Menu
RSS

რატომ მოიკლა თავი ბაღდათის ექს-გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ

მდიდარი ჩინოვნიკის ქონება და პრობლემები სამართალდამცავებთან

3 დეკემბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, საკუთარ სახლში თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ,,ვერსია'' შეეცადა გაერკვია, რატომ მოიკლა თავი ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა.
2016 წლის 25 აპრილს, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი), ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე დააკავა. სასამართლო უწყება მას ბაღდათი-ზეგანი-საკრაულას 3-კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ გზის ეს მონაკვეთი უხარისხოდ იყო მოასფალტებული, მაგრამ გეგეშიძემ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სამუშაოები მაინც ჩაიბარა და ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხაც გამოუყო. მოგვიანებით, 2016 წლის 8 სექტემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებული გამგებელი 230 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ბაღდათის გამგებლის პოსტზე, ირაკლი გეგეშიძე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. საჯარო უწყებაში კი ბიზნესიდან მივიდა, რაზეც ორიოდე წლის წინ, ,,ვერსიაში'' ვრცლად ვწერდით.
გეგეშიძე 2015 წელს, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო, სკანდალში გაეხვა, რადგან ბიუჯეტის ხარჯზე, ვახშმის მენიუ წლის ბოლომდე ჰქონდა გაწერილი.
ორიოდე წლის წინ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მენიუ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის'' წევრმა, გივი კუბლაშვილმა გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, გეგეშიძემ, ერთ პირთან მოლაპარაკებით, 2015 წლის 20 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ი/მ ხათუნა ჩარკვიანთან ხელშეკრულება გააფორმა და ვახშმის მენიუ შეიძინა. კუბლაშვილმა გეგეშიძის ვახშმის მენიუ ფასებთან ერთად გამოაქვეყნა: 1 ცალი ლობიანი _ 1 ლარი, 1 ცალი ხაჭაპური _ 7 ლარი, 1 პიცა _ 12 ლარი, შემწვარი ქათამი _ 12 ლარი, 1 კგ. ქათმის სალათი _ 26 ლარი, 1 ნამცხვარი _ 35 ლარი, 1 ერთჯერადი ჭიქა _ 0.05 ლარი, 1 ერთჯერადი თეფში _ 0.10 ლარი, 1 ერთჯერადი ჩანგალი _ 0.05 ლარი, პეჩენია, ყავა, შაქარი და სხვა.
2015 წლის სექტემბერში, ,,ვერსია'' გივი კუბლაშვილსაც დაუკავშირდა და ირაკლი გეგეშიძესაც. მაშინ გეგეშიძემ კუბლაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განგვიმარტა, რომ მენიუ, რომელიც კომპრომატის სახით გამოუქვეყნეს, მუნიციპალიტეტში, საქმიანი ვიზიტით მყოფი ექიმების ოფიციალური ვახშმისთვის მოამზადეს. 2015 წლის სექტემბერში, ,,ვერსიაში'' გამოქვეყნებული სტატია, ირაკლი გეგეშიძის ბიოგრაფიითა და ქონებრივი დეკლარაციითაც შევავსეთ. სხვათა შორის, მას საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი ბიოგრაფია ჰქონდა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით კი საკმაოდ მდიდარ ჩინოვნიკად ითვლებოდა.
