Menu
RSS

„ზვარეს“ მინერალური წყლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

დაუმტკიცდება თუ არა „საქართველოს რკინიგზას“ დანაშაული

,,საქართველოს სსკ 100-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, გთხოვთ დაიწყოთ გამოძიება სს ,,საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი კომპანიის'' წინააღმდეგ, რომელიც ეხება ,,ზვარეს მინერალური წყლის საბადოს კანონით დაცულ სანიტარულ ზონაში მოქმედ ჭაბურღილებთან სარკინიგზო ხაზის გაყვანას კანონის აშკარა და უხეში დარღვევით'', _ ეს იმ საჩივრის ამონარიდია, რომელიც 2017 წლის 19 ოქტომბრით თარიღდება და რომლის ადრესატიც, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეა. ,,ვერსია'' ,,ზვარეს'' მინერალური წყლის საბადოების ფაქტობრივად განადგურების შესახებ უკვე წერდა და იმის შესახებაც ექსკლუზიურად ვაცნობეთ მკითხველს, რომ კომპანია ,,საქართველოს რკინიგზის'' წინააღმდეგ საჩივარს ამზადებდა. როგორც შევიტყეთ, საჩივარს შესაბამისი უწყებების მხრიდან სწრაფი რეაგირება უკვე მოჰყვა და გამოძიებაც დაიწყო.
 
,,ზვარეს'' წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ,,რკინიგზის'' ბრალეულობა დამტკიცდება, რადგან მათი მტკიცებით, ,,ამ კომპანიამ საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე ბარბაროსული, მეტიც, ტერორისტული აქტი ჩაიდინა, რითიც სახელმწიფოს აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა''. ოპტიმიზმის საფუძველს, ზოგადად გამოძიების დაწყებაც იძლევა. ,,ზვარეს'' დამფუძნებლის, ჯამბულ ლურსმანაშვილის ადვოკატმა თემურ გვიშიანმა ,,ვერსიასთან'' საუბრისას განმარტა, რომ გენერალურმა პროკურატურამ საჩივარი, დართულ მასალებთან ერთად, ქუთაისის სამხარეო პროკურატურას გადაუგზავნა. პროკურატურისა და ,,ზვარეს'' წარმომადგენლები ადგილზეც ჩავიდნენ, საბადოები დაათვალიერეს, ვითარება და საქმე შეისწავლეს, ფოტოები გადაიღეს, მოგვიანებით კი, მთავარ პროკურატურასთან შეათანხმეს, რომ დანაშაული ნამდვილად ჩადენილია. ამის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა და დაიწყო გამოძიება, რომელსაც, ქვემდებარეობის პრინციპით, ხარაგაულის შინაგან საქმეთა განყოფილება აწარმოებს.
დამტკიცდება თუ არა ,,საქართველოს რკინიგზის'' დანაშაული, ან დამტკიცების შემთხვევაში, რა სანქციები გატარდება კომპანიის წინააღმდეგ, გამოძიების დასრულების შემდეგ შევიტყობთ. მანამდე კი, იმ გარემოებების შესახებ მოგახსენებთ, რომლითაც ადვოკატმა საჩივარი დაასაბუთა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, მდინარე ზვარეს სანაპიროზე, მდებარეობს მინერალური წყლის ,,ზვარეს'' საბადო ჭაბურღილებით. ეკონომიკის სამინისტროს მიერ, 25 წლის ვადით, ,,ზვარეს'' მინერალური წყლის მოპოვების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მდინარიდან 10 მეტრში მდებარეობს #30, 3პე ჭაბურღილი. კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ კანონით, საბადოს სანიტარული ზონა განისაზღვრება მინიმუმ 350 მეტრით ჭაბურღილიდან.
ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოს, ,,ზვარეს'' დირექტორმა ,,საქართველოს რკინიგზის'' გენდირექტორ მამუკა ბახტაძეს ოფიციალურად მიმართა, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე ჭაბურღილებია (#390 და #29) და რკინიგზის ხაზის გაყვანისას წარმოებული სამუშაოების გამო #29 ჭაბურღილი უკვე დაიფარა მიწის მასით, #30 ჭაბურღილს კი, მთელ საბადოსთან ერთად გაქრობა ემუქრება, თუ ლიანდაგი საბადოდან 350 მ. ახლოს გაივლისო. ამას პროგნოზირებდნენ ექსპერტებიც. ,,ზვარეს'' დირექტორს, ,,რკინიგზის'' წარმომადგენელმა ა. საღირაშვილმა წერილობითვე უპასუხა, პროექტის მშენებლობას ნებართვაში გაწერილი პირობების შესაბამისად ვახორციელებთო. არადა, სამთო-ინჟინერჰიდროლოგის, დამოუკიდებელი ექსპერტის, ირაკლი მიქაძის საექსპერტო დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ,,მშენებელმა კონტრაქტორმა თვითნებურად შეცვალა თავდაპირველი პროექტი, შეიტანა მასში დაუსაბუთებელი ცვლილებები და საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმების გარეშე თვითნებურად დაიწყო შეცვლილი პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რის გამოც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს, მათ შორის ,,ზვარეს'' მინერალური წყლის საბადოს. ექსკავირებული ქანებით დაიფარა საექსპლოატაციო ჭაბურღილები, დარღვეულია სანიტარული ზონები''.
 
ამ ფონზე, ადვოკატი თემურ გვიშიანი, საჩივარში, რომელიც მთავარ პროკურატურაში შეიტანა, ითხოვს: ,,გთხოვთ, დაადგინოთ, ვის მიერ იქნა პროექტში შეტანილი ცვლილება, ვისი თანხმობით, რადგან დასკვნის ავტორი მიქაძე აღნიშნავს, რომ პროექტში ცვლილება შევიდა სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმების გარეშე. რკინიგზის ხაზის გაყვანას აწარმოებდა ჩინეთისYრკინიგზის 23-ე ბრიგადა, რომელიც დაქვემდებარებულია შპს ,,საქართველოს რკინიგზის'' ხელმძღვანელობის მიერ. ფაქტობრივად, ბრიგადამ რკინიგზის ხაზის გაყვანა დაიწყო პირდაპირ საბადოს მიმართულებით, რითაც საფრთხე შეექმნა მინერალური წყლის მოპოვებას... გთხოვთ, დაისვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც რკინიგზის უკანონო მშენებლობის შედეგად მთლიანად გაანადგურეს შპს ,,ზვარეს'' საბადო და მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. მათი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მთლიანად შეწყვეტილია ,,ზვარეს'' წყლის ჩამოსხმა-რეალიზაცია''.
მარი ჩრდილელი

დაბრუნება დასაწყისში