Menu
RSS

კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო სააგენტომ (IARC) HELICOBACTER PYLORI პირველი დონის კანცეროგანად დაასახელა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნის განვითარების ერთ-ერთ მიზეზად აღიარა. ეს ფაქტი ნალებად საგანგაშო იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 60% ჰელიკობაქტერიის მატარებელია. უამრავი კვლევის მიუხედავად, მისი შესწავლა ვერავინ მოახერხა, რადგან ონკოგენური ბაქტერია მუდმივ მუტაციას განიცდის და ინფექცია კოვზით, ფინჯნით, კოცნით, ასევე ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა.
 
ცნობისთვის: ჰელიკობაქტერიის შესწავლა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს და 2005 წელს, ორ ავსტრალიელ მეცნიერს ნობელის პრემიაც კი გადასცეს, რადგან სწორედ მათ დაადასტურეს, რომ HELICOBACTER PYLORI კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიის მიზეზია. მკვლევარმა, ბარი მარშალმა საკუთარ თავზე ჩაატარა ცდა და მიუხედავად გულისრევისა თუ მუცლის არეში მწვავე ტკივილისა, იგი ბედნიერი იყო, რადგან ექსპერიმენტმა მისი ეჭვი საბოლოოდ დაადასტურა. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ნობელის პრემიის გადაცემისას, ჟურნალისტებს განუცხადა: ,,არანაირი განსაკუთრებული ჰეროიზმი არ იყო საჭირო. მე არასოდეს გადავდგამდი ამ ნაბიჯს, წარმატებაში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი''. მეცნიერები კი, ბარი მარშალსა და მის კოლეგას სამეფო ჰოსპიტალიდან, რობინ უორენს ,,ჩუმ შეშლილებს'' უწოდებდნენ.
თუმცა, ჰელიკობაქტერია ბევრად ადრე, 1892 წელს აღმოაჩინა იტალიელმა მეცნიერმა ჯულიო ბიცეცერომ _ მან ძაღლის კუჭში სპირალისმაგვარი უცნაური მიკრობები შენიშნა, მაგრამ საეჭვო ბაქტერიების კვლევა არ გაგრძელებულა. გასტროენტეროლოგები ვარაუდობდნენ, რომ კუჭში, რომელიც გამოიმუშავებს ერთგვარ მლაშე-მჟავე სითხეს, სიცოცხლის არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელია, ხოლო გასტრიტი და წყლული წარმოიქმნება საკვებიდან, რასაც მკაცრი დიეტითა და პრეპარატებით მკურნალობენ. 1982 წელს კი ავსტრალიელმა მეცნიერებმა _ ბარი მარშალმა და რობი უორენმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ბინადრობს ადამიანის კუჭში და სწორედ ის გახლავთ გასტრიტისა და წყლულის მიზეზი. მიკრობს HELICOBACTER PYLORI უწოდეს და მოგვიანებით, 1994 წელს, აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმაც აღიარა ეს ფაქტი.
გარეგნულად ჰელიკობაქტერია სპირალს ჰგავს, რომელიც დაფარულია მცირე წანაზარდებით და სწორედ მათი საშუალებით აღწევს კუჭისა და თორმეტგოჯას კედლების დამცავ გარსში. თავად ჰელიკობაქტერიისთვის მჟავა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან როგორც უორენმა დაადგინა, მისი ფერმენტები გამოიმუშავებს ამიაკს, რომელიც ნაწილობრივ ანეიტრალებს მჟავას. ჰელიკობაქტერიას ვერაფერს ვნებს ორგანიზმის იმუნური სისტემა; შეიცავს ცილებისა და პოლისაქარიდების კომპლექსურ ნაერთს, ბაქტერია შეუმჩნეველია ლიმფოციტებისთვის და შეაღწევს რა კუჭის უჯრედებში, მავნე მიკრობი ნელ-ნელა წამლავს მათ _ აღარ გამოიყოფა დამცავი სითხე, დაზიანებულ ადგილას კი წარმოიქმნება მჟავა, რომელიც ასრულებს ,,შავ საქმეს'': კუჭის ან თორმეტგოჯას კედლებზე ჩნდება წყლული, ნადგურდება კუჭ-ნაწლავი, ჩნდება თორმეტგოჯას პათოლოგიები და რაც ყველაზე შემზარავია _ ჰელიკობაქტერია იწვევს კიბოს.
1994 წელს, კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო სააგენტომ ჰელიკობაქტერია პირველი რიგის კანცეროგენად აღიარა. 1996 წელს, ექიმმა ფორმანმა დაამტკიცა, რომ კუჭის კიბოს 75% განვითარებულ და 90% განვითარებად ქვეყნებში დაკავშირებულია ჰელიკობაქტერიასთან. ახლახან, მარია ჯისმონდომ მილანის უნივერსიტეტიდან, გაარკვია, რომ ჰელიკობაქტერია შაკიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია; ტორ-ვერგატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ ამ ბაქტერიის ერთ-ერთი შტამს შეუძლია გამოიწვიოს ინსულტი, ალერგია და მიოკარდის ინფარქტიც კი...
მიუხედავად იმისა, რომ ჰელიკობაქტერიის აღმოჩენა ადვილად შეიძლება და ანტიბიოტიკების კურსით ნადგურდება, ასეთი მკურნალობა გარანტირებულად იწვევს დისბაქტერიოზს, შედეგად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლას, ანადგურებს იმუნურ სისტემას და აქვს სხვა გვერდითი ეფექტები. იდეალური ვარიანტი იქნებოდა ვაქცინა და სინჯები შექმნილია კიდეც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთ-ორ წელიწადში კოლექტიურად ვივლით აცრაზე.
პრობლემა ისაა, რომ ბაქტერია არა მხოლოდ აზიანებს ორგანიზმს, არამედ სარგებელიც მოაქვს _ ადამიანები, რომელთაც კუჭში არ აქვთ ეს ბაქტერია, ხშირად იტანჯებიან საყლაპავი სისტემის ანთებით. თუ დღეს მეცნიერები დაიწყებენ მოსახლეობის ვაქცინაციას, რათა დაქვეითდეს კუჭის კიბოთი ავადობის მაჩვენებელი, 20-40 წელიწადში კაცობრიობა ახალი გამოწვევის წინაშე დადგება, რადგან მიკრობიოლოგთა მტკიცებით, საყლაპავის კიბოს ეპიდემია გარდაუვალი გახდება.
თამარ ლომსაძე

დაბრუნება დასაწყისში