Menu
RSS

პაატა ბურჭულაძე სასამართლოს ჩვენებას 8 იანვრის შემდეგ მისცემს

მსოფლიო ბანს ბრალს თანხის მითვისება/ გაფლანგვისთვის წაუყენებენ?

ფონდ ,,იავნანას'' დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე 13 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბურჭულაძე ფონდიდან დიდი ოდენობით თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება 20 სექტემბერს იმ ჟურნალისტური გამოძიების მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, სადაც ჩანს, რომ ,,იავნანას'' მიერ დაჯილდოვებული მრავალშვილიანი ოჯახები მოატყუეს. პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის'' ვიცეპრეზიდენტის განცხადება, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ შესაძლოა, ფონდ ,,იავნანას'' ხელმძღვანელ პირებს საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხები არამიზნობრივად გაეხარჯათ და მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინათ.
ბურჭულაძის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას განმარტავს, რომ მსოფლიო ბანს ბრალდება წარდგენილი არ აქვს და გამოკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული. მოწმე ბურჭულაძემ კი, კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და ამჯობინა ჩვენება სასამართლოს მისცეს, ,,რათა საზოგადოება უკეთ გაერკვეს საქმის არსში.''
ბარათაშვილის თქმით, ბურჭულაძე ამჟამად ევროპაშია, დაგეგმილი აქვს კონცერტები და უახლოესი თარიღი, როცა სასამართლოში ჩვენების მიცემას შეძლებს, 2018 წლის 8 იანვარია. ადვოკატის განმარტებით, არ არსებობს შემთხვევა, ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს შეხება სადავო საკითხთან, ვინმესთვის ეჩივლოს: ,,მეტიც, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ასაჩივრებს მათი ინტერესის სფეროში შემავალ საკითხებს, მაგრამ ამის საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა. მეტნაკლებად ვიცნობ ,,იავნანასთან'' დაკავშირებულ სადავო საკითხს და ფონდის საქმიანობაში დარღვევა არ არსებობს.''
თავის დროზე, მსოფლიო ბანს, პარტიული ფულის მითვისება-გაფლამგვასაც აბრალებდნენ და ეს, პოლიტიკურ კულუარებში, პოლიტიკიდან და საქართველოდან მისი წასვლის მიზეზად სახელდებოდა. საინტერესოა, მოსალოდნელია თუ არა მას ბრალი პოლიტიკური საქმიანობისას შესაძლო დარღვევების გამოც წაუყენონ? ბარათაშვილი ამ ვერსიას გამორიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ ბრალის წარდგენის საფუძველი არ არსებობს.
,,ვერსია'' ბურჭულაძის ,,პოლიტიკურ მემკვიდრეს'', პარტია ,,სახელმწიფო ხალხისათვის'' თავმჯდომარეს, ნიკა მაჭუტაძესაც დაუკავშირდა. იგი აცხადებს, რომ ,,იავნანასთან'' მას და პარტიას შეხება არასდროს ჰქონია, თუმცა ფონდის საქმიანობაში დარღვევებს გამორიცხავს. მაჭუტაძე უარყოფს მოსაზრებას, თითქოს ბურჭულაძემ საქველმოქმედო ფონდის, პარტიის თანხები გაფლანგა ან მიითვისა, თუმცა აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამორიცხული არაა მას ბრალი წაუყენონ.
მაჭუტაძე იმ ჟურნალისტურ გამოძიებასაც ეხმაურება, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება აღძრა. აცხადებს, რომ ეს ცილისმწამებლური კამპანია იყო: ,,ესაა შურისძიება ხელისუფლების მიერ, რომელსაც სერიოზული ოპონირება გაუწია პაატა ბურჭულაძემ. ეს პირადად ივანიშვილის შურისძიებაა! მისი ინტერესია, მოსპოს, გაანადგუროს ხალხის ავტორიტეტები, რათა მათ წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრი ადვილად არ მომწიფდეს. ჩვენი პარტია უცხადებს მხარდაჭერას ადამიანს, ვინც ნამდვილად უსამართლოდ, ცილისმწამებლური და ბოლშევიკური მეთოდებით იდევნება.''
ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება პაატა ბურჭულაძის სასამართლო პროცესი.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში