Menu
RSS

მასშტაბური სპეცოპერაცია საფრანგეთში

სინდიკატის წევრის ექსკლუზივი
გასულ კვირას ფრანგმა სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და ის დანაშაულებრივი სინდიკატი დააკავეს, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულებიდან აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია და მათ შორის _ ხუთი კანონიერი ქურდი. სანამ საქმის კონკრეტულ დეტალებზე გადავალთ, გეტყვით იმას, რაც არსად დაწერილა _ ფრანგმა სამართალდამცავებმა საქმეში ინტერპოლის ევროპული ოფისიც ჩართეს და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქმის კურსში ჩააყენეს საქართველოს ხელისუფლებაც. ჩვენი ინფორმაციით, სპეცოპერაცია პარალელურ რეჟიმში იტალიაშიც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იტალიაში არსებული დამნაშავეთა ჯგუფი ვიღაცამ გააფრთხილა და ისინი სამართალდამცავებს ხელიდან დაუსხლტნენ. უფრო თუ დავკონკრეტდებით, იტალიიდან გაქცეული კრიმინალები ესპანეთში გადავიდნენ და ახლა იქ იმალებიან _ მათი ადგილსამყოფელი უმკაცრესად არის გასაიდუმლოებული.
 
და მაინც, რა მოხდა საფრანგეთში, რის საფუძველზე დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, ვინ არიან ისინი და მოსალოდნელია თუ არა მათი გათავისუფლება?! ჩვენ ამ დაჯგუფებასთან დაახლოებული ერთ-ერთი პირი გვესაუბრა. მანამდე კი...
ყველაზე ცნობილი დაკავებული ქურდებიდან ილია ხელაძეა. ,,ილო ლანჩხუთსკი'' ბოლოს საქართველოში იხდიდა სასჯელს კანონიერი ქურდობისთვის და საკანში კიდევ ერთ დაკავებულთან, რევი დარახველიძესთან ერთად იჯდა. სავარაუდოდ, სწორედ საკანში ერთად ყოფნის დროს დაგეგმეს დარახველიძემ და ხელაძემ სამომავლო სამოქმედო გეგმა, საფრანგეთშიც ერთად გადავიდნენ და, საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, სწორედ ესენი გახდნენ მოქმედი სინდიკატის ხელმძღვანელები. ხელაძე-დარახველიძის გარდა, დაკავებულთა შორის კიდევ რამდენიმე კანონიერი ქურდია _ გიორგი ფოლადიშვილი, ნიკოლოზ ნოდია და თევდორე გაბისონია. საინტერესოა ისიც, რომ დაკავებულთა შორის რვა ქალბატონია და, როგორც ამბობენ, სწორედ მათ იყენებდნენ დაჯგუფების წევრები ბინებში შესაღწევად, ანუ ბინებზე ისინი აკაკუნებდნენ და კარსაც სწორედ ქალებს უღებდნენ, რის შემდეგაც საქმეში კაცები ერთვებოდნენ და ბინას ასუფთავებდნენ. დაზარალებულთა ცნობით, მძარცველებს მიჰქონდათ ყველაფერი, რისი წაღებაც შესაძლებელი იყო, დაწყებული ძვირფასი ნივთებიდან და ტექნიკიდან, სამზარეულოს სერვისით დამთავრებული. მიჰქონდათ ტანსაცმელიც, ნახატებიც, ფარდებიც კი...
,,ყველაფერს თავისი კლიენტი ჰყავდა. აქ არსებობს ე.წ. ბოშების ბაზარი, სადაც ძირითადად მოპარული ნივთები იყიდება და ყველაფერი 2 ევრო ღირს. შესაბამისად, საქონელს ერთ ევროდ იბარებენ და არ აქვს მნიშვნელობა, შარვალია თუ ცხვირსახოცი, ერთი ევრო, ერთი ევროა. სამართალდამცავებმა ამ ბაზრის შესახებ იციან, მაგრამ არაფერს ამბობენ, რადგან იქ არ იყიდება არაფერი აკრძალული, არ არის იარაღი და ნარკოტიკი. ჰოდა, გაქურდული ბინიდან ყველაფერი ამიტომ მოგვქონდა'', _ გვითხრა ადამიანმა, რომელიც აღნიშნული დაჯგუფების წევრად ითვლებოდა.
,,მე ბინების გაღებაზე ვარ სპეციალიზებული. შესაბამისად, ჩემთვის ცოტა სამუშაო ჰქონდათ, რადგან გასაქურდ ბინას დიდი დრო მიაქვს, უნდა უთვალთვალო, ოჯახის წევრების, მეზობლების გრაფიკი უნდა გაიგო. უფრო მარტივია, დააკაკუნოს ქალმა და კარს ათიდან ცხრა შემთხვევაში უღებენ. მერე შევარდება 4-5 კაცი და დაახლოებით 15 წუთში ბინა ცარიელია, ბინის მეპატრონე _ კარგ შემთხვევაში დაბმული და შეშინებული, ცუდ შემთხვევაში გონებადაკარგული და თავგატეხილი. ვერ გეტყვით, რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ ძიება ორი წლის განმავლობაში მიდიოდა, რადგან მე ამ ადამიანებთან ნახევარი წელია ვარ და მეეჭვება, სწორი იყოს. გუნდში ხალხი იცვლებოდა, მხოლოდ რამდენიმე წევრი იყო მუდმივი. თავად ილია და რევი ერიდებოდნენ ერთი და იმავე ადამიანთან დიდხანს ურთიერთობას, რათა სამართალდამცავთა ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყო. ახალ სახეს და ახალ კაცს კი შესწავლა სჭირდებოდა და სანამ პოლიცია რამეს მოიმოქმედებს, ეს ადამიანები ქრებოდნენ, სხვა ქვეყანაში გადადიოდნენ... ბოლო დროს რუმინულმა სინდიკატმა პასპორტების დამზადება დაიწყო, სუფთა პასპორტებია და არაერთი ადამიანი სკანდინავიის ქვეყნებსა და ბრიტანეთშიც წავიდა. იქ ჯერ არ გვიცნობენ ასე კარგად ქართველებს და მუშაობაც უფრო ადვილია...''
მთლიანობაში, ფრანგმა სამართალდამცავებმა ნახევარ მილიონ ევრომდე ნაღდი ფული და ძვირფასეულობა ამოიღეს, რაც უფრო ამყარებს ჩვენი რესპოდენტის მოსაზრებას, რომ ორი წლის განმავლობაში ძიება არ მიმდინარეობდა. ამ ლოგიკით, დანაშაულებრივი სინდიკატი თვეში 20 ათასზე ოდნავ მეტს შოულობდა, რაც 35 კაცზე ძალიან ცოტაა. რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ნაშოვნი ფულის უდიდესი ნაწილი დაიხარჯა და საქართველოში ან სხვა ქვეყანაში გაიგზავნა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ფრანგი სამართალდამცავები სპეცოპერაციას უფრო ადრე ჩაატარებდნენ.
,,ჩვენ მჭირდო კავშირი გვქონდა იტალიასა და ესპანეთთან. ჩვენ რა, კანონიერ ქურდებს. ისინი შემსრულებლებს უცვლიდნენ ხოლმე ერთმანეთს, ანუ აქ რომ ტიპი თვალში მოსახვედრი ხდებოდა, ესპანეთში ან იტალიაში მიდიოდა, იქიდან კი მისი
კოლეგა ჩამოდიოდა საფრანგეთში. ქურდები დაჭერისთვისაც მზად იყვნენ და აყვანიდან ნახევარ საათში მათ ციხეებში საუკეთესო ადვოკატებმა მიაკითხეს. ამიტომ მგონია, რომ უდიდესი მათგანი მაქსიმუმ ორ კვირაში ისევ გარეთ გამოვა და დანაშაულს საკუთარ თავზე 5-6 კაცი აიღებს. შემდეგ დაიწყება სხვა ქვეყნის შერჩევა, ახალი სინდიკატის გაკეთება და ახალი ძარცვა. ეს მუდმივად იქნება და რამდენიც უნდა ეცადონ სამართალდამცავები, ვერაფერს გააწყობენ.
თავად გადახედეთ სტატისტიკას _ ყოველწლიურად საქართველოდან სულ უფრო მეტი ხალხი ჩამოდის და თუ ქალებისთვის ასე თუ ისე იოლია სამუშაოს პოვნა, ათი კაციდან სამსახურს აქ ორი თუ ნახულობს, დანარჩენი ძარცვა-გლეჯვაზეა გადასული. იციან, რომ დაჭერის შემთხვევაში, ყველაზე ცუდი ვარიანტი სამწლიანი ციხეა. კაცების სამუშაო აქ განსაკუთრებით მას შემდეგ გაჭირდა, რაც აფრიკიდან უამრავი ლტოლვილი ჩამოვიდა. თუ ქართველები დღეში 40-50 ევროს ითხოვდნენ, ისინი 10-15 ევროზე არიან თანახმა, პრეტენზიულებიც არ არიან და იაფი მუშახელი ყველას აწყობს...''
ყველაზე საინტერესო მაინც იტალიური სპეცოპერაციის ჩავარდნაა:
,,არ ვიცი, ვინ გააფრთხილა ჩვენი იტალიელი პარტნიორები, მაგრამ ფაქტია, რომ მათ სპეცოპერაციის შესახებ იცოდნენ. ამ ამბავს აუცილებლად მოჰყვება დიდი გარჩევა, რადგან თუ მათ იცოდნენ, საფრანგეთში უნდა დაერეკათ. თუ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგეს, მაინც უნდა დაერეკათ და 35-ზე ბევრად ნაკლებ კაცს დაიჭერდნენ. მაინც ვფიქრობთ, რომ რომელიმე იქაურმა მაღალჩინოსანმა გააფრთხილა ისინი, რადგან ყურმოკვრით ვიცოდი, რომ იტალიაში სამართალდამცავებს ფულს უხდიდნენ და ,,გაკერილი'' ჰყავდათ. ახლა ისინი ესპანეთში არიან, მაგრამ კონსპირაციულ ბინებში და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გარეთ ცხვირს არ ყოფენ. სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება, არ გამოვლენ გარეთ. ეს პროცესი 2-3 თვეს წაიღებს, მერე კი...''
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ უკვე მერამდენედ, ევროპაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას ქართველთა დაკავება მოჰყვა. საქართველოს მოქალაქეებით ევროპული ციხეები სავსეა და გათავისუფლების შემდეგ, ევროპელები მათ საქართველოში ადეპორტებენ, თუმცა ე.წ. კაი ბიჭებს უკვე აქაც აღარ სწყალობენ და ისევ წასვლას აიძულებენ. ისინიც მიდიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების გავლით კვლავ ევროპაში, რათა ადრე თუ გვიან, იგივე გზა გაიარონ და ასეა უსასრულოდ...
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში