Menu
RSS

ძმამ და დანის 13 დარტყმით მოკლა

სისხლიანი გარჩევა დედმამიშვილებს შორის

სულ 2 წელია, რაც სირიიდან და ავღანეთიდან, მოქალაქეებმა ევროპაში დევნილის სტატუსით შემოსვლა დაიწყეს. მას შემდეგ ყველა მათზე წერს და ლაპარაკობს. მათ სახელს უკავშირებენ მასიურ გაუპატიურებას, ნარკობიზნესის მაფიის გადანაწილებაზე სისხლიანი გარჩევებს, ძალადობას ქუჩებში, სექსუალურ ძალადობას ოჯახის არასრულწლოვან წევრებზე და რელიგიური, ქრისტიანული, წმინდა ნივთების განადგურებას. პრესა ჯერჯერობით დუმს ეკლესიის ტერიტორიების წაბილწვასა და ვანდალიზმზე. ავსტრიელებს უკვირთ, საიდან აქვთ აზიელ ლტოლვილებს ამდენი აგრესია და ბოროტება, მითუმეტეს, როცა სახელმწიფო მათ ასე ეხმარება.
ლტოლვილების 90% სტატუსიანია ანუ მათ ევროპაში ყოფნის, ცხოვრების, მუშაობის... უფლება აქვთ. მხოლოდ არჩევნებში ვერ მონაწილეობენ. მათ ასევე ეძლევათ გარემონტებული, უზრუნველყოფილი სოციალური ბინა და სოციალური დახმარება _ სულზე 837 ევრო. გარდა ამისა, მათზე ვრცელდება სასტარტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო მათ დამოუკიდებლად ბინის მოძებნაში ეხმარება _ აძლევენ თანხას (1500 ევრო), ასევე ეხმარებიან ტანსაცმლით, ჰიგიენური საშუალებებით, თეთრეულით, ავეჯით... მათ შეუძლიათ 1500 ევროს ფარგლებში უპროცენტო სესხის აღებაც.
მიუხედავად ამისა, ისინი არაერთ სისასტიკეში არიან მხილებულნი. ახლახანს სისხლიანი გარჩევა დედმამიშვილებს შორის მოხდა. ვენის მე-10 რაიონის ერთ-ერთ კორპუსში, და-ძმას შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ, 18 წლის ჰიკმატულაჰმა, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიყენა 14 წლის დას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. დამნაშავე მიიმალა, თუმცა ნახევარ საათში, ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. მეზობლები გაოგნებულები არიან ამ შემზარავი ფაქტის გამო. დაკითხვისას, დის მკვლელმა განაცხადა, რომ დამ მისი ოჯახი შეარცხვინა. როგორც ირკვევა, მასზე მანამდეც იყო საქმე აღძრული ძალადობის მუხლით.
ახალგაზრდა მამაკაცი მშობლების ოჯახში აღარ ცხოვრობდა და არც მუდმივი საცხოვრებელი გააჩნდა. გოგონა, სახელად ბაჰტი, არასრულწლოვანთა თავშესაფარში გადასვლას გეგმავდა, რადგან როგორც ამბობდა, მშობლებთან თავს შეზღუდულად გრძნობდა. მკვლელობის დღეს, და-ძმა შემთხვევით მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ. გოგონამ ძმასთან ქუჩაში საუბარი არ ისურვა და იმ კორპუსის ეზოში სასაუბროდ გაყვა, სადაც ძმა ცხოვრობდა. დიდი ხნის კამათის შემდეგ, ძმამ სახლიდან დანა გამოიტანა და დედმამიშვილი აჩეხა _ გოგონას 13 ჭრილობა ყელის, მკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
მსგავსი ფაქტები ავსტრიაშიც მომხდარა, გერმანიაშიც და სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ჰამბურგში, 20 წლის ავღანელმა მამაკაცმა 16 წლის დას 20 ჭრილობა მიაყენა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
ლევან ხვედელიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში