როგორია პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდასხმიდან სამი წლის შემდეგ და რა სიახლეებია კოლხური კოშკის დავაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

19 დეკემბერს, სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას რამდენიმე პირი თავს დაესხა და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა, რის გამოც ცოტნე გამსახურდიას დღემდე მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება. ამ თარიღს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

„მრავლობითი ტრავმა, დაუზუსტებელი. გულმკერდის ნაწილის ღია ჭრილობა. გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. გულმკერდის ღრუს ორგანოების ტრავმა. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით. ფილტვის სხვა ტრავმები, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა. ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი და ღია პნევმოთორაქსი. მხრის სარტყლის და სხვა დაუზუსტებელი ნაწილების ღია ჭრილობა, ლავიწ-აკრომიონის შესახსრების ადგილას ნაჩხვლეტი ჭრილობა. თავის მრავლობითი ღია ჭრილობები. თავის მრავლობითი ტრავმები. ქალა-სარქვლის მოტეხილობა, მარცხნივ შუბლის თხემის ძვლების მრავალფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობა. ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, მარცხენა ჰემისფეროს სუბდურული ჰემატომა მთელ სივრცეზე. მარჯვენა ჰემისფეროსა და ჰემისფეროთაშორისი სივრცის სუბდურული ჰემორაგია. თავის ქალას გაჭყლეტა.

 ესაა დაზიანებების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც მომაკვდავი ცოტნე, ზუსტად სამი წლის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დაზიანებები, მიყენებული სხვადასხვა ზომის დანებითა და ბასრი იარაღებით, ალუმინის ყავარჯნებით, ასფალტის ბელტითა და ჩვენთვის უცნობი მძიმე, ბლაგვი საგნებით. დაზიანებები, რომლებმაც სასიცოცხლო მაჩვენებლები თითქმის შეუთავსებელი გახადა სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლისთვის…

მანამდე, ერთი საათით ადრე, საშინაო ტანისამოსში გამოწყობილ, სახლიდან არხეინად გასულ ცოტნეს ჭიშკართან ოთხი ნაძირალა უსაფრდება, ქურდულად ესხმის თავს და სასიკვდილოდ იმეტებს.

მიუხედავად საზოგადოების მხრიდან თავდასხმის მიზეზების მიმართ დღემდე გაუნელებელი ინტერესისა, ჩემი მხრიდან, ზუსტი ინფორმაციის ფლობის გარეშე,   ჰიპოთეტურ გარემოებებზე მსჯელობა სპეკულაციად მიმაჩნია. ამიტომ, ერთ, ჩემთვის კარგად ცნობილ და უტყუარ მიზეზს დავასახელებ მხოლოდ - ეს ოთხივე თავდამსხმელის ლაჩრობა და არაკაცობაა (აბა, გაებედა რომელიმეს, ცოტნესთან მარტოს შერკინება!).

არცერთს, არცერთს არ აღმოაჩნდა ღირსების ნატამალი, წინ აღდგომოდა, არ ეკადრა ყოვლად სამარცხვინო, მხეცური, მუხთალი და ჯგუფური თავდასხმა ერთ შეუიარაღებელ კაცზე.  არცერთს არ აღმოაჩნდა იოტისოდენა ადამიანობა, მხეცურად არ გასწორებოდნენ ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად, გადარჩენის შანსი არ ჰქონდა…

ერთ-ერთ ჩანჩურას თავიც კი მოუწონებია - ცოტნე გამსახურდია ავჩეხეო. რა ქნას საბრალომ, იცის, ამაზე „ღირშესანიშნავი“ არც არაფერი მოხდება ოდესმე მის ცხოვრებაში, რომლის რეალური არსის მაქსიმუმს ევროპის სავაჭრო ობიქტებიდან ჭინჭების ქურდბაცაცობა, შედეგად, პატიმრობა და გამოძევება, უკან შეპარვისთვის, საკუთარ გვარზე უარის თქმა და ცოლის გვარს ამოფარება წარმოადგენს. ანალოგიური ისტორია მეორე არაკაცის „საამაყო“ ბიოგრაფიაშიც იძებნება -  ევროპაში ქუდბაცაცობისთვის დაპატიმრება, გამოძევება და უკან შეპარვის მიზნით, საკუთარ გვარზე უარის თქმა. მესამე მშიშარა არაკაცი ცოტნეს მეზობელია, რომელმაც საკუთარი გარდაცვლილი ძმის გამოყენებაც კი არ ითაკილა ბინძური ჩანაფიქრის ასასრულებლად და მის დაბადების დღეზე მიიტყუა ცოტნე. სწორედ იქ დაახვედრა (და მოგვიანებით ,სახლის ჭიშკართანაც) დანარჩენი სამი არაკაციც.

