Menu
RSS

რა გაუმხილა 21 ნოემბრის სპეცოპერაციის შესახებ „ვერსიას“ ხეობის მკვიდრმა

შეიძლება თამამად ითქვას, რომ გასული კვირის კი არა, წლის მთავარი კრიმინალური მოვლენა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციაა. სამართალდამცავებსა და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკება თითქმის 24 საათი გაგრძელდა და საბოლოოდ, პოლიციელთა მხრიდან ერთი დაიღუპა, დანაშაულში ეჭვმიტანილები არ დანებდნენ და სპეცოპერაციისას სამივე დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, შემდეგ კი, თუ მათივე სიტყვებით ვიმსჯელებთ, ბერი სალოსის ქუჩაზე დაბანაკებულებს კარზე დაუკაკუნეს, თუმცა იქიდან სროლის ხმა გაისმა და სპეცოპერაციაც დაიწყო.
უპირობოდ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი ძალოვნები გმირები არიან, რადგან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებასა და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეს მკერდით გადაეფარნენ, მაგრამ ამ ყველაფერს, ჯერ სპონტანურობისა და მოუმზადებლობის სუნი უდიოდა, მერე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა, საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი, დაკავებულის სასამართლო პროცესზე, პროკურორ ირაკლი მარშანიას სკანდალური განცხადებით დაგვირგვინდა: ,,ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვინ არიან გარდაცვლილები, რადგან მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა''...
,,ეჭვმიტანილებზე სამი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა თვალთვალი, მიყურადება და ზუსტად ვიცოდით, რისთვის იყვნენ ჩამოსული საქართველოში. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნის მოქალაქეები გახლავთ'', _ ეს განცხადება ძალოვანმა მაღალჩინოსნებმა გააკეთეს, მაგრამ რად გინდა, მარშანიამ ყველაფერი წყალში ჩაყარა.
პროკურორის განცხადების შემდეგ ისე გამოვიდა, რომ არანაირი სამთვიანი თვალთვალი და მიყურადება არ ყოფილა, თორემ როგორ შეიძლება, ამ ხნის განმავლობაში ვერ დაადგინო, ვინ არიან სავარაუდო ბოროტმოქმედები და რა უნდათ... და თუ ეს სწორედ ასე იყო, მაშინ რაში დასჭირდა ხელისუფლებას იმის თქმა, რომ ბინაში ტერორისტები ჰყავდა გამომწყვდეული? დიახ, თავდაპირველ განცხადებაში იმ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცავებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ, ტერორისტებად მოიხსენიებდნენ, შემდეგ კი ეს ფრაზაც სადღაც გაქრა. აშკარა იყო ისიც, რომ დროის რაღაც მონაკვეთში, ხელისუფლებას არ სჯეროდა სპეცოპერაციის წარმატებით დასრულების. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ მთელი 22 საათის განმავლობაში, სამართალდამცავები ჟურნალისტებს მოუწოდებდნენ, პირდაპირ ეთერში ნუ აჩვენებთ სპეცოპერაციასო და მოსახლეობასაც აფრთხილებდნენ, მობილური ტელეფონებით ნუ იღებთ პროცესსო. და ეს მაშინ ხდებოდა, როცა ძალიან მარტივად შეეძლოთ ამ პრობლემის მოგვარება _ მოეყვანათ ავტომობილი, რომელზეც სპეციაური ჩამხშობი იქნებოდა დამონტაჟებული და ოთხასი მეტრის რადიუსში ტელეფონი და პირდაპირი ჩართვა კი არა, ტელევიზია გაითიშებოდა. მაგრამ ეს არ გააკეთეს იმის მიუხედავად, რომ ასეთი აპარატურა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში დგას და მარტივად შეეძლოთ ადგილამდე მიტანა. შესაძლოა რომელიმე ძალოვანი შეგვედაოს, ამ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნებოდა ცუდი ვითარება, რადგან პატიმრები მობილურზე დარეკვას შეძლებდნენო, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ჯერ ერთი, პატიმარს მობილური არ უნდა ჰქონდეს და მეორეც, რუსთავის #16 დაწესებულებაში ე.წ. მორჩილი პატიმრები არიან, მსუბუქ დანაშაულზე გასამართლებულები და მათი რიცხვი ძალიან ცოტაა. სწორედ იქიდან შეიძლებოდა ჩამხშობი აპარატურის გამოტანა.
სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გაჩნდა. უცხოური პრესა გაოცებას არ მალავს, რომ საქართველო დახოცილი ადამიანების ვინაობას არ ასახელებს და ამით სპეკულირებს. სწორედ ეს ტერმინი იხმარა ტელეკომპანია ,,ალ ჯაზირამ'', როცა საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაცია გააშუქა. თურქებმა (და არა მარტო) გარდაცვლილებში ახმედ ჩატაევი ,,ამოიცნეს'', ვიღაცამ ისიც თქვა, ცალხელა ახმედი საქართველოში რომ იყო, ყველამ იცოდა, უბრალოდ არ ახმაურებდნენო, თუმცა...
მტყუან-მართლის გასარკვევად პანკისში ჩვენს ძველ მეგობარს, თ.მ-ს დავუკავშირდით.
,,აბა რა უნდა გითხრა? რამე მოხდება და თუ დამნაშავეს ვერ იპოვიან, ხელს მაშინვე ჩვენსკენ იშვერენ... პანკისის ხეობა არ არის დიდი. როგორც კი სპეცოპერაცია დაიწყო, ყველა მოვიკითხეთ. ყველა, ვინც ამჟამად საქართველოშია, ადგილზეა და ცოცხალია, ანუ ვერსია, რომ რომელიმე მათგანი პანკისის მკვიდრია, არასწორია. ეს ერთი.
ტელევიზიით თქვეს, თითქოს იმ დაჯგუფებას აიუფ ბორჩაშვილის ციხიდან გამოხსნა უნდოდა. პანკისელებისთვის დღემდე არავის აუხსნია, რატომ არის აიუფა დაჭერილი. ახლა კი მის სახელს ასე უდიერად ახსენებენ. ნუ გავიწყდებათ, რომ აიუფ ბორჩაშვილი იმამია და უდიდესი ავტორიტეტი აქვს. ვის ინტერესებში შედის პანკისის მუდმივი ხსენება, ვერ გეტყვით, მაგრამ გიმეორებთ _ ტყუილად ნუ იშვერთ ხელს პანკისისკენ! ახმედაზე რომ ამბობენ, ტერორისტიაო, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ვინ ჩამოიყვანა ჩატაევი საქართველოში? ვინ და ხელისუფლებამ, აქაოდა, ბიჭებს მოელაპარაკეო. როცა ჩატაევმა სიმართლე გაიგო და ისიც გაიგო, რომ არანაირი ტერორისტები არ იყვნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუთვალა, რა თამაშს თამაშობთო და მაშინ ესროლეს. მერე ტყეში იმალებოდა და ჭრილობა იმდენად მძიმე ჰქონდა, ვეღარ გაძლო, გამოვიდა და მესაზღვრეებს ჩაბარდა. სწორედ მაშინ მოაჭრეს ფეხი საქართველოში, მანამდე კი წამების დროს ხელი რუსებმა მოაჭრეს. ჰო, წინა ხელისუფლებამ მოაჭრა ახმედას ფეხი და წინა ხელისუფლებამ გარია აქაურ ამბებში, თორემ ვინ იცოდა ახმედ ჩატაევი საქართველოში? აფუჭებდა რამეს? ოჯახი ჰყავდა პანკისში და მშვიდად ცხოვრობდა... ასე არ გამოვა, ასე არ შეიძლება... პანკისი, თუ აკვირდებით, ძალიან მშვიდად არის, არც არავის ვაწუხებთ, არც არაფერს ვითხოვთ. ბოლოს როდის გააშუქეს ჩვენი პრობლემები ტელევიზიით?! იქნებ გზა არ გვაქვს, იქნებ წყალი არ გვაქვს... არა, თურმე საყოფაცხოვრებო პრობლემები არ გვაწუხებს, მაგრამ რამე თუ გაფუჭდა, პანკისისკენ უნდა გავიშვიროთ ხელი. დაფიქრდით, საქართველო ჩვენი სამშობლოც არის და ნუ ცდილობთ, სხვა კუთხით წარმოგვაჩინოთ. ჩვენ საქართველოსთვის არასდროს არაფერი დაგვიშავებია და ეს არის ფაქტი...''
ასე დაგვემშვიდობა პანკისელი ნაცნობი და ბოლოს ისიც თქვა, გარდაცვლილი კაცის სურათს რომ აჩვენებენ, ეგ ისეთივე ჩატაევია, როგორიც მე ნაპოლეონიო. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ ფაქტია _ უამრავ კითხვას, რომელიც არამარტო საქართველოში დაგროვდა, ვიღაცამ პასუხი უნდა გასცეს და ეს ,,ვიღაცა'' ხელისუფლებაა.
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში