Menu
RSS

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარადგინა

22 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართა.

სხდომაზე ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულებები წარადგინა, რომლებიც ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ-ს ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, დაცვის პოზიციას ამყარებს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები ნივთმტკიცებებს ეხება, თუმცა შინაარსზე საუბრისგან თავი შეიკავა, რადგანაც საქმე არასრულწოვნების მონაწილეობის გამო დახურულია. სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობისთვის ბრალდებული 2 მოზარდი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც და მათ მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო...
პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით იმ ექსპერტთა დაკითხვა მოითხოვა, ვინც ექსპერტიზა უშუალოდ ჩაატარა, მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. პროკურორის განმარტებით, ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს 25-მდე პირი იმყოფებოდა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა მხოლოდ იმ ორმა ბრალდებულმა ჩაიდინა, რომლებსაც ბრალი აქვს წაყენებული:
„ბრალდებულებს გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 3 და 4 დეკემბერს წარედგინა ბრალი, თუმცა მოგვიანებით გამოძიების მიერ ჩატარებული სრულყოფილი გამოძიების შედეგად, ასევე ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ ბრალდებულებს ერთი გარდაცვლილის მიმართ წარდგენილი აქვს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, ანუ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ხოლო ერთი გარდაცვლილის მიმართ ერთ ბრალდებულს აქვს წარდგენილი ბრალი. შესაბამისად, ბრალდების მხარე ცალსახად ადასტურებს, რომ გარდაცვლილი, დავით სალარიძის მიმართ ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული _ მკვლელობა. საქმეში ფიგურირებს ორი დანა, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. მათზე ჩატარებულია შესაბამისი კვლევები. ბრალდების მხარე სასამართლოში დაადასტურებს, რომ მკვლელობები ჩადენილ იქნა მხოლოდ ამ ორი დანით. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 25-მდე პირი, თუმცაღა დანაშაული, კერძოდ, მკვლელობა ჩადენილია ბრალდებულების მიერ. გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარდა..“
ზვიად ფხაკაძემ ასევე განაცხადა, რომ 25 იანვარს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის შემდეგ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე წარადგენს შესავალ სიტყვას. პროკურორმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქმეში კიდევ რამდენიმე დაჭრილი ფიგურირებს: ,,არ მითქვამს, რომ სხვა დაჭრილებიც იყვნენ. ვთქვი, რომ დაზიანება ჰქონდათ, რაც შეიძლებოდა წაქცევითაც მიეღოთ. იმის გასარკვევად, თუ რა გარემოებებში მოხდა დაზიანება, მიმდინარეობს გამოძიება. ეს საქმე გამოყოფილია ცალკე და გამოძიების ჩატარების შედეგად დადასტურდება, რა ვითარებაში მოხდა დაზიანება. როცა დაზიანებაზე ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმეს დანა დაარტყა.''
პროკურორის განმარტებით, მკვლელობის საქმეში გამოძიებამ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და ყველა პირი იდენტიფიცირებულია. პროკურორის განმარტებით, დადასტურებულია მტკიცებულებებში სრული სურათი, რა დროსაც მოხდა დანაშაულებრივი ქმედება. პროკურორმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს: ,,რაც მედიით გავრცელდა, ესაა დაზარალებულად ცნობის და არა ბრალდებულად ცნობის დადგენილება.“
ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ თავის დროზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა: ,,დაშვებულია ბევრი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც ვეღარ მოხერხდა. მივიღეთ არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე. მივიღეთ უამრავი მტკიცებულება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება სიმართლეს. შინაარსობრივად მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია“.
არსებითი განხილვის შემდეგი სხდომა 25 იანვარს, 16:30 საათზე ჩაინიშნა.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში