Menu
RSS

მამა გიორგი მამალაძეს ციხის სამლოცველოში სასულიერო პირების მითითებით არ უშვებენ?

ირღვევა თუ არა დეკანოზის უფლებები და რატომ არ აზიარებენ მსჯავრდებულს

გასულ კვირას სააპელაციო სასამართლოში ,,ციანიდის საქმის'' განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. მსჯავრდებულმა დეკანოზმა, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განაცხადა, რომ საქართველოს მართლმსაჯულებას არ ენდობა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხის ადმინისტრაცია მის რელიგიურ დისკრიმინაციას ახდენს, რადგან არ აქვს შესაძლებლობა, შეიმოსოს სამღვდელო კაბით. დეკანოზმა ასევე განმარტა, რომ უფლებას არ აძლევენ, პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწროს. მსჯავრდებულმა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა. ,,ვერსია'' დაინტერესდა, კანონით, აქვს თუ არა დეკანოზს სასულიერო სამოსის ტარების, წირვაზე დასწრების უფლება და არის თუ არა იგი რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი?
დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, აბსურდია განმარტება, თითქოს მას საპყრობილის ტაძარში წირვაზე დასწრების უფლებას მისივე უსაფრთხოებისთვის არ აძლევენ: ,,სინამდვილეში, სურდათ გაეტეხათ მამა გიორგი და დაესახელებინა ე.წ. თანამზრახველები. ყველა ფორმით ახდენდნენ ზეწოლას, მაგრამ ვერ გატეხეს. ეს სასამართლოს მეორე ინსტანციამაც აჩვენა, როცა მოსამართლემ პროცესი ისევ დახურა. ამ თვეების განმავლობაში მამა გიორგი ნაზიარები არაა. თვეების განმავლობაში მეუფე იაკობისგან ჰქონდათ ბრძანება სასულიერო პირებს, არ შესულიყვნენ მასთან. საბოლოოდ, დეკანოზთან სასულიერო პირები, დაახლოებით, მხოლოდ 4-ჯერ იყვნენ, მაგრამ მას მოძღვართან აღსარება-ზიარება სჭირდება. დეკანოზის ტაძარში არგაყვანის საკითხს ციხის ადმინისტრაცია დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა. ეტყობა, მითითებაა, თორემ წირვაზე დასწრება რა პრობლემაა? ვეჭვობ, ამ საქმეში ჩარეული არიან ის სასულიერო პირები, რომელთაც პირადად აქვთ მამა გიორგის მიმართ მტრული დამოკიდებულება.''
დეკანოზის მეორე ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განმარტებით, ზიარებას შესაძლოა მოძღვრისგან, საპატრიარქოსგან დასჭირდეს ნებართვა, სამლოცველო კუთხეში ან ეკლესიაში პატიმრის შესვლას კი, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ნებართვა სჭირდება: ,,სასულიერო პირია მამალაძე და სურს წირვა-ლოცვაზე დასწრება, სანთლის ანთება. მგონი, პრობლემა არც ის უნდა იყოს, რომ დეკანოზმა სასულიერო სამოსი ჩაიცვას. თუ ამბობენ, რომ მისი შემოწმება სასულიერო სამოსში ძნელი იქნება, მაშინ ამდენი სასულიერო პირი რომ შედის საპყრობილეებში, მათ როგორ ამოწმებენ?''. ფანცულაიას თქმით, არც ის ვერსიაა სწორი, თითქოს მამა გიორგის იმის გამო არ აზიარებენ, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატი განმარტავს, რომ დეკანოზმა რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ წერილით ციხის ადმინისტრაციას და მინისტრს დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა: ,,თუ სწორად მახსოვს, დეკანოზმა საპასუხო წერილი ციხის ადმინისტრაციისგან მიიღო. წერილის შინაარსი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ასეთი იყო _ შეგიძლიათ საკუთარ საკანში ილოცოთ''.
ირღვევა თუ არა დეკანოზის უფლებები? _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განგვიმარტეს, რომ ეკლესიაში შესვლის საკითხს პატიმრობის კოდექსი და მინისტრის ბრძანება ცალსახად არეგულირებს: ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, შეუშვას მსჯავრდებული ტაძარში და ამ საკითხზე არანაირი შემზღუდავი ნორმები არ არსებობს (!). საპყრობილეში სასულიერო სამოსის ტარების საკითხს კი, კანონმდებლობა საერთოდ არ არეგულირებს. კონკრეტულად სასულიერო პირის სამოსის შესახებ კანონში ჩანაწერი არ არსებობს. უბრალოდ მითითებულია, რომ საპატიმრო დაწესებულებაში პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტანსაცმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია იგი უზრუნველყოს სპეციალური ფორმით, რომელიც არ უნდა იყოს ღირსების შემლახველი ან ისეთი, რომ ადამიანი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფოს.
