Menu
RSS

„მოზარდებს ბრბოს ფსიქოლოგია ახასიათებთ... მკვლელობისას კი ნეიროჰორმონალური ფონი მოქმედებს“

ექსპერტ-კრიმინალისტი მაია ნიკოლეიშვილი არასრულწოლოვნების სასტიკი დანაშაულის მიზეზს ხსნის და კანონმდებლობის გადახედვას მოითხოვს

რა უბიძგებს მოზარდებს ისეთი სასტიკი დანაშაულისკენ, როგორიც თანატოლის მკვლელობაა? აქვთ თუ არა მათ უკვე ჩამოყალიბებული მკვლელის ფსიქოლოგია და რა უნდა გავაკეთოთ, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის? _ ,,ვერსიის'' ამ და სხვა საინტერესო კითხვებს, ექსპერტ-კრიმინალისტი მაია ნიკოლეიშვილი პასუხობს.
_ ქალბატონო მაია, როგორია მკვლელის ფსიქოლოგია და რა უბიძგებს მას ამ დანაშაულისკენ?
_ შევხვედრივარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ ადამიანებს, რომლებსაც შემდეგ ბრალი დაუდასტურდათ ახალგაზრდულ გარჩევებში. გგონიათ, მას მკვლელის ფსიქოლოგია აქვს? _ არა. ის მოზარდია, ვერც გააცნობიერა რა მოხდა. თუმცა რადგან დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს! თავზე ხელის გადასმა და მიდგომა, რომ ასაკი გახდეს ,,იმუნიტეტი'', არასწორია.
_ ასაკის ,,იმუნიტეტად'' გადაქცევას და დანაშაულის ,,წახალისებას'' არასრულწლოვანთა კოდექსი არ უწყობს ხელს?
_ არსებული კოდექსი ჩვენს რეალობაზე ადაპტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, შემოგვაქვს ხოლმე ნორმები, რომლებიც ბუმერანგივით გვიბრუნდება. კარგია, როცა არასრულწლოვანს არ დათრგუნავ, მაგრამ როცა ის გამოდის სამართლებრივი ბერკეტებიდან, მისი დაუსჯელობა შეიძლება, უფროსმაც ბოროტად გამოიყენოს და დანაშაულში თანამონაწილე გახადოს. ეს საფრთხილო საკითხია. საქართველოში, არსებულმა მიდგომამ არ იმუშავა. ვფიქრობ, კოდექსი გადასახედია, რადგან ფაქტია, დანაშაულთა რიცხვი გაიზარდა. ისე, მარიხუანას რომაა საუბარი, მაინტერესებს, მოზარდებში, მძღოლებში, საპასუხისმგებლო პროფესიის ადამიანებში ეს საკითხი როგორ დარეგულირდება? არ მინდა, ჩავჯდე ტაქსიში, რომლის მძღოლიც ,,კაიფში'' იქნება და თუ ეს მოზარდებზეც გავრცელდა, მაშინ დაგვიღუპია საკუთარი თავი და ისაა! ასე, მომავალ თაობას უფრო გავასასტიკებთ.
_ თქვენი აზრით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებულ არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესი დახურული უნდა იყოს?
_ ამ შემთხვევაში, მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს ვერ გავითვალისწინებთ. ორ ოჯახში უზარმაზარი ტრაგედია მოხდა. მაგალითს მოზარდებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს _ თუ სხვა მოზარდი ნახავს რა მოხდა სასამართლოზე, იგივე დანაშაულს არ გაიმეორებს.
_ ამ მკვლელობის მსგავსი სასტიკი შემთხვევები გახსენდებათ?
_ ამ კონკრეტული საქმის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ზოგადად, ექსპერტიზაში 30-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ _ ახალგაზრდების ასეთი ჯგუფური დანაშაულები ყოფილა. ჯერ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა არაა, არ ვიცით რამდენი ჭრილობაა, რომელ ზედაპირებზეა, დაზიანებების რა სიმაღლეებია, რა პოზაში მყოფს აყენებდნენ ჭრილობებს, ერთი დანაა გამოყენებული თუ მეტი? ზოგადად, მოზარდების სისასტიკე ჯგუფურ დანაშაულში გასაკვირი არაა. როგორც ფსიქოლოგიაში გარკვეული ადამიანი გეტყვით: აქ მოქმედებს არა ინდივიდუალური, არამედ ბრბოს ფსიქოლოგია, რაც მოზარდებს ახასიათებთ. ჩხუბში რატომღაც ბოლომდე იხარჯებიან არა მარტო საქართველო
ში, არამედ _ ყველგან. ეჭვი მეპარება, ამ კონკრეტულ ,,ქეისში'', მხოლოდ ორი დანა იყოს გამოყენებული. როგორც წესი, ასეთ დრო ბევრად მეტი დანაა და მერე მალავენ. როგორც წესი, მოზარდები შეიარაღებულები მიდიან ,,რაზბორკებზე''. გამაკვირვა და არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს კრიმინალური მენტალიტეტი დაბრუნდა. სამწუხაროდ, ამ ასაკს ახასიათებს მსგავსი ტიპის დანაშაული. მოზარდებს ახასიათებთ ისიც, რომ მალავენ დამნაშავეს. მათ დანაშაულის დაფარვის მოთხოვნილება აქვთ, შემდეგ ,,ჩურჩულით'' ეკონტაქტებიან ერთმანეთს, ხშირად მშობლებიც ერევიან ამ საქმეში. მოკლედ, მოქმედებს პრინციპი _ ,,გადაარჩინონ'' ცოცხალი. გარდაცვლილი ძალიან ენანებათ, ტრავმირებულები არიან, მაგრამ ცოცხლის ,,გადარჩენაზეა'' გადატანილი აქცენტი.
_ და ასეთ დროს მხოლოდ ერთზე ხდება ხელის შეწმენდა, არა?
_ ზოგადად, ჯგუფური დანაშაული საკმაოდ რთული გამოსაძიებელია. უნდა განისაზღვროს თითოეული პირის მიერ განხორციელებული ქმედება. რთულია, გამოძიებამ გამოკვეთოს, თითოეულმა პირმა რა მოიმოქმედა და რომლის მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია სიკვდილი. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია ექსპერტიზა და დანის იდენტიფიცირება, რაც რთულია, შრომატევადია და მაღალ პროფესიონალიზმს საჭიროებს. ზოგადად, ჯგუფურ დანაშაულებში შიდა შეთანხმებით ერთი იღებს საკუთარ თავზე დანაშაულს პრინციპით _ ,,რაღა ყველა წავიდეს ციხეში''. ამიტომ გამოძიება სწორად უნდა წარიმართოს, რომ მტკიცებულებებით დადასტურდეს სიმართლე.
_ გავრცელდა ვერსია, რომ ახალგაზრდები გაკავებული ჰყავდათ და რამდენიმე პირი ურტყამდა დანას. რატომ გახდნენ მოზარდები ასეთი აგრესიულები და სასტიკები?
_ საქმე ისაა, რომ შეიძლება დამნაშავე, ჩვეულებრივ ცხოვრებაში, აგრესიული ტიპაჟი სულაც არ იყო. აქ მოზარდის ურთულესი ნეიროფიზიოლოგია, ნეიროჰორმონალური ფონი მოქმედებს. ,,დამამუხრუჭებელი მექანიზმები'' კი, მათ ძალიან სუსტი აქვთ.
_ თუ ასეა, გამოსავალი რაა? მსგავსი დანაშაულის პრევენცია როგორ უნდა მოვახდინოთ და პრობლემა აღზრდაშიც თუა?
_ გახსოვთ, საზოგადოება ღიმილით შეხვდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა აღზრდაზე დაიწყო საუბარი. არადა, ეს სერიოზული საკითხია. ჩვენი ღირებულებათა სისტემა დეფორმირებულია. მშრომელი და სწავლისმოყვარე ადამიანი, ჩვენს საზოგადოებაში დაფასებული არ არის. მოზარდი ხედავს, რომ მისი ჭკვიანი, მოწესრიგებული მშობელი შესაბამის საფეხურზე ვერ დგას და შვილის თვალში მშობელიც აღარაა ავტორიტეტი. როცა მოზარდი მასწავლებელს ატყობს, რომ დაბალი ხელფასი აქვს და ძლივს გააქვს თავი, არც ისაა ავტორიტეტი მისთვის. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული იდეოლოგია, რომ მოზარდი არ დაითრგუნოს ძალადობის ტირაჟირებით. ტელევიზიებში ძალადობა ისეთი ჭარბია, ზოგჯერ მეც ვერ ვუძლებ. სოციალურ ქსელებში იმდენი აგრესიაა... საკუთარ თავს უნდა მივხედოთ და იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ მოზარდები დაუცველები არიან. მერე რა, რომ 16 წლისაა, წვერი ამოუვიდა და კუნთებში ძალა აქვს, მას დაცულობა სჭირდება, რასაც ოჯახისგან ვერ იღებს, რადგან მშობელია თავად დაუცველი. იდეალები, მისაბაძი პიროვნებები არ არსებობენ. უმნიშვნელოვანესია საუბნო სკოლები. წინააღმდეგი ვარ, როცა კარგი წრის გამო ე.წ. ელიტური უბნების სკოლებში დაჰყავთ ბავშვები. სამწუხაროდ, მშობლები ცდებიან, რადგან ბავშვი თუ იმ სოციუმში ვერ ადაპტირდა, მარტო სკოლის ატესტატის აღება არაფერს მისცემს და იმ წრის ნაწილი ვერ გახდება. თბილისის უბნებს ახასიათებს ჩვევები. სხვა უბნიდან მოსული ბავშვი ვერ ადაპტირდება წრეში და უფრო იჩაგრება.
_ ქალბატონო მაია, მნიშვნელობა აქვს, როგორი იარაღი გახდა მომხდარი ტრაგედიის მაპროვოცირებელი _ პნევმატური თუ სათამაშო?
_ თუ გახსოვთ, ადრე ცხვირში კარტს ურტყამდნენ წაგებულს. წკიპურტის დარტყმაც გარკვეული ჩაგვრაა. ამბობენ, პლასტმასის ტყვია ესროლესო. რა მნიშვნელობა აქვს რომელი იყო, თუ ის ჩაგვრის იარაღი გახდა? ეს არის ბულინგი.
_ ეთანხმებით, რომ პატრულმა ე.წ. რეიდები მოაწყოს სკოლებში და პერიოდულად გაჩხრიკოს მოსწავლეები?
_ ზოგადად, ასეთ გამკაცრებას შედეგი არ მოაქვს, რადგან როგორც უნდა გაამკაცრო მიდგომა, მოზარდი სხვა გზას აუცილებლად იპოვის. მოსწავლეები დანებს გარეთ მალავენ და სკოლიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ იდებენ ჯიბეში. უბნის სკოლაც ამიტომ ვახსენე _ ცნობენ ბავშვს, მისი ხასიათი იციან... უბნის სკოლა უზრუნველყოფს ,,კუკარაჩას ინსტიტუტის'' მოქმედებასაც.
_ ქალბატონო მაია, ახალგაზრდებში კრიმინალი ე.წ. ელიტურ უბნებში რატომაა უფრო შესამჩნევი?
_ უზრუნველყოფილი ოჯახის შვილები მეტად თავდაჯერებულები არიან, რადგან მათ ,,ზურგი'' ჰყავთ. ეს მათ მოტივაციას დაბლა სწევს. ,,მოპოვება'', შრომა არ სჭირდება და ფიქრობენ, ყველაფერი ყოველთვის ექნებათ. მშობელი, გათამამებით, ბავშვს ცუდ სამსახურს უწევს.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში