Menu
RSS

„უდანაშაულო დამნაშავეების“ „გაპრავების“ ხერხები

ის, რაც ბაჩო ახალაიას შესახებ, თითქმის ყველა პატიმარმა იცის

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ბაჩანა ახალაიას საქართველოს მასშტაბით, ციხეებში მიმდინარე სისტემურ დანაშაულზე ბრალი არ აქვს წაყენებული. პარადოქსი იმიტომ, რომ პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა (თუ ყველა არა) დარწმუნებული იყო, რომ ის, რაც ციხეებში ხდებოდა, სწორედ ახალაიას გუნდის მიერ იყო ორგანიზებული და ეს მაშინ დაიგეგმა, როცა ბაჩო სასჯელაღსრულების დაწესებულების პირველი პირი გახლდათ. მეტიც, სხვა თანამდებობაზე გადასვლის შემდეგ, ახალაიას კადრები ხელშეუხებელნი დარჩნენ და ხათუნა კალმახელიძე მხოლოდ ფიქტიური მმართველი იყო, ფაქტობრივად კი ყველაფერს კვლავ ბაჩო ახალაია და მისი გუნდი აკონტროლებდა. არადა, ახალაია დღესაც სიამაყით ამბობს, ციხეებში რა ხდებოდა არ ვიცოდი და ეს იმითაც დასტურდება, რომ ბრალი წაყენებული არ მაქვსო. შესაძლოა ვინმემ ცილი დაგვწამოს, ახალაიას დანაშაულს აბრალებთ, რომ სცოდნოდა, ამ ამბავს არ დაუშვებდაო, მაგრამ...
დავიწყოთ იმით, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში ხათუნა კალმახელიძის დროს, ყველაზე გავლენიანი დეპარტამენტის დირექტორი, ძებნაში მყოფი დავით ჭაკუა გახლდათ. ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, წესითა და რიგით, ახალ მინისტრს, ანუ კალმახელიძეს თავის კადრი უნდა მიეყვანა, მაგრამ ის ახალაიას უახლოეს მეგობარს ვერ შეეხო და შესაბამისად, ჭაკუაც ყველა საკითხს სწორედ ახალაიასთან ათანხმებდა და არა კალმახელიძესთან. ჭაკუას მოადგილე, გაგა მკურნალიძე, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, პირადად დადიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ე.წ. ურჩ პატიმრებს ფიზიკურად პირადად უსწორდებოდა.
რუსთავის #17 დაწესებულების შეფი, ლაშა ბრეგვაძე, რომელიც ასევე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ახალაიას მეგობარი იყო. ახალაიას საძმაკაცოს შეადგენდნენ ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი, ძებნილი ალექსანდრე მუხაძე, სასტიკ ჯალათად ცნობილი გოგა ბუთლიაშვილი და კიდევ სხვა მრავალი, რომელთაც ქალბატონი ხათუნა თქვენობით მიმართავდა და ახალაიას რისხვის ეშინოდა. და ამ დროს, ბატონი ბაჩო ციხიდან გაიძახის, მე არაფერ შუაში ვარო.
,,დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ წაუყენეს ახალაიას ბრალი ორთაჭალის ბუნტად მონათლულ საქმეზე. მაშინ ის პირადად ხელმძღვანელობდა პატიმრების სადამსჯელო ოპერაციას და დაღუპულების გარდა, ათს ასცდა იმ პატიმრების რიცხვი, რომლებიც სპეცრაზმის სისასტიკის შედეგად, ეტლს მიეჯაჭვნენ. ახალაია პირადად ისროდა და ამის მოწმე არა ერთი და ორი პატიმარია. ახალაია პირადად ყვიროდა ეზოში, დახოცეთ ამათი დედაო და ამასაც ასეულობით პატიმარი დაადასტურებს, მაგრამ ნურას უკაცრავად, ეს საქმე ისე ჩაფარცხეს, ლამის აქეთ მოუხადეს ბოდიში მას'', _ გვიყვება პატიმარი, რომელიც მაშინ ორთაჭალაში იჯდა და სახელს და გვარს იმიტომ არ წერს, რომ... ,,ახალაიას ამ საქმის გამო მაინც არავინ დასჯის, მე მარბენინებენ ისევ პროკურატურაში და ისევ მე ვიქნები დამნაშავე. თუ ამ ხელისუფლებას რეალური გამოძიება სურს, ხომ არსებობს ჩანაწერები, ვინ იჯდა მაშინ ორთაჭალაში, დაკითხონ ბრმა შერჩევით ათი კაცი და მიხვდებიან, რომ მართალი ვარ...''
სხვათა შორის, ციხის თემასთან დაკავშირებით ანგელოზად მოაქვთ თავი ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს, რომლებიც მაშინ ავანგარდში იყვნენ და თანამდებობები ეკავათ. კონკრეტული სახელით და გვარით ვამბობთ _ თუ არაფერი იცოდა მაგალითად დავით დარჩიაშვილმა, ჰუმანურობაზე რომ აქვს პრეტენზია, რატომ არ სცემეს 2010 წელს პატიმარი დავით მ. (საჭიროების შემთხვევაში ამ პატიმრის გვარიც შეგვიძლია ვთქვათ), როცა ალექსანდრე მუხაძეს უთხრა, ჩემზე დარჩიაშვილმა დაგირეკათო?! რისთვის დარეკა დარჩიაშვილმა, არ იცოდა?! იცოდა... ზუსტად ისე, როგორც ეს იცოდა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ, ზურაბ მელიქიშვილმა, დავით კირკიტაძემ და ათეულობით მაღალჩინოსანმა. ეს იცოდა ყველამ, მაგრამ სწორედ ბაჩანა ახალაიას ვერ უბედავდნენ ვერაფერს და ვერ ამბობდნენ, რომ ციხეებში ცოდვის კალო ტრიალებდა.
ახლა რომ ჭკუას გვარიგებს გიორგი ტუღუში, მისი ომბუდსმენობის დროს, გლდანის ციხეში შემოსული სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ყველას გასაგონად ამბობდნენ, აქედან ვერაფერს გავიტანთ, გასვლისას გვჩხრეკენ და წერილი რომ გვიპოვონ, ცემაში მოგვკლავს ოლეგ ფაცაციაო. ანუ, დაახლოებით მაინც ხომ ხვდებით, რა დღეში ჩავარდებოდა პატიმარი, რომელსაც ომბუდსმენის კანტორის თანამშრომლის იმედი ჰქონდა, მაგრამ მისგან ისმენდა, შესაძლოა მეც მცემონო... კანტორაც შეგნებულად ვახსენეთ, რადგან ტუღუშმა მაშინ დაამტკიცა სუბიექტური რომ იყო, როცა ნაციონალების ნავში ისე გადაჯდა, თვალიც არ დაუხამხამებია. მეტიც, მათ ,,გაპრავებასაც'' შეეცადა, უბრალოდ ვეღარ თუ აღარ გამოუვიდა.
ისევ ახალაიას დავუბრუნდეთ. ალექსანდრე მუხაძე არ მალავდა, რომ ვალდებულება სწორედ ამ ერთი კაცის მიმართ ჰქონდა და აღიარებითი ჩვენება იყო თუ წამების ამსახველი კადრები, პირველად სწორედ ბაჩოს უნდა ენახა. მუხაძე იყო ის, ვინც ამბობდა, რომ ყველაფერი ტელეფონში ჰქონდა ჩაწერილ-გადატანილი და საჭიროების შემთხვევაში, ახალაიას ცხელ-ცხელ ამბებს ,,ლაივში'' აწვდიდა. და რაც მთავარია, ეს იცოდა ყველა პატიმარმა და აბსოლუტურად ყველამ იცოდა ისიც, რომ ხათუნა კალმახელიძე არავინ იყო. ელემენტარულად, ციხიდან ზონაზე ეტაპის ,,ჩალიჩი'' დავით ჭაკუასთან ხდებოდა და არა კალმახელიძესთან, რადგან კალმახელიძეს ისევ ჭაკუასთვის უნდა ეთხოვა (და არა ებრძანებინა) ამა თუ იმ პატიმრის გადაყვანა და გამორიცხული არ იყო, მისგან უხეში პასუხიც, ლამის გინებაც მიეღო, ჩემს საქმეში რატომ ერევიო. არადა, იმ დროს კალმახელიძე მინისტრი იყო, ჭაკუა კი _ დეპარტამენტის დირექტორი.
დღეს რიგი საინფორმაციო საშუალებები ამ ადამიანების ფრთიან ანგელოზებად გამოყვანას ცდილობენ და აჩვენებენ, თითქოს ხალხს ერთი სული აქვს როდის გამოვლენ ციხიდან ახალაია, მერაბიშვილი, როდის დაბრუნდება სააკაშვილი და როდის დაბრუნდება ძველი დრო. ნაწილი კი, იმას ამტკიცებს, რომ დღეს ხალხი ბედნიერია და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოყავთ ლამის წმინდანებად. არადა, ხალხს არც ძველი დავიწყებია და რეალობასაც კარგად ხედავს. რეალობას, რომელიც არც ძველი ხელისუფლების ჯიპების დაბურული მინებიდან ჩანდა და არც ახალი ხელისუფლების ჯიპების დაბურული მინებიდან ჩანს. ხალხისთვის კი სულ ერთია, ვინ ზის დაბურული მინის უკან. მთავარი ყოფაა, რომელიც ადრეც ,,ტიროდა'' და ახლაც ,,ტირის''. დიახ, ყოფა ეტირაო, სწორედ იმ ხალხზეა ნათქვამი, ჯიპებიდან რომ ხედავთ ბატონებო!
P.S. jingle Bells!
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში