Menu
RSS

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი ,,იკაროსი'', აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.
პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეტ რუდი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორი მაიკლ მაკმენი დაესწრნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა აშშ-ს საელჩოსა და INL-ს წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და კულინარიის პროფესიული პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი უწყების პრიორიტეტად კვლავ რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამუშაო კერების შექმნა. #16 დაწესებულებაში მეორედ გავხსენით კულინარიის შემსწავლელი კურსი. პირველ ეტაპზეც 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატებით დახურა კურსი. კონკრეტული პროფესიის შესწავლა გათავისუფლების შემდეგ ყოფილ მსჯავრდებულებს სამსახურის მოძიების პროცესს უმარტივებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის რისკს“, _ განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეტ რუდმა, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„უკვე ხუთი წელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების რეფორმას. კულინარიის ხელოვნების შემსწავლელი კურსები ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც მსჯავრდებულებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ამერიკის ელჩმა ყოფილი მსჯავრდებული და ამ პროგრამის კურსდამთავრებული ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დასაქმებული იხილა. ეს თავისთავად პროგრამის წარმატებაზე მიუთითებს“, _ აღნიშნა ელიზაბეტ რუდმა.
კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება, რომელიც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადებას, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევებსა და სპეციფიკას შეასწავლის. კურსის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი #16 დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალურ სივრცეში წარიმართება, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ს მხარდაჭერით სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი.
კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მეორედ გაიხსნა. შარშან #16 დაწესებულების 19-მა მსჯავრდებულმა სწავლება წარმატებით დაასრულა და დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმების პრეცედენტიც შეიქმნა.

back to top