Menu
RSS

სასჯელაღსრულების სისტემაში, ბოლო წლებში, რეფორმების გატარებისას, ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთათვის ისეთი პირობების შექმნა იყო, რომლებიც, სამომავლოდ, მათ რესოციალიზაციას ხელს შეუწყობს. ამ მიზნით, უწყებაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ამოქმედდა, რომელთა დადებითი შედეგი, პატიმრებმა უკვე იგრძნეს. მათ შორისაა, მაგალითად, დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებს/ ბრალდებულებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საწარმოებში დასაქმების, ასევე ინდივიდუალური საქმიანობისა და საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალებაც ეძლევათ. გაყიდულ ნივთში გადახდილი თანხა კი, მის ავტორს, ავტომატურად ერიცხება ბარათზე. ვებგვერდი _ ონლინე.მოც.გოვ.გე სადაც პატიმრების ნამუშევრების ვიზუალური მასალაა განთავსებული და სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი, აქტიურად მუშაობს და ონლაინრეჟიმში უკვე 14 000 ლარის ღირებულების პროდუქციაა გაყიდული.
,,მთავარია, რას სთავაზობ ადამიანს ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ამ მიმართულებით, ჩვენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა ავამუშავეთ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მოვახერხებთ და ადამიანის ცხოვრებას შევცვლით. უამრავი დანაშაულის ჩადენის საფუძველი ფინანსური პრობლემები იყო. ჩვენ, მსჯავრდებულებს/ ბრალდებულებს, ვაძლევთ საშუალებას კონკრეტულ ხელობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაეუფლონ და სასჯელის მოხდის შემდეგ, დასაქმების შანსი ჰქონდეთ. შესაბამისად, ჰქონდეთ საფუძველი, აღარ ჩაიდინონ დანაშაული. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ჩვენს ონლაინმაღაზიაში იყიდება. ეს უპრეცედენტო პროგრამაა. ამ მაღაზიას ყოველთვის დიდ რეკლამას ვუკეთებ და ყოველთვის, როცა უცხოელებს ვხვდები, ვურჩევ მათ, დაათვალიერონ ნივთები და რაიმე შეიძინონ. ყოველთვის პატარა ბავშვივით მიხარია, როცა ამ ონლაინმაღაზიიდან რაიმე ნივთი იყიდება, მითუმეტეს, რომ ეს თანხა ავტომატურად ირიცხება მისი ავტორის ანგარიშზე'', _ განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილებით სამინისტროს მიერ „პატიმრობის კოდექსში“ ინიცირებული ცვლილება, რომელიც მსჯავრდებულთა/ ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთების (ნაკეთობების) რეალიზაციას ითვალისწინებს, 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერით დამტკიცდა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით, დამზადებული ნივთის რეალიზაცია განახორციელოს. გაყიდვიდან მიღებული თანხა პირდაპირ მის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. რეალიზაციის წესი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული, რომლის თანახმად, სამინისტრომ სპეციალური ვებგვერდი შექმნა.
ვებგვერდზე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნივთების, ასევე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საამქროში დამზადებული პროდუქციის ვიზუალური მასალაა განთავსებული ფასის მითითებით. თითოეულ პროდუქციას თავისი უნიკალური კოდი აქვს. ნივთის ღირებულებას თავად ბრალდებული/ მსჯავრდებული განსაზღვრავს.
ონლაინმაღაზიაში შესვლისას, ვებგვერდზე, გარკვეული კატეგორიები დაგხვდებათ. ავეჯი, ხის სათამაშოები, სამკაული, ხატები, ნახატები, აქსესუარები... აქ საკმაოდ ფართო არჩევანია და ფასებიც, ხელმისაწვდომი. ონლაინმაღაზიის წარმატებით მუშაობა, არა მხოლოდ თითოეული პატიმრის, არამედ, მათი ოჯახებისთვისაც, ფინანსურად, დიდი შვებაა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის განმარტებით, ინდივიდუალურ საქმიანობასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმების პროგრამას. ამ მიზნით, უწყება ხელს უწყობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საწარმოების შექმნას. უკვე ფუნქციონირებს, მაგალითად, მაკარონის საწარმო, პურის საცხობი, სადაც არაერთი მსჯავრდებული/ბრალდებულია დასაქმებული. მინისტრის განმარტებით, სამომავლოდ, შესაძლებელია სასათბურე მეურნეობაც შეიქმნას, სადაც ყვავილებს გამოიყვანენ და პროდუქციით, სხვადასხვა უწყებებს, მაგალითად, მერიის გამწვანების სამსახურს დააინტერესებენ.

back to top