Menu
RSS

რა მიზნით ხვდებოდა სააკაშვილს, რატომ ემესიჯებოდა გირგვლიანის მკვლელობის ღამეს თაკო სალაყაიას და მკვლელობიდან 3 დღეში რისთვის მიიღო 4000-ლარიანი პრემია

2017 წლის 22 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა განახლდა. ამ საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის უფროსს დაპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა. მართლაც, ექსპრეზიდენტმა, 2008 წელს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა.
22 ნოემბერს, სასამართლოს პირველად მისცა ჩვენება, საქართველოდან გაქცეულმა და არაერთ საქმეში ბრალდებულმა, კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილის ჩვენების მიხედვით, სწორედ ახალაიას დავალებით აიყვანეს 2006 წლის 27 იანვარს სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე მანქანით ოქროყანის სასაფლაოზე, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ. ახალაიას მოწმის სახით დაკითხვა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა მოითხოვა. კუდ-ის ყოფილი უფროსი, დისტანციური წესით _ ,,სკაიპით'' დაკითხა, რადგან საქართველოში არ იმყოფება. სანდრო გირგვლიანის საქმეზე, დათა ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი გახლავთ. გთავაზობთ, კუდ-ის ყოფილი უფროსის საკმაოდ სკანდალურ ჩვენების მნიშვნელოვან ამონარიდებს, რომელიც თბილისში, ტერორიზმის წინააღმდეგ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ გადაფარა.
იცნობდით თუ არა მიხეილ სააკაშვილს და რა ურთიერთობა გქონდათ მასთან? _ დათა ახალაიასთვის დასმული ეს კითხვა, აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კუდ-ის ყოფილ უფროსი სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი და ისიც რევოლუციამდე. როგორც ირკვევა ახალაიასთვის ამ სატელევიზიო ინტერვიუს შინაარსი უცნობია. მან დაადასტურა, რომ კუდ-ის უფროსის რანგში, არაერთხელ შეხვედრია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
გარდა ამისა, ის თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში თანაშემწედ მუშაობდა 2002-2004 წლებში, როცა საკრებულოს თავმჯდომარე სააკაშვილი იყო. ახალაიას თქმით, იგი ვასილ სანოძესთან ერთად, მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაინიშნა აჭარაში საგანგებო რწმუნებულად.
კონსტიტუციური უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე კი, ახალაია მაშინ დაინიშნა, როცა ჯერ კიდევ მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ბრალდების მხარის კითხვაზე _ რატომ დაინიშნა სტუდენტი, გამოუცდელი ახალაია ამ თანამდებობაზე და ვინ გაუწია რეკომენდაცია, მოწმეს მარტივი პასუხი აქვს _ ,,ამ თანამდებობაზე მუშაობა გარკვეული დამსახურებების გამო დავიწყე . ვანო მერაბიშვილმა გამიწია რეკომენდაცია. მე გავამართლე. გაიხსენეთ რამდენი მაღალჩინოსანი დავიჭირე ქრთამით ხელში. დიპლომიც მქონდა და დამთავრებული მქონდა სწავლა. ვთვლი, რომ დავიმსახურე კუდის უფროსად დანიშვნა, რადგან კორუფციის ჭაობიდან ამოვიყვანე ქვეყანა''.
საინტერესოა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრებისას, უსაუბრია თუ არა ახალაიას კონკრეტულად გირგვლიანის საქმეზე და იმაზე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამ საქმეში მსჯავრდებულების შეწყალებას აპირებდა? ,,მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს სიმართლის დადგენაში დაეხმარება'', _ განაცხადა კუდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა და კატეგორიულად უარყო საქმეში არსებული ის გარემოება, რომლის თანახმადაც ის სააკაშვილს შეხვდა და გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების დაპირება მიიღო. უარყო ისიც, თითქოს ექსპრეზიდენტს, ოლეგ მელნიკოვთან ერთად შეხვდა: ,,საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, მქონდა მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა, ისეთი როგორიც ჩემი რანგის თანამდებობის პირს უნდა ჰქონოდა. სანდრო გირგვლიანის თემაზე მიხეილ სააკაშვილთან საუბარი არასდროს მქონია არც 2006, 2007, 2008 ან 2009 წელს. ოლეგ მელნიკოვთან ერთად სააკაშვილთან არ მივსულვარ, მითუმეტეს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი. ყოფილ პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. ოლეგ მელნიკოვი იყო ჩემი დეპარტამენტის თანამშრომელი. მე პრეზიდენტთან შეხვედრებზე და იქ განხილულ საკითხებზე მოვახსენებდი ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრს. პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და ურთიერთობა სახელმწიფო საიდუმლოებებზე და სახელმწიფო უშიშროებაზე''. ახალაიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, სააკაშვილის სამეგრელოში ყოფნისას, სტუმრობდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მის მამისეულ სახლს.
ახალაიამ ასევე უარყო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაც, თითქოს სააკაშვილთან ერთ-ერთი ვიზიტისას, ის დათა ახალაიას შეხვდა: ,,ეს არის სიცრუე. ოქრუაშვილს 2006 წლის განმავლობაში საერთოდ არ შევხვედრივარ, მითუმეტეს კანცელარიაში.''
კუდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ, დაკითხვისას გამოიყენა მოწმის უფლება _ არ მისცეს ჩვენება საკუთარი ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. აღნიშნა, რომ კითხვებს, რომელიც მის სისხლის სამართლის საქმეს ეხება, პასუხს არ გასცემს. ერთ-ერთ ასეთი იყო პროკურორის კითხვა: მიაყენა თუ არა მან სანდრო გირგვლიანს ან სხვა რომელიმე პირს ფიზიკური შეურაცხყოფა. ,,ვინაიდან, მე ვარ მსჯავრდებული და ბრალდებული საქმის ამ ეპიზოდზე, პასუხს არ გავცემ'', _ განაცხადა დათა ახალაიამ. პასუხგაუცემელი დარჩა ასევე კითხვა რამდენად ხშირად იმყოფებოდა თაკო სალაყაიასა და ვასილ სანოძესთან ერთად, მაგალითად, ,,შარდენ'' ბარში. ,,ჩემს საწინააღმდეგოდ მე თქვენ ჩვენებას აქ არ მოგცემთ'', – განაცხადა ახალაიამ. პროკურორმა კი, ბრალდების ინფორმაცია გააჟღერა, რომლის თანახმად, 2006 წლის 28 იანვარს, დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და შეტყობინებაა განხორციელებული. ,,ბატონო დავით, ამონაწერის თანახმად, 2006 წლის 27-28 იანვარს თქვენსა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება განხორციელდა. ამათგან 28 იანვარს ღამის თორმეტი საათის შემდეგ განხორციელდა 12 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლებიც გრძელდებოდა დილის 07:32 წუთამდე. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რაზე საუბრობდით სანდრო გირგვლიანის გატაცების მომენტიდან თქვენ და შს მინისტრის ცოლი თაკო სალაყაია გათენებამდე?“, _ მიმართა ბრალდების მხარემ ახალაიას. ამ შეკითხვაზე დაცვის მხარემ პროტესტი გამოთქვა, ახალაიამ კი შეკითხვას არ უპასუხა.
სამაგიეროდ, დავით ახალაიამ უარყო ინფორმაცია, რომ ოლეგ მელნიკოვთან, გერონტი ალანიასთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ,,ამ საქმეებში აბსოლუტურად უდანაშაულო და პოლიტიკური მოტივაციით დევნილი ვარ. ყველა საქმე პოლიტიკური არგუმენტაციით არის გაჯერებული და პოლიტიკური დევნის იარაღია. დამნაშავე ვარ იმაში, რომ ძალიან მიყვარს ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის. ეს თქვა საბერძნეთის სასამართლომაც, რომ ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა''.
პროკურორი ასევე დაინტერესდა, რა დამსახურებისთვის აიღო სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 3 დღის შემდეგ პრემია 4000 ლარის ოდენობით კუდ-ის ყოფილმა უფროსმა. ახალაიამ განაცხადა, რომ პრემია 2006 წლის პირველ ნახევარში ერთხელ ან ორჯერ აიღო, თუმცა მიზეზი და საფუძველი, არ ახსოვს.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმემ უარი თქვა გირგვლიანის საქმის დეტალებზე ესაუბრა, სახელმწიფო ბრალდება დარწმუნებულია, რომ ახალაიამ სააკაშვილის წინააღმდეგ, ბრალდების მტკიცებულებები დაადასტურა. განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია _ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ჩვენება იყო მნიშვნელოვანი, რადგან ორი მოწმის, მიხეილ ბიბილურიძისა და გიორგი აფციაურის ჩვენებები სრულად გამოირიცხა. მოწმემ განაცხადა, რომ გასროლა განახორციელა ბიბილურიძემ, რაც თავად ბიბილურიძის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდება.
გამოძიება დათა ახალაიას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სამსახურებრივი სიყალბეს ედავება.
სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი ,,დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისათვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის'', სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ.
,,გაერთიანებული ქართული ბანკის'' საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისს გარეთ გარდაცვლილი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ, ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

დაბრუნება დასაწყისში