Menu
RSS

23 დეკემბერს, სტამბოლის ცენტრში, „დათო პანკისელი“ ჩაცხრილეს!

დიდი გადანაწილება გრძელდება – თურქეთში, 3 წლის განმავლობაში, ქილერმა ათზე მეტი კანონიერი ქურდი ჩაცხრილა!

პანკისში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ერთიორად აქტუალური ხდება თემა, რომელიც ხეობის მაცხოვრებლებს ეხებათ. ქართველი სამართალდამცავების მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რუსულმა მხარემ, კონკრეტულად კი ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა არაერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ხეობაში ტერორისტებმა მოაღწიეს, რაც მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ კადიროვის განცხადება რუსეთის ფედერაციის ლიდერთა აზრების გახმოვანებაა.
სავარაუდოდ, სწორედ სპეცოპერაციისა და მიმდინარე პროცესების გამო ამიტომ მოხდა, რომ ცნობილი კანონიერი ქურდის, დავით ალიხანაშვილის, იგივე „დათო პანკისელის“ მკვლელობამ უკანა პლანზე გადაიწია და ამ თემაზე პრაქტიკულად არავის არაფერი უთქვამს. არადა, 23 დეკემბერს, სტამბოლის ცენტრში ჩაცხრილული 36 წლის მამაკაცი სწორედ „დათო პანკისელი“ აღმოჩნდა.
ვარაუდობენ, რომ ეს პანკისელ ქურდზე სხვა ქურდების, კონკრეტულად კი თბილისელი დავით ოზმანოვის შურისძიება გახლდათ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებით ვიღაცამ ძალიან კარგად ისარგებლა და თურქეთში პანკისელი ქურდი მოკლა.
და მაინც, რას ერჩოდა შაქრო კალაშოვის დის შვილი, დავით ოზმანოვი თავის სეხნია „პანკისელს“ და რატომ ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, ქურდული გარჩევა არაფერ შუაში იყოს?!
მოგეხსენებათ, კალაშოვი ტარიელ ონიანის კლანთან კონფლიქტშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ონიანისა და კალაშოვის მომხრე კანონიერი ქურდები ერთმანეთს ერჩიან. 2011 წელს, ბელგიაში, ოზმანოვი შემთხვევით შეხვდა რამდენიმე „კოლეგას“ - კანონიერ ქურდებს როინ უგლავას, გია გურჩიანს, ირაკლი ყალიჩავას და იმ მომენტისთვის ქურდული სტატუსის არმქონე დავით პანკისელსა და აკაკი ტუღუშს. ყველა მათგანი ტარიელ ონიანის გარემოცვის წევრად ითვლება და შესაბამისად, მარტო მყოფი ოზმანოვი, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გაიწირა - იგი ჯერ სცემეს, შემდეგ კი დანით 30-მდე ჭრილობა მიაყენეს. ყველას და, პირველ რიგში, თავდამსხმელების გასაოცრად, ბელგიელმა ექიმებმა ოზმანოვი გადაარჩინეს, რის შემდეგაც მან ხმამაღლა გამოაცხადა, რომ არცერთ იმ პირს არ აცოცხლებდა, ვინც მასზე ხელი ასწია.
ამის შემდეგ მალევე, დავით ალიხანაშვილი კანონიერ ქურდად „აკურთხეს“, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, თავი უკეთ დაეცვა. უფრო კონკრეტულად კი, ქურდის სტატუსის მქონე პანკისელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ მასზე ხელის აწევა ქურდზე ხელის აწევა იქნებოდა და ამას სხვა კანონიერი ქურდები უყურადღებოდ არ დატოვებდნენ, თუმცა...
„თავდასხმა მოულოდნელად მოხდა. უცნობმა პირმა დავით ალიხანაშვილს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და როცა ის წაიქცა, თავდამსხმელი ადგილიდან ავტომობილით მიიმალა“, -ასეთი მწირი ინფორმაცია გაავრცელეს თურქმა სამართალდამცავებმა.
ზოგადად, თურქეთი ქართველი კანონიერი ქურდების თავშესაფრად რომ იქცა, ახალი ამბავი არაა და სტამბოლში ეს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ქურდებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ გახლავთ. უფრო ზუსტად კი, ამ დროის განმავლობაში, ქილერის ხელით ათზე მეტი კანონიერი ქურდი სწორედ თურქეთის ტერიტორიაზე გამოასალმეს სიცოცხლეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერცერთ შემთხვევაში, სამართალდამცავებმა დამნაშავის დაკავება ვერ მოახერხეს.
