Menu
RSS

სკანდალური პეტიცია და 90 ხელმომწერი _ ვის და რატომ გაახსენდა 8 წლის წინანდელი ამბავი არჩევნებამდე სამი დღით ადრე და რა კავშირშია „მამა ბუასილის“ სკანდალური ვიდეორგოლები ნაცმოძრაობის დაშლასთან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა და პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამაც პიკს მიაღწია _ ახლახან სოციალურ ქსელში ახალი თემა აგორდა. კერძოდ, FACEBOOK-ის მომხმარებლებმა ელვის სისწრაფით გაავრცელეს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 90 პირის ხელმოწერა, რომლებიც 2009 წლის შემოდგომაზე წინააღმდეგნი იყვნენ, დაწყებულიყო გამოძიება, რათა პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების დამამზადებლები და გამავრცელებლები გამოვლენილიყვნენ. ხელმომწერებს შორის თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილიც ფიქსირდება. ,,ვერსია'' დაინტერესდა, კონკრეტულად რას ეხებოდა და რას აწერდნენ ეს ადამიანები ხელს? დღეს არცერთი საძიებო სისტემით არ იძებნება პირველწყარო ანუ დოკუმენტი, რასაც სავარაუდოდ, 90-მა პირმა ხელი მოაწერა და ინტერნეტში არც ის სკანდალური ვიდეორგოლებია განთავსებული, რასაც აჟიოტაჟი მოჰყვა.
,,90 არსება, ვინც ხელს აწერს გამოძიების დაწყებას იმ პირების გამოსავლენად, რომლებიც შეურაცხმყოფელ კლიპებს იღებდნენ და ავრცელებდნენ პატრიარქზე. ერმა უნდა იცოდეს თავისი ,,გმირები'': ბექა მინდიაშვილი; შორენა შავერდაშვილი; მალხაზ ნარინდოშვილი; შალვა ჩუბინიძე; ნინია ჩაჩხიანი; ნინო დათაშვილი; პაატა შამუგია; დოდო ხარხელი; გიორგი კევლიშვილი; თეკლა ასანიშვილი; ნათია ქოიავა; ქეთევან ლოგუა; ეკა ექიზაშვილი; ირაკლი დათუნაშვილი; ლევან რამიშვილი; მაგდა გურული; ოთარ ქაშაკაშვილი; თეა თუთბერიძე; მედეა იმერლიშვილი; დავით ამირეჯიბი; ლაშა კალანდაძე; ალექსანდრე ელისაშვილი; ნინო ლომაძე; გიორგი ცხადაია; სიმონ ჯანაშია; ანა მარგველაშვილი; გიორგი შაიშმელაშვილი; ეკა ჯანაშია; ნინო ჯანგირაშვილი; ნინო ბექიშვილი; ნინია კაკაბაძე; ნინო დანელია; ნინო ცინცაძე; თეო ხატიაშვილი; გრიგოლ სინჯიაშვილი; დავით ბუხრიკიძე; გიგა ზედანია; ნათია კობერიძე; სალომე უგულავა; გვანცა კობერიძე; მარი ახსიაშვილი; ნინო კიკვაძე; ლევან ასაბაშვილი; ქეთევან გაბიანი; ნანა ღვინჯილია; თამარ ჩორგოლეიშვილი; ნინო მოზესი; ბაკურ სულაკაური; თინა მამულაშვილი; როინ ნიჟარაძე; ანიტა თვაური; ანა დოლიძე; მირიან გამრეკელაშვილი; ნანა ჯანაშია; ბასილ კობახიძე; ვახუშტი მენაბდე; მალხაზ სონღულაშვილი; ეკა აღდგომელაშვილი; თენგიზ დალალიშვილი; ლაშა ბაქრაძე; გიორგი გოცირიძე (საია-ს სახელით); თემურ იობაშვილი; ავთანდილ დოლიძე; გოგა ჩხეტია; ნიკოლოზ ჩხაიძე; დავით დალაქიშვილი; ირაკლი გოგიჩაიშვილი; ზურაბ ჯაფარიძე; მარი უგულავა; თამარ შველიძე; შოთა ხინჩაგაშვილი; თამაზ კუპრეიშვილი; ავთანდილ ქორიძე; ლეონ სუთიძე; გიორგი მელაძე; დალი ცქიტიშვილი; რომან ქევხიშვილი; ია უძილაური; გიორგი კეკელიძე; ნათია გულიაშვილი; ვახტანგ მოსიაშვილი; ელენე ნოდია; გია ნოდია; ანა არგანაშვილი; მიხეილ სუხიაშვილი; გიორგი თარხნიშვილი; დიტო შონია; ირაკლი კიკნაველიძე; გვანცა გიორგაძე; ნათია მერებაშვილი'', _ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღით ადრე FACEBOOK-ის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,ვერსია'' დაინტერესდა, კონკრეტულად რას ან რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ეს ადამიანები, როდის და ვინ გაავრცელა პატრიარქის წინააღმდეგ მისი შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლები? თავდაპირველად, დოკუმენტზე ერთ-ერთ ხელისმომწერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს დავუკავშირდით:
,,ეს ამბავი ახლა პირველად თქვენგან მესმის. ყველამ იცის და თქვენც გეტყვით, რომ არასდროს, არცერთ პეტიციასა და დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია, არ ვაწერ და არც მომავალში მოვაწერ. მნიშვნელობა არ აქვს, შინაარსს ვეთანხმები თუ არა!''
პარალელურად, ერთ-ერთმა სააგენტომ ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ადასტურებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ნამდვილად მოაწერა ხელი პატრიარქის შეურაცხმყოფელ დოკუმენტს. ვითარებაში გარკვევის მიზნით, ,,ვერსია'' ხათუნა ხოფერიასაც დაუკავშირდა:
,,ეს ძველი ამბავია, რომელიც 2009 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა. კერძოდ, 2009 წლის ოქტომბრის ბოლოს, პატრიარქის წინააღმდეგ ძალიან ბინძური და ამაზრზენი ვიდეორგოლები გავრცელდა. პარალელურად, იმ პერიოდში, წმინდა სინოდი საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს იხილავდა და ცხადია, პატრიარქზე სერიოზული ზეწოლა იყო. ამ ვიდეორგოლების გავრცელების შემდეგ, შს და იუსტიციის სამინისტროების ინიციატივით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაიწყო გამოძიება, რათა ის პირები გამოევლინათ, რომლებმაც ვიდეორგოლები დაამზადეს და ინტერნეტსივრცეში ატვირთეს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო მოთხოვნით, რათა გამოძიება შეწყვეტილიყო და ამ მოთხოვნის საფუძველი სიტყვის თავისუფლების დაცვა იყო. ყველაფერი, რაც საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ იგეგმებოდა, რა თქმა უნდა, მაშინდელი ხელისუფლების _ ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო პროვოცირებული. მოკლედ, 90 ხელმოწერა მართლაც შეგროვდა და ერთ-ერთი მათგანი, თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილია. ახლა ამ ხელმოწერებს სოციალურ ქსელში წავაწყდი და ამის შემდეგ მივეცი კომენტარი ერთ-ერთ სააგენტოს. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პოლიტიკურ სივრცეში თავის დასამკვიდრებლად, საკუთარი ხელშეუხებლობისა და პირადი ინტერესების ლობირებისთვის, ალეკო ელისაშვილი თანახმაა, ნებისმიერ წერილს მოაწეროს ხელი. საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს, რა ხდებოდა 2009 წელს, რას აკეთებდა ის ჯგუფი, რომლის წევრებიც ამ დოკუმენტის ხელმომწერები არიან, რა როლს თამაშობდნენ ისინი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და რას ნიშნავს მათთან ერთად ელისაშვილის ყოფნა. ხალხი უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რამდენად საჭიროა, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელისმომწერ ადამიანს სახელმწიფო ბერკეტები ჩავუგდოთ''.
,,ვერსიის'' კითხვაზე, სად არის დოკუმენტი, რომელსაც 90-მა პირმა მოაწერა ხელი და რეალურად, რას ითხოვდნენ ეს ადამიანები, ხათუნა ხოფერიამ გვიპასუხა, რომ სავარაუდოდ, ეს მასალები შსს-სა და მთავარ პროკურატურაში იქნება, რადგან 2009 წელს სისხლის სამართლის საქმე სწორედ ამ უწყებებმა აღძრეს და გამოძიებაც დაიწყეს.
გიორგი კეკელიძისგან განსხვავებით, ტელეკომპანია ,,კავკასიის'' ხელმძღვანელმა, ნინო ჯანგირაშვილმა ,,ვერსიასთან'' საუბრისას დაადასტურა, რომ პეტიციას ხელი მოაწერა, თუმცა იქვე განმარტა, რომ 2009 წელს, პეტიცია პატრიარქის წინააღმდეგ არ შექმნილა. პირიქით, მასზე ხელმოწერით ნინო ჯანგირაშვილმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა გამოძიების შეწყვეტა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით მოითხოვეს.
ტელეკომპანია ,,იბერიის'' ეთერში, გადაცემა ,,ფაბრიკაში'', თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ პეტიციაზე ხელი არ მოუწერია.
,,ვერსია'' 90-კაციანი სიის ,,პირველ ნომერს'', ბექა მინდიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც 2009 წელს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა. ცხადია, მასზე უკეთ ამ ფაქტს ვერავინ გაიხსენებდა და შესაბამისი კითხვებიც გავუგზავნეთ. ბექა მინდიაშვილი დაგვპირდა, რომ მოგვიანებით გვიპასუხებდა, მაგრამ უშედეგოდ. ვინაიდან ხელისმომწერთა სიაში ბექა მინდიაშვილი პირველი ნომერია, შესაძლოა, გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ ეს პეტიცია 2009 წელს, სწორედ მან მოამზადა და ხელმოწერებიც მისი ინიციატივით შეგროვდა.
ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ რვა წლისწინანდელი ამბავი დღეს პოლიტიკური მოტივით გარკვეულმა ჯგუფმა სწორედ ალეკო ელისაშვილის დისკრედიტაციის მიზნით გაიხსენა და ამას ხათუნა ხოფერიაც არ მალავს. ყოფილმა პარლამენტარმა ,,ვერსიას'' პირდაპირ განუცხადა, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, ვის ირჩევს მერად, თუმცა, თუ თვალს 2009 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებს გადავავლებთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს ხელმოწერები სულ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას იძენს და ეს ალეკო ელისაშვილს ნამდვილად არ უკავშირდება.
საერთაშორისო პორტალ EUTASIANET-ზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ'' 2009 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენები დეტალურად აღადგინა. 2009 წლის 16 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პედაგოგებს შეხვდა. ეს შეხვედრა ტელეკომპანია ,,მაესტრომ'' პირდაპირ ეთერში გააშუქა. სწორედ ამ შეხვედრაზე, ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა საჯაროდ, პირველად გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. უწმინდესმა ბრძანა, რომ მოუქნელი პოლიტიკის გამო, პრეზიდენტმა ქვეყანას ომის საფრთხე ვერ ააცილა! ამის შემდეგ, თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა თუთბერიძემ FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე პატრიარქის ეს გამოსვლა გააპროტესტა და მისი პიროვნებისა და ღირსების შემლახავი ვიდეორგოლები გააზიარა: კლიპში პატრიარქის გამოსახულებას ადევს ხმა, რომელიც მკრეხელური გამოთქმებით, მსმენელებს მოუწოდებს, ერთად წასულიყვნენ და სააკაშვილი... (გამოთქმა წაშლილია). თავდაპირველად, ეს სკანდალური ვიდეორგოლები YOUTUBE-ზე, ,,მამა ბუასილის'' სახელით გავრცელდა, თეა თუთბერიძემ კი FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე ამის შემდეგ გადაიტანა. აშკარა იყო, რომ კლიპები კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტებმა და პროფესიონალმა ანიმატორებმა დაამზადეს. თეა თუთბერიძის ქმედებას საზოგადოებისა და პარლამენტარების აღშფოთება მოჰყვა. სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერმა ღიად და საჯაროდ, ხაზგასმით დაგმო პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული ვიდეოების გავრცელება.
ოპოზიციურ პარტიებსა და ხალხში საპროტესტო ტალღამ ახალი ძალით იფეთქა. ვითარების განსამუხტად ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა, მიხეილ სააკაშვილმა ცალსახად დაგმო პატრიარქის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეოების ინტერნეტსივრცეში გავრცელება, შს და იუსტიციის სამინისტროების ანუ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ინიციატივით, ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ვიდეორგოლების დამამზადებლების გამოსავლენად შსს-მ და მთავარმა პროკურატურამ ორი პირის იდენტიფიცირება შეძლეს _ ისინი დაკითხვაზეც დაიბარეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ როგორც ვიდეორგოლების გამავრცელებელი, მთავარმა პროკურატურამ თეა თუთბერიძეც დაკითხა. ამასობაში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების ინიციატივით, გამოძიების შეწყვეტის მიზნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციაში, რომელიც დღეს არსად იძებნება და სავარაუდოდ, შსს-სა და მთავარ პროკურატურაში უნდა იყოს, სიტყვა-სიტყვით ეწერა, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა! ასევე, დაუშვებელია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც თუნდაც ყველაზე მიუღებელი და ამაზრზენი ფორმით გამოხატავს განსხვავებულ აზრს! პეტიცია პატრიარქის წინააღმდეგ არ შეუქმნიათ, შესაბამისად, არც ამ 90 პირს მოუწერია ხელი დოკუმენტზე, რომელიც ცალსახად, ქვეყნის სულიერ ლიდერს შეურაცხყოფს!
საერთაშორისო პორტალზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ თეა თუთბერიძის FACEBOOK-გვერდზე, მის მხარდასაჭერად, დაახლოებით 200 პირი დარეგისტრირდა, რომლებმაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით, გამოძიების შეწყვეტა მოითხოვეს.
2009 წლის ნოემბრის დასაწყისში, საქართველოს შს სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას სახალხო დამცველმა ოფიციალურად მიმართა და უწყებების ხელმძღვანელებისგან განმარტება მოითხოვა, სისხლის სამართლის კონკრეტულად რომელი მუხლით აღიძრა საქმე.
,,ვერსიამ'' გიორგი ტუღუშთან დაკავშირება სცადა, თუმცა ევროპული საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გვიპასუხა, რომ ამ პერიოდში გიორგი ტუღუში სახალხო დამცველი არ ყოფილა. სინამდვილეში, 2009 წლის 31 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა 5-წლიანი ვადით, სახალხო დამცველად გიორგი ტუღუში აირჩია, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2009 წლის 17 სექტემბერს შეუდგა ანუ სწორედ გიორგი ტუღუშმა მოითხოვა ახსნა-განმარტება ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილისგან, თუმცა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ევროპული საქართველოს წარმომადგენელს ამ თემაზე საუბარი აღარ სურს!
2009 წლის გაზაფხულზე, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისი, ,,კარვების ქალაქად'' აქცია და ხანგრძლივი საპროტესტო აქციები გამართა. ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ფონი იყო, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური წნეხი ყველგან და ყველაფერში იგრძნობოდა. ამ ფონზე, თუნდაც პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების დამზადებისთვის ადამიანების დაჭერა და ინტერნეტსივრცის გაკონტროლება მეტისმეტი იქნებოდა. ხელისუფლება ისედაც აკონტროლებდა წამყვან ტელევიზიებს, ქვეყანაში მხოლოდ ორი-სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანია და რამდენიმე გაზეთი გამოხატავდა აშკარა პროტესტს. ამ აზრს პოლიტოლოგ გია ნოდიას ეს კომენტარიც ამყარებს: ,,გამოძიება სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას. ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ ინტერნეტის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგა და იმ პრეცედენტის შექმნას ცდილობს, რომ შეიძლება გამოძიების საფუძვლად, კონკრეტული ადამიანის ღირსება განიხილებოდეს“.
გარკვეულ ჯგუფსა თუ ჯგუფებს, 8 წლის შემდეგ, სოციალურ ქსელში, ძირითადი ტექსტის გარეშე, 90 ადამიანის მხოლოდ ხელმოწერის გავრცელება, თანაც არჩევნებამდე სამი დღით ადრე, შესაძლოა, სწორედ ალეკო ელისაშვილის დისკრედიტაციისთვის დასჭირდათ, თუმცა ყველაფერი ეს სულ სხვა ფაქტებზე მეტყველებს: პირველი _ საქართველოს პატრიარქისა და ზოგადად, საპატრიარქოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად, ღიად და საჯაროდ ბრძოლა თავისუფლების ინსტიტუტმა, ჯერ კიდევ 2009 წლიდან დაიწყო. არსებობს ვერსია, რომ საპატრიარქოში დღეს განვითარებული მოვლენები სათავეს სწორედ 2009 წლიდან იღებს; მეორე _ ნაციონალური მოძრაობის რღვევა რეალურად, 2009 წელს დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერიას ფრთა, ჯერ თუთბერიძის ხელით, პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელებითა და მოგვიანებით, გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აშკარად დაუპირისპირდა. რაც მთავარია, ბოკერიას გუნდმა მაშინ, ერთი გასროლით, ორი კურდღლის დაჭერა სცადა: საპატრიარქოს დისკრედიტაციით, იმ ინსტიტუციის რყევა დაიწყო, რომელსაც საზოგადოების 99%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა და ხელისუფლებაზე მეტად ენდობოდა, მეორე მხრივ კი, ხალხის მთავარ სამიზნედ სააკაშვილი აქცია, რომელიც მეუფეებს ძვირადღირებულ ჯიპებს ჩუქნიდა, იმავდროულად კი პატრიარქს ძირს უთხრიდა. 2009 წელს დაწყებული ეს ბრძოლა ბოკერიას გუნდის გამარჯვებით, 2016 წელს დასრულდა: სააკაშვილის მთავარი საყრდენი შუაზე გაიყო და საპატრიარქოს დისკრედიტაცია ახლაც გრძელდება!
მაია მიშელაძე

back to top