Menu
RSS

„გარდაცვლილი ადამიანის გასამართლება უამრავ ქვეყანაში უჩვეულო მოვლენად ითვლება“

31 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის გასასამართლებელი სხდომა გაიმართა, სადაც მოლაშვილის არა როგორც დაზარალებულის, არამედ ბრალეულობის საკითხი გადაწყდა. ,,ვერსიაში'' ამ საკითხს ვრცელი სტატია უკვე მიეძღვნა. ვწერდით, რომ გარდაცვლილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმე დღემდე არ გადაწყვეტილა, თუმცა სასამართლო სხდომა მოლაშვილის მხრიდან საპყრობილის ექიმის სავარაუდო ცემის ფაქტზე ჩაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, არც მაშინ და არც მოლაშვილის სიცოცხლეში, სასამართლოს ეს საქმე არ განუხილავს. ახლა კი ოჯახს დაუკავშირდნენ და მოლაშვილის ბრალეულობის საკითხის განხილვის პროცესის თარიღი აცნობეს. საინტერესოა, რატომ არ გამოითხოვა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე სასამართლოდან და რატომ გადაწყდა გარდაცვლილი მოლაშვილის გასამართლება... აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, დავინტერესდით, რამდენად ხშირია ან არსებობს თუ არა საქართველოსა და მსოფლიოში მიცვალებულთა გასამართლების პრეცედენტები?
 
ზოგადად, ცნობილია, რომ გარდაცვლილთა სასამართლო სხდომა იმ შემთხვევაში იმართება, როცა მიცვალებული დაზარალებულ მხარეს წარმოადგენს ან თუ ის რაიმე დანაშაულში ბრალდებულია და მისი უფლებამონაცვლე პირი, ანუ ოჯახის წევრი მოითხოვს საქმის განხილვას, რათა სასამართლო განაჩენით მიცვალებულის რეპუტაცია აღდგეს. ამიტომ გასაკვირია, რომ გარდაცვლილო სულხან მოლაშვილის ბრალეულობის განსახილველი სასამართლო სხდომა ოჯახის კი არა, ბრალდების მხარის, ანუ პროკურატურის მოთხოვნით ჩაინიშნა. სხვათაშორის, პროკურატურამ, მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ საქმე სასამართლოდან არ გამოითხოვა. მსგავსი პრეცედენტების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, თავდაპირველად, ცნობილ ქართველ ადვოკატებს ირმა ჭკადუას, გელა ნიკოლაიშვილს, ზაზა ხატიაშვილს, მიხეილ რამიშვილს დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ ჰქონიათ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, ან თუ სმენიათ, მიცვალებული სასამართლოს გაესამართლებინოს? ვერც ერთმა მსგავსი შემთხვევა ვერ გაიხსენა...
მიცვალებულთა გასამართლების საკითხზე არქივში სულ რამდენიმე სტატია იძებნება. ერთ-ერთია ,,ნიუპოსტში'' 2015 წლის 4 თებერვალს განთავსებული პუბლიკაცია, სათაურით _ ,,мухи отдельно, котлеты отдельно... ეს საქმე უფრო პროვოკაციულ ელფერს იძენს'', სადაც ექსპერტ-პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიცვალებულის გასამართლება პუტინის ნოუ-ჰაუა და ეს საქართველომ არ უნდა გაიმეოროს (რუსეთში მიცვალებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა)... როგორც სტატიიდან ირკვევა, საქმე გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ შვილმკვდარი ლევან გაბუნიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას ეხება. სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევდა, რომ თუ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, მისი დამალვა დაუშვებელია, თუმცა ექსპერტის თქმით, არც გარდაცვლილ ადამიანზე გამოძიების დაწყება იქნება მართებული, რაც სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენებს ხელისუფლებას: ,,ეს ყველა ქვეყანაში მასხრად იყო აგდებული და არ მგონია, ვინმეს სურდეს, მის მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი. თუმცა დამალვა ამ ფაქტის იქნება კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებისთვის“. ,,ვერსიამ'' სოსო ცისკარიშვილს სულხან მოლაშვილის გასამართლების პრეცედენტიც შეაფასებინა:
,,ეს პროკურატურის უკუღმართობის კიდევ ერთი ფაქტია. არ მახსოვს რა სასჯელი მიუსაჯეს მათ, ვინც თავად სულხან მოლაშვილი მიიყვანეს სიკვდილამდე და ახლა მიცვალებულს ასამართლებენ! ეს უპირველეს ყოვლისა, ანტიქართული ქმედებაა. ჩვენი ცნობიერება ყალიბდებოდა იმის საფუძველზე, რომ მიცვალებულზე მხოლოდ კარგი ან არაფერი ითქმის. სად გაიზარდა ან რა გვარია ის პროკურორი, რომელსაც ასეთი უკუღმართი აზრი გაუჩნდა?! უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ადამიანები, ვისი უნდა ეშინოდეს ჩვენს საზოგადოებას და იქნებ, ყველამ ერთად აღვზარდოთ და სწორ გზაზე დავაყენოთ ასეთი უკუღმართი აზროვნების ადამიანები!''
როგორც ჩანს, ცისკარიშვილს, ჯერ კიდევ 2015 წელს, მიცვალებულთა გასამართლება რუსეთის ნოუ-ჰაუდ შემთხვევით არ მოუხსენებია, რადგან არქივიდან ირკვევა, რომ რუსეთში მიცვალებულის გასამართლების პრეცედენტის შესახებ წერდა ,,ამერიკის ხმაც'', რომლის 2013 წლის 20 თებერვლის პუბლიკაცია ასე იწყება: ,,გარდაცვლილი ადამიანის გასამართლება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში უჩვეულო მოვლენად ითვლება და რუსეთი სწორედ ამას აპირებს. სასამართლომ განაცხადა, რომ აწგარდაცვლილი ცნობილი იურისტის, სერგეი მაგნიცკის საქმე გაზაფხულზე დაიწყება. გადაწყდა, რომ სამი წლის წინ გარდაცვლილი მაგნიცკი ბრალდებული იქნება.'' ამავე წერილიდან ირკვევა, რომ მაგნიცკიმ რუსი მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, თავად გარდაცვლილ იურისტს კი, ბრალი გადასახადების გადაუხდელობაში ედებოდა: ,,რუსეთის პროკურატურამ მაგნიცკის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც 2007 წელს მან რუსი მაღალჩინოსნები 230 მილიონი დოლარის ოდენობის კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. მაგნიცკი 2008 წელს დააპატიმრეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ'' მაგნიცკის სასამართლო საქმეს „აბსურდული“ და „ბოროტების გამოხატულება“ უწოდა.''
როგორც არქივიდან ირკვევა, მსოფლიოში გარდაცვლილთა გასამართლების უიშვიათესი პრეცედენტები არსებობს. ვცადეთ გაგვერკვია, იძლევა თუ არა, საქართველოს კანონმდებლობა მიცვალებულის გასამართლების საშუალებას და რა პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ ცივილიზებულ სამყაროში. ინფორმაციისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, ლევან ვეფხვაძეს დავუკავშირდით, რომელიც აცხადებს, რომ მსოფლიოში არც ისეთი იშვიათია, გარდაცვლილი ბრალდებულის გასამართლება, რადგან მას რეპუტაციის აღდგენის უფლება აქვს. კერძოდ, თუ მას რაიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან და ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, ბუნებრივია, მის მიმართ უნდა გამოვიდეს გამამართლებელი განაჩენი, რომ მისი რეპუტაცია აღდგეს, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ოჯახმა: ,,კანონმდებლობის თანახმად, როცა სასამართლო პროცესი იწყება, სავარაუდოდ, პროკურორი დააყენებს შუამდგომლობას სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე და ადვოკატს, დაცვის მხარეს აქვს უფლება, არ დაეთანხმოს საქმის შეწყვეტას და მოითხოვოს პროცესის გაგრძელება საბოლოო განაჩენის გამოტანისთვის.''
ვეფხვაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რა ეტაპზეა სასამართლო განხილვა ბრალდებულის გარდაცვალების დროს: ,,საქმის განხილვის სამი ეპიზოდი არსებობს: აღმკვეთი ღონისძიების სხდომა, წინასასამართლო სხდომა და არსებითი განხილვა. თუ ბრალდებულის გარდაცვალების დროს წინა სასამართლო სხდომა ან არსებითი განხილვაა, პროკურორს არ რჩება მექანიზმი, უარი თქვას ბრალზე, საქმის გამოთხოვის უფლებაც არ აქვს. მას მხოლოდ იმის უფლება აქვს, რომ შუამდგომლობა დააყენოს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებობს დაზარალებული, რომელსაც აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და ა.შ. მის ინტერესებს იცავს პროკურორი.
კანონმდებლობის თანახმად, შეიძლება, გარდაცვლილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, მაგრამ სასჯელის დანიშვნა ვერ მოხდება. გარდაცვლილს სცნობენ დამნაშავედ, მაგრამ იტყვიან, რომ სასჯელის დანიშვნა არ ხდება, რადგან პირი გარდაცვლილია''.
ვეფხვაძის განმარტებით, მას სამართლებრივ საქმიანობაში ახლაც აქვს პრეცედენტი, როცა არსებითი განხილვის დროს ბრალდებული გარდაიცვალა. ვეფხვაძეს, როგორც ბრალდებულის ინტერესების დამცველს, მიაჩნია, რომ აწგარდაცვლილი უდანაშაულოა, პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ ოჯახს სურს, გამამართლებელი განაჩენი დადგეს და ვეფხვაძემ, როგორც ბრალდებულის უფლებადამცველმა, უარი განაცხადა საქმის შეწყვეტაზე.
მოკლედ, საია-ს იურისტი აცხადებს, რომ ქართული კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, გარდაცვლილი ადამიანის მიმართ გამოვიდეს განაჩენი, ოღონდ სასჯელი არ დაინიშნოს. იურისტს აღნიშნული რეგულაცია არც ისე უცნაურად ეჩვენება, რადგან მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი ადამიანის გასამართლება არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან, არამედ სხვა პირის, იგივე დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარეც ხდება: ,,ვთქვათ, დაზარალებულს მიაყენეს მატერიალური ან ფიზიკური ზიანი, მას აქვს უფლება, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. სარჩელის შეტანას კი ბაჟის გადახდა, ანუ სახელმწიფოში თანხის გადახდა სჭირდება. ერთადერთი, რაც პიროვნებას ბაჟის გადახდისგან ათავისუფლებს, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაა. ეს განაჩენი თუ იმიტომ არ დადგა, რომ ბრალდებული გარდაიცვალა, რა გააკეთოს დაზარალებულმა, რომელსაც ბაჟის თანხა არ აქვს, ის ხომ ორმაგად ზარალდება? ამიტომ კანონმდებელმა ცალსახად ჩადო კანონში ამის საშუალება. უცნაური იქნებოდა, გარდაცვლილისთვის სასჯელი რომ შეეფარდებინათ, ამიტომ კანონმდებელმა ეს გათვალა და თქვა, რომ გამოვა გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ სასჯელი არ შეეფარდება გარდაცვლილს.''
საია-ს იურისტი სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებზეც საუბრობს: ,,ხშირია შემთხვევა, როცა გარდაცვლილი ადამიანის უფლებამონაცვლე დავობს რეპუტაციის აღდგენის მუხლით.
სტრასბურგს არ დაუდგენია, რომ ვინაიდან პირი გარდაცვლილია, მას ერთმევა სასამართლო დავის უფლება. სტრასბურგს აქვს მიდგომა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, პირი გარდაიცვალა თუ არა, მთავარია, იყო თუ არა კონვენციის დარღვევის ფაქტი, ამაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ, გარდაცვლილის მხარეს კი მისი უფლებამოსილი პირი დავობს''.
თათია გოჩაძე

back to top