რაც შეეხება მეორე ვერსიას, თითქოს პანკისელი ქურდი სიცოცხლეს სპეცსამსახურებმა გამოასალმეს, რადგან იგი ახმედ ჩატაევთან იყო დაკავშირებული, თურქეთში ყოფნის დროს ჩატაევს პატრონობდა და საცხოვრებლით უზრუნველყოფდა, სიმართლესთან ახლოს არ უნდა იყოს. ჯერ ერთი, თუ სპეცოპერაცია ქართული მხარის ინიციატივით ჩატარდებოდა, ისინი მაქსიმალურად შეეცდებოდნენ მის ცოცხლად აყვანას, რადგან ისედაც გახმაურებულ საქმეში კიდევ ერთი მოწმე ჰყოლოდათ და მეორეც - როგორც თურქი სამართალდამცავები წერენ, თავდამსხმელი ადგილიდან მალევე მიიმალა, ანუ მან საკონტროლო გასროლა არ განახორციელა და ექიმებმა დაჭრილს ცოცხალს მიუსწრეს, უბრალოდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საეჭვოა, სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შემთხვევაში, ქილერს საქმე ბოლომდე არ მიეყვანა და საკონტროლო გასროლა არ განეხორციელებინა.
ჩვენი ინფორმაციით, ქურდულ სამყაროში ძალთა ახალი და ყველაზე სისხლიანი გადანაწილება იწყება. თუ აქამდე ქურდები მხოლოდ ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილი და შაქრო კალაშოვისა და ტარიელ ონიანის მომხრეებად მოიაზრებოდნენ, ახლა საქმეში ნადირ სალიფოვი, იგივე „გული“ ჩაერთო. აზერბაიჯანელი კანონიერი ქურდი თავისუფლებაზეა და მზის ქვეშ საკუთარ ადგილს იმკვიდრებს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „გულიმ“ უკვე არაერთ ისეთ ობიექტს დაადო ხელი, რომელსაც მანამდე სხვა კანონიერი ქურდები აკონტროლებდნენ. საუბარი მოსკოვში მდებარე სამ უმსხვილეს ბაზარზეა, საიდანაც დღიური შემოსავალი 150 ათას დოლარს აღემატება. არადა, აღნიშნულ ბაზარს კალაშოვის მომხრეები აკონტროლებდნენ, მაგრამ „გულიმ“ კბილები უკვე გამოაჩინა.
„აქ ასეა, აუცილებლად ვიღაცას უხდი. ეს ვიღაც აქამდე კალაშოვის ხალხი იყო, ახლა კი სხვა ადამიანები მოვიდნენ და ფული მოითხოვეს. ერთ-ერთმა მსხვილმა გადამხდელმა უარი უთხრა, არ გიცნობთ და ის სახალხოდ, საჯაროდ ცემეს. ისე ცემეს, გადარჩება თუ არა, არავინ იცის. შესაბამისად, ახლა ამათ ვუხდით, მაგრამ ამბობენ, რომ ეს დიდი სისხლიანი გარჩევის საბაბი იქნება“, -გვითხრა ერთ-ერთმა ქართველმა, რომელსაც ბაზარში დახლი აქვს და... რუსეთში დამზადებულ სულგუნს ყიდის, სანაცვლოდ კი, დღეში 150 დოლარს იხდის.
სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ კალაშოვმა ციხიდან შემოთვალა, რომ მის მიერ რუსეთში გათავისუფლებული ტახტრევანი დროებით მაინც ვიღაცამ უნდა დაიკავოს, ისეთმა, ვისაც „გულიცა“ და ონიანის მომხრეებიც ანგარიშს გაუწევენ. კავკასიელებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან სალიფოვთან დაჯახება არავის სურს. სამაგიეროდ, უარი არ თქვა ვასილი ქრისტოფოროვმა. ცნობილი კანონიერი ქურდი უკვე შეხვდა არაერთ კოლეგას და განაცხადა, რომ იმ „ობშიაკის“ ფულს, რომელსაც კალაშოვი აგროვებდა, ახლა ის შეაგროვებს და თავად გადაწყვეტს, რა მიმართულება მისცეს. ამბობენ, რომ ქრისტოფოროვს ყველგან თან ახლავს ქართველი კანონიერი ქურდი მერაბ გოგია, იგივე მელია, თუმცა დაზუსტებით ვერავინ ამბობს, გოგია ქრისტოფოროვთან ერთად მართავს ქურდულ სამყაროს თუ უბრალოდ მისი მარჯვენა ხელია.
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - შავ სამყაროში სერიოზული გარჩევა მიმდინარეობს და როგორც ამ სფეროს ექსპერტები, ისე სამართალდამცავები ათეულობით გვამს ელიან.
პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში