Menu
RSS

როლანდ ახალაიამ მეგის ქარდავას შვილის უდანაშაულო თანაკლასელი დააჭერინა

გასულ კვირას, უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დააკავეს. მის სახელს არაერთი დანაშაული უკავშირდება და, 2013 წლის შემდეგ, იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. რატომ ჩავიდა ან რამდენი ხნით იმყოფებოდა უკრაინაში, უცნობია, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, ქარდავამ ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის გააქტიურების შემდეგ გადაწყვიტა. ჩვენივე ინფორმაციით, მანამდე ყოფილი მაღალჩინოსანი რუსეთში, კონკრეტულად კი, სოჭში იმალებოდა.
ნაციონალური მოძრაობის ზეობის პერიოდში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბევრი ისეთი პატიმარი იხდიდა სასჯელს, რომელიც გისოსებსმიღმა მეგის ქარდავასთან დაპირისპირების გამო მოხვდა. განსაკუთრებით სამეგრელში იხსენებნენ მას აუგად და იმასაც ამბობდნენ, თავი სამეგრელოს მეფე ჰგონიაო. რა თქმა უნდა, მეფედ ქარდავა თავს ახალაიების შემდეგ პერიოდში აღიქვამდა, რადგან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მაშინ როლანდ ახალაია განაგებდა, ქარდავა კი მისი ხელისბიჭი იყო. თუმცა ეს უკანასკნელი ყოველთვის იმაზე ბევრად მეტს ბედავდა, ვიდრე ამას რიგითი ხელისბიჭები აკეთებდნენ.
რუსთავის #17 დაწესებულებაში სასჯელს ზუგდიდელი გიორგი კ. იხდიდა. იგი ბაჩანა ახალაიას კლასელი გახლდათ და, როგორც თავად ამბობდა, მასთან ურიგო ურთიერთობა არ ჰქონდა. ეს იმის მიუხედავად, რომ სკოლაშიცა და მას შემდეგაც, ბაჩო სამთავრობო სტრუქტურებისკენ იწევდა, გიორგი კი ჩვეულებრივი კრიმინალი გახლდათ, თუმცა საკმაოდ გავლენიანი.
„ვისაც რა უნდა ის თქვას ახალაიებზე, მაგრამ მაგათ დედაზე აუგს ვერავინ იტყვის. რამდენადაც სადისტები და ვამპირები იყვნენ როლანდი, დათა და ბაჩო, იმდენად კეთილშობილი იყო მათი დედა. ახლაც მიკვირს, ასეთი დედის ხელში როგორ გაიზარდნენ ასეთი სისხლისმსმელები, მაგრამ როლანდს დიდი გავლენა ჰქონდა ძმებზე და იმან გამოზარდა პირსისხლიან მგლებად“, _ ყვებოდა გიორგი.
გისოსებს მიღმა კი გიორგი სწორედ ახალაიების გამო მოხვდა.
„ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ყაჩაღობა მოხდა. ოჯახის წევრები აწამეს, დააუთოვეს, დაჩეხეს... ოქროული წაიღეს და წავიდნენ. ატყდა მთელი ამბები, როლანდ ახალაიას ნათესავები გამოდგნენ და როლანდს დაადგნენ ზუგდიდში, გვიშველეო. იმანაც მთელი სამსახური ამოქოქა და განსაკუთრებით მეგის ქარდავას შეუფითილა, გინდა თუ არა, დამნაშავეები იპოვეო. მეგისაც ცოფიანი ძაღლივით დარბოდა აქეთ-იქეთ, მაგრამ ყაჩაღები ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. ასე გავიდა ორი კვირა, დაზარალებულებს, პრაქტიკულად, როლანდის კაბინეტში ეძინათ და ისიც თანამშრომლებს არ ასვენებდა.
ჰოდა, მომიგზავნა კაცი მეგისამ, გიორგამ ეს საქმე გაგვახსნევინოს და რაც უნდა, ის გვთხოვოსო. მივხვდი, ჩემს გარშემო ცუდი წრე იკვრებოდა, ტყუილად არ ახსენებდა მეგისა ჩემს სახელს, ისიც მოფიქრებული ექნებოდა, თუ ვერავინ დავიჭირე, გიორგის დავაბრალებო, ამიტომ ავდექი და ბაჩოს დავურეკე. ვუთხარი, ასე და ასეა საქმე და ჩემზე უნდა ხელის შეწმენდა მეგის ქარდავას, არაფერ შუაში ვარ-მეთქი. მომისმინა ბაჩომ, ,,დაიკიდეო'', მითხრა და დავიკიდე, მაგრამ ახლობლებმა მირჩიეს, როლანდამ ბაჩო გააჩერა, შენ ნუ ერევი, ჩვენ გავერკვევითო, ჰოდა, მეგისა აუცილებლად დაგიჭერსო. ისიც გავიგე, ბარიგასგან წამალი რომ აუღია მეგისას, გიორგას უნდა ჩავუდოო. ავდექი და... ქუთაისში წავედი, მამიდასთან და ბაჩოს ავუხსენი – ,,პაბეგში'' კი არ წავედი, ზუგდიდს გავეცალე, სანამ ვითარება არ დაწყნარდება, იქ არ ჩავალ-მეთქი. კარგიო ბაჩომ და ასე გავიდა ორი თვე.
ვკითხულობდი ზუგდიდის ამბებს, მეუბნებოდნენ, ვერავინ დაიჭირეს, მაგრამ შენი სახელის ხსენებაც არ არისო. ჰოდა, ჩასვლას რომ ვაპირებდი, მაშინ დამადგა დაზარალებულების მიერ გამოგზავნილი კაცი – აქაოდა, მეგისამ გვითხრა, გიორგია მაგ საქმეში გარეული, იმიტომაც გაიქცა და იმალებაო. იმ კაცმა დაზარალებულების დანაბარები გადმომცა, ოქროულში საგვარეულო ბეჭედია, ის დაგვიბრუნოს, მეტი არაფერი გვინდაო. ანუ, დანაშაულის ჩამდენად მე ვყავდი გამოცხადებული. ვაგინე იმ კაცს, როგორ გაბედე და მოხვედი, ხელს როგორ მადებ-მეთქი. მე კი არ გადებ ხელს, მეგისა ამბობს, საქმე გახსნილია, გიორგას მალე დავიჭერთ და როლანდ ახალაიაც კვერს უკრავსო. კინაღამ სისხლი ჩამექცა ტვინში. რა უნდა მექნა, ისევ ბაჩოს დავურეკე. მითხრა, ორი დღე მაცადეო. ორი დღის მერე რომ არ დარეკა, თავი შევახსენე. გაიცინა, რამ შეგაშინა ამხელა კაცი, ყველაფერი რიგზეა, შენი სახელის ხსენება არსადაა, ჩადი ზუგდიდში და იცხოვრეო.
მეორე დღეს ჩამოვედი ზუგდიდში. ძმაკაცს ვესტუმრე, სახლში მაინც ვერ გავბედე მისვლა. თან გავაბაზრე, ჩამოსული ვარ-მეთქი და მეორე დღეს, სხვა ძმაკაცთან დავრჩი. ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმოდა – არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ მეგისას უთხრეს ჩემი ჩამოსვლის ამბავი. გავიდა კიდევ ერთი კვირა, ხან სად ვრჩებოდი, ხან სად და როცა დავრწმუნდი, არავის ვაინტერესებ-მეთქი, კი გამოვჩნდი. პრინციპში, კი არ გამოვჩნდი, ზუგდიდის ცენტრში მივედი ჩემი ,,მერსედესით'', საპარიკმახეროში შევედი წვერის გასაპარსად. აი, ფილმებში რომ გინახავს, შენობას ნიღბიანი სპეცრაზმელები ალყას რომ დაარტყამენ და საშიში დამნაშავე გამოჰყავთ, ზუსტად მასე დაარტყეს ალყა საპარიკმახეროს, შემოცვივდნენ, ჰაერში ამაგდეს და ისე გამიყვანეს გარეთ. ჯერ ხომ იქ მცემეს, მერე, ეს ნახევრადგაპარსული კაცი გუბეში ჩამაგდეს და წიხლი დამაჭირეს ზემოდან. კი ვფიქრობდი, რატომ არ მივყავარ-მეთქი და თურმე ჯერ სად ვარ, მთავარი სანახაობა წინ მელოდა.
დაახლოებით, ნახევარი საათი ვეგდე წუმპეში, ნახევარ საათში მთელი ზუგდიდი მოგროვდა და მიყურებდა, როგორ ვიყავი გაფარჩაკებული. ნახევარ საათში ჩამოიყვანეს სოფლიდან დაზარალებულები და მოუშვეს ის ქალი ჩემზე. წარმოიდგინე, გუბეში ვარ, სახე წყალში მიდევს, ზემოდან სპეცრაზმელი მაჭერს წიხლს, ხელებზე ბორკილები მადევს და მოვარდა ეს გადარეული ქალი, დამიწყო სახის კაწვრა, ჩემი საგვარეულო ბეჭედი დამიბრუნე, შე ღოროო. სიკვდილს ვნატრობდი მაშინ, მაგრამ როცა გინდა, არ არის ხოლმე სიკვდილი და როცა არ გინდა, მაშინ მოდის. სულ ჩამომფხაჭნა სახე და მხოლოდ ამის მერე ამიყვანეს მანქანაში.
„კაპეზეზე“ უკვე მეგისა დამადგა, ხომ დაგიჭირე მაინცო. როლანდას ნახვა მოვითხოვე, მაგას მოვუყვები ყველაფერს-მეთქი. მოვიდა მეორე დღეს როლანდა, ის ღამე ცემა-ტყეპაში გამათენებინეს. გისმენო და რომ დავუწყე, ბაჩომ ყველაფერი იცის და ის გეტყვის დამნაშავე რომ არ ვარ-მეთქი, მომაგინა, მე შენს გარდა არც ეჭვმიტანილი მყავს და არც საქმის ჩამდენიო და გავიდა. გამასამართლეს. ჩემმა ძმამ მოახერხა და სასამართლომდე ბაჩო ნახა. იმანაც – ეს საქმე თბილისში იციან უკვე და მე ვერაფერს შევცვლი, ეგ რომ გავუშვათ, მამაჩემი ,,იტისკება'', ამხელა სპეცოპერაცია წყალში უვარდებაო. იმის პირობა დადო ბაჩომ, არც ციხეზე და არც ზონაზე ხელს არავინ დაადებსო და მართლაც აღარავის ვუცემივარ, მაგრამ რად გინდა?! გამთხარეს რვა წელი დანაშაულზე, რომელიც არ ჩამიდენია და ვიხდი ახლა სასჯელს.
ისე, მეგისა მაგარი კურდღელია, ჩემებთან მისულა, არ გაბრაზდეს გიორგი, დავალება იყო ზემოდანო. როლანდას კი ვერ დაადო ხელი, იცოდა, ახალაიები არ აპატიებდნენ. ,,ზემოდანო'', ასე თქვა, თითქოს ოფიციალურმა თბილისმა დაავალა. უბრალოდ, ვერ გაბედა მეგისამ ახალაიასკენ ხელის გაშვერა, თავადაც შეეშინდა, რომ გამოვა, მომკლას იქნებაო და დაიწყო ბოდიშების მოხდა.
ერთი ვიცი ზუსტად _ აქედან რომ გავალ, ბაჩოსაც ვნახავ და მეგისასაც, ოღონდ ერთად. მაქვს ის ურთიერთობა, რომ მეგისა მოათრიოს ბაჩომ და ერთადერთი კითხვა მექნება, მე რატომ შემარჩია?! არადა, ზუსტად ვიცი, როლანდ ახალაიას მაგან ჩააწვეთა ჩემი სახელი და გვარი. არაკაცი ქარდავას მოკვლას არ ვაპირებ, მაგის გამო კიდევ ერთხელ არ წამოვალ სროკზე, მაგრამ...“, _ აღარ დაასრულა გიორგიმ.
სხვათა შორის, როცა გიორგი კ. ციხიდან გავიდა, ჯერ საზღვარგარეთ გაემგზავრა, მერე კი სოჭში იყო ჩასული. როგორც ამბობენ, სოჭში მეგის ქარდავას შეხვდა, მაგრამ რაზე ისაუბრეს, ან როგორ დასრულდა შეხვედრა, არავინ ამბობს.
პატიმარი #0578

back to top