ირაკლი გეგეშიძე 1959 წლის 30 ივლისს, თბილისში, ინტელიგენტების ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ჯერ თბილისის 57-ე სკოლა, შემდეგ _ მოსკოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1989 წელს, მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს პირველ მდივნად დაიწყო. სხვადასხვა დროს, ამავე სამინისტროში საკონსულო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. 1992-1996 წლებში, საზღვარგარეთ (დიდი ბრიტანეთი, კანადა, კვიპროსი, აშშ, რუსეთის ფედერაცია) მუშაობდა. იყო საინვესტიციო კომპანია STARTUP INTERNATIONAL-ის აღმასრულებელი დირექტორი. 1994-1996 წლებში, ბიზნესში საქმიანობის პარალელურად, კენედი-ვესტერნის უნივერსიტეტის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირებაში, 1996 წლიდან კი აუდიტორული კომპანია PROFESSIONAL-ის გენერალური დირექტორი და პარტნიორი გახდა. 1998 წლიდან, სააქციო საზოგადოება „ბაგრატიონი 1982“-ში, ჯერ გენერალური დირექტორი იყო, 2004 წლიდან კი _ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამავდროულად, ამერიკული საინვესტიციო ფონდის AGRIBUSINESS PARTNERS INTERNATIONAL-ის წარმომადგენელიც იყო საქართველოში. 2007 წელს, შპს ,,ასპინძა პროდაქტის'' გენერალურ დირექტორად დაინიშნა, 2012 წლიდან კი სს ,,კაიზერს'' ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში, საქართველოს წარმომადგენელი მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ასოციაციასა (OIV, პარიზი, საფრანგეთი) და BSEC-ის (სტამბოლი, თურქეთი) ქვეყნების ბიზნესსაბჭოებში.
ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, გეგეშიძე საკმაოდ შეძლებული ჩინოვნიკი იყო. თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ორ ბინასა და სხვენს ფლობდა; სოფელ საგურამოში კი 160 კვ.მ. ფართის სახლს; მას თბილისში, თემქის დასახლებაშიც ჰქონდა ბინა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში _ 200 კვ.მ. ფართის სახლს დედასთან, ფაინა გეგეშიძესთან ერთად ფლობდა. ამავე სოფელში, მის საკუთრებაში იყო 1 200 კვ.მ-იანი მიწის ნაკვეთი. გარდაცვლილი ჩინოვნიკი მოსკოვში, რამდენიმე პრესტიჟულ ქუჩაზე, ოთხ ბინასაც ფლობდა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, სახლის გარდა, ირაკლი გეგეშიძის საკუთრებაში იყო მიწის 6 ნაკვეთის (ფართობები: 7 000 კვ.მ, 5 800კვ.მ, 8 100 კვ.მ, 5 500 კვ.მ, 4 100 კვ.მ, 3 300 კვ.მ) 100%-იანი წილი..
რა გახდა ირაკლი გეგეშიძის თვითმკვლელობის მიზეზი და ხომ არ აიძულა იგი ვინმემ თავი მოეკლა, გამოძიება დაადგენს. მანამდე, მის ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ.
,,ვერსია'' დაინტერესდა, რა ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ერთი წლის წინ, ბაღდათის გამგებელს სუს-მა აღუძრა? ადვოკატმა, კახა წერეთელმა განგვიმარტა, რომ ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს: ,,პროცესი არ დასრულებულა, ჯერ კიდევ მოწმეთა დაკითხვები მიმდინარეობდა. რაც შეეხება 115-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ამ საქმეში არანაირი სტატუსი არ მაქვს. ბუნებრივია, ეს ცალკე, დამოუკიდებელი გამოძიებაა, რომელიც გეგეშიძის გარდაცვალების საქმეს სწავლობს და შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ვფლობ''.
კითხვაზე, გეგეშიძის გარდაცვალების გამო, შეწყდება თუ არა სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში, წერეთელმა გვიპასუხა: ,,სამართლებრივად, ბრალდებულის გარდაცვალება საქმის შეწყვეტის საფუძველია, მაგრამ ეს საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს''.
იქიდან გამომდინარე, რომ სამართლებრივად, პირის გარდაცვალება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს, გამორიცხული არ არის, ბაღდათის ექს-გამგებელს თავი შეგნებულად მოეკლა. შესაძლოა, გეგეშიძეს ინფორმაცია ჰქონდა, რომ პროცესს წააგებდა და 58 წლის ასაკში, ციხეში თანხის გაფლანგვის გამო ჯდომას, სიკვდილი ამჯობინა.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში