Menu
RSS

„გირგვლიანის საქმეზე“ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა 3 იანვარს გაიმართება

25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,გირგვლიანის საქმეზე'' მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სააკაშვილს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სხდომაზე ადვოკატ სოფიო გოგლიჩიძეს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ხაზინიდან დაენიშნა, დასკვნითი სიტყვა უნდა წარედგინა, თუმცა განაცხადა, რომ მოსამართლის მიერ მიცემული დრო საქმის მასალების სათანადოდ გაცნობისთვის საკმარისი არ იყო და სხდომის გადადება 12 იანვრამდე ითხოვა. მოსამართლე გიორგი გიორგი არევაძემ ადვოკატს შუამდგომლობა დაუკმაყოფილა, თუმცა საქმის შემდეგი განხილვა 3 იანვრის 13 საათამდე გადადო. მოკლედ, მოლოდინი, რომ სააკაშვილს საქართველოში განაჩენს 2018 წლამდე გამოუტანდნენ, არ გამართლდა...
პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა, სააკაშვილის ადვოკატი სიცრუეში დაადანაშაულა და სასამართლის ამის არგუმენტირებული მტკიცებულებებიც წარუდგინა. საქმე ის გახლავთ, რომ ადვოკატმა საქმის გადადების მოთხოვნით მოსამართლეს წინა სხდომაზეც მიმართა და მიზეზად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი დაასახელა. განმარტა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღნიშნული საქმის ტომების ბოლომდე გაცნობას რამდენიმე დღეში ვერ შეძლებდა, რადგან სხვა საქმეებითაც იყო დატვირთული. ნადარეიშვილმა კი განმარტა, რომ პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სოფიო გოგლიჩიეძემ ბოლო დღეების განმავლობაში სასამართლოში სულ რამდენიმე საათი გაატარა და ის საქმის გადადებას დატვირთული გრაფიკის გამო კი არა _ საქმის გაჭიანურებისთვის ითხოვდა. ადვოკატმა ბრალდება უარყო და განაცხადა, წარვადგენ მტკიცებულებებს, რომ ბოლო პერიოდში აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდიო.
სხდომის დასასრულს ადვოკატმა განაცხადა, რომ მიუხედავად მცდელობისა, დაცვის ქვეშ მყოფთან და მის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია. გოგლიჩიძე განმარტავს, რომ ოჯახს წერილი მისწერა, თუმცა არავინ გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ამ ფაქტის შეფასება ვთხოვეთ. სახაზინო ადვოკატმა გვიპასუხა, რომ ზოგადად, სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა.
სააკაშვილის საქმის განხილვაზე დასასწრებად საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები _ კობა ხაბაზი, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ვარშალომიძე და სხვები მივიდნენ. სხდომის დასასრულს ნაცმოძრაობის წევრებმა მეგი გოცირიძემ, ხატია დეკანოსიძემ, ეკა წამალაშვილმა და სხვებმა პროკურორს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და დერეფანი დაატოვებინეს ხმაურითა და შეძახილებით _ ,,მონა, მონა!''.
ნაციონალები აცხადებენ, რომ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეში ბრალი არ მიუძღვის და მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის დაკავებული პირები შეიწყალა. პროკურატურა კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში