Menu
RSS

როგორ ისჯება დახურული სასამართლო სხდომების „გასაჯაროება“

სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა, თუმცა ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რაც ნიშნავს, რომ საქმის განხილვა გრძელდება. პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში წარიმართა _ ჟურნალისტებიც და დაინტერესებული პირები ინფორმაციას მხოლოდ ადვოკატების ან პროკურორებისგან ვიღებდით, თუმცა გარკვეულმა ტელეარხებმა საქმის მასალები მოიპოვეს და დახურული სხდომებიდან კონკრეტული ადამიანების ჩვენებების აუდიოვერსიები ეტაპობრივად გაავრცელეს. შესაბამისად, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით, რაც საგამოძიებო მასალების გავრცელებას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, დეკანოზის ადვოკატებმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადეს, რაც ადვოკატთა უფლებების შესახებ კანონით ახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხულია ,,ციანიდის საქმის'' მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილიც. საუბარია, რომ დაკითხვაზე დახურული მასალების გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც დაიბარებენ, რამაც მედიისა და საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია და ეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ მიიჩნია. ,,ვერსია'' დაინტერესდა, საქართველოს კანონმდებლობით, რომელი კანონი იცავს დახურული სასამართლო სხდომის მასალების არგავრცელებას? აქვთ თუ არა განსხვავებული უფლებები ჟურნალისტებს და რა ტიპის სასჯელი მოქმედებს ამ დანაშაულისთვის? ამ კითხვებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, ლევან ვეფხვაძეს მივმართეთ.
ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ სასამართლო სხდომის დახურვის მიზეზი რომელიმე სუბიექტის პირადი ცხოვრების ინფორმაცია ხდება. მიზანი ისაა, არ გასაჯაროვდეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც დახურულ სხდომაზე გახდება მხარეებისა და დამსწრე პირებისთვის ცნობილი: ,,როცა სასამართლო იღებს პროცესის დახურვის გადაწყვეტილებას, აფრთხილებს პროცესის მონაწილე მხარეებს 
და შესაბამისად, ისინი კისრულობენ ვალდებულებას, არ გაასაჯაროონ ინფორმაცია, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი იქ მოსმენილი ფრაზა გარეთ არ უნდა გამოიტანონ ან საჯაროდ არ გააკეთონ მასზე აპელირება''. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით, სხდომის დახურვის შესახებ გაფრთხილებული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დგება. თუმცა, საია-ს იურისტი ფიქრობს, რომ ეს მუხლი ბევრი ფაქტორის გამო ბუნდოვანია: ,,მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ისაა, რომ მუხლი შეიცავს გამოძიების მონაცემს ანუ გამოძიების დროს მოპოვებული მასალის გასაჯაროების საკითხს... ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიების სტადია დასრულებულია და სასამართლოში ხდება მოწმეების დაკითხვა. ეს მუხლი ბუნდოვანია, რადგან საკითხავია, მარტო გამოძიებას მოიცავს თუ სასამართლო სისტემასაც. ამ ნორმის წაკითხვის შემდეგ, ორმა იურისტმა შეიძლება ერთნაირი აზრი ვერ გამოიტანოს. ასეთი ნორმა ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებთან''.
ვეფხვაძის განმარტებით, მუხლის ბუნდოვანება იმაშიც ჩანს, რომ როცა მოსამართლე აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს, დახურული სხდომიდან ინფორმაციის არგატანის შესახებ, 374-ე მუხლს ურიგებს და გამოძიების ინფორმაციის გამჟღავნების ანალოგიის პრინციპით მოქმედებს. პროცესზე გაფრთხილებული ყველა პირი ერთნაირადაა პასუხისმგებელი კანონის წინაშე: ,,ხოლო როცა ჟურნალისტს მიაწოდეს დახურული საქმის დეტალები, ამ მასალის გავრცელება არ წარმოადგენს დანაშაულს''. ამ ფონზე, აპელირება ჟურნალისტების მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შესახებ, ვეფხვაძის აზრით, არამართებულია: ,,მითითება 381-მუხლზე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს, არარელევანტური და სამართლებრივად არამართებულია''.
საია-ს იურისტის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის და ,,გამოხატვის თავისუფლების შესახებ'' კანონის თანახმად, ჟურნალისტს შეუძლია, კონფიდენციალურად შეინახოს წყარო, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია და მეტიც _ არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისი საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო. აქედან გამომდინარე, ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ გამოძიებამ პასუხი ჟურნალისტებს კი არა, იმ ადამიანებს უნდა მოსთხოვოს, ვინც გაფრთხილების მიუხედავად, ინფორმაცია გაიტანა.
ეს დანაშაული კი, იურისტის განმარტებით, ისჯება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ასევე ფინანსური ჯარიმით მინიმუმ 500 ლარიდან.
ვეფხვაძის განმარტებით, ადვოკატს უფლება აქვს, ჩვენება არ მისცეს იმის შესახებ, რაც მისთვის გახდა ცნობილი როგორც ადვოკატისთვის, თუ ეს ჩვენება შეიძლება, გამოყენებული იქნას მისი ან მისი ახლო ნათესავების წინააღმდეგ. მოსამართლის დაკითხვაც, გასაკვირი არაა.
საინტერესოა, მართლაც ხედავენ თუ არა კანონმდებლები სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლში ხარვეზს? ამ კითხვით, პარლამენტარს, იურიდიული კომიტეტის წევრ გიორგი კახიანს მივმართეთ, რომელიც დაგვპირდა, რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით, შეისწავლიან და თუ მიიჩნევენ, რომ ნორმა ბუნდოვანია, შესაძლებელია, კანონში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანონ.
თათია გოჩაძე

back to top