Menu
RSS

რას გვიამბობენ თვითმხილველები და ადგილობრივი მოსახლეობა ქვემო ქართლში შექმნილ ვითარებაზე

რამდენიმე დღის წინ, ფონიჭალაში, საკუთარ ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამმ ჩვენი ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილი ნარკოტიკების მიღების შედეგად გარდაიცვალა...
ბოლო დროს, პოლიციამ ფონიჭალაში, რუსთავსა და თბილისში, არაერთი სპეცოპერაცია ჩაატარა ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, თუმცა პრობლემას არ ეშველა. რა თქმა უნდა არც იმის ილუზია გვაქვს, რომ ნარკოდანაშაულის პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს, თუნდაც ათეულობით სპეცოპერაციით ერთბაშად გადაწყდება. ეს პუბლიკაცია კი იმის დასტურია, რომ სამართალდამცავებმა მუშაობა უნდა გაააქტიურონ და ნარკორეალიზატორები თუ მათი მფარველები დასაჯონ და არა წამლის წვრილფეხა გამსაღებლები.
აი, რას გვიყვება ადგილობრივი მცხოვრები, უფრო ზუსტად კი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, რომელმაც საეჭვოდ გაჩერებული ავტომობილი შენიშნა, პატრულს დაურეკა და რის შემდეგაც გაირკვა, რომ ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცი იყო გარდაცვლილი: „რამდენიმე ნარკორეალიზატორი დააკავეს, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ, დააკავეს წვრილფეხობა, რეალურად კი, ვინც დიდი რაოდენობით წამალს ყიდის, არ დაუჭერიათ. ფონიჭალაში დღემდე არის შესაძლებელი ნარკოტიკების უპრობლემოდ ყიდვა. ეგ კი არა და, ,,ბარიგების'' ტელეფონის ნომრები მარნეულში, დმანისში, ბოლნისში, რუსთავში, თბილისში, ანუ მთელ საქართველოში უწერიათ, ურეკავენ და ბარიგებს თავად ჩააქვთ ადგილამდე წამალი. ეს როცა საქმე დიდ ოდენობას ეხება, თავად ნარკომანები ვერ რისკავენ ამხელა გზაზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკების წაღებას, ,,ბარიგა'' კი ამბობს, რომ ,,კრიშა'' ჰყავს და ნარკოტიკის გადატანა მისთვის პრობლემა არ არის“.
ასევე სხვა ადგილობრივის მტკიცებით, პოლიციას არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული ღონისძიების ჩატარება ნარკორეალიზატორების გამოსავლენად: „ამოვიდნენ საღამოს, ან ღამით _ ყველა ,,ბარიგის'' სახლთან რამდენიმე მანქანაა გაჩერებული. არიან ბიჭები, რომლებიც უბრალოდ ბირჟაზე დგანან, მიხვალ, ეტყვი, რომ წამლის ყიდვა გინდა, მისცემ ფულს, დაუმატებ ფეხის ქირად 20-30 ლარს და ათ წუთში ნარკოტიკი ჯიბეში გიდევს. ეს ე.წ. განეცები, რომლებიც შუამავლის როლს ასრულებენ, დღეში ათ კლიენტს რომ მოემსახურონ, 200-300 ლარს აკეთებენ და ვერავინ დამაჯერებს, რომ ძალოვნებმა ეს არ იციან“.
სხვები კი უფრო შორს მიდიან და ეჭვობენ, რომ არა ადგილობრივი ძალოვნების მფარველობა, ასეთი „ბეზპრედელი“ არ იქნებოდა: „სააკაშვილის დროს ფონიჭალაში წამლის გაყიდვა ერთი პერიოდი მართლა აიკრძალა, ვერანაირად ვერ იყიდდი, დიდი სასჯელის შიშით, არავინ ყიდდა. მერე გამოჩნდა 3-4 კაცი, რომელიც უშიშრად ყიდდა წამალს და ამბობდნენ, რომ ისინი მაღალჩინოსნებთან იყვნენ შეკრულნი და მათ მსუყე გადასახადს უხდიდნენ. ახლაც ასეა, ხელს ვერავის დავადებთ, მაგრამ რამდენიმე ოჯახი ღიად ყიდის ნარკოტიკს, მათ კი არავინ ეხება. ის ადამიანები, რომლებიც ამას წინათ დაიჭირეს, არ იყვნენ მსხვილი გამყიდველები, მაგრამ ამათ ხელს უშლიდნენ, კლიენტს ართმევდნენ და ძალოვნებმა, პრაქტიკულად, მათ უბრა 
ლოდ კონკურენტები მოაშორეს. კიდევ ვიმეორებ, არ არის არანაირი პრობლემა მსხვილი ნარკობარიგების გამოვლენის, მაგრამ ამას არავინ აკეთებს“.
ფონიჭალაში ნარკოტიკს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, აზერბაიჯანელები ყიდიან. როგორც გვეუბნებიან, მათ არ აინტერესებთ, რამდენად კარგი ან ცუდი წამალია, რადგან კლიენტი ყველაფერს ჰყავს და გარდაცვალების გაზრდილი რაოდენობაც არ აღელვებთ. კონკრეტულად, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდას უბედურების მიზეზს უკვე ერთ-ერთი მომხმარებელი გვიხსნის:„ხანდახან არის, რომ ნარკოტიკის შემოტანა აგვიანდებათ. ამიტომ, არსებულ ნარკოტიკს აზავებენ და თუ მანამდე გრამი გჭირდებოდა ,,კაიფისთვის'', გაზავებულზე უკვე 2-3 გრამი გჭირდება. თან არ გეუბნებიან, რომ გაზავებულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ფასს უნდა დააკლო. შესაბამისად, ვიღაც პირველად რომ იყიდის გაზავებულს და ,,კაიფი'' მხოლოდ 3 გრამის შემდეგ მოდის, შემდეგ შეძენაზე, უკვე გაუზავებელს რომ ყიდულობს და 3 გრამს იკეთებს, ,,პერედოზი'' მოსდის და კვდება. ასე მოუვიდა იმასაც, სამი გრამი გაიკეთა და ადგილზე დარჩა“.
მანვე დაგვიდასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე კაცი, მაგალითად, 100-150 გრამ ნარკოტიკს ყიდულობს, ,,ბარიგა'' თავად მიდის ადგილამდე და თავად ჩააქვს წამალი. ამას გარდა, აღნიშნულმა პიროვნებამ ერთ საინტერესო ტენდენციაზე გაგვამახვილებინა ყურადღება.
„თუ ატყობთ, ბოლო დროს, საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანელების მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა იმატა. უფრო სწორად, აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალი გაიზარდა. გაიხსენეთ შეკვეთილი მკვლელობა, გამოძალვის ფაქტი... აზერბაიჯანში ,,კანონიერი ქურდობა'' დასჯადი არ არის, ჰოდა, იქაური ,,კანონიერი ქურდები'' ფარულად აქეთ გადმოდიან, ფულს ხარჯავენ და ხალხსაც ატერორებენ. ტელევიზიით ვიდეო რომ გავრცელდა, აზერბაიჯანელი ლაწირაკი ქართველ ბიზნესმენს რომ ეუბნება, „მალიშ კრიტნი“ მქვია, ქურდების ოჯახიდან ვარ და თუ ფულს არ გადაიხდი, თავს მოგაჭრიო... როდის იყო აქამდე, რომ აზერბაიჯანელები ქართველ ბიზნესმენებს ფულს სთხოვდნენ?! არასდროს და ეს მოჭარბებული ტენდენცია შეინიშნება. მერე იცით როგორ არის? თუ აზერბაიჯანის მოქალაქე აქ ჩავარდება, მისი ახლობლები აზერბაიჯანში დიდ ფულს გადაიხდიან, ექსტრადიციას მიაღწევენ და აზერბაიჯანში ექსტრადირებიდან ორ თვეში აქ დაკავებული დამნაშავე თავისუფალია. ეს მათ კარგად იციან და ამიტომ, საქართველო სათარეშოდ აირჩიეს“, _ ასეთია ჩვენი წყაროს მონაყოლი.
რეალურად, შსს-ს არასდროს გამოუქვეყნებია კონკრეტულად აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, შედარების უფლება რომ გვქონდეს, მაგრამ როგორც პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გვითხრა, დღეის მდგომარეობით, კონკრეტულად აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაული საქართველოს მასშტაბით 300 პროცენტით არის გაზრდილი, რაც ძალიან დიდი ციფრია.
„თავიდან აზერბაიჯანიდან მოქალაქეები ძირითადად კაზინოებში სათამაშოდ ჩამოდიოდნენ, რადგან იქ აზარტული თამაშები აკრძალულია. მერე და მერე, კრიმინალებმა დაიწყეს შემოსვლა. თავიდან, საკუთარ მოქალაქეებს მოჰყვებოდნენ, აქ აწერდნენ ფულს, მერე და მერე კი, ჩვენს მოქალაქეებზე გადავიდნენ. ჯერჯერობით არ არსებობს სტატისტიკა, მაგრამ ნელ-ნელა ვლაგდებით და გავარკვევთ, რამდენი აზერბაიჯანელი ძებნილი იმალება საქართველოში. დიახ, საქართველო აზერბაიჯანელი კრიმინალების თავშესაფრად იქცა“, _ გვითხრა პოლიციელმა.
ვერ გეტყვით, როდის გააკეთებს განცხადებას შსს ან რას იტყვის ფონიჭალაში და ზოგადად, ქვემო ქართლის რეგიონში აზერბაიჯანული კრიმინალის ზრდის შესახებ, მაგრამ ფაქტია - შსს-ს მიერ ამ რეგიონში ბოლო ხანებში ჩატარებული უამრავი სპეცოპერაცია იმის დასტურია, რომ სამართალდამცავები გულხელდაკრეფილი არ სხედან და ცდილობენ ნარკოდანაშაულის ფაქტები აღკვეთონ ფონიჭალაში, რომელიც თითქოს უკვე იქცა პატარა კოლუმბიად, სადაც თავის ესკობარებიც ჰყავთ, ხოლო „მალიშ კრიტნის“ დარი კრიმინალები, საქართველოში ალ კაპონეობას ცდილობენ
პატიმარი #0578

back to top