Menu
RSS

გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილს დაკითხავენ

13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორი საქმე განიხილა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდსა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე ედება. ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო სხდომებს ვერ დაესწრო, რადგან უკრაინაში იმყოფება.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. სხდომაზე მის ადვოკატებს, ბექა ბასილიასა და დავით კაკოიშვილს, დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ, თუმცა მოულოდნელად განაცხადეს, სააკაშვილმა აცილება მოგვცა, რადგან საქართველოს მართლმსაჯულებას არ ენდობაო. მოსამართლე გიორგი არევაძე დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა ამ გადაწყვეტილების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა ადვოკატებმა განმარტეს, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ და მტკიცებულება საჭირო არ იყო. ამ ფონზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაცვის გარეშე დარჩენილ ბრალდებულს, გირგვლიანის საქმის განხილვისას, სახაზინო ადვოკატი, კონკრეტულად კი, სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს. გოგლიჩიძემ საქმის მასალებისა და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად ერთი თვე ითხოვა, თუმცა ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ გონივრული ვადა ერთი კვირა იყო. მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტი გაითვალისწინა და მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს ჩანიშნა.
პროკურორი, ირაკლი ნადარეიშვილი, სააკაშვილის მიერ ადვოკატების აცილებას ტაქტიკურ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით სასამართლოს გაჭიანურება ხდება. ნადარეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს სააკაშვილის გადაწყვეტილების დოკუმენტი არ წარუდგენია და დაცვის მხარეს მოწმეების დასაკითხად, ასევე საკუთარი მტკიცებულებების გამოსაკვლევად, ყველანაირი საშუალება ჰქონდა. ადვოკატების განმარტებით კი, სააკაშვილი ექსტრადირების საკითხზე მსჯელობისა და სტრასბურგში მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების ფონზე, ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა.
სააკაშვილის წინააღმდეგ მეორე სასამართლო სხდომა, რომელსაც მოსამართლე შორენა გუნცაძე უძღვებოდა ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე გაიმართა. ამ საქმეზე ექსპრეზიდენტს ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილისთვის აცილება არ მიუცია: ,,სააკაშვილთან კომუნიკაცია მექნება და გადავწყვეტთ, გავაგრძელებ თუ არა მისი ინტერესების დაცვას. მასზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, როცა დადასტურდა, რომ მაშინდელმა პროკურორმა მერაბიშვილი საკნიდან სააკაშვილზე ჩვენების მიღების მიზნით გაიყვანა, პოლიტიკური დევნა უფრო ნათელი ხდება.''
სასამართლო სხდომაზე დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმის გამომძიებელიც დაკითხეს. მოგვიანებით, პროკურორმა გოჩა ტყეშელაშვილმა განმარტა, რომ 23 იანვარს, მომდევნო სხდომაზე, სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილსაც დაკითხავენ.
საქალაქო სასამართლოსთან ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა. პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესები სამარცხვინოა და სამართალთან კავშირი არ აქვს. მელია ადვოკატების აცილების საკითხსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ნებისმიერი პროცესის ფარგლებში დაცვის მხარეს საკუთარი სტრატეგია აქვს: ,,მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, გაესამართლებინათ პრეზიდენტი, რომ მან საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. იმედს ვიტოვებ, ეს სამარცხვინო პრეცედენტი არ დადგება ჩვენს ქვეყანაში''. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალა, რაც მისი კონსტიტუციური უფლება გახლდათ და ამ კონტექსტში პრეზიდენტს ბრალი არ მიუძღვის. ნაცმოძრაობის წევრები სასამართლოს დერეფანში პროკურორს ხმაურიანად დაუპირისპირდნენ და ,,ფსბ''-ს აგენტი უწოდეს.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში