Menu
RSS

როგორ ექცეოდნენ პატიმრებს გლდანის ციხეში ბედუკაძე და მისი „პადდელნიკები“ ბასტი და ბუბუ

თბილისის საქალაქო სასამართლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუასა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ საქმეს იხილავს. მოწმეთა შორისაა ბორის ფარულავაც, მეტსახელად „ბასტი“, რომელიც იმ დროს უწყებაში, კონკრეტულად კი გლდანის ციხეში მუშაობდა. სწორედ მისი, ლევან ფხალაძისა (ბუბუ) და ვლადიმერ ბედუკაძის სახელს უკავშირდება გლდანის ციხეში წამების კადრების გადაღება-გამოტანა. ფარულავამ სასამართლოზე განაცხადა, რომ კადრების გადაღება მისი და მისი მეგობრების პირადი ინიციატივა იყო. და მაინც, ვინ არის ლადო ბედუკაძე, როგორ ექცეოდა პატიმრებს და რას წარმოადგენდნენ მისი შვილობილები ბასტი და ბუბუ, ანუ ზედამხედველები, რომლებიც მუდმივად მის გვერდით იყვნენ და შეიძლება ითქვას, მხოლოდ მას ემორჩილებოდნენ...
„ხვალ სასამართლო გაქვს. სიგარეტი არ წაიღო, თუ გიპოვიან, გცემენ. არც რაიმე მეტალი, მაგაზეც გცემენ, რადგან ეჭვი გაუჩნდებათ, რომ სასამართლოზე თვითდაზიანებას ეცდები. „ვარონკაში“ ასვლის წინ, სპეცრაზმელები გეტყვიან, ჩაიხადა-ჩაჯდა. ამოწმებენ, უკანალში ხომ არ გაქვს რამე დამალული. არ შეეწინააღმდეგო, თორემ გცემენ. ეცადე ,,ვარონკაში'' ბოლო ახვიდე _ 6-კაციანია და მინიმუმ 15 კაცს შეგყრიან. კართან პატარა გისოსია, ჰაერი შემოდის და არ გაიგუდები“, _ უხსნიდა მსჯავრდებული ლევან კ. პატიმარ #0578-ს გლდანის ციხის ავან-ჩავანს.
2011 წლის ზამთარი იდგა. დილის 6 საათზე წამოყარეს სასამართლოზე წასაყვანი პატიმრები, გლდანის ციხის ეზოში მოაწყვეს და საკარანტინო ნაწილში განათავსეს.
„სასამართლო სამ საათზე მაქვს ჩანიშნული და ასე ადრე რატომ მივყავარ?“ _ ჰკითხა #0578-მა ერთ-ერთ პატიმარს.
„მე ხუთზე მაქვს, მაგრამ... ერთად წაგვიყვანენ და მოგვიყვანენ. ვის რა დროს აქვს, ვინ კითხულობს? აქ 8 საათამდე ვიქნებით, მერე, დიღომში წავალთ, მერე დიღმის სასამართლოს ფუქსებში შეგვყრიან, მოგვცემენ 50 კაცზე 20 ღერ ,,ასტრას'', ცოტა საჭმელს და იქ ვიქნებით ბოლო სასამართლოს დასრულებამდე. მოვალთ შვიდისთვის. კიდე ერთი საათი გაგვაჩერებენ და აგვიყვანენ კამერებში“. სასამართლოდან მოსვლის შემდეგ, საკნებში პატიმრების განაწილება დაიწყო.
„ბიჭო, რა ძველი ბიჭივით დგახარ, ხელები დაიწყვე უკან, დროზე“, _ უღრიალა ერთ-ერთმა ოფიცერმა პატიმარს.
„ბიჭოთი რატომ მიმართავ? ეს ხომ ,,ბატონო ოფიცეროს'' გეძახის? თუ იმით სარგებლობ, რომ ფორმა გაცვია?! გარეთ ამდენს ხომ ვერ გაუბედავდი?“ _ შენიშვნა მისცა ოფიცერს მეორე ოფიცერმა. #0578-მა გაოცებისგან პირი დააღო, რადგან ადამიანური მოპყრობის მაგალითს პირველად ხედავდა. საკანში ასულმა მეგობარს უამბო მომხდარი.
„ეგ ლადოა ბედუკაძე, ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ჯოჯოხეთში. ორი ,,პადდელნიკი'' ჰყავს, ბასტი და ბუბუ. თუ ოდესმე დაგჭირდეს, იცოდე, ეგენი ადამიანურ პასუხს მაინც გაგცემენ“.
ამ საუბრიდან ორიოდე კვირაში, კამერაში სიცილის გამო, პატიმარი #0578 ჯერ კარცერში, მერე კი კარანტინში გაისტუმრეს. კარცერში ბედუკაძემ მიაკითხა და მკაცრად მიუგო: „სალამი. მე ლადო ბედუკაძე ვარ. რატომ გაგაკარცერეს?!“.
„სიცილის გამო. როგორც ჩანს, ხმამაღლა გამეცინა“, _ უპასუხა პატიმარმა.
ბედუკაძემ გაურკვეველი მისამართით შეიკურთხა, მერე სიგარეტი ამოიღო და პატიმარს მიაწოდა. #0578-ს თვალები გაუფართოვდა, კარცერში სიგარეტი ოცნებაზე მეტი იყო. ფრთხილად ამოიღო, მოუკიდა... ბედუკაძემ, ვითომც არაფერიაო, მშვიდად მიაწოდა კიდევ ორი ღერი. პატიმარმა ისევ მოუკიდა.
„არ გინდა შეინახო?“ _ ჰკითხა ლადომ.
„კი, მაგრამ რა აზრი აქვს, ასანთი არ მაქვს...“ _ გაეღიმა #0578-ს.
„მოიცა, ბასტის გამოვაგზავნი“, _ თქვა ლადომ და გატრიალდა. გასვლამდე #0578-მა კი უთხრა, „მე ლევანას ახლობელი ვარ, „ა“ კორპუსზე რომ ზის. მითხრა, თუ რამე დაგჭირდეს, ლადოს უთხარიო.“
დაახლოებით ნახევარ საათში, ბასტი მოვიდა, ორი კოლოფი ,,ასტრა'', ასანთი, ტუალეტის ქაღალდი მოიტანა და ჰკითხა: ,,კიდევ ხომ არაფერი გინდა?“
„კიდევ ის მინდა, ჩემს კამერაში რომ ახვიდე თუ შეძლებ, ლევანას ოთხი კოლოფი „მალბორო“ გამოართვა, ორი შენთვის დაიტოვო და ორიც მე მომიტანო“, _ გაეღიმა #0578-ს.
„ბასტი“ უკანმოუხედავად წავიდა. დაახლოებით 15 წუთში დაბრუნდა სიგარეტით და #0578-ს ჩუმად აუხსნა: „ხვალ არ ვართ მორიგეები, სიგარეტი დამალე. რომ გიპოვონ, წაგართმევენ. ზეგ ისევ მოგიტან. ლევანამ მოგიკითხა...“
მეორე დღეს კარცერის კარი სხვა ოფიცერმა გააღო და იქვე მდგომ ზედამხედველს უღრიალა: „სიგარეტის სუნი რატომ დგას კამერაში?“
„ლადო იყო გუშინ ბატონო ოფიცერო“, _ ამოილუღლუღა ზემდეგმა.
„გაჩხრიკეთ“, _ გასცა ბრძანება ოფიცერმა და ზემდეგმა საკნის და პატიმრის ჩხრეკა დაიწყო, თუმცა ვერაფერი უპოვა.
„ლადომ მოგცა ხო სიგარეტი?“ _ კბილებში გამოსცრა ოფიცერმა.
„ლადო ვინ არის ბატონო ოფიცერო?!“ _ ისეთი გულუბრყვილო ხმით იკითხა #0578-მა, ოფიცერმაც კი პირი დააღო. შემდეგ იღრიალა, გამღერებ ნოტებზეო და #0578 კარანტინში გაუშვა. 12 კვადრატულ მეტრში #0578 29-ე პატიმარი იყო. კარანტინში სუნთქვაც კი ჭირდა, სიგარეტი კი...
„რა სიგარეტი? აქ რომ ვინმეს სიგარეტი ჰქონდეს, ერთ მოწევაზე ერთი კოლოფი არ იქნება საკმარისი. ტუალეტის ქაღალდსაც არ გვაძლევენ, მაიკებით ვიწმინდავთ ერთ ადგილს'', _ უთხრა ნაცნობმა პატიმარმა #0578-ს.
მეორე დღეს ისევ ბედუკაძის ,,სმენა'' იყო. გაუკვირდა, #0578 კარანტინში რომ დახვდა, საკნიდან გაიყვანა და ჰკითხა, რა დააშავეო. როცა მომხდარი გაიგო, ისევ შეიკურთხა, ისევ ბასტის დაუძახა. ბასტი ამჯერად ბუბუსთან ერთად მოვიდა, ისევ ავიდა კამერაში, ისევ ჩამოუტანა #0578-ს სიგარეტი და თან გააფრთხილა, კარცერში მარტო იყავი, კარანტინში შენს გარდა 30 კაცია და ყველას არ ენდოო.
სიგარეტს კარანტინში დაახლოებით ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, როგორც საქართველოს ნაკრების მიერ გატანილ გოლს მოჰყვება ხოლმე სტადიონზე. ორი კოლოფი თითქმის მთელი დღე გამოიზოგეს, თუმცა მეორე დღეს ისევ #0578 გაიყვანეს და პირდაპირ ჰკითხეს, სიგარეტი ვინ მოგცაო?! მორიგი გაოცების შემდეგ, ოფიცრებმა პატიმარს გვარიანად წაუთაქეს და კარანტინში შეაბრუნეს.
პარასკევი დღეც დადგა, დღე, როცა საკარანტინო ნაწილში სისხლიანი კალო იმართებოდა. ყველა იქ იყო, ყველა ოფიცერი, ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და ის წყვეტდა, ვინ რა დოზით უნდა ეცემათ. როცა საქმე #0578-ზე მიდგა, მუხაძეს ერთ-ერთმა ოფიცერმა გადაულაპარაკა, ეს ის არისო და... „ქილერამ“ თავის აქნევით ანიშნა, არ ცემოთ, გაატარეთო. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გადაიკვეთა ბედუკაძის, ბასტი-ბუბუსა და პატიმარ #0578-ის გზები. ყველა შეხვედრაზე ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ ესალმებოდნენ... პატიმარმა #0578-მა სხვებისგანაც გაიგო, ერთადერთი ნათელი წერტილი გლდანის ციხეში ბედუკაძე და მაგის ბიჭები არიანო. ბიჭებში კი ბასტი და ბუბუ იგულისხმებოდა.
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში