ლიტერატურული კონკურსის „მუზა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის „მუზა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრემიის ,,მუზა“ მოსაპოვებლად სამინისტროს 113-მა განმცხადებელმა მომართა.
ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა და მას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პრემია „მუზა“ გადაეცათ:
1. ნოდარ მაჭარაშვილს ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“, რომანისთვის „კვაზიმოდოს ქალაქი“;
2. გიორგი სოსიაშვილს ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“, კრებულისთვის „იალები“;
3. ლელა ცუცქირიძეს ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“, კრებულისთვის „ეს ამბავი ჩვენზეა";
4. მაკა ჯოხაძეს ნომინაციაში „წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე”, „ღვთისმშობლის ღიმილი“ - ლიტერატურული წერილები, ესეები;
5. თეა ირემაშვილს, ასევე, ოთარ მუზაშვილს ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა)“, ნაწარმოებებისთვის „არჩევანი" და „ტაკიმასხარა მეფე“ ( „მომავლის სოფელი");
6. მაგდა მჭედლიძეს ნომინაციაში „წლის საუკეთესო თარგმანი“, პლატონის „გორგიას“ თარგმნისთვის, აზროვნების აკადემია;
7. ნინო ხოფერიას ნომინაციაში „წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია“ - „პაოლო იაშვილის ლიტერატურული მისტიფიკაცია და მისი შედეგები";
8. გიორგი ჩალაძეს, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, პიესისთვის - „ტელემაქეა“;
9. ნინო ჯიშკარიანს ნომინაციაში „წიგნის საუკეთესო დიზაინი“ - „ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“;
10. გურამ მეგრელიშვილს ნომინაციაში „წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი“, პროექტისთვის „როგორ დავწერო ჩემი პირველი მხატვრული ნაწარმოები“, აზროვნების აკადემია;
11. ელა გოჩიაშვილს ნომინაციაში „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი“.
გამარჯვებულებს გადაეცათ პრემიის სიმბოლო - მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზას" მიხედვით შექმნილი ქანდაკებები და ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარდა).
მოწვეულმა სტუმრებმა, დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, მწერალთა სახლის დარბაზებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (,,სეუ") თეატრალური დასის მსახიობების, ჩელისტებისა და მხატვრების მონაწილეობით წარმოდგენილი პერფორმანსი იხილეს; უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიას კი მუსიკალურად სიმებიანი კვარტეტი აფორმებდა; საღამოს რეჟისორი დავით თარბა გახლდათ.
ლიტერატურული პრემია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2021 დაფუძნდა სახელწოდებით - „წლის საუკეთესო“, თუმცა კონკურსის წარმატებიდან და მის მიმართ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს კონკურსი განახლებული სახითა და ახალი სახელწოდებით - „მუზა“ - ჩატარდა. „წლის საუკეთესოს“ ფარგლებში დაწესებული 4 ნომინაციის ნაცვლად, წელს „მუზას“ გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
კონკურსი ყოველწლიურად, სექტემბრის თვეში, გამოცხადდება. მისი მიზანია: ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.