Menu
RSS

ძალიან იშვიათად ხდება, როცა რომელიმე კრიმინალი დანაშაულის ჩასადენად მარტო მიდის. პრაქტიკულად, ყველას ჰყავს ე.წ. პადდელნიკი და მოპარულ თანხასაც თანაბრად იყოფენ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა კრიმინალები „პადდელნიკად“ არა ადამიანს, არამედ ცხოველს ან ფრინველს ირჩევენ და მათ წვრთნას წლებს ახარჯებენ. შედეგად, კატა, კაჭკაჭი, ვირთხა და ძაღლი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან. რა თქმა უნდა, მსოფლიო მართლმსაჯულება შორსაა იმ წარსულისგან, როცა მაგალითად ჯადოქრობის ბრალდებით, ძროხას ჩამოხრჩობას უსჯიდნენ, თუმცა...
გრიშა დ. იმით ამაყობდა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის, პრაქტიკულად, ყველა ციხეში იყო ნამყოფი. კი ამბობდა ხოლმე, ყველაზე მაგარი ქურდი ის არის, ვინც ერთხელაც არ დაუჭერიათო, თუმცა თავის დაკავებებს მუდმივად სხვებს აბრალებდა. ერთადერთი, როცა თქვა, რომ დამნაშავე იყო, კატის გამო კაცის დაჭრის შემთხვევაა.
„მაშინ, როცა საქართველოში პირამიდა ჯინსები 300 მანეთი ღირდა, რუსეთში ბევრი იშოვებოდა. ნახმარ ჯინსებს 200 მანეთად ყიდულობდნენ თბილისში და მეც რუსეთიდან დღეში ათ ცალს ვაგზავნიდი. კატა მეხმარებოდა მოპარვაში. წელიწადი და ექვსი თვე ვზრდიდი „ვასკას“ და ვასკა ჩემი გარდაცვლილი „პადდელნიკის“ პატივსაცემად ერქვა. გავიდოდით მე და ვასკა ღამე ქალაქში, მესამე სართულამდე ვაგდებდი და თოკზე თუ ჯინსი იყო ჩამოკიდებული, იმას ვუმიზნებდი. დაებღაუჭებოდა ფეხებით, ადიოდა და თათებით ,,შპილკებს'' აძრობდა, მერე კი ჯინსთან ერთად მშვიდობიანად ეცემოდა მიწაზე. ავიყვანდი ხელში, ჯინსს ჩანთაში ჩავდებდი და გადავიდოდი სხვა კორპუსთან. საჭმელი ჭირდა, მაგრამ არა ჩემი ვასკასთვის, საუკეთესოს ვაჭმევდი, ოღონდ ისე, რომ ძალიან არ გასუქებულიყო, აგდება რომ არ გამჭირვებოდა. 15 ჯინსიც მოგვიხსნია ერთ ღამეში და ვცხოვრობდით ასე, ბედნიერად. ერთ დღეს, იმ კორპუსის ეზოში ვიყავი, სადაც ბინა მქონდა ნაქირავები, ვასკას ვასეირნებდი. ვირთხა დაინახა და იმას დაედევნა, კარგა ხანს ირბინეს ეზოში. ამ დროს, დიდი სისწრაფით მანქანა შემოვარდა და პირდაპირ ვასკას გადაუარა. ნაწლავები გამოყარა ასფალტზე და მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა. გარდა იმისა, რომ საქმეში მეხმარებოდა, ლამის შვიდი წლის იყო და მე ვზრდიდი, ერთად გვეძინა, ერთად ვჭამდით და ვსვამდით. გადმოვიყვანე მძღოლი, არყის სუნი მეცა და არც დავფიქრებულვარ, ისე გავუყარე დანა. გადარჩა, მე დამიჭირეს, მაგრამ ორი წელი პირობითი მომცეს, რუსეთში კატა ბევრს ჰყავს და შვილებზე მეტად უყვართ. თანაც, ვუთხარი, კატის მაგივრად, ბავშვი რომ გამოვარდნილიყო, რას იზამდა-მეთქი?!
ვირთხებს ვერც მანამდე ვიტანდი და მაგ შემთხვევის მერე ხომ საერთოდ. ამ ამბიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, ,,ვკარმანშიკობდი'', წვრილ-წვრილ მაღაზიებს ვძარცვავდი, თავს ვინახავდი, რა. ჰოდა, ერთ დღეს ძველი ,,პადდელნიკი'' შემხვდა. მომიკითხა, სახლში დამპატიჟა და როცა ოთახში შევედი, გავშეშდი _ დიდ გალიაში ოცამდე ვირთხა ჰყავდა, სახლში კი საშინელი სუნი იდგა. ამით ვირჩენ თავსო, მითხრა და სულ გადავირიე. შუქნიშანთან, მანქანას როცა აჩერებენ ქალები, ღია ფანჯარა თუ არის, ფანჯრიდან ვუგდებ ვირთხას, თუ არა და კარს ვუღებ, ვაგდებ ვირთხას და ვხურავო. ამის მერე იწყება შოუ _ აკივლებული ქალი მანქანიდან ხტება და, რაღა თქმა უნდა, გასაღებს მანქანაში ტოვებსო. ჩემი მეგობარი ჯდებოდა საჭესთან და წავიდა მანქანა დაშლილებში. გააჩნია მოდელს, 500-დან 1000 დოლარამდე მიხდიანო.
რა მომასვენებდა, მეორე დღესვე გავყევი საქმეზე, ოღონდ როგორც მაყურებელი. ჯერ ერთი, არ სჭირდებოდა დამხმარე და მეორეც, ვირთხებს ვერ ვიტანდი. გაჩერდა შუქნიშანზე მანქანების კოლონა, წინა მანქანასთან მივიდა, კარი გამოაღო, ვირთხა ამოიღო და შეაგდო. ვერ გეტყვით, რას შეიძლება იმ ქალის კივილი შევადარო. მანქანიდან გადმოხტა, ტრასაზე გაგორდა, ხელებს არანორმალურად იქნევდა. ჩემი მეგობარი კიდევ დაჯდა და მშვიდად დაძრა მანქანა. საღამოს დეტალები ამიხსნა _ მანქანა, რომელიც უნდა წაიყვანო, აუცილებლად წინა რიგში უნდა იდგეს, რადგან იქ რომ კივილი ატყდება, შესაძლოა, წინ რომელი მანქანაც დგას, იმან არ დაძრას ადგილიდანო. ისიც მითხრა, ვირთხა თუ გიკბენს, აუცილებლად, აცრა უნდა გაიკეთო, თორემ დიდი ალბათობით, ცოფიანი იქნებაო. ვირთხაზე იმდენი რამე იცოდა, გამიკვირდა. მაგალითად ის, რომ ვირთხის კუდი ხერხემლის გაგრძელება ყოფილა და თუ კუდის ბოლოში ბრტყელტუჩათი აიღებდი ვირთხას, ვერ გიკბენდა, რადგან ხერხემალს ამ დონეზე ვერ ხრიდა. ადგილამდე ვირთხა რკინის ბადით მიყავდა. ბადეში ისე შედიოდა, უკან მოტრიალება რომ ვერ შეძლებოდა. მივიდოდა, მოკიდებდა კუდის ბოლოში ხელს, ერთი გამოქაჩვით გამოათრევდა და მსხვერპლს მუხლებზე უგდებდა. ვირთხებს კიდევ სადარბაზოებში იჭერდა, სალას იყიდდა, კედლებს უსვამდა ქონს და საღამოს ვირთხების ჯარი იყო კედელთან. ამას პეპლების საჭერზე რკინის ბადე ჰქონდა, დააფარებდა და აჰყავდა სახლში. საჭმელი არ აჭამო, მშიერი ვირთხა უფრო მოძრავი და აგრესიულიაო. ისიც მითხრა, ერთსა და იმავე შუქნიშანთან მინიმუმ ორ თვეში ერთხელ უნდა გამოჩნდე, რადგან როცა შემთხვევაა, მერე ,,გაიშნიკები'' დგებიან და ერთი თვის მერე იხსნებიანო.
მაჩუქა ერთი ვირთხა, ისიც მითხრა, მოპარული მანქანა სად უნდა მიმეყვანა, მაგრამ არ გამოვიდა ჩემგან მანქანების გამტაცებელი. როგორც ჩანს, კარგად ვერ მოვკიდე კუდის ბოლოში ხელი ვირთხას და რომ ამომყავდა, ცერა თითზე ორჯერ მიკბინა. სული გამიმწარდა, მოვიქნიე ეს ვირთხა და საავადმყოფოში გავიქეცი აცრისთვის. ამის შემდეგ ხომ საბოლოოდ შემძულდა ვირთხა. აი, კატა სხვა საქმეა, თან ხომ იცი, ქურდული ცხოველია კატა, ძაღლებს გაურბის, ვირთხებზე ნადირობს“, _ სიცილით დაასრულა მონოლოგი გრიშამ.
პატიმარი #0578

back to top