Menu
RSS

შალვა ოგბაიძე ექსპრემიერს ბრალს სდებს და მასთან შეხვედრის სკანდალურ ფაქტებს იხსენებს

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი ახალ წლამდე გაათავისუფლონ. თბილისის საკრებულოს წევრის, შალვა ოგბაიძის განმარტებით კი, პირიქით, გამორიცხული არ არის, ექს-პრემიერს ბრალი დაუმძიმდეს. საუბარია 2006 წლის მოვლენებზე, როცა მაშინდელი ხელისუფლებისთვის არასასურველ პირს, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტ ოგბაიძეს, თავისი ხელით შექმნილი ფედერაცია, სწორედ მერაბიშვილმა, რბილად რომ ვთქვათ, წაართვა.
 
2015 წლის ივლისში, ,,ვერსიაში'' გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: ,,გადააქვთ თუ არა რუსთავის ავტობაზრობა მცხეთაში''? ზუსტად ორი წლის წინ, ,,ვერსიის'' წყაროს ინფორმაციით, რუსთავის ავტობაზრობის მფლობელებს, დაახლოებით, 30 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს, რათა ტერიტორია დაეთმოთ. კონფიდენტი წყარო ავტობაზრობასთან დაკავშირებით, ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების _ გია უდესიანისა და დავით კირკიტაძის ინტერესებზეც გვიამბობდა. 2015 წლის ივლისში, ჟურნალისტური გამოძიება ,,ვერსიამ'' სწორედ წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო და ცხადია, ვითარებაში უკეთ გასარკვევად, ოგბაიძესაც დავუკავშირდით, რომელმაც საკმაოდ სკანდალური და საინტერესო ფაქტები გვიამბო: ,,უდესიანისა და კირკიტაძის ინტერესზე რა გითხრათ, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ რუსთავის ავტობაზრობაში ვანო მერაბიშვილის ინტერესები იკვეთება. 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილმა, ეკონომიკის მაშინდელ მინისტრ ირაკლი ჩოგოვაძეს გაუგზავნა რეზოლუცია, რომლითაც რუსთავის ავტოდრომი საავტომობილო ფედერაციისთვის უნდა გადმოეცა. ზუსტად ერთ თვეში, პირადად მერაბიშვილმა დამირეკა, შსს-ში მიმიწვია და მაკეტი მაჩვენა. ეს იყო ავტობაზრობის კონტური და მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრის მაკეტი, მაგრამ მასზე ავტოდრომი ვერ დავინახე. როცა ვკითხე, ავტოდრომი სად არის-თქო, ჩემს თვალწინ დაწერა წერილი, ღილაკს თითი დააჭირა და ადმინისტრაციის უფროს შოთა ხიზანიშვილს დაავალა, მიეცით საბუთი, რომ ამ ტერიტორიაზე რბოლა ან შეჯიბრი პარასკევს საღამოს, 18.00 საათის შემდეგ, ასევე შაბათ-კვირას გამართონო. ამის შემდეგ, სააკაშვილს საჯაროდ მივმართე, აჩვენეთ მერაბიშვილს, ვინ არის პირველი ამ ქვეყანაში-მეთქი! მოკლედ, მერაბიშვილს უარი ვუთხარი და მორიგ შეხვედრაზე, დაახლოებით 10 კაცი დამახვედრა, მათ შორის, სააკაშვილის ბიძაშვილი ნიკა ალასანია, ასევე სპორტის დეპარტამენტის უფროსი ნამგალაური. პირდაპირ მითხრა, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობიდან უნდა გადადგე, ნიკა ალასანია შეგცვლისო. ალასანიას შევატყვე, რომ საქმის კურსში არ იყო. სხვათა შორის, თვითონაც მიხვდა, რომ აშკარად სხვაგან მოხვდა და აღარ უაქტიურია. მერაბიშვილმა ისიც კი მითხრა, უარის შემთხვევაში, შენც და შენს ოჯახსაც სერიოზული პრობლემები შეგექმნებათო. სწორედ ჩემი უარი გახდა მიზეზი, რომ საავტომობილო ფედერაციასა და ჩემს კუთვნილ ,,ლადას'' ცენტრში, საგადასახადო შემოვიდა. ფედერაციაში ,,აღურიცხავი'' 1 850 000 ლარი, ,,ლადას'' ცენტრში კი ანტიფრიზი ,,მიპოვეს'' და იმხელა ჯარიმა დამაკისრეს, იძულებული გავხდი, პრეზიდენტის პოსტიდან გადავმდგარიყავი. ამის შემდეგ, მოვალეობის შემსრულებელი მევლუდ მელაძე, კანცელარიაში დაიბარეს და წერილი დააწერინეს, რომლითაც თხოვნით ,,მიმართავს'' ეკონომიკის სამინისტროს, ავტოდრომი სამინისტროს საკუთრებაში დაბრუნდეს, რადგან თითქოს იქ არსებული ინფრასტრუქტურა ავტოდრომის მშენებლობისთვის არ გამოდგებოდა. ეკონომიკის სამინისტრომ ერთ დღეში ,,დაიბრუნა'' ავტოდრომი, რამდენიმე დღეში აუქციონი გამართეს, ეს ტერიტორია კი 180 000 აშშ დოლარად, რუსეთიდან ჩამოსულმა ბიზნესმენმა, შოთა აფხაზავამ აუქციონზე შეიძინა. სწორედ ჩემი უარის გამო დავკარგე ბინა, მიწის ნაკვეთი და ჩემი რძლის ბინაც, რომლებიც აუქციონზე გაყიდეს. გადარჩენილი ქონება დღესაც დაყადაღებულია და სააღსრულებო ბიუროდან წერილს წერილზე მიგზავნიან, აუქციონზე გაგიყიდითო. თეა წულუკიანს, სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარეს და პროკურატურასაც მივმართე ქონების გაყიდვის პროცესის შეჩერების მოთხოვნით. თხოვნა ყურად იღეს, რის გამოც მათ მადლობას ვუხდი, თუმცა წართმეული ქონების დაბრუნების კუთხით, სამართლიანობა ჯერ არ აღმდგარა''.
,,ვერსიის'' კითხვაზე, რომელიც ჩვენი კონფიდენტი წყაროს ინფორმაციას ეყრდნობოდა, ავტოდრომთან დაკავშირებით, ბაჩო ახალაისა და ერეკლე კოდუას ინტერესებიც ხომ არ იკვეთება, ოგბაიძემ ორი წლის წინ ასე გვიპასუხა: ,,როცა მშობელს ავტოსპორტზე ბავშვი მოჰყავს, არც მე და არც ერთი პედაგოგი არ ვეკითხებით, ვისი შვილია. მხედველობაში მყავს, როგორც ანზორიკო და რეზიკო ბიწაძეები, ასევე გიორგი და ნოდარ კოდუები, რომლებიც არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან. გულწრფელად გეტყვით, შეჯიბრზე ხშირად ვხედავდი ერეკლე კოდუას, ასევე ლაურა ღაჭავას, რომლებიც ავტოდრომზე შვილების საგულშემატკივროდ ჩამოდიოდნენ. როცა ფედერაციას უზარმაზარი ჯარიმა დააკისრეს და უფლებამოსილება მოვიხსენი, ერეკლე კოდუა ფედერაციის კოლეგიის წევრი გახდა. ამის შემდეგ, ნაციონალებმა ახალი ფედერაცია ჩამოაყალიბეს, რომლის პრეზიდენტი ცესკო-ს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილე დავით კირთაძე გახდა, ვიცე-პრეზიდენტები _ ნაციონალების იდეოლოგი ლევან თარხნიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდ-ის წევრი ლევან გახელაძე, დამფუძნებლები კი ნაციონალი, საკრებულოს დეპუტატი მიხეილ ქავთარაძე და ფინანსთა მაშინდელი მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი იყვნენ. ამ ფედერაციას მრბოლელები ,,ნაციონალურ ფედერაციასაც'' უწოდებდნენ. ავტოდრომიცა და ფედერაციაც, შოთა აფხაზავამ შეიძინა და სხვათა შორის, ინვესტიციაც ჩადო. ეს ის აფხაზავაა, რომელმაც ავტოდრომის გახსნაზე სააკაშვილი ,,გაასეირნა''. როგორც ქართლ-კახეთში ამბობენ, სააკაშვილი დანახვის ,,ციცო'' იყო _ იგივეს იმეორებდა, რასაც პუტინი. პუტინმა რომ წელსზემოთ გაიხადა, ამანაც გაიხადა, პუტინმა სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და ამანაც ჩაიცვა. ის ჩემი ცოდვით სავსე პუტინი ,,ფორმულაში'' რომ ჩაჯდა, სააკაშვილიც ჩასვა აფხაზავამ''.
***
,,ვერსია'' დაინტერესდა, აღდგა თუ არა სამართლიანობა შალვა ოგბაიძესთან დაკავშირებით? მოხსნეს თუ არა ,,ნაციონალური'' ყადაღა ახლა უკვე ,,ქართული ოცნების'' სიით, თბილისის საკრებულოში გასული დეპუტატის ქონებას? ამ თემაზე ,,ვერსიას'' შალვა ოგბაიძე ესაუბრება.
_ ბატონო შალვა, რატომ გადაგემტერათ შსს-ს მაშინდელი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი?
_ ვანო მერაბიშვილი კი არა, მაშინდელი სახელმწიფო სისტემა გადამემტერა. ეს იყო პოლიტიკური დევნა, რადგან ყველასთვის პოპულარული საავტომობილო ფედერაცია, მოულოდნელად გარიყეს. მეტიც, მახსოვს ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც უსაფრთხოების ღვედებს ეძღვნებოდა, საპატიო სტუმრად სანდრა რულოვსი მიიწვიეს. მეც ვესწრებოდი. მოულოდნელად, დაცვის წევრი მოვიდა და მითხრა, იქაურობას გავრიდებოდი. ადრე გითხარით, რომ ერეკლე კოდუას შვილები ჩვენს ფედერაციაში დადიოდნენ, ერთხელ, კოდუამ მოდულის შენობაში მიმიწვია და გულდაწყვეტით მითხრა, რომ სახელმწიფოსთვის არასასურველ ხალხთა სიაში ვიყავი და ჩემი საუბარი ისმინებოდა. გულში კი გავივლე, შენს გარდა, სხვა ვინ მომისმენს-მეთქი, მაგრამ გაფრთხილებისთვის, მადლობა გადავუხადე. ამის შემდეგ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ორი წლის წინ გიამბეთ, თუმცა ერთ დეტალს დავამატებ _ ეკონომიკის სამინისტროში ღამის პირველ საათზე გამოიძახეს სამინისტროსა და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და შუაღამისას ,,დაიბრუნა'' სახელმწიფომ ფედერაცია ჩემი მოადგილის წერილის საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იძულებით დააწერინეს.
_ საავტომობილო ფედერაციის მფლობელი ისევ შოთა აფხაზავაა?
_ დიახ, მაგრამ ფორმალურად, მასთან პრეტენზია საერთოდ არ მაქვს! პასუხს წინა ხელისუფლებას ვთხოვ, რადგან ფედერაციის გარდა, ჩემი კუთვნილი ქონება, მათ შორის, ავტოსკოლა, ავტოსერვისი, ასევე ჩემი რძლის ბინა დააყადაღეს. თვალი დაუდგეს ქონებას, 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, ჩემს გამო, ჩემი შვილები აწამეს!
_ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის სახელით, ფედერაციაში წილს აფხაზავა ფლობს?
_ არა, ასე არ არის! საავტომობილო ფედერაციის წართმევა ჩემი დასჯა იყო მონღოლური მეთოდით ანუ ვინც მაშინდელი ხელისუფლების მიმართ არაკეთილგანწყობაში იყო შემჩნეული, ქონებას ართმევდნენ, უთვალთვალებდნენ და ბლოკავდნენ. ფედერაციის შეძენამდე რაც მოხდა, წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაული იყო და ამაში აფხაზავას ხელი არ ურევია!
_ პროკურატურას განცხადებით ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიმართეთ, რა ვითარებაა ამ მხრივ?
_ დიახ, განცხადებით მივმართე და რამდენჯერმე დამკითხეს კიდეც, მაგრამ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით, უდიდესი მადლობა გადავუხადო მაშინდელ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ასევე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობას, რომლებმაც კანონში შეტანილი ცვლილების გამო, ხელოვნურად წარმოშობილი, რამდენიმემილიონიანი დავალიანება მთლიანად გაანულეს. სიახლე იყო ისიც, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია _ FIA-მ, რომლის ოჯახის წევრებიც ვიყავით, თავის უფლებებში აღმადგინა და დღეს ორი ფედერაცია მშვიდობიანად თანაარსებობს. სხვათა შორის, ამგვარი პრაქტიკა მიღებულია, ერთია სპორტის განხრით, რომელიც სპორტულ ლიცენზიებს გასცემს და ეროვნული ჩემპიონატის ბადეს ადგენს და მეორე _ თქვენი მონა-მორჩილის ხელმძღვანელობით, რომლის კომპეტენციაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი, მეგობრული ავტოტრანსპორტის პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდების აღზრდა, გზებზე ჯანსაღი მოძრაობის წესების დამკვიდრება... პრინციპში ყველაფერი ის, რითაც ამჟამად ვართ დაკავებულები. თუმცა ჩემი პირადი ქონება დაყადაღებულია, დამნაშავე ჯერ არ გამოვლენილა და შესაბამისად, არც დაზარალებულად ვარ ცნობილი. თქვენთან ერთად ველოდები მთავარი პროკურატურის დასკვნას, რაც საფუძველი გახდება ჩემი ქონების, თუნდაც ნაწილის დაბრუნების.
_ პროკურატურაში რას გეუბნებიან, ამდენ ხანს რატომ ჭიანურდება გამოძიება?
_ მპასუხობენ, რომ მუშაობენ და გამოძიება გრძელდება. რას ვიზამ, გამოძიება ჭიანურდება, მაგრამ მის დასრულებას ველოდები.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში