Menu
RSS

ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფს ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით, პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა დახურულ ფორმატში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს და გამოძიების შედეგად დღეისათვის არსებულ ინფორმაციას გაეცნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მისვლა, ორმაგად საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც დადასტურდა ინფორმაცია, რომ 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოკლულებს შორის ერთი პირი ნამდვილად აჰმედ ჩატაევია, რომელმაც თავი აიფეთქა. ჩატაევის იდენტიფიცირება ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ექსპერტიზით, დნმ-ის ანალიზითა და თითის ანაბეჭდებით, ანუ დაქტილოსკოპიური კვლევით მოხდა.
შესაბამისად, შეხვედრისას ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ის იყო, როგორ მოახერხა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა და რა მიზანი ჰქონდა მას. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების დიდ ნაწილზე პასუხები უსაფრთხოების სამსახურს უკვე აქვს.
„ნდობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას, 22 ნოემბრის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღეს არსებული ინფორმაცია წარმოვადგინე. საზოგადოებაში არსებობს კითხვები, საიდან გადმოიკვეთა საზღვარი, რას გეგმავდნენ და სად მოიპოვეს იარაღი. გამოძიებას ინფორმაციის ნაწილი უკვე აქვს. კანონი უფლებას არ მაძლევს ღიად ვისაუბრო, თუმცა ნდობის ჯგუფს უკვე დადასტურებული ინფორმაცია გავაცანი. ცნობილია, რომ იარაღი ტყის საცავიდან ამოიღეს. ველოდებით ექსპერტიზას, რათა ზუსტად განისაზღვროს იარაღის სამალავის ადგილმდებარეობა. მტკიცებულებები იმის, თუ საიდან შემოვიდნენ ტერორისტები, დღეს არ გვაქვს. არის მხოლოდ ვარაუდები და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“, _ განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სუს-ის ხელმძღვანელმა ამერიკის ფედერალური ბიუროს თანამშრომლებთან ერთად საგამოძიებო მოქმედებების ერთობლივ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკელი სპეციალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიებამ ბევრ კითხვაზე პასუხი მიიღო.
„შეხვედრაზე შესაძლებელი გახდა დასმულიყო ყველა კითხვა და მიგვეღო ის პასუხები, რომლებიც ამ დროისთვის აქვს უსაფრთხოების სამსახურს. კმაყოფილი ვარ შეხვედრით, რადგან ამ ფორმატში შესაძლებელია ყველა ისეთი დეტალის და ინფორმაციის მიღება, რაც რთულია საჯარო სივრცეში მოისმინო. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წინ არის წასული და უკვე საკმაოდ ხელშესახები გარემოებები არის ცნობილი. საბოლოო დასკვნების გაკეთება შესაძლებელი გახდება მხოლოდ გამოძიების სრულად დასრულებისას“, _ აღნიშნა ნდობის ჯგუფის წევრმა ეკა ბესელიამ.
ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კი, გომელაურთან შეხვედრა ამგვარად შეაფასა: „გამოძიება მიმდინარეობს და მას აქვს თავისი ინტერესები. ხდება სხვადასხვა ინფორმაციისა და ფაქტის გადამოწმება-დაზუსტება. ჩვენი პარტნიორები მნიშვნელოვნად გვეხმარებიან სხვადასხვა ექსპერტიზის უზრუნველყოფაში. საერთო სურათი მეტ-ნაკლებად შეკრულია და არსებულ კითხვებზე პასუხი მივიღეთ, თუმცა გამოძიებას აქვს კიდევ სხვა მიმართულებები. შესაბამისად, ჩვენ გაგვიჭირდება და თავს უფლებას არ მივცემთ კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ. შემდგომი ღონისძიებები მოგვცემს საშუალებას, დადგინდეს ყველა საჭირო ინფორმაცია“.
ნდობის ჯგუფის შეხვედრას ირაკლი სესიაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია და ირაკლი აბესაძე დაესწრნენ.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში