Menu
RSS

საქართველოს პარლამენტი „ბავშვთა კოდექსს“ ქმნის

სოფიო კილაძე მოზარდებში გახშირებულ კრიმინალსა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება; არასრულწლოვანთა შორის და მათ მიერ მომხდარ დანაშაულთა რიცხვი უკვე საგანგაშო ხდება. რამდენიმე დღის წინ, ხაშურში, კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა მოხდა, არასრულწოვანთა დაპირისპირებისას 4 მათგანი დაიჭრა; სისხლის სამართლის დანაშაულზე, რამდენიმე კვირის წინ, 14 წლის მოზარდი დააკავეს; ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცავები რეაგირებას ვერ ახერხებენ, მათი ასაკის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ხშირად არასრულწლოვანთა უკან დანაშაულებრივი ჯგუფები დგანან და ბავშვებს ბოროტად იყენებენ. ჩნდება კითხვა _ ხომ არ უქმნის მოზარდს დაუსჯელობის გრძნობას ,,არასრულწლოვანთა კოდექსი'', რომლის შესაბამისად, 14 წლამდე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი არანაირი სასჯელით არ ისჯება და გამოიწვია თუ არა მოზარდებში კრიმინალის გაზრდა მოზარდების მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა მიდგომამ?
ამ კითხვებით ,,ვერსია'' ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს მიმართა:
_ არასრულწლოვანთა კოდექსი იყო ცვლილებების, პროგრესული პაკეტი და ახალი სიტყვა მართლმსაჯულებაში არასრულწლოვნების მიმართ. მანამდე ძალიან რესპრესიული პოლიტიკა არსებობდა, არ იყო გათვალისწინებული არასრულწლოვანთა სპეციფიკა, მსოფლიოს თანამედროვე ტენდენცია და ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ამ სფეროს ჰუმანურად აქცევს. ნაციონალური მოძრაობის დროს არსებობდა უკიდურესად რეპრესიული მანქანა _ თუ არასრულწლოვანი მოხვდებოდა კრიმინალთან შეხებაში, პირიქით ხელს უწყობდა, უფრო დიდ კრიმინალად ჩამოყალიბებულიყო. ეს პროექტი კი იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა, რომელიც სწორედ ამ სფეროს გაჰუმანურებას, არასრულწლოვნებზე ორიენტირებულობას უწყობდა ხელს. კრიმინალთან შეხებაში მყოფი არასრულწლოვანი უფრო დიდ კრიმინალად კი არ გვექცია, გამოგვესწორებინა და სწორ გზაზე დაგვეყენებინა.
_ როგორ ფიქრობთ, ამ მიდგომამ შედეგი გამოიღო?
_ ამ ძალიან ჰუმანურმა აქტმა შედეგი გამოიღო, სტატისტიკას თუ შევხედავთ, მოიკლო რეციდივმა. რაც შეეხება, კონკრეტულად, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, ეს არა მგონია, არასრულწლოვანთა კოდექსის გაუმართავობის ბრალი იყოს. ბევრი სხვა მიზეზით ვიღებთ ახალგაზრდებში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს.
_ გახშირებული კრიმინალის მიზეზად რას მიიჩნევთ?
_ პირველ რიგში, გვჭირდება პოლიტიკა, ხედვა, არასრულწლოვნებთან მიმართებით. ამ ზოგად ჭრილში ბევრი კომპონენტია, ოჯახი, რომელიც უდიდესი მნიშვნელობისაა. ბავშვი უმეტეს დროს ოჯახსა და სკოლაში ატარებს, ამ ორივე ინსიტიტუციაში უნდა ჩავდოთ ფუნდამენტი, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი შემთხვევები. სამწუხაროდ, კრიმინალი ყველგან ხდება და საზოგადოებაში არსებული აგრესია, რომელიც ბავშვებზეც აისახება, უნდა შევამციროთ.
_ და ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
_ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ერთად მუშაობენ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად პრევენციის კუთხით, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, უფრო ღრმა და საფუძვლიანი მექანიზმი, პოლიტიკა გვჭირდება ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად. დაახლოებით
ერთი წელია, მუშაობა დავიწყეთ ,,ბავშვის კოდექსზე'', რამაც უნდა უზრუნველყოს ბავშვთა დაცვის პირველი სისტემის შექმნა. უნდა შეიქმნას სახელმწიფოს დამოკიდებულება, თუ როგორ ვაძლიერებთ ოჯახებს.
ბავშვზე თუ ოჯახში ძალადობენ, ან ოჯახის წევრები ძალადობენ ერთმანეთზე, ან ამ ბავშვს არ აქვს ხელშეწყობა სწავლაში, მას ფსიქიკა ენგრევა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკვეთრად დაფიქსირებული პოლიტიკა. ,,ბავშვის კოდექსი'' სწორედ ოჯახების, ბავშვის უფლებების გაძლიერებაზეა ორინტირებული. სამწუხაროდ, დღეს, გარდა ,,გაეროს კონვენციისა'', არ გვაქვს რაიმე საკანონმდებლო აქტი, სადაც სპეციფიკურად ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით იქნება საუბარი. ასევე განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ბავშვთა დაცვაზე მედიასივრცეში. ვხედავთ უსაზღვრო ძალადობას, სისხლს, ომს, ყველანაირ ბილწსიტყვაობას და მერე გვიკვირს, რატომ ხდებიან ბავშვები მოძალადეები!
_ ტელევიზიებში საათობრივი ბადის გაკონტროლებას აპირებთ?
_ დიახ, ვაპირებთ. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთა სოციალური დაცვის საკითხიც. თუ შიმშილობს, არ აქვს სწავლისთვის პირობები, რა თქმა უნდა, ამაზე ზრუნვის ტვირთი სახელმწიფომ უნდა იკისროს. მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რათა მეტად შეძლოს ბავშვთა უფლებების დარღვევაზე მონიტორინგის განხორციელება. ასევე ვმუშაობთ მნიშვნელოვან პროექტზე ,,სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შესახებ'', რაც პირდაპირ ბავშვის უფლებების დაცვას უკავშირდება. სოციალური მუშაკი თვალ-ყურს ადევნებს ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, სადაც შეიძლება, პოტენციურად რაიმე პრობლემა იყოს. სოცმუშაკმა კარგად რომ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, შესაბამისი ანაზღაურება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, გაზაფხულზე პარლამენტში ამ პროექტზე ვიმსჯელებთ.
_ გაზაფხულზე ,,ბავშვთა კოდექსსაც'' წარუდგენთ პარლამენტს?
_ ეს კოდექსი დამუშავების პროცესშია და როცა ვიქნებით შესაბამის კონდიციამდე, წარვადგენთ. პირველ რიგში, პროცესის გამჭვირვალობისთვის არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გავაცნობთ და შემდეგ წარვადგენთ პარლამენტში.
_ ქალბატონო სოფიო, არასრულწლოვანთა კოდექსი დაუსჯელობის სინდრომს ხომ არ აჩენს მოზარდებში? 14 წლამდე მოზარდისთვის რაღაც სანქციები ხომ უნდა არსებობდეს მძიმე დანაშაულის შემთხვევაში?
_ გეტყვით, როგორ იქცევიან განვითარებულ დასავლეთში და მგონია, კარგი მოდელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ერთია, როგორ რეაგირებს სახელმწიფო დანაშაულზე, მაგრამ სანამ რამე დაშავდება, აქაა ყველაზე დიდი ლუფტი. თუ რაღაც პრობლემაა, უნდა ჩაერიოს სოცმუშაკი. ბავშვების უმეტესობა დამნაშავე ერთ წამში ხომ არ ხდება? ანუ არის რაღაც დარღვევები, პროცესები, რომლებიც უბიძგებს არასწორი ქცევისკენ. თუ სისტემა მუშაობს, მნიშვნელოვნად შეგვიმცირებს მათ შორის 14 წელსქვემოთ იმ ბავშვების რაოდენობას, რომლებიც დევიაციურ ქცევებში არიან შემჩნეულნი. უნდა იყოს რაღაც მექანიზმი, მაგრამ ეს ვერ იქნება დასჯა 14 წლამდე, რადგან მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით დადგენილია ის ასაკი, საიდანაც აცნობიერებს ბავშვი საკუთარი ქმედების სიმძიმეს. ასაკის ბარიერის დაწევა იქნება აცდენა იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ჰქვია ადამიანის ცუდი წარსულიდან სწორ გზაზე დაყენება. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვთა ჩართვა შრომაში. ვგულისხმობ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებას, რაც ბავშვის ასაკსა და შესაძლებლობებს შეეფერება.
_ ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება კრიმინალს ახალისებს.. დღეს სამართალდამცავი სტრუქტურები არასრულწლოვანთა მიერ ცადენილ დანაშაულზე ადეკვატურად რეაგირებენ?
_ ვფიქრობ, არის შესაბამისი რეაგირება, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია. ახალგაზრდებს უნდა ჩამოუყალიბდეთ სოლიდარობის განცდა, ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში, განათლების არაფორმალური მიმართულებაც მნიშვნელოვანია, მათი ენერგია სწორი მიმართულებით რომ მივმართოთ და არ გახდნენ ცუდი მენტალიტეტის მსხვერპლი.
_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთა უკან იდგეს ძალა, რომელიც ბავშვების დაუსჯელობის გამო, მათ ბოროტად იყენებს...
_ ამ კონკრეტულ საკითხს ზოგად კონტექსტში განვიხილავთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იყვნენ დანაშაულებრივი წრეები ისევე, როგორც, მაგალითად, მოწყალების მთხოვნელი ბავშვების შემთხვევებშია. არის მოსაზრება, რომ მიუსაფარი ბავშვების უკან დგანან დანაშაულებრივი წრეები და ეწევიან მათ ექსპლუატაციას. ეს სერიოზული შეშფოთების საგანია, თუმცა ურთულესია ასეთი შემთხვევების გამოვლენა.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გულზე ხელდაკრეფილი არ ვსხედვართ და არასრულწლოვანთა პრობლემები არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისთვის, რასაც, ვფიქრობ, ,,ბავშვის კოდექსი'' უპასუხებს და ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში