Menu
RSS

გენერალი უზი დაიანი 5 გენერლის დაკავების ფაქტს იხსენებს

გენერალი უზი დაიანი სპეცსამსახურში ლეგენდარული ბიძის, მოშე დაიანის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა იგი. ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს იმ საიდუმლო ოპერაციებს, რომლებშიც მონაწილეობდა. ასევე გვიამბობს, როგორ კამათობდა მოშე დაიანთან და ხსნის, რატომ არ შეიძლება ტერორისტების გაცვლა ჯარისკაცებზე.
_ ხშირად ამბობთ, რომ ,,ძალიან ისრაელელი'' ხართ. რას ნიშნავს ეს?
_ დავიბადე ისრაელში, ისრაელის დაბლობის პატარა სოფელში, 1948 წელს. ამ ქვეყანაში დაიბადნენ ჩემი მშობლებიც. მამა, ზოიარ დაიანი, რამათ-იონათანისთვის ბრძოლაში დაიღუპა ჩემი დაბადებიდან ზუსტად მეასე დღეს. კიდევ 60 დღის შემდეგ, ახლადჩამოყალიბებულ ებრაულ სახელმწიფოს ოფიციალურად ისრაელი ეწოდა. ასე რომ, დიახ, მე „ძალიან ისრაელელი“ ვარ.
_ გენერლობა ბიძის სამხედრო კარიერის გავლენით გადაწყვიტეთ?
 _ თავიდან არ ვფიქრობდი სამხედრო კარიერაზე. 18 წლის რომ გავხდი, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამიწვიეს. ჯარში დარჩენას არ ვგეგმავდი, თუმცა მოვხვდი საუკეთესო სპეცდანაყოფში. ჩემი ახლო მეგობარი მოკლეს სუეცის არხის რაიონის ერთ-ერთ ოპერაციაში. ვიღაცას უნდა „შეეცვალა“ დაღუპული მებრძოლი და დავთანხმდი სამსახურის ერთი წლით გახანგრძლივებაზე. ამ გადაწყვეტილებაში ბიძას, გენერალ მოშე დაიანს როლი არ უთამაშია. როცა ვკითხე, წავსულიყავი თუ არა გენშტაბის სპეცრაზში, მირჩია, ეს არ გამეკეთებინა. მითხრა: „წადი ეზერ ვეიცმანთან“, რომელიც იმ დროს ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა, 1993-2000 წელს კი ისრაელის პრეზიდენტი გახდა. ვეიცმანმა მიპასუხა, რომ ძალიან ამაყი იქნებოდა, იქ რომ მის შვილს ემსახურა, თუმცა მასზე ძალიან ინერვიულებდა. სწორედ ამან იმოქმედა ჩემზე! მივხვდი _ თუ ვეიცმანი ამბობს, რომ ძალიან ინერვიულებდა შვილზე, ეს ძალიან კარგი ადგილია. ამის შემდეგ სპეცდანაყოფში 17 წელი ვიმსახურე და მისი მეთაურიც გავხდი.
_ რომელ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდით?
_ მე საიდუმლო სპეცდანაყოფში ვმსახურობდი. ასე რომ, შემიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბრო, რაც უკვე ცნობილია. მაგალითად, კომპანია „საბენას“ ავიალაინერის მძევლადაყვანილი მგზავრების გათავისუფლებაზე. მაშინ ისტორიაში პირველად დაიკავეს სამგზავრო თვითმფრინავი და მძევლები პირველად გაათავისუფლა სპეცდანაყოფმა. ანდა შემიძლია გიამბოთ კიბუც მისგავამიდან მძევლადაყვანილი ბავშვების გათავისუფლებასა და ასევე ხუთი სირიელი მაღალჩინოსანი სამხედროს, მათ შორის გენერლების შეპყრობაზე, რომლებიც ჩვენ გვჭირდებოდნენ სამ ისრაელელ მფრინავზე გასაცვლელად.
1970 წელს სირიელებმა ჩამოაგდეს და შეიპყრეს ჩვენი სამი მფრინავი _ პინნი ნაჰმანი, გიდონა მაგენა და ბოაზა ეიტანა. ისინი ჩასვეს „ალ-მაზას“ ციხეში დამასკოში. მოვიფიქრეთ მათი გათავისუფლების ორიგინალური და ფაქტობრივად, გიჟური გეგმა. ის წარვუდგინეთ თავდაცვის მინისტრს მოშე დაიანს, მაგრამ უარი მივიღეთ. ბოლოსდაბოლოს დანაყოფის ოფიცრებმა გადაწყვიტეს, გავეგზავნე ბიძასთან, რათა მისი პოზიცია გამეპროტესტებინა. ვუთხარი მოშე დაიანს: „იქნებ თქვენ ძალიან დაბერდით ასეთი ამბებისთვის?“.
მან თქვა: „ვხედავ, ძალიან გაბრაზებული ხართ და გსურთ იმოქმედოთ, თუმცა ვფიქრობ, არ ხართ მართალი. მე ვალდებულებები მაქვს არა მხოლოდ მფრინავების, არამედ დედათქვენის წინაშეც. პილოტები ტყვეობაში იქნებიან 1, 5 ან 10 წელი, მაგრამ მათ ბოლოს დააბრუნებენ. თქვენ კი ოპერაციის ჩავარდნის შემთხვევაში, არავინ დაგაბრუნებთ“. ვიკამათეთ და ვუთხარი: „შეიძლება მართალი ხართ _ მოვალთ ოპერაციის უფრო დახვეწილი გეგმით და იმედია, დაგვთანხმდებით“. მიპასუხა: „გარიგებას არ ვდებ, მაგრამ შეგიძლია სცადო“.
_ რამდენად რეალური იყო, დამასკოში ციხის აღება?
_ საუბარი არ იყო ციხის დაპყრობაზე. უბრალოდ უნდა შევჭრილიყავით მასში და გამოგვეყვანა ჩვენი მფრინავები. ეს სახიფათო ღონისძიება იყო, მაგრამ გავარკვიეთ, რომ სირიის არმიის ორი მაღალჩინოსანი ოფიცერი დაზვერვითი მიზნით ლიბანში გაემგზავრა. ზუსტი მონაცემების შეგროვება მათი ადგილსამყოფელის შესახებ ურთულესი იყო, მაგრამ ჩვენმა დაზვერვამ შეძლო. შეპყრობის პირველი მცდელობა ჩრდილო სამხედრო ოლქის სარდლობამ შეაჩერა. სირიელი ოფიცრები ლიბანში სირიის პოზიციებზე იყვნენ. ვიცოდით სად იყვნენ ისინი, მაგრამ დაბრუნების ბრძანება მივიღეთ. სირიელი სამხედროების შეპყრობის მეორე ცდა ცენტრალურ ლიბანში განხორციელდა. გავედით ოპერაციაზე, ვიპოვეთ მწყემსი, შევიპყარით, ბადრაგს ველოდებოდით, მაგრამ ისინი ჯაბშანტრანსპორტიორით მოვიდნენ და შტაბის სარდალმა ისევ გააუქმა ოპერაცია. შტაბში ძალიან გაბრაზებულები დავბრუნდით და ვუყვირე მეთაურს: „ზიხართ აქ და არ გესმით, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია! ჩვენ იქ ვხედავთ რეალურ სურათს, უკეთესად ვიდრე თქვენ შტაბში! უნდა გვენდოთ ჩვენ და ჩვენს შეფასებებს“. იგი ძალიან დაიბნა და გადავწყვიტეთ, მომდევნო ჯერზე, დანაყოფის მეთაური ეჰუდ ბარაკი, იჯდებოდა შტაბის უფროსის გვერდით და ხელს შეუშლიდა ოპერაციის გაუქმებას. ბენიამინ ნათანიაჰუ მონაწილეობდა მოწინააღმდეგის შეპყრობის მესამე მცდელობაში, მე კი _ სამივეში. ბოლო, მესამე ოპერაციისას ეჰუდ ბარაკი მართლაც შტაბის მეთაურის გვერდით იჯდა, იონათან ნეთანიაჰუ კი, რომელიც 1976-ში უგანდის აეროპორტ ენტებეში მძევალთა გათავისუფლებისას დაიღუპა, პასუხს აგებდა ჩემთან ერთად სირიელების შეპყრობაზე. არ მაქვს უფლება დეტალები გავამხილო, მაგრამ გვყავდა მანქანები, რომლებსაც იყენებდა ლიბანის ჟანდარმერია. ველოდით სამალავში და როცა ისინი გაჩერდნენ, წინ გავიჭერით _ ალბათ 60 წამი დაგვჭირდა და ყველაფერი მორჩა _ 5 სირიელი მაღალჩინოსანი სამხედრო შეპყრობილი იყო, თუმცა, მათი ლიბანელი დამცველების ჩაცხრილვა მოგვიწია _ მათ სროლა დაიწყეს, ალბათ შიშისგან ან უბრალოდ თავის მოვალეობას ასრულებდნენ.
_ სირიელი გენერლები შოკში იყვნენ?
_ დიახ. მათ შორის _ გენერლები სირიის საჰაერო ძალებიდან. შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები სირიელებთან, რომლებმაც მკაცრი პოზიცია დაიკავეს. იყო 1972 წელი და არავინ იცოდა, რომ ერთი წლის შემდეგ ,,განკითხვის ომი'' დაიწყებოდა. ბოლოს მათ დააბრუნეს სამი მფრინავი, რომელთაგან ორს პირადად ვიცნობდი. ერთი, პინნი ნაჰმანი, ჩემ მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. ვიცნობდი მის ცოლს და დედას. ჯერ კიდევ ციხეში მან უთხრა თანამოსაკნეებს: „ვიცნობ უზის და ის ყველაფერს გააკეთებს ჩვენს გასათავისუფლებლად“.
სირიელი გენერლების შეპყრობის შემდეგ მისმა ცოლმა წითელი ჯვრის მეშვეობით მოახერხა მისთვის წერილის გადაცემა: „შაბათს ტბაზე ვიყავი, ჩვენგან შორიახლოს და დავიჭირე 5 დიდი თევზი“. მან იცოდა, რომ მისი ცოლი არასოდეს თევზაობდა და მიხვდა რაც მოხდა. მოგვიანებით წითელმა ჯვარმა მიუტანა რამდენიმე ძველი გაზეთი. ერთ-ერთ მათგანში, პატარა სტატიაში, იყო საუბარი 5 სირიელის _ გენერლებისა და მაღალჩინოსანი სამხედროების მოტაცების შესახებ. სირიის ციხეში ყოფნა მძიმე გამოცდილებაა, მაგრამ მათ იცოდნენ _ მათი გათავისუფლებისათვის ყველაფერი კეთდება.
_ მაგრამ მძევლების გათავისუფლების ყველა ოპერაცია არ იყო ასე წარმატებული...
_ გილად შალიტის გატაცების მერე (გაიტაცეს 2006 წელს. გაათავისუფლეს 2011-ში. გაიცვალა 1000-ზე მეტ პალესტინელ პატიმარზე, რომელთაგან 400 ტერორიზმისა და 600-ზე მეტი ისრაელელის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. რედ.) სპეცდანაყოფის ახალგაზრდა ოფიცრებმა მიმიწვიეს შეხვედრაზე და მკითხეს რა ექნათო. ვუთხარი: „უნდა დააბრუნოთ გილად შალიტი“. მიპასუხეს, რომ ეს ურთულესი საკითხია. „სწორედ ამიტომ ეს უნდა გააკეთოთ თქვენ და არა სხვა დანაყოფმა“ _ მივუგე. მიმაჩნია შეცდომად მისი გაცვლა უამრავ ტერორისტზე.
ისრაელში დაუწერელი პაქტია დადებული ჯარისკაცებსა და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის. მივდივართ არმიაში და ვმონაწილეობთ ოპერაციებში, მაგრამ თუ რამე დაგვემართება, უნდა დაგვაბურუნოთ ჩვენს ოჯახებში. ეს დაუწერელი შეთანხმებაა, მაგრამ მან არ უნდა დააყენოს საფრთხის ქვეშ ათასობით ადამიანის სიცოცხლე! და როცა ტერორისტები თავისუფლდებიან, ეს ახალი ტერორისტული შეტევების საფუძველი ხდება. პრემიერისა და თავდაცვის მინისტრისთვის ადვილი არაა გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ სპეცდანაყოფები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან თავისი ხედვები.
_ როგორ აფასებთ ისრაელში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას?
_ ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან ვხელმძღვანელობ ნაციონალურ ლატარეას. ლატარეა მუშაობს მუნიციპალიტეტებთან, რომლებიც ეკუთვნის სხვადასხვა პარტიას. ლატარეის თანამშრომლებს არ აქვთ საქმე პოლიტიკასთან და არ საუბრობენ პოლიტიკურ საკითხებზე.
_ გენერალი ნაციონალური ლატარეის დირექტორის პოსტზე როგორ აღმოჩნდით?
_ გავიარე ლიბანის ომი, ვიყავი ბრიგადის მეთაური, შემდეგ დივიზიის, გენერალური შტაბის სარდლის მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მეთაური. პრემიერების ეჰუდ ბარაკისა და არიელ შარონის მრჩეველი... მერე მივხვდი, რომ საკმარისია, რომ განათლება, კულტურა და სოციალური მხარდაჭერა სამხედრო საკითხებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. დავაფუძნე პირველი ეკონომიკური კონფერენცია ისრაელში და რვა წელი დავუთმე განათლების საკითხების განვითარებას. მოგვიანებით, შემომთავაზესს ისრაელის ნაციონალური ლატარეის ხელმძღვანელობა. ლატარეა ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარის აკუმულირებას ახდენს. ბოლო პერიოდში გაყიდვები 52%-ით გაიზარდა. სუფთა მოგება 67%-ია. ყველა შემოსავალი მუნიციპალიტეტებში მიდის.
წყარო: ჯეწისჰ.რუ, მიხაილ ჩერნოვი

დაბრუნება დასაწყისში