Menu
RSS

არასრულწლოვანთა კოდექსი მოზარდებში „დაუსჯელობის სინდრომს“ აჩენს?!

14 წლამდე პირები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი არ ისჯებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ვნებათაღელვა არ ცხრება. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა და სახელმწიფომ ამ მიმართულებით გაცილებით მკაცრი ღონისძიებები უნდა გაატაროს. ნაწილი აცხადებს, რომ მსგავსი სასტიკი დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და პრობლემა კომპლექსურად უნდა გადაიჭრას. ამ ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკა არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართ. არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, 14 წლამდე მოზარდმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუნდაც ჯგუფური მკვლელობა რომ ჩაიდინოს, არანაირი სასჯელით ან სანქციით არ ისჯება. მოზარდთა მიმართ ჰუმანური მიდგომის წინააღმდეგი ალბათ არავინაა, თუმცა საინტერესოა, არსებული კანონმდებლობა ხომ არ აჩენს მოზარდებში დაუსჯელობის სინდრომს? არის თუ არა არასრულწლოვნობა ერთგვარი ,,იმუნიტეტი'' დანაშაულის ჩადენისას და რა უნდა გაკეთდეს, რომ კანონმდებლობა მოზარდებში დანაშაულის ,,წამახალისებელი'' არ იყოს?
 
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ,,ვერსია'' ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, სისხლის სამართლის სპეციალისტ ლევან ვეფხვაძეს დაუკავშირდა. იურისტი განმარტავს, რომ 2008 წელს, გარკვეულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა 12 წლამდე ჩამოვიდა, თუმცა ევროსაბჭოს რეკომენდაციების შემდეგ ზღვარი ისევ 14 წლამდე აწიეს. ვეფხვაძის თქმით, არასრულწლოვანთა კოდექსის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულის ინტერესებიც: ,,მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, განრიდების გაფორმება არ შეიძლება. თუ საქმე სასამართლოს გადაეცემა, 14-16 წლის არასრულწლოვანმა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიც რომ ჩაიდინოს, სასამართლო 10 წელზე მეტს ვერ მიუსჯის. 16-18 წლის პირს კი _ 12 წელზე მეტს. 14 წლამდე პიროვნებამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიც რომ ჩაიდინოს, არ ისჯება და მის მიმართ არანაირი სანქცია არ მოქმედებს. მე, როგორც იურისტს, მაქვს კითხვები ასაკის დაწევასთან დაკავშირებით, თუმცა აქ მთავარი არის მიდგომა და სოციუმში არასრულწლოვანის მიმართ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. როცა 14 წლამდე პირი სჩადის დანაშაულს, ისიც უნდა შეისწავლონ, რამ მიიყვანა ის ამ ქმედებამდე. ოჯახის, გარემოს ფაქტორები უმნიშვნელოვანესია. შეიძლება არასრულწლოვანი წააქეზოს სრულწლოვანმა, რადგან იცის, არ დაისჯება. ამ საკითხში საზოგადოებაც აქტიურად უნდა ჩაერთოს. ბოლო დროს მომხდარმა მკვლელობებმა უნდა დაგვაფიქროს, რა კომპლექსური მიდგომაა საჭირო და რა პოლიტიკა ექნება სახელმწიფოს''.
იურისტის განმარტებით, ზოგ ქვეყანაში მძიმე კატეგორიის დანაშაულის დროს პასუხისმგებლობის საკითხი 12 წლიდან იწყება: ,,თუმცა მნიშვნელოვანია, სად ვუშვებთ 14 წლამდე არასრულწლოვანს? თუ _ ციხეში, ეს ცალსახად არასწორია, რადგან საუბარი ვეღარ გვექნება რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსში და არასრულწლოვანთა კოდექსში აღმზრდელობითი ღონისძიებებიცაა. მაგალითად, მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა, სათანადო ორგანოების ჩართვა... კარგია, რომ შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგია, რომელსაც სახელმწიფო განსაზღვარს. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში, არასამთავრობოები და ფსიქოლოგებიც უნდა ჩაერთონ''.
ვეფხვაძის განმარტებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე თუ დადგინდა, რომ მოხდა ჯგუფური დანაშაული, კანონი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ვინაიდან ბრალდებულები არასრულწოვნები არიან, მათ მაქსიმუმ 12 წელს მიუსჯიან.
იურისტი იმასაც განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა კოდექსში არსებული ტერმინი _ ,,საუკეთესო ინტერესი'', გულისხმობს ყველაფერს, რაც ბავშვისთვის საუკეთესოა: განათლებას, ოჯახურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ მიდგომებს, აღზრდა-განვითარებას... სწორედ ამ საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არასრულწლოვანის სასამართლო პროცესი ავტომატურად იხურება. ვეფხვაძის აზრით, ეს მისასალმებელია, რათა არასრულწლოვანი საზოგადოების მხრიდან არ დაზიანდეს.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში