Menu
RSS

დასაქმების სანაცვლოდ მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდებათ

სასჯელაღსრულების სამინისტრო უპრეცედენტო პროგრამას იწყებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ამჯერადაც არაერთი სიახლეა. თითოეული და ზოგადად, სამომავლო გეგმები, მინისტრმა კახა კახიშვილმა რამდენიმე დღის წინა პარლამენტის დეპუტატებსაც წარუდგინა. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ახალი, უპრეცედენტო _ დასაქმების პროექტია, რომლის განხორციელებასაც უწყება გეგმავს. კახიშვილის განმარტებით, ამ ინიციატივის მიზანი მსჯავრდებულთა დასაქმების წახალისებაა. დასაქმების შესაძლებლობები პენიტენციურ დაწესებულებებში აქამდეც იყო, თუმცა ახალი პროექტით, დასაქმება, სანაცვლოდ, მსჯავრდებულებისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის შემცირებასაც ითვალისწინებს.
კახა კახიშვილის განცხადებით, უწყება ახალი მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს, რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება: „ეს იქნება რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც 2018 წელს წარმოვადგენთ და რომელიც შეეხება მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებას, თუ ის იმუშავებს _ ერთი სამუშაო დღე, მინუს ერთი დღე პატიმრობა და ასე საშიშროების რისკების შესაბამისად. ამით, მსჯავრდებულს მიეცემა საშუალება იმუშაოს და შესაბამისი ფორმულით შეიმციროს საპატიმრო ვადა. ეს იქნება სტიმული, რომ მათ მეტად იფიქრონ დასაქმებაზე, შეიმცირონ სასჯელი და არ იფიქრონ კრიმინალურ მენტალიტეტსა და მათ ადათ-წესებზე. მსჯავრდებულს უნდა შესთავაზო სხვა, ალტერნატიული გზა, რომ ის გათავისუფლდეს კრიმინალური გავლენებისგან “.
კახა კახიშვილის განმარტებით, მისთვის და ზოგადად, მისი უწყების წარმომადგენლებისთვის, დასაქმება აქამდეც ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო და მომავალშიც ასე იქნება: ,,დასაქმების პროგრამა უმნიშვნელოვანესი საკითხია პენიტენციურ დაწესებულებებში. როცა ადამიანი იმყოფება თავისუფლების აღკვეთის პირობებში, უნდა შესთავაზო ალტერნატივა, რომ დაკავებული იყოს სხვადასხვა საქმიანობით. ერთი, ეს არის განათლება, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული, მეორე _ დასაქმება. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ სამუშაო კერები შევქნათ დაწესებულებებში. ხელისუფლების მხარდაჭერით, უკვე გვყავს 600-მდე დასაქმებული მსჯავრდებული, რომელიც ანაზღაურებას იღებს“.
კონკრეტული პროექტს, თუ რა კატეგორიის მსჯავრდებულებს შეეხება აღნიშნული სიახლე, როგორ მოხდება მათი ჩართვა საქმიანობაში და სხვა დეტალებს, ახლო მომავალში წარმოადგენენ. საკითხზე სამინისტრო საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს, ასევე, სწავლობს ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას. კახიშვილის განმარტებით, შესაძლებელია, მაგალითად ისეთი სატენდერო პირობების განსაზღვრა, რომელიც პატიმრების დასაქმებას შეუწყობს ხელს _ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აიღოს პატიმრების დასაქმების ვალდებულება.
მინისტრისვე განმარტებით, სამინისტროში აღრიცხულია, თითოეულ დაწესებულებაში რა პროფესიის ადამიანები არიან პატიმრობაში. ამ ფონზე, სურვილის შემთხვევაში პროექტში მათი ჩართვა, გამარტივდება. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებულ პატიმრებთან სამოქალაქო ტიპის კონტრაქტები ფორმდება და ისინი იმ ოდენობის ხელფასებს იღებენ, რა ოდენობის ხელფასსაც, ამავე საქმიანობაში, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში აიღებდნენ.
ამის პარალელურად, იგეგმება პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებისა და დასაქმების ახალი კერების შესაქმნელად, ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა. ამჟამად, პენიტენციურ სისტემაში დასაქმების არაერთი შესაძლებლობა არსებობს. ფუნქციონირებს საწარმოები, პურის საცხობები, სამკერვალო, ხის საამქრო, რომელშიც პატიმრები არიან დასაქმებულნი და შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. მსჯავრდებულები ჩართულნი არიან სამეურნეო სამუშაოებშიც, რომელიც ანაზღაურებადია. ამასთან, მსჯავრდებულები მიკრობიზნესის სტატუსით, პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევიან. მათ მიერ დამზადებული ნივთები ონლაინმაღაზიის წწწ.ონლინე.მოც.გოვ.გე-ს მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, პირად ანგარიშზე ერიცხებათ. მსჯავრდებულთა დასაქმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ხელს უწყობს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას. ეს უმნიშვნელოვანესია მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კახა კახიშვილის თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იზოლაციის ფუნქციიდან რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ სისტემად გარდაიქმნა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა განვითარების სტრატეგია, რომელიც ერთი მხრივ, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვას, მეორეს მხრივ კი, სარეჟიმო პირობების დაცვას უზრუნველყოფს. მისი თქმით, სისტემა წარმატებით აგრძელებს განვითარებას და არა ერთ ნოვაციურ პროექტს ნერგავს. კახა კახიშვილის თქმით, 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში, 2018 წლიდან არა ერთი უპრეცედენტო სიახლე შემოდის, მათ შორისაა: სრულიად ახალი ტიპის _ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, რომელშიც პატიმრები გათავისუფლებისთვის მომზადდებიან; არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის _ შინაპატიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა პატიმართათვის სასჯელის მოხდის პერიოდში: „გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსდებიან პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ ერთი წელი. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ პროფესიებს. გარდა ამისა, დროებით დატოვონ დაწესებულება. მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობასაც ვაძლევთ, რაც მეტად შეუწყობს ხელს მათ რესოციალიზაციას და გათავისუფლების შემდეგ თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში“. მინისტრის თქმით, გრძელდება მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პატიმართა საშიშროების რისკის განსაზღვრას და მათ შესაბამის დაწესებულებებში განთავსებას გულისხმობს. საშიშროების რისკის სახეებია _ დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი. ყველა მსჯავრდებულს ეძლევა საშუალება რისკი შეიმციროს.
მაკა ცერაძე

დაბრუნება დასაწყისში