საია-ს იურისტის განმარტებით, თუ პატიმარს სხვა პატიმრებისგან საფრთხე ემუქრება, უსაფრთხოებისთვის, მისი ნეიტრალიზაცია ხდება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ,,მატროსოვის ციხეში'' ძირითადად ყოფილი ჩინოვნიკები არიან და არა _ განსაკუთრებით საშიში პატიმრები. კანონით, უსაფრთხოების ზომებს იცავენ იმ შემთხვევაშიც, როცა მსჯავრდებული სხვა პატიმრებთანაა დაპირისპირებული. თუ ასეთი საფრთხეები მართლაც არსებობს, საჭიროა მისი დასაბუთება, რადგან შესაძლებელია, საქმე მხოლოდ თითიდან გამოწოვილ მიზეზებთან გვქონდეს. იურისტი ვარაუდობს, რომ რადგან დღის წესრიგში დეკანოზის ზიარების საკითხი დგას, შესაძლოა, მას სამლოცველოში, იქაური მოძღვარი, სასულიერო პირების მითითებით არ უშვებს.
,,ვერსიამ'' ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გადაამოწმა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ჩვენს კითხვებს ოფიციალურად უპასუხეს: ,,პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც განთავსებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, წარმოადგენს დახურული ტიპის დაწესებულებას. მასში ბრალდებულები/ მსჯავრდებულები რელიგიურ რიტუალებს აღასრულებენ საკუთარ საკნებში და დადგენილი წესის მიხედვით აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ სასულიერო პირებს. შესაბამისად, მსჯავრდებულ მამალაძეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, შეხვდეს სასულიერო პირებს, ისარგებლოს შესაბამისი საკულტო საგნებითა და შესაბამისი ლიტერატურით.
რაც შეეხება რელიგიურ შესამოსელს, #9 პენიტენციური დაწესებულების დებულებით, უსაფრთხოებისა და სარეჟიმო მოთხოვნების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე დეტალურად და ამომწურავად არის დადგენილი ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთების, რომლებიც შესაძლებელია, ბრალდებულმა/ მსჯავრდებულმა ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად. ეს ჩამონათვალი არ ითვალისწინებს რელიგიური შესამოსელის გადაცემის და გამოყენების შესაძლებლობას.''
იმის გარკვევას, შესაძლებელია თუ არა, დეკანოზს ტაძარში სასულიერო პირების ,,ჩარევით'' არ უშვებდნენ, საპატრიარქოს მდივანთან, მიქაელ ბოტკოველთან ვცადეთ. მისი განცხადებით, საპყრობილეში ვინ სად გაჰყავთ და როგორი სამოსელით, მათი გადასაწყვეტი არაა: ,,ჩვენ როგორ ავუკრძალავთ ციხის ადმინისტრაციას, პატიმარი წირვაზე დაუშვან ან _ არა? როგორც ვიცი, სასულიერო პირებს არ ეძლევათ ნებართვა, საპყრობილეში სამღვდელო კაბით შეიმოსონ და ამას უსაფრთხოებით ხსნიან. გიორგი მამალაძეს, როგორც მსჯავრდებულს, მღვდელმოსილება შეჩერებული აქვს და ზიარების უფლება არ აქვს, თორემ სასულიერო ხარისხიდან არაა ჩამოცილებული. უბრალოდ, დაწესებულება ითხოვს, საეკლესიო შესამოსელი არ ეცვას. ეს საკითხი პენიტენციური დაწესებულების გადასაწყვეტია და არ უკავშირდება ზიარების უფლების შეჩერებას. თქვენგან გავიგე, რომ მატროსოვის საპყრობილეში წირვა ტარდება. დახურული ტიპის დაწესებულებებში ზოგადად, ეკლესიები არ გვაქვს, რადგან ამ საპყრობილეში სპეციფიკური პატიმრები იმყოფებიან და მათი ერთმანეთთან შეხვედრა არ შეიძლება''.
რაც შეეხება ზიარების უფლებას, მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, მამალაძის მღვდელმოქმედების შეჩერება ნიშნავს, რომ იგი ვერ აზიარებს სხვას: ,,დეკანოზს ზიარების ნებართვა არ აქვს. ეს გადაწყვეტილება მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა, მეუფე დიმიტრიმ მიიღო. დეკანოზს აღსარების ჩაბარების უფლება აქვს, მაგრამ ვინც ჩაიბარებს, მან უნდა გადაწყვიტოს აზიარებს თუ არა. ზიარება ადამიანს დამსახურებისამებრ ეძლევა. ეს ყველაზე დიდია, რაც შეიძლება, ეკლესიისგან მიიღოს, ქრისტეს სისხლსა და ხორცს უნდა ეზიარო, ამაზე დიდი სიწმინდე ეკლესიაში არ არსებობს. არ ვიცი, მეუფე დიმიტრიმ დეკანოზისგან ჩაიბარა თუ არა აღსარება. საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ ბრძანა, ჩვენ შევთანხმდებით ამ საკითხზეო (აზიარებენ თუ _ არა), თუ არ ვცდები პატრიარქიც ახსენა. მას შემდეგ არაფერი მსმენია''.
თეოლოგი ვლადიმერ ნარსია მამალაძის საქმეს რჯულის კანონის ჭრილში განიხილავს: ,,დავუშვათ, მამალაძემ მართლაც ჩაიდინა დანაშაული, ეკლესია ვალდებული იყო, მოესმინა მისი აღსარება და თუ დადგინდებოდა, რომ ეს ადამიანი ცოდვის ჩადენის შემთხვევაში სინანულს გამოხატავს, რაღაც ვადის შემდეგ უნდა ეზიარებინათ. აქ უმთავრესი ისაა, რომ მამალაძემ წმინდა სინოდს გაუგზავნა წერილი, სადაც ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, სინოდმა ეს წერილი არც კი გახსნა. რა გამართლება აქვთ ამ ადამიანებს, ვინც მამალაძეს ძმებად იწოდებიან, რომ წერილით ატყობინებს განსაცდელის შესახებ და არც კი კითხულობენ?! მათ ქრისტიანულ მიდგომაზე აქ სრულდება საუბარი. მეუფე დიმიტრი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ დეკანოზთან შევიდა. ე.ი. ჯგუფს, რომელიც დღეს ეკლესიას მართავს, წარმოდგენა არ აქვს ქრისტიანულ ქცევასა და ვალდებულებებზე. არც ერთი ჩაკეტილი რეჟიმის საპყრობილე არ ითვალისწინებს პატიმართან შეუღწევლობას. ასეთი ხელშეშლა რომც ყოფილიყო, ეკლესიას უნდა ეიძულებინა სახელმწიფო და მაინც შესულიყო მსჯავრდებულ დეკანოზთან, რადგან მისი ვალდებულება განსაცდელში მყოფის მიმართ ზრუნვაა. აქ კი პირიქით, ეკლესია იმეორებდა პროკურატურის რიტორიკას. იაკობ იაკობიშვილი, შორენა თეთრუაშვილი და მთელი ეს კლანი, რომელიც ზურგგამაგრებულია გავლენიანი პირების მხრიდან, არის სიმახინჯე საეკლესიო მმართველი გუნდის და სახელმწიფოს ,,უხერხული ქორწინებისა'', რასაც საბჭოთა პერიოდიდან ვადევნებთ თვალს. მეუფე დიმიტრიმ საპყრობილედან გამოსვლისას განაცხადა, რომ მამალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი თეთრუაშვილის მიერაა დადგმული. ეს აღსარებაზე მოსმენილი განცხადებაა და თუ აღსარებაში დეკანოზი თავს უდანაშაულოდ ცნობს, მაშინ რის გამო უყენებენ მას საეკლესიო სასჯელს?
უზიარებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საეკლესიო ცოდვისთვის განკუთვნილი საეკლესიო სასჯელია. მამალაძის შემთხვევაში ადგილი დანაშაულის ჩადენას კი არა, განზრახვას აქვს, რაც სხვა საკითხია. თუ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით მამალაძემ სიტყვიერად გადააჭარბა, უხამსი იყო, რასაც მეც ვადასტურებ, მაშინ მთელი საეკლესიო იერარქია დასასჯელია, ისეთ რამეებს ვისმენთ. მოვისმინეთ დეკანოზისგან, რომ ინანიებს ამ საქციელს და ბოდიშს იხდის. ასე რომ ზიარების შეკავების საფუძველიც არ არსებობს.''
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში