Menu
RSS

ონიანისა და კალაშოვის დაჯგუფებები შურისძიებისთვის ემზადებიან!

„სხადნიაკები“ საბერძნეთსა და სტამბოლში _ დიდი გადანაწილება „კანონიერ ქურდებში“


გასული კვირა ქართველი კანონიერი ქურდებისთვის ერთი შეხედვით მძიმე იყო. ეს ერთი შეხედვით, რადგან ერთბაშად რამდენიმე კანონიერი ქურდი დააკავეს და ამის შესახებ ბელორუსმა თუ რუსმა სამართალდამცავებმა საზეიმოდ გვამცნეს, მაგრამ...


ორი კვირის წინ, საბერძნეთში, ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის თაოსნობით, ე.წ. სხადნიაკი გაიმართა. შუშანაშვილმა ის ქურდები შეკრიბა, ვინც მისი და შაქრო კალაშოვის ბანაკში მოიაზრება, ანუ ყველას მინუს ტარიელ ონიანის მხარდამჭერები. „სხადნიაკს“ ათეულობით ქურდი ესწრებოდა და მოსკოვის ციხიდან პირდაპირ ეთერში უშუალოდ კალაშოვიც ჩაერთო. ჩვენი ინფორმაციით, „სხადნიაკის“ გამართვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ გავლენის სფეროების ახალი გადანაწილება დაიწყო. თუ აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ტარიელ ონიანისა და შაქრო კალაშოვის დაჯგუფებები ებრძოდნენ, ახლა ასპარეზზე ნადირ სალიფოვი, მეტსახელად „გული“ გამოჩნდა. აზერბაიჯანელი კანონიერი ქურდი არავისა და არაფერს ერიდება და იმ საქმოსნებს, ვინც უარს ამბობს ფული გადაუხადოს, საჯაროდ სჯის.
„სალიფოვის ხალხი არის ყველგან. „გულიმ“ გადაწყვიტა, რომ რუსეთი მისია და ჯერჯერობით ყველაზე მძლავრად მოსკოვს შეუტია. მან უკვე წაართვა ონიანსა და კალაშოვს სამი დიდი ბაზარი, წაართვა არბატზე არსებული დაწესებულებები, ახლა კი რეგიონებს შეუტია და ციმბირში არსებულ ქარხნებს დაერია. „გულის“ ბიჭები იარაღით ადგებიან ბიზნესმენებს, ლულას პირში უდებენ და მარტივად ეკითხებიან _ გადაგვიხდი?! რა თქმა უნდა, ყველა თავს უქნევს და უხდის კიდეც, რადგან მათი „კრიშა“ ჩრდილში დგას და სალიფოვთან ღია დაპირისპირებას ყველა ერიდება“,_ გვითხრა ერთ-ერთმა ე.წ. კაი ბიჭმა, რომელიც საბერძნეთში შეკრებაზე ჩავიდა, თუმცა ქურდული სტატუსის არქონის გამო, „სხადნიაკს“ ვერ დაესწრო, მაგრამ კულუარული ამბები გაიგო.
ვერ გეტყვით, რა ძალა უდგას უკან სალიფოვს, მაგრამ ფაქტია, რომ მასთან ომს, როგორც კალაშოვი, ისე ონიანი ერიდება. ონიანის მარჯვენა ხელმა მერაბ ჯანგველაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ „გული“ ციხიდან ახალი გამოსულია, სულისმოთქმა სჭირდება და მზად არის, მისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ეს პირდაპირ ნიშნავს უკან დახევას. რაც შეეხება კალაშოვს, მან „სხადნიაკზე“ შეკრებილებს მოუწოდა, რომ „გულისთან“ ღია კონფლიქტში არ შევიდნენ და ომი არ დაიწყონ, რადგან ეს ყველაფერი ქურდული სამყაროსთვის დამანგრეველი იქნება და მათ დაასუსტებს.
რა გამოდის? კაცმა, რომელმაც ციხეში 20 წელზე მეტი გაატარა და სულ რაღაც სამიოდე თვეა, რაც თავისუფლებაზეა, ქურდულ სამყაროში გადატრიალება მოახდინა და ყველას და ყველაფერს სათავისოდ ხედავს. ამ დროს კი სხვა გავლენიანი კანონიერი ქურდები მას არაფერს ეუბნებიან და სხვებსაც მოუწოდებენ, სფეროების გაფართოებაში სალიფოვს ხელი არ შეუშალონ.
„ამბობენ, რომ როგორც ონიანის, ისე კალაშოვის დაჯგუფება შურისძიებისთვის ემზადება. ორივე მხარე აქტიურად ეძებს ქილერს, რომელიც თავის თავზე აიღებს „გულის“ მკვლელობას, მაგრამ ეს არც ისე იოლი იქნება. საქმე ისაა, რომ სალიფოვი ამჟამად თურქეთში იმყოფება და მის უსაფრთხოებას კბილებამდე შეიარაღებული 150 კაცი იცავს. მან უკვე მოიპოვა თურქეთის მთავრობის მხარდაჭერა, რადგან რამდენიმე პროექტი წამოიწყო და მისი ინიციატივით, გარკვეულმა ჯგუფებმა თურქეთში ათეულ მილიონობით დოლარის ინვესტირება განახორციელეს. შესაბამისად, თურქეთის მთავრობა „გულის“ ბუზსაც არ აუფრენს“, -
გვეუბნება ჩვენი ინფორმატორი და იმასაც ამატებს, რომ გულისთან ერთად, თურქეთში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოს ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი. ლავას ოღლის და სალიფოვს ურთიერთობა დიდი ხანია აქვთ და შეიძლება ითქვას, სფეროების ახლიდან გადანაწილების საქმეში გორაძეც აქტიურად არის ჩართული.


ახლა რაც შეეხება დაკავებულ ქართველებს. ათენში გამართული „სხადნიაკის“ პარალელურად, თავისი მომხრე ქურდების შეკრება „გულიმაც“ გადაწყვიტა და შეხვედრის ადგილად სტამბოლი დათქვა. სწორედ იქ მიდიოდნენ მოსკოვიდან გიზო ქარდავა, ხოლო მინსკიდან მისი ძმა გელა ქარდავა და თბილისელი ქურდი სულიკო შარიქაძე. გიზო მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, გელა და შარიქაძე კი _ მინსკის. მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს კიდევ ერთი ქართველი კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოევიჩი“, მაგრამ, როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელის დაკავება სხვა მიზეზით მოხდა და არა საიმიგრაციო წესების დარღვევისათვის.


რაც შეეხება ძმებ ქარდავებსა და შარიქაძეს, წესითა და რიგით, მათი ექსტრადირება საქართველოში უნდა მომხდარიყო, რადგან სამართალდამცავთა ინფორმაციით, მათ ყალბი საბუთები ჰქონდათ, მაგრამ სამივე შემთხვევაში ძალოვნებმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს _ გიზო ქარდავა, გელა ქარდავა და სულიკო შარიქაძე თურქეთში გაადეპორტეს, ანუ იმ ქვეყანაში, სადაც თავად მიდიოდნენ. ვარაუდობენ, რომ სამართალდამცავთა ამ გადაწყვეტილებაშიც „გულის“ ხელი ურევია და, თუ ეს სიმართლეა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სალიფოვს მფარველები არამარტო თურქეთის, არამედ რუსეთისა და ბელორუსის მთავრობაშიც ჰყავს.
„შეიძლება ითქვას, რომ ნადირ სალიფოვი კრიმინალურ სამყაროში უნიკალური მოვლენაა. ის ციხეში ყოფნის დროსაც კი ახერხებდა გარეთ საკმარისზე დიდი ავტორიტეტი ჰქონოდა და მილიონებს ციხიდან შოულობდა. ახლა კი, თავისუფლებაზე მყოფი, ისე იქცევა, თითქოს სამყაროს მბრძანებელი იყოს, მაგრამ რაღა თითქოს, მან პრაქტიკულად ყველა კანონიერი ქურდი თავის გავლენის ქვეშ მოაქცია და თუ ასე გააგრძელებს, აუცილებლად გამოცხადდება მასზე ნადირობის სეზონი. ის, რომ მას ემტერებიან, ცხადია, რადგან „გულიზე“ თავდასხმის მცდელობა უკვე იყო და ის იღბლიანი შემთხვევის წყალობით გადარჩა _ ვიღაცამ პოლიციაში დარეკა, რომ შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს ხედავდა. ეს ადამიანები კი ჰიპერმარკეტიდან გამომავალ „გულის“ ელოდნენ, თუმცა სანამ კანონიერი ქურდი გამოჩნდა, მანამდე სამართალდამცავების რაზმმა იარაღიანი ქილერები დააკავა. ამის მიუხედავად, იმ პირობებში, როცა ქილერის ტყვიას ვიაჩესლავ ივანკოვი (იაპონჩიკი) და ასლან უსოიანი (დედ ჰასანი) ემსხვერპლნენ, „გულის“ უკვდავად გამოცხადება ნაადრევია“, _ ასეთია ჩვენი ინფორმატორის მოსაზრება.
პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში