Menu
RSS

რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძეზე, კონფლიქტის გამო გამოძახებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ახალგაზრდა მამაკაცი ხელში ჩააკვდათ. გამოძიება დაადგენს, იკვეთება თუ არა სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაული შემთხვევისას, რომლის მსგავსი ადრე ძალიან ხშირად ხდებოდა. საბედნიეროდ, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ დაპატიმრებისას პოლიციელებისგან სასიკვდილოდ გამეტებული ადამიანები გადარჩებოდნენ ხოლმე. ასეთები ციხეშიც ბევრი იყო და არც მათი ისტორიების მოსმენა იყო უინტერესო.
რუსთავის #17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სასჯელს ყველა ჯურის პატიმარი იხდიდა. მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ, უმეტესად _ თურქები. იყო შვეიცარიელიც კი, რომელიც ციხეში ცოლზე ძალადობის გამო მოხვდა _ ქართველ კაცთან შეუსწრო, ვერ აიტანა, სკამი დააფშვნა თავზე და სხეულის განზრახ დაზიანების გამო, სამწლიან ,,სროკს'' იხდიდა.
სასჯელს იხდიდა ვახო ი-ც, პატიმარი, რომელიც სამართალდამცავებმა აყვანის დროს სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგრამ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.
 
,,გლდანში, უბნის ოპერები მეუბნებოდნენ, ვიცით, გამფუჭებელი ხარ და სადაც მოგასწრებთ, დანდობა არ იქნება, გესვრითო. სწორედ ამ მუქარის გამო, ,,პადდელნიკი'' პრაქტიკულად არ მყავდა. მარტო დავდიოდი და მარტო ვრისკავდი. მხოლოდ ბინებზე ვმუშაობდი, მაგრამ ვერავინ მეტყვის, გლდანში ბინა გაქურდაო. ჩემი სქემა მარტივი იყო _ ყაზბეგზე, გადასახურდავებელ ჯიხურებთან ვაბირჟავებდი, ვუყურებდი, ვინ რამდენს ახურდავებდა. მერე სახლამდე მივყვებოდი, სახლს ვიმახსოვრებდი და ვიწყებდი თვალთვალს. ათიდან ორ შემთხვევაში მიმართლებდა, ანუ საქმე ბოლომდე მიმყავდა, მაგრამ მიღირდა. წუნია არ ვარ, მომქონდა ყველაფერი, რისი წამოღებაც შემეძლო. არ დაიჯერო, ბლეფია იმას რომ ამბობენ, ნათლობის ჯვარს არავინ იპარავსო. ოქროს, ნებისმიერ მდგომარეობაში ვიღებდი და ასეა ყველა...
ერთ დღეს უბნელი დამადგა, თავანი მაქვს ჩასაბარებელიო. სულ 100 დოლარი ჰქონდა, მაგრამ სახლში არ მედო თანხა. ვუთხარი, 3-4 ცალი მაგნიტოფონი წავიღოთ, ელიავაზე ჩააბარებ და ეგ არის-მეთქი. ახლა ვითომ აღარ იბარებენ მაგნიტოფონებს, მაგრამ კარგს თუ გაჩითავ, დაშლილებში თუ ნაცნობი გყავს, მარტივად აბარებ. წავედით, ექვსი მაგნიტოფონი ,,გავწიეთ'' და ხუთი იმას მივეცი, მეექვსე ჩემთვის დავიტოვე. სახლში ვბრუნდებოდით, როცა ზედ კორპუსის წინ, მანქანა დაგვიმუხრუჭეს, უნდა გაგჩხრიკოთო. მოპარული მაგნიტოფონი ,,კურტკაში'' მედო, მივხვდი, გავიჭედე, ამიტომ, მოვბრუნდი და გავიქეცი. მაშინვე სროლა დაგვიწყეს. სამი ტყვია მომხვდა, ჩემი ძმაკაცი არ გაქცეულა და იმას იქვე დაადეს. 2010 წელს იყო ეს, ხმა არავის ამოუღია, იმიტომ, რომ რეალურად საქმეზე დაგვიჭირეს და არც ჩვენებმა იაქტიურეს მაინცდამაინც.
საათზე მეტი დაჭრილი ვეგდე ასფალტზე, დაახლოებით ნახევარი საათი იძახდა ექიმი, რა ვუყო ახლა ამას, ვინმემ მითხარითო. როგორც იქნა, ვიღაცამ მოიცალა ჩემთვის, ცოცხალია ეს ჩემისაო და წიხლი მომაყოლა. წამიყვანეს საავადმყოფოში, ფეხიდან ამომიღეს ორი ტყვია, მხარში გავლილი ჰქონდა, ლავიწი მქონდა გაგლეჯილი. ამაწყვეს, შემახვიეს და მეორე დღეს უკვე გლდანის ციხეში ვიყავი. სამჯერ მცემეს და სამჯერ გამეხსნა ჭრილობა. ყველას ეკიდა. ახლა აქ ვარ და გული იმაზე მწყდება, რომ ჩემი ძმაკაცი იმ თავანს გადაჰყვა. არადა, ასი დოლარი რომ მქონოდა... კაცმა არ იცის, ახლა სად ვიქნებოდი...''
სხვათა შორის, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა პოლიციელები დაჭრილ დამნაშავეებს მაქსიმალურად არ აკარებდნენ ექიმს, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ მათი გარდაცვალების შემთხვევაში, ძალიან ცოტა იყო შანსი, ოჯახს ირინა ენუქიძესავით ებრძოლა, უფროსობა კი მადლობის მეტს არაფერს ეტყოდა.
გიორგი ქ. სამ მეგობართან ერთად დაიჭირეს. ერთ-ერთს, ირაკლი პ-ს მანქანაში იარაღი უპოვეს. სამივე საგარეჯოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმ მიზეზით გადაიყვანეს, რომ თბილისში, უბრალოდ, ადგილი არ იყო. 24-საათიანი უშედეგო ცემა-ტყეპისა და მას შემდეგ, რაც არცერთმა არაფერი თქვა, გადაწყვიტეს, რომ ოთხეული საყაჩაღოდ მიდიოდა და ყაჩაღობის მომზადების ბრალდება წაუყენეს. მოსამართლემ თვალის დაუხამხამებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და როცა გიორგი გაგიჟდა, რას აკეთებთ, არ გრცხვენიათო, პირდაპირ საქალაქო სასამართლოს სარდაფში შედგნენ.
,,წიხლებს თავში მირტყამდნენ და მალე გავითიშე. აზრზე რომ მოვედი, გლდანის ციხეში, ,,აბეზიანკაში'' ვეგდე და ფეხი მქონდა შეხვეული. გამიკვირდა, არ ვიცოდი, ფეხზე რა მომივიდა და სახვევი მოვიხსენი. ნაკვეთი ჭრილობა მქონდა, სამი ნაკერი მედო. გავგიჟდი კინაღამ, ავყვირდი. მაშინვე გაჩნდა ჩიჩუა, თუ იცი, მთელი გლდანის ციხეგამოვლილი პატიმრები იცნობენ. დამიწყო, ნუ ყვირი, თორემ მოვლენ და გცემენო. ამას ხომ ვაგინე, ვინც მოვიდა, იმათაც ვაგინე, ადვოკატი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვე. ისევ მცემეს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მეორე დღეს ადვოკატი მოვიდოდა და ამიტომ მოვითმინე. ადვოკატი მართლა მოვიდა, იმათაც შევხვდი, ვისთან ერთადაც დამიჭირეს და იქ ამიხსნეს, რომ თუ არ ვიყვირებდი, მინიმალურს, ერთ წელს მომცემდნენ, თუ არა და ოთხწლიანს მომარჭობდნენ. ამიხსნეს ისიც, რომ ჩემი ცემით ისე გაერთნენ ბადრაგის თანამშრომლები, ერთ-ერთმა ჯიბიდან დანა ამოიღო და ფეხში მთხარა. თმა ყალყზე დამიდგა, ეს რომ გავიგე, ადვოკატებსაც ვაგინე, მეგობრებსაც და საკანში დავბრუნდი. დავიწყე ჩემი ჭკუით ჭიდაობა, მაგრამ იჭიდავე რამდენიც გინდა. ერთ საქმეზე ხომ ვიყავით ვითომ დაჭერილები, იმათ სამ-სამი წელი მისცეს, მე ექვსი მომარჭვეს. ვზივარ ახლა და არც კი ვიცი, რისთვის ვიხდი სასჯელს. რომ ვუფიქრდები, იმან გადამრია, დაჭერილ და უდანაშაულო კაცს დანას რომ მირტყამდნენ, თორემ სხვა არაფერი რა...''
ზონაზე იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აყვანის დროს სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს და დაჭრეს კიდეც. ისინი ღმერთს მადლობას სწირავდნენ, რომ ცოცხლები დარჩნენ, რადგან ყველას ახსოვდა, როგორ ,,ჩამოიხრჩო'' თავი გლდანის ციხის კარანტინში პატიმარმა, რომელსაც აყვანის დროს პოლიციელი შემოაკვდა. ის, რასაც ახლა მოგიყვებით, აქამდე არსად თქმულა და დაწერილა. დათო ჩ.: ,,უბანში ყველამ იცოდა, რომ ქურდობა მინდა და დაჭერას დღე-დღეზე ველოდებოდი. 19 წლის ბიჭისთვის ,,სროკზე'' წამოსვლა კაკ რაზ იყო რა, 7 წელს მომცემდნენ შავი სამყაროს წევრობისთვის, 26 წლის გავიდოდი ზონიდან, მანამდე პრავებს დავაკაჩავებდი და იალა მერე, ევროპაში, იქ ქურდად მოვინათლებოდი და ეგ იყო რა. ჰოდა, ერთ ღამეს მანქანით რომ გამოვედი და ძაღლები ამეხვოსტნენ, არ გამკვირვებია. სუფთა ვიყავი, არც იარაღი მქონდა და არც წამალი, ანუ თუ დამიჭერდნენ, მხოლოდ 223-ე მუხლით. სარკეში დავინახე, უკვე ერთი კი არა, სამი ოპერატიული მანქანა მომყვებოდა. უეჭველი დღეს მიჭერენ-მეთქი, ვიფიქრე და ზღვისკენ ავუხვიე. წამომყვა სამივე, მივაყენე ზღვასთან და ის იყო უნდა გადმოვსულიყავი, რომ ჯერ ერთი გავარდა, მერე მეორე, მესამე... დაუშვეს მანქანას... წყალთან ახლოს ვიყავი, გავიქეცი და ჩავხტი... ესროლეს რამდენჯერმე წყალს და მერე ყვირილი ატეხეს, პოლიციელი დაიჭრაო. მთელი სიუჟეტი მიუძღვნეს ამ ოპერაციას, როგორ დამიჭირეს, როგორ ვისროლე, როგორ ამომიყვანეს ზღვიდან. გადავირიე კინაღამ, მე ხომ ყველაზე კარგად ვიცოდი, რომ იარაღი არ მქონია, მაგრამ იცი რას ვერ მივხვდი, პოლიციელი რატომ დაიჭრა?! ანუ ვიღაცამ ვიღაცა გაიმეტა და მე მაწმენდნენ ხელს, მაგრამ რატომ ესროლა პოლიციელმა პოლიციელს?! იტოგში, მე 15 წელი გამიკეთეს და მერე გავიგე, ორ პოლიციელს ერთმანეთში რაღაც ვერ გაუყვიათ და ერთმა მეორეს სწორედ ჩემი აყვანის დროს ესროლა. სხვამ დაინახა და ხელი ჩამოარტყა და თავში დამიზნებული ტყვია მენჯში მოხვდა. კი ვითხოვდი, ექსპერტიზა ჩაატარეთ, რა მანძილიდან ესროლეს, ის გაიგეთ მეთქი, მაგრამ კაროჩე რა, ზანგივით ,,გამსუდეს'' და ქურდობა კი არა, აქედან ცოცხალი თუ გავალ, ის არ ვიცი. მთელი ახალგაზრდობა აქ უნდა გავატარო, ოქროს წლები...''
პატიმარი #0578

back to top