საქმე იმაშია, რომ წლების წინ, თანაბარ პირობებში, ცოტნესთან მომხდარი დაპირისპირებისას, ცოტნეს დიდი უპირატესობის გამო, გულში ბოღმა და შურისძიება ჩაიდო და არნახული ლაჩრული ანგარიშსწორება მოუწყო წლების შემდეგ…ალბათ, ყველას გვინახავს კადრები, რომელშიც მსხვერპლის დედები საკუთარ შვილთა მკვლელებს გულში იკრავენ, პატიობენ, თავისუფლდებიან და სიცოცხლეს აგრძელებენ.

საკმაოდ მიმტევებლური ბუნებისა და ტოლერანტულობის მიუხედავად, კარგად ვიცი, ვერასოდეს, ვერცერთ მათგანს ვერ ვაპატიებ ვერანაირი გათავისუფლებისა და სულის ცხონების ფასად, რითაც კიდევ უფრო მეტად დავიმძიმებ ჯვარს, რომელსაც სამი წელია ვატარებ, მაგრამ არსებობს დანაშაული, რომლის პატიება შეუძლებელია; რომლის შემთხვევაშიც უადგილოა პირობითობისა  თუ ფარდობითობის ცნებათა ხსენებაც კი; რომლის დროსაც მედალს მხოლოდ ერთი მხარე აქვს და დამნაშავეს ერთი ვერდიქტი!

ვერ დაგამძიმებთ იმ ჯოჯოხეთური ტანჯვის დეტალებით, რასაც სიცოცხლისა და იმედის შენარჩუნებისთვის არაერთ ფრონტზე ერთდროული ბრძოლა ჰქვია. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია გამოცდილების  გარეშე, რომლის მიღებას მტერსაც ვერ ვუსურვებ…

ზუსტად სამი წლის წინ, ოთხმა ლაჩარმა თავდაყირა დააყენა ჩვენი დალაგებული და დალხენილი ცხოვრება. ზუსტად სამი წლის წინ, სამუდამოდ მოგვესპო სიცოცხლით, სიყვარულითა და სიმშვიდით ტკბობის ყველანაირი შესაძლებლობა…

 P.S. არადა, თითქოს, არც არაფერი უქადდა ცუდს ჩვენს ფერად ცხოვრებას, რომლის პრობლემების სერიოზულობა თითქმის აღარ სცილდებოდა ჩემი სამსახურიდან დროულად დაბრუნების ფარგლებს“…

„ვერსია“ ანა ჯაბაურთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც ქალბატონი ანა იმ საქმეების შესახებაც საუბრობს, რომელთაც სასამართლო განიხილავს. ერთ-ერთი საქმე კოლხურ კოშკს ეხება, დავა გიორგი გამსახურიამ საკუთარი დედის წინააღმდეგ წამოიწყო, რათა ცოტნე გამსახურდიამ მშობლიურ სახლში, კოლხურ კოშკში დაბრუნება შეძლოს...

 

- ქალბატონო ანა, რამდენი ხანია, გრძელდება სასამართლო დავა გიორგი გამსახურდიასა და დედამისს შორის? დასკვნა გამოიტანა ბოლო ინსტანციის სასამართლომ, კოლხურ კოშკთან დაკავშირებით?

- ეს დავა ჯერაც არ დამთავრებულა, რადგან მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს უწყებას არ იბარებს უკვე რამდენიმე კვირაა, რითაც ხელოვნურად ხდება პროცესის გაჭიანურება. თუმცა, ბოლო ინსტანციაშია უკვე სარჩელი, რაც, საბოლოოდ, დავის სწრაფი დასრულების იმედს გვაძლევს.

- თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოლხური კოშკი ცოტნესა და გიორგის მფლობელობაში გადავა, ბატონი ცოტნე შობას თავის მშობლიურ კოლხურ კოშკში შეხვდება, ხომ?

- საშობაოდ ვერ მოესწრება, რადგან ჯერ უწყების ჩაბარება უნდა მოხერხდეს, რაღაც მექანიზმებით (მარტო კასატორის ნება-სურვილზე ვერ წარიმართება სასამართლოს მუშაობა). მერე უნდა გადაწყდეს მიიღებენ თუ არა ბოლო ინსტანციის სასამართლოში და, ბოლოს, სააღმსრულებლო ფორმა უნდა გამზადდეს. მხოლოდ ამის მერეა კოშკში გადასვლაზე ფიქრი შესაძლებელი.

- როგორც ადრე, ინტერვიუში მითხარით, კოშკის ნაწილში გიორგი მუზეუმის გახსნას აპირებს, ამ საკითხზე დეტალები გარკვეულია?

- დიახ, გიორგის ასე აქვს მყარად გადაწყვეტილი. იგივე აზრზე იყო ცოტნე ყოველთვის. ამას ემხრობა კონსტანტინე გამსახურდიაც. მე პატივს ვცემ ძმების გადაწყვეტილებას, და, ისედაც, სულ რომ მათთვის უცნობი ვყოფილიყავი, როგორც რიგითი მოქალაქე, ყოველთვის მხარს დავუჭერდი ამ ღირსეულ გადაწყვეტილებას. კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიას სახლი საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის არავინ არ უნდა გამოიყენოს. ეწინააღმდეგებოდე ამ ორი დიდი ბუმბერაზი ადამიანის სახელზე ერთი მუზეუმის არსებობას, ესაა ამ ორი დიდი ადამიანისა და სრულიად საქართველოს ღალატი (რომ აღარაფერი ვთქვათ ღირსებისა და ნამუსის ნაკლებობაზე).

კოლხური კოშკის მუზეუმად გადაკეთება არ ნიშნავს ცოტნეს დატოვებას საკუთარი სახლის გარეშე. ცოტნეს ცხოვრება იქაა გათვალისწინებული კოშკის ტერიტორიის დიდ ნაწილში. ცოტნეს დღეს ისე სჭირდება იქაურობა, როგორც არასოდეს და, სამწუხაროა, რომ ამდენი წელია, ვერ ვახერხებთ მისთვის ამ საჭიროების შესრულებას, რის გამოც მისი თითოეული ექიმი ძალიან წუხს. 

- როგორია ბატონი ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა? როგორი ტემპით მიდის რეაბილიტაციის პროცესი?

- ცოტნეს რეაბილიტაცია ძალიან ნელი ტემპით ხდება, რაც მისი ორი მიზეზითაა გამოწვეული. პირველია თავის ტვინის უმძიმესი დაზიანებები და მისი გართულებები,  მეორე კი - არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც, სამწუხაროდ, ხელოვნურად იქმნება. თუნდაც, მისი საკუთარ, მამის მიერ ანდერძით დატოვებულ სახლში დაბრუნების გაჭიანურება და, აგრეთვე, დაუსრულებელი სასამართლოები, რომელსაც ჩემი და გიორგის წინააღმდეგ აწარმოებს მოწინააღმდეგე მხარე, რითაც ჩვენ ხელი გვეშლება საუკეთესო პროექტების ნაწილის განხორციელებაში.

- შეაფასეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც, თქვენს მეუღლეზე თავდასხმისთვის დაკავებულებს სასჯელი - 15-წლიანი პატიმრობა შეუნარჩუნდათ...

- სააპელაციო სასამართლოს მადლობლები ვართ მთელი ოჯახი. ამ ოთხი არაადამიანისთვის 15 წელიც ცოტაა. ამ სასჯელის შემცირება უსამართლობა იქნებოდა. ამიტომ, ძალიან დადებითად ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თავდამსხმელებიდან დაკავებული მხოლოდ სამია. სამწუხაროდ, მეოთხე თავდამსხმელი დაუსხლტა მართლმსაჯულებას.

მეოთხე დაკავებული, პეტრე ყუფარაძე არ არის თავდამსხმელი, ის ცოტნეს მეგობარია, რომელმაც იმ საბედისწერო ღამეს, ცოტნე კლინიკაში გადაიყვანა. ძალიან ვწუხვარ, რომ ისიც დაკავებულია შეუტყობინებლობის მუხლით და მისი სასჯელის შემსუბუქება ამ ინსტანციაში არ მოხდა. მე მას მადლობას ვუხდი ცოტნეს დახმარებისთვის.

ავტორი: თათია გოჩაძე