საშობაო ვახშმის ტრადიციული კერძები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (ფოტოები)

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელსაც ადამიანები საოჯახო გარემოში აღნიშნავენ. საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი ტრადიცია ჩამოყალიბდა, თუმცა, ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საშობაო ვახშამია. სწორედ ამიტომ კვების ტრადიციები ამ დღესასწაულის  მნიშვნელოვანი ნაწილია. საინტერესოა, რას მიირთმევენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საოჯახო ვახშამზე.  „ვერსიაგიზიარებთ ტრადიციულ საშობაო კერძს რამდენიმე ქვეყნიდან.

გერმანია

გერმანიაში, საშობაო სუფრაზე, შუა საუკუნეებიდან დათარიღებული ტრადიციაა, ბატის ჭამა. თავდაპირველად ეს წმინდა მარტინის დღესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საბოლოოდ საშობაო ტრაპეზის ნაწილი გახდა. ვაშლით, წაბლით, ხახვითა და ქლიავით გაჟღენთილი, შემდეგ კი სანელებლებით შეზავებულ ფრინველს, გერმანელები სხვადასხვა გარნირთან ერთად მიირთმევენ. ამ კერძის უძველესი ცნობილი რეცეპტი მომდინარეობს 1350 წელს გამოცემული კულინარიული წიგნიდან, "Das Buch von guter Speise". სუფრაზე, ასევე, შეხვდებით ძეხვეულის ასორტსაც. მათი დესერტი კი შტოლენია, რომელიც  მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საშობაო ნამცხვრად ითვლება.

იტალია

იტალიის თითოეულ ნაწილს საკუთარი საშობაო ტრადიცია და რეცეპტები აქვს, თითქმის შეუძლებელია იპოვოთ საკვები, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიირთმევენ. ზოგადად, შობის ღამეს ზღვის პროდუქტების კერძებს მიირთმევენ, ხოლო შობის დღეს შემწვარ ხორცს, მაკარონს, სუპს ან ბოსტნეულს.  იტალიის ზოგიერთ ნაწილში, შობას შვიდი თევზის დღესასწაულით აღნიშნავენ, რაც შვიდი სხვადასხვა რეცეპტით თევზის დამზადებას გულისხმობს. სხვა რაიონებში მიირთმევენ ცხვრის, ან ფრინველის შემწვარ ან მოხარშულ და სოუსით შეზავებულ ხორცს. ტკბილეული, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სუფრაზე ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც ერთ-ერთი  სადღესასწაულო ტკბილეულია პანეტონე -  დაშაქრული ხილით, შოკოლადით, ქიშმიშით და თხილით.

საფრანგეთი

ფრანგული საშობაო მთავარი კერძი დიდი შემწვარი ინდაურია, რომელიც ტრადიციულად მზადდება წაბლის შიგთავსით და ხშირად მიირთმევენ შემწვარ კარტოფილთან და ზოგჯერ მოხარშულ ვაშლთან ერთად. ასევე, ხამანწკების მომზადებაც, კლასიკური ფრანგული საშობაო ტრადიციაა. კერძები, რომლებსაც ინდაურის გვერდით შეხვდებით, შეიძლება იყოს შებოლილი ორაგული, ბოსტნეული და ხიზილალა. ფრანგული კერძები ყველის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ სუფრას დახვეწილი ყველის, თხილიეულის და ხილის დაფებით აფორმებენ. დესერტად კი ძირითადად შოკოლადის ტორტის სახეობას და მიირთმევენ.

ბრიტანეთი

როგორც საფრანგეთში, ისე ბრიტანეთშიც მთავარი საშობაო კერძი ინდაურია. როგორც წესი, ის მომზადებულია სხვადასხვა შიგთავსებით და ბოსტნეულით. თუმცა, ინდაური მე-19 საუკუნემდე ფუფუნების პროდუქტად ითვლებოდა, ამიტომ ბატის ხორცითაც ანაცვლებდნენ.  საშობაო სუფრაზე ყველაზე მნიშვნელოვან საკვებად დესერტი - ბრიტანული პუდინგი უფრო მოიაზრება.

საბერძნეთი

საბერძნეთის თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი ტრადიციული საშობაო საკვები. ჩრდილოეთ ნაწილებში საშობაო ვახშამი შედგება  ღვეზელებისა და სუპებისგან, ხოლო სხვა რაიონებში ისინი მიირთმევენ შემწვარ ღორის ან საქონლის ხორცს, ხელნაკეთ სოფლის ღვეზელებთან ერთად. თუმცა, ბრიტანეთის მსგავსად, საბერძნეთში აქვთ ერთი დესერტის ტრადიცია, რომელიც ყველა ოჯახშია.  ეს გახლავთ მელომაკარონა, რომელსაც გამოცხობისთანავე  ასველებენ თაფლისა და შაქრის წყლის ნარევში, შემდეგ კი ნიგოზს აყრიან. მეკომაკარონა გემოთი ოდნავ ბაქლავას წააგავს.

პოლონეთი

ისტორიის მანძილზე, პოლონური საშობაო ვახშამი წვნიანის გარეშე წარმოუდგენელი იყო. კერძოდ კი ასეთი ტრადიციული წვნიანი ბორშჩი გახლავთ. ჭარხლის წვნიანი, რომელიც ზოგჯერ ცნობილია როგორც წითელი ბორშჩი - ეს ალბათ ყველაზე პოპულარული სუპია ამ დღეს.  ასევე, საშობაო სუფრაზე ნამდვილად შეიძლება ნახოთ მჟავე კომბოსტო.

ნორვეგია

ნორვეგიაში, ყველაზე პოპულარული საშობაო კერძია რიბი, ანუ ღორის მუცელი. ასევე, ცხვრის ნეკნები, მარცვლეული ან ზღვის პროდუქტი. თუმცა, აშკარა ფავორიტი, რომელსაც ათიდან ექვსი ოჯახი ჭამს, არის რიბი - შემწვარი ღორის მუცელი. მას მიირთმევენ, მოხარშულ კარტოფილთან, ხორცის ნამცხვრებთან, ქლიავთან და მწნილ კომბოსტოსთან ერთად.

პორტუგალია

პორტუგალიაში მთავარი საშობაო კერძი უგემრიელესი ვირთევზა, ანუ ბაკალჰაუა. მას ტრადიციულად  კარტოფილთან და ბოსტნეულთნ ერთად ამზადებენ.

უნგრეთი

ტრადიციული საშობაო კერძი ამ ქვეყანაში არის თევზის წვნიანი, ჰალასლე, რომელიც, არის ცხარე, კაშკაშა-წითელი ცხელი წვნიანი, პაპრიკით დამზადებული მდინარის თევზისგან. სადღესასწაულო მაგიდას, ასევე, ამშვენებს  ხორცის კერძები და ტკბილეული, ნამცხვარი თაფლით და თხილით.

იაპონია

საშობაო კერძები იაპონიაში, ისევე როგორც თავად დღესასწაული, საკმაოდ უნიკალურია, სადაც ეს დღე თავისებურად იაპონური გზით აღინიშნება. საოჯახო ვახშმების მაგივრად, მოქალაქეების უმეტესობა სწრაფი კვების ობიექტებს სტუმრობს. გამომდინარე იქიდან, რომ  მთავარი საშობაო კერძი ქათამია, ამ დროს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია  KFC.

ავტორი: ია გრიგალაშვილი