თანაფარდობაა 1:1, მიღებულია გამოყენებისთვის 30 ქვეყანაში (ძირითადად, ევროპაში) გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული სპასტიურობის სამკურნალოდ. კომპანიის შემდეგი პროდუქტია ეპიდიოლექსი (Epidiolex), ტეტრაჰიდროკანაბინოლის ფორმულა, რომელიც გამიზნულია ბავშვებში ორი იშვიათი და დამასუსტებელი (debilitating) სახის აშლილობისთვის. რამდენიმეწლიანი კლინიკური გამოცდის შემდეგ ის მიღებულია აშშ-ს საკვებისა და წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცების დაჩქარებული პროცესის მეშვეობით მისაღებად და შესაძლოა, საბოლოოდ დამტკიცდეს ივნისში (სინთეზური ტეტრაჰიდროკანაბინოლის გარდა, რომელიც გამოიყენება შიდსისა და კიბოსთან დაკავშირებული მადის დაკარგვის დროს, ეპიდიოლექსი იქნება აშშ-ში ხელმისაწვდომი კანაფისგან წარმოებული პირველი პრეპარატი).
 
არსებობს გამართლებული მღელვარება სამედიცინო გარღვევასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა ლეგალიზაციას მოჰყვეს, თუმცა, ეს ჯერ არ მომხდარა. აშშ-ს კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით „თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებული კვლევები უჩვენებს, რომ კანაბინოიდებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ სიმსივნის ზრდას უჯრედების კვდომის გამოწვევით, უჯრედების ზრდის და სისხლძარღვების განვითარების დაბლოკვით”. კანაფის ინდუსტრია ცდილობს, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი მოვლენების პოზიტიურად განვითარებას. ასე რომ, სიახლეები კანაფის შესახებ, რომლებიც ეხება ლაბორატორიული ტესტების დროს გამოვლენილ კიბოსთან მებრძოლ თვისებებს, შესაძლოა გაგებული იქნეს ისე, რომ სარეველა კიბოს კურნავს! ერთადერთი გზა იმის გასაგებად, რას შეუძლია დახმარება, არის კვლევა, რისი ჩატარებაც კვლავ რთულია. მანამდე ეს სამკურნალო საშუალება არ იქნება არც მედიკამენტი და არც ხუმრობა, არამედ რაღაც საშუალო მათ შორის.
წყარო: https://www.theguardian.com/society/2018/jan/15/ medical-marijuana-does-it-work-miracle-drug-evidence
„გარდიანი'' ალექს ჰალპერინი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში