Menu
RSS

რამდენი პირი დაიჭრა ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევისას

დაცვის მხარე ეჭვობს, რომ საქმეში იმაზე მეტი დანა ფიგურირებს, ვიდრე გამოძიებამ წარმოადგენა

9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომაზე ბრალდებულები გ.ჯ და გ.ბ ადვოკატებთან ერთად გამოცხადდნენ.
დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ სასამართლოს საკუთარი მტკიცებულებები წარუდგინეს. ერთ-ერთი არასრულწლოვნის გ.ჯ-ს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულის დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი გარკვეული მტკიცებულებების ბათილად ცნობის შუამდგომლობა დააყენა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას მოსამართლე 10 იანვარს 15 საათზე გამოაცხადებს.
ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ გამოძიება დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქმეში დამნაშავეთა რიცხვი გაიზარდოს. მისივე ინფორმაციით, ჯერ არ დასრულებულა ექსპერტიზა, რამაც მკვლელობის დეტალები უნდა გამოკვეთოს. საქმის პროკურორი დაცვის პოზიციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბრალდებულის დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს გამოძიება არასრულყოფილად წარიმართა, სიცრუეა და საქმე სრულყოფილად იქნა გამოძიებული. ბრალმდებელის განმარტებით, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მკვლელობის საქმეში მხოლოდ ორი დანა ფიგურირებს.
სასამართლოში იმყოფებოდნენ მოკლული მოსწავლის, დ.ს-ის ბებია და ბაბუა, თუმცა მათ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცათ, მედიასთან კი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირებიც ფიგურირებენ. პროკურორს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი პირია ხორავას ქუჩაზე დაჭრილი, თუმცა აღნიშნა, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.
„დღეს განვიხილავთ ორი პირის ბრალდების საქმეს, რომ მათი მოქმედების შედეგად დადგა ორი არასრულწოვნის გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დაზიანებულებს, დაჭრილებს, დანიშნულია ექსპერტიზა და დგინდება თუ რა გარემოებებში მიიღეს ეს ჭრილობები“, _ განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქმეში ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს, ზვიად ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე 5 პირის წინააღმდეგ, რომელიც დანაშაულის დაფარვას ეხება. შესაბამისად, მოცემული გამოძიების პროცესში, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამასთან, პროკურორი უარყოფს დაცვის პოზიციას თითქოს საქმეში მონაწილეობს სხვა ცივი იარაღი, რომელიც გამოძიებაში არ არის დაფიქსირებული.
საქმის პროკურორისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწოვანის ადვოკატს ეკა მაჭარაშვილს, რომელიც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომის, ვიდრე ეს საქმეშია წარმოდგენილი: „დაცვის მხარის ვარაუდით, იმაზე მეტი დანა ფიგურირებს საქმეში, ვიდრე გამოძიებას აქვს წარმოდგენილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომის, ვიდრე ეს საქმეშია წარმოდგენილი. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გამოძიება არ არის ეფექტურად ჩატარებული და ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს“.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს _ გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის _ დედის მეთვალყურეობის ქვეშ.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში