Menu
RSS

რა კრიტერიუმებით ხვდებიან პატიმრები ,,საპატრიარქოს შესაწყალებელთა სიებში'' და არსებობს თუ არა კორუფციული სქემა

საქართველოს პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომაზე, საპატრიარქოში არსებულ კორუფციულ სქემაზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, ნანა კაკაბაძე, ირმა ჭკადუა და ეკა ბესელია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან შეთანხმებით მოქმედებდნენ და შეწყალების კომისიაში წარსადგენ სიაში შესაყვანად პატიმრებისგან თანხას იღებდნენ. საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქომ განმარტება გაავრცელა და განაცხადა, რომ ოხანაშვილის ჩვენება მტკნარი სიცრუეა, მედიასაშუალებების მიერ დახურული სხდომების ჩანაწერების გავრცელება კი _ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევა.
მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საპატრიარქოში სავარაუდოდ არსებულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ყველა იმ პირის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რომელიც საპატრიარქოს რეკომენდაციით შეიწყალეს; სხვათა შორის, იგივე მოთხოვნა _ გამოძიება და სიმართლის დადგენა _ აქვს საპატრიარქოსაც.
საინტერესოა, რა მექანიზმით ხდება საპატრიარქოში შესაწყალებელ პირთა სიის შედგენა? რა ფუნქცია ეკისრება საპატრიარქოში მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელ კომისიას? რა არგუმენტს დაუპირისპირებს საპატრიარქო ეჭვს, რომ შეწყალების სიაში შესაყვანად კონკრეტული ადამიანები ქრთამს იღებდნენ? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე, ,,ვერსიას'' ექსკლუზიურად პასუხობს საპატრიარქოს მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი მზექალა ქარსელაძე.
_ ქალბატონო მზექალა, რამდენი ხანია არსებობს შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია საპატრიარქოში და რა მექანიზმით გადაეცემა სია შეწყალების სახელმწიფო კომისიას?
_ საპატრიარქოში 2007 წლიდან არსებობს მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია. ყველა ნორმალურმა ადამიანმა, რომელიც ჩახედულია კანონმდებლობაში, იცის, რომ შეწყალების ერთადერთი კომისია არის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო კომისია და თავად პრეზიდენტი აწერს ხელს საბოლოოდ, ვინ უნდა შეიწყალონ და ვინ _ არა.
_ თქვენთან საკითხების შესწავლა რის საფუძველზე ხდება?
_ ყველა ადამიანს საკუთარი რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება აქვს საპატიმროში. მათთან შედიან მოძღვრები, იბარებენ აღსარებას და გვექმნება გარკვეული წარმოდგენა მათ შესახებ. რადგან ჩადენილი დანაშაული ბოროტების გამოვლინებაა, ეკლესიის მიზანია, ეს ბოროტება შინაგანი მრწამსიდან ამოიშალოს და მსჯავრდებული, სასჯელის მოხდის შემდეგ, საზოგადოებას, შეძლებისდაგვარად, კეთილი განწყობით დაუბრუნდეს. ყველას სურვილია და, პირველ რიგში, სასულიერო პირებისა, რომ ადამიანი ჯანმრთელი ფსიქიკით დაუბრუნდეს საზოგადოებას. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიქმნა ეს კომისია.
წინა მთავრობის დროს ძალიან ბევრი პატიმარი იყო. შეწუხებული ახლობლები მოდიოდნენ საპატრიარქოში, დახმარებას გვთხოვდნენ... იმ პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენთან უამრავი საქაღალდე ინახება, სადაც არის თითოეული პატიმრის საქმე, მონაცემები მათი სულიერი, ოჯახური მდგომარეობის, ასევე მათ შესახებ, ვისაც მიაყენეს ზიანი. ეს ყველაფერი უწმინდესის კურთხევითაა გაკეთებული. ადამიანზე, რომელსაც უნდა შეწყალება, ვითხოვთ მოძღვრის დახასიათებას, შუამდგომლობას, განაჩენის ასლს, ოჯახური მდგომარეობის ამსახველ ცნობას, არასრულწლოვანი ბავშვების ყოლის შემთხვევაში, მათი დაბადების მოწმობის ასლებს; ვგებულობთ, ოჯახი სოციალურად დაუცველია თუ არა. თუ პატიმარს ზიანი აქვს მიყენებული ვინმესთვის, უნდა წარმოადგინოს დაზარალებულის თანხმობა შეწყალებაზე, ნოტარიულად დამოწმებული. ეს უკანასკნელი აუცილებელია _ ამაზე უწმინდესმა გაამახვილა ყურადღება, რათა მომავალში, დაზარალებულსა და გათავისუფლებულ პირს შორის დაპირისპირება არ მოხდეს. იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ვიღებთ იმ პირების შესახებ განაჩენებს შუამდგომლობისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან მკვლელობისათვის, გაუპატიურებისათვის, ქურდული სამყაროს წევრობისათვის, ადამიანის გატაცებისათვის ანგარების მიზნით და ნარკოტიკის გასაღებისთვის.
_ სამართლებრივად, რა დატვირთვა აქვს თქვენ მიერ გაგზავნილ სიას?
_ სია საპატრიარქოს შუამდგომლობით იგზავნება და მას არავითარი განსაკუთრებული სამართლებრივი ფასეულობა არ გააჩნია. ჩვენი კომისია ადგენს სპეციალურ სიას, რომელსაც იურისტები, მეუფე თეოდორეს ხელმოწერით, გზავნიან შეწყალების სახელმწიფო კომისიაში. სიას პერიოდულად ვაგზავნით და კონკრეტული შეზღუდვა არ გვაქვს. საბუთების ჩაბარებისას პატიმრის ახლობლებს ვუხსნით, რომ საპატრიარქოში არაფერი წყდება და გადაწყვეტილებას სახელმწიფო კომისიაში იღებენ. პრეზიდენტს აქვს კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსჯავრდებული შეწყალების დროს, ჩვენც ამის საპასუხოდ ვმოქმედებთ.
_ თუმცა, ახლა ვკითხულობ თქვენ მიერ გადაცემულ სიას, სადაც მკვლელობის მცდელობისთვისაა გასამართლებული პირი. ეს მძიმე დანაშაულად არ ითვლება?
_ მკვლელობის მცდელობა მძიმე დანაშაულია, მაგრამ არა _ სასიკვდილო შედეგით.
_ ანუ, თქვენგან ეს სიები მიაქვს მეუფე თეოდორეს (ჭუაძე), რომელიც შეწყალების სახელმწიფო კომისიაში საპატრიარქოს წარმომადგენელია?
_ დიახ, ასეა.
_ შეწყალებისთვის პატიმრის ოჯახის წევრები მოგმართავენ თუ ინიციატორი მისი სულიერი მოძღვარია?
_ მოძღვარსაც აქვს უფლება, მოგვმართოს და პატიმრის ოჯახის წევრებსაც.
_ ეს მოძღვრის მხრიდან აღსარების საიდუმლოს გათქმას არ ნიშნავს?
_ არა, რა თქმა უნდა... აღსარებას იბარებენ, ადამიანი რომ გაიცნონ...
_ დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს მძიმე ბრალდებით იხდის. საპატრიარქოც აღიარებს, რომ შესაძლებელია, მღვდლებს შორის არაკეთილსინდისიერი ადამიანებიც იყვნენ. რატომ ენდობა საპატრიარქოს ეს კომისია მათ რეკომენდაციებს?
_ ერთი ან ორი პიროვნების გამო მოძღვრის ინსტიტუტზე ცუდად საუბარი როგორ შეიძლება? პრობლემური სასულიერო პირები ყველა დროში იყვნენ, არიან და იქნებიან, მაგრამ კარგები და საუკეთესოები უმრავლესობაა და ღმერთმა უფრო ამრავლოს მათი რიცხვი. მოძღვრებს თუ არ ვენდობით, მაშ, ვის ვენდოთ?! მოძღვარი უფლის წინაშეა ვალდებული, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია, ადამიანთან პირდაპირი კონტაქტი გვქონდეს და ვიცოდეთ მისი სულიერი მდგომარეობა. ამასთან ისინი ეკუთვნიან გარკვეულ ეპარქიას, ეკლესიას, მათი ტელეფონის ნომრები და ყველაფერი ვიცით. ნდობის საკითხი მაღალ დონეზე დგას.
_ ქალბატონო მზექალა, მიგაჩნიათ, რომ საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები მისი დისკრედიტაციის მცდელობაა?
_ დიახ, დეზინფორმაციას ავრცელებენ, მითუმეტეს, მამალაძის საქმის შემდეგ.
_ ვის სჭირდება ახლა საპატრიარქოს დისკრედიტაცია?
_ მას, ვინც დაინტერესებულია და სურს ეკლესიის გავლენის შესუსტება
_ სოსო ოხანაშვილს რა ინტერესი ჰქონდა, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით კორუფციული სქემის შესახებ რომ ისაუბრა?
_ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ არაერთი ჩვენება აქვს მიცემული... ამის შესახებ თავად სოსოს უნდა ვკითხოთ.
_ ოხანაშვილს იცნობთ?
_ კი, ვიცნობდი, როგორც დაცვის უფროსს, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. წარმოუდგენელია ჩემთვის ის შურისძიება და ზიზღი, რაც მან გამოამჟღავნა.
_ რისთვის უნდა ეძია შური ოხანაშვილს?
_ არ ვიცი, ეგეც ოხანაშვილს უნდა ჰკითხოთ.
_ იურისტები აცხადებენ, რომ არსებობს გონივრული ეჭვი კორუფციულ სქემის შესახებ. გაჟღერდა, რომ ითხოვენ გამოძიების დაწყებას და ყველა იმ პირის იდენტიფიცირებას, რომლებიც ციხიდან საპატრიარქოს რეკომენდაციით გამოვიდა.
_ ყველა ადამიანი საკუთარ თავსა და ქმედებაზე აგებს პასუხს. მე პირადად სიამოვნებით მივიღებ ამაში მონაწილეობას; ისიც გაირკვევა წლების მანძილზე რა შრომა გვაქვს პატიმრებისთვის გაწეული, მაგრამ საპატრიარქოში არ არსებობს შეწყალების კომისია, ეს საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს.
_ სამაგიეროდ, არსებობს სიის შემდგენი კომისია...
_ სიას საბუთების შემოტანის მიხედვით ვადგენთ, ჩვენი განყოფილება 5 ადამიანისგან შედგება. მე ხელმძღვანელი ვარ, 4 იურისტი მყავს. ბატონმა ზვიად ქორიძემ კარგად ისაუბრა ამის შესახებ, როგორი სქემაცაა, მაგრამ ჟურნალისტმა უკუღმართი კომენტარი გააკეთა. დაიწყონ გამოძიება, დაასახელონ გვარები, ვისგან, ვინ, რა, როდის აიღო. მექრთამეობასა და კორუფციას საქართველოში მე ვერ მოვსპობ, მაგრამ საკუთარ თავზე, საკუთარი წარსულითა და ახლანდელი საქმიანობით, პასუხისმგებელი ვარ. თუ არადა ადამიანს, რომელმაც ასეთი დეზინფორმაცია გაავრცელა ამ კომისიის შესახებ, პასუხი უნდა აგებინოს გამოძიებამ, ძალიან მოხარული ვიქნები.
_ ცილისწამებისთვის საქმის აღძრას ითხოვთ?
_ ჩვენ არა, წესით, ეს პროკურატურამ უნდა გააკეთოს. ცილისწამება დაუშვებელია. მებრალებიან ადამიანები, რომლებიც ამისთვის მონდომებულები არიან. რატომ ართმევენ სულიერებას ადამიანებს? ისედაც ყველას გვიჭირს, ყველას თავის პრობლემა აქვს, ასეთ ვითარებაში სულიერად რატომ აპარტახებენ ყველას? რისთვის შეუტიეს საპატრიარქოსა და ეკლესიას?
_ ვის გულისხმობთ, ვის ხედავთ ამ ყველაფრის უკან?
_ ვინც დაინტერესებულია... პოლიტიკაში არ ვერევი და არც მაქვს უფლება, ჩავერიო, პასუხს ვაგებ მხოლოდ საკუთარ თავზე და ამ საკითხზე, მეტად არ დავკონკრეტდები.
_ ისე, ჩვენებაში ნახსენები ნანა კაკაბაძე, ირმა ჭკადუა, ეკა ბესელია მართლაც არიან საპატრიარქოსთან დაკავშირებული პირები და ამას არც უარყოფენ...
_ მომისმინეთ, ჩემო კარგო, პროფესიით იურისტი ვარ, თავის დროზე, საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის უფროსი ვიყავი. უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს.
ჩვენ, იურისტები, ერთმანეთს ვიცნობთ და გვაქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ მათ არავითარი შემხებლობა ჩვენს კომისიასთან არ აქვთ. რატომ სწამებენ ცილს ამ ადამიანებს? ძალიან მიყვარს სამივე, ვამაყობ მათთან ურთიერთობით, მაგრამ საერთოდ არავითარი შემხებლობა ჩვენს კომისიასთან არასოდეს ჰქონიათ. ასევე ქალბატონი შორენაც, რომელიც თავდადებული მუშაკია პატრიარქისა და საპატრიარქოსთვის ჩვენს საქმეში არასოდეს ჩარეულა. ასე, ხელაღებით, ადამიანის შეურაცხყოფა არ შეიძლება. თუ აბრალებ რაღაცას, უნდა დაამტკიცო კიდეც. ჩვენ იურისტები ვართ და მტკიცებულებების გარეშე ლაპარაკი ფუჭად მიგვაჩნია.
_კომისიასა და სიების შედგენასთან თეთრუაშვილს ნამდვილად არ ჰქონია კავშირი? _ კულუარებში ამბობენ, რომ ის მსგავს საკითხებში ხშირად ერევა.
_ როგორ გეკადრებათ? კათალიკოს-პატრიარქთან ან სამდივნოში მოსულ პატიმრის ახლობლების ჩვენთან გადმომისამართებას და გადმოგზავნას თუ გულისხმობთ, არ ვიცი, სხვა შემხებლობა შორენას ჩვენს განყოფილებასთან არ ჰქონია და ეს სოსო ოხანაშვილმა, წესით, კარგად უნდა იცოდეს, რადგან ის და მისი ხალხი აქ ყველაფერს აკონტროლებდა. ძალიან ბევრმა ადვოკატმაც არ იცის, რომ არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება შეწყალების წესის გამოყენების შესახებ. მიმაჩნია, ჰუმანური და ბრძნული გადაწყვეტილებაა, გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარო, რათა სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს. სახელმწიფომ გააკონტროლოს, დაიჭიროს, ვინც არის დასაჭერი.
_ სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან ისიც ირკვევა, რომ შორენა თეთრუაშვილი მიქაელ ბოტკოველის მაგივრადაც აწერს ხელს დოკუმენტებს. არც ესაა მართალი?
_ ჩვენს დოკუმენტებს მამა მიქაელიც კი არ ეხება, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) აწერს ხელს. არავითარი შემხებლობა არც ერთს და არც მეორეს არ გააჩნიათ.
_ თუმცა, ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი იურისტი აცხადებს, რომ საპატრიარქოს სიტყვა შეწყალების სახელმწიფო კომისიაში გადამწყვეტია და თქვენს რეკომენდაციებს კომისია უაპელაციოდ განიხილავს...
_ სისულელეა, არავითარ შემთხვევაში... ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. წარმოგიდგენთ სიას და დასკვნები თავად გააკეთეთ. მე მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: 2008 წლის აღდგომის დღესასწაულზე საპატრიარქომ შეწყალების კომისიას 414 მსჯავრდებულის სია გაუგზავნა, საიდანაც მხოლოდ 67 პატიმარი შეიწყალეს; 2009 წლის აღდგომას _ 1240 რეკომენდებული მსჯავრდებულიდან, 152 შეიწყალეს; 2010 წლის მარიამობის დღესასწაულზე 892-დან _ 61; 2012 წლის გიორგობის დღესასწაულზე წარდგენილი 905 პატიმრიდან შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 133 პატიმარი შეიწყალა; 2013 წლის შობის დღესასწაულზე 649-დან _ 90; 2014 წლის მარიამობას 161 პატიმრიდან გათავისუფლდა 20, ხოლო სასჯელი გაუნახევრდა 18-ს; 2016 წლის აღდგომას საპატრიარქომ შეწყალების კომისიას 120 ადამიანის სია გაუგზავნა, საიდანაც გათავისუფლდა 7, სასჯელი გაუნახევრდა 1-ს; 2017 წლის აღდგომას 74 ადამიანიდან გათავისუფლდა 11, სასჯელი გაუნახევრდა 8 ადამიანს.
_ გასაგებია, მაგრამ ამავე სიაში, 2017 წლის 12 ოქტომბერს, 56 პირის რეკომენდაცია გადაეცით და კომისიამ 23 გაითვალისწინა, რაც თითქმის ნახევარია. ეს მნიშვნელოვანი არაა?
_ მიხეილ სააკაშვილის დროს, 2008 წელს, 1200 პატიმრიდან მხოლოდ 100 შეიწყალეს ჩვენი რეკომენდაციით და უწმინდესმა, ამ შრომისთვის, ვერცხლის ჯვრებით დაგვაჯილდოვა. თქვენ მიერ ნახსენები 23 ადამიანიდან კი, მხოლოდ 13 გათავისუფლდა, 8-ს გაუნახევრდა სასჯელი, ხოლო 2 პირს _ 1/3-ით შეუმცირდა. ეს არ არის მნიშვნელოვანი? და ესეც მხოლოდ წელს მოხდა.
_ იმაზე არ გიფიქრიათ, რომ საპატრიარქოს კეთილგანწყობით შეიძლება ბოროტად ისარგებლონ და ისეთი პატიმრისთვის შეწყალების რეკომენდაცია გთხოვონ, ვინც ამას არ იმსახურებს?
_ არ არის გამორიცხული... არ გამოვრიცხავ, საქართველოში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამით სარგებლობენ და სახელს უტეხენ ეკლესიას, მაგრამ ვიმეორებ _ ჩვენ არ ვწყვეტთ შეწყალების საკითხს.
_ თუ ასეა, კონტროლის რა მექანიზმი გაქვთ?
_ ჩვენ მხოლოდ ვიცით ადამიანი, რომელსაც მოაქვს საბუთები და ვიცით, ჩვენ რას ვაკეთებთ. დანარჩენი არაფერი ვიცი და ვისაც აქვს გონივრული ეჭვი (ამას ხაზგასმით ვამბობ, ძალიან გავრცელებულ ტერმინად შემოვიდა), გამოიკვლიოს, ილაპარაკონ ფაქტებით და არა თავისი ფანტაზიით.
_ საკმაო გამოცდილება გაქვთ და როგორც იურისტს, გკითხავთ _ საპატრიარქოდან შეწყალებისთვის სიის გადაცემა მართებულად მიგაჩნიათ?
_ როგორც იურისტი და როგორც ადამიანი ამას ნორმალურად მივიჩნევ. ეს ჩემი გადაწყვეტილება კი არაა, ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ბრძენი პიროვნებაა, მან ძალიან კარგად იცის გაჭირვებული ადამიანის სულიერი ტანჯვა და რაღაცით რომ შეუმსუბუქოს, თანადგომას უცხადებს, რა არის ამაში ცუდი?! ამ თემით ბოროტად სარგებლობა სხვადასხვა ორგანოში, სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ შეუძლიათ? ვინ არის ამისგან დაზღვეული? აქ მოდიან ატირებული ადამიანები, თავისი ტკივილით, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი მუშაობა გვიწევს მათთან, რომ დავამშვიდოთ, ავუხსნათ კანონის მოთხოვნა, ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამაზე უარი უნდა ვთქვათ?! ე.ი. ადამიანურ თანადგომაზე უარი უნდა ვთქვათ იმის შიშით, რომ მერე ვინმემ სიბინძურე არ გვაბრალოს? სხვათაშორის, როდესაც ჩვენი გაგზავნილი სიიდან უმნიშვნელო რაოდენობას იწყალებდნენ, მის უწმინდესობას ვთხოვეთ: უქმად შრომა გამოდის, ადამიანებს ფაქტობრივად იმედს ვუცრუებთ და იქნებ, სახელმწიფოს უარი ვუთხრათ სიების გადაგზავნაზე-თქო, პატრიარქმა გვიპასუხა: მსჯავრდებულის ახლობლებს თუ უნდათ, მოთხოვნა სხვაგანაც შეიტანონ და თქვენთანაც. მათთვის იმედის სიტყვა, ნუგეში და თანადგომა, სწორ გზაზე დაყენება, განა ცოტა არის?
_ მოკლედ, კონტროლის ფუნქციას სახელმწიფოს აკისრებთ, არა?
_ დიახ.. კორუფცია იმიტომაა წარმოუდგენელი ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. სოსო ოხანაშვილმა კარგად იცის, რომ აქ ფული ვერ გაკეთდება. აქ იმიტომ მოდის ხალხი, რომ ჩვენგან საპატიმროებში შედიან მოძღვრები, სასულიერო ლიტერატურა შედის, მოძღვრები მათთან მუშაობენ, რატომ არ უნდა გვქონდეს საშუალება, დავეხმაროთ ხალხს?
_ სინდისი და ნდობა არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში. ჩვენ სამართლებრივად ციხიდან ადამიანის გათავისუფლებაზე ვსაუბრობთ.
_ ვიმეორებ, გათავისუფლებაზე ხელი არ მიგვიწვდება, რეკომენდაციის დროს ადამიანური ღირებულებები უმთავრესია ჩვენთვის. უწმინდესს რომ მიმართავენ შეწყალების თხოვნით, ყველას ეუბნება, მიბრძანდით ქალბატონ მზექალასთანო, რადგან უწმინდესი გვენდობა; იცის, აქ სუფთა ადამიანები მუშაობენ. რა კურთხევაც გვაქვს, პირნათლად ვასრულებთ და შევასრულებთ კიდეც.
_ ქალბატონო მზექალა, მამა გიორგი მამალაძეს იცნობთ?
_ ამ საქმესთან დაკავშირებით არ მინდა საუბარი, რადგან ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ზედმიწევნით არ ვიცნობ საქმის მასალებს, კომენტარს არასოდეს ვაკეთებ. მეც თქვენსავით მოვისმინე, რომ იგი 9 წლის ვადით არის თავისუფლებააღკვეთილი. მგონი, ერთხელ თუ ორჯერ მოვკარი თვალი უწმინდესთან ლოცვის დროს.
_ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ 2010 წელს საპატრიარქოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს მიენიჭა უფლება, რეკომენდაციის შემთხვევაში პატიმარმა ციხის ნაცვლად მონასტერში მოიხადოს სასჯელი, რაც, იურისტის აზრით, საპატრიარქოს ანიჭებს განსაკუთრებულ უპირატესობას და ეს არასწორია. ამაზე რას იტყვით?
_ ამის შესახებ იყო საუბარი და ინიციატივა წამოვიდა სახელმწიფოს მხრიდან ნაციონალური მოძრაობის დროს. ეს არ იყო ჩვენი სურვილი და ინიციატივა, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი რიგი გართულებები ჩვენი მხრიდან.
_ რას გულისხმობთ?
_ მონასტერში დამნაშავე პირის შესახლება გამოიწვევდა იმას, რომ მასზე კონტროლი უნდა განეხორციელებინათ ბერებს ან მორჩილებს. წარმოიდგინეთ, ციხედ უნდა გადაქცეულიყო მონასტერი. არ იმუშავა ამ პუნქტმა, რადგან ამას სჭირდებოდა თავისებური რეჟიმი.
_ თუ ასეა, მაშინ შეწყალების დროს რატომ ითვალისწინებთ მათ სულიერ მდგომარეობას; ამ მემორანდუმს შეწყალების საკითხთან კავშირი აქვს?
_ არავითარი, მემორანდუმმა არ იმუშავა და გაუქმდა. ციხეში პატიმრები სხვა რეჟიმში არიან და იქ მათზე დაკვირვების მეტი საშუალებაა; ამასთან, მოძღვრის რეკომენდაცია ვერ გადაწონის, თუ ციხის ადმინისტრაცია იგივე აზრის არაა.
_ პატიმრები და მათი ოჯახები თქვენთან რატომ მოდიან და პირდაპირ შეწყალების კომისიას რატომ არ მიმართავენ?
_ არ ვიცი, ვეუბნებით, რომ შეუძლიათ, მიმართონ პირდაპირ სახელმწიფო კომისიას, რადგან ჩვენთან საბუთების მოტანას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გვპასუხობენ, გვინდა, თქვენთანაც იყოსო... ასე სწამთ და ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით.
_ შეიძლება, მათ მიმართონ საპატრიარქოს, ვისაც ,,გაძრომის'' მცდელობა აქვს...
_ რამდენჯერ ვთქვა, ჩვენ სახელმწიფო კომისიასთან არავითარი კონტაქტი არ გვაქვს, ჩვეულებრივ პროცედურას გადის ჩვენი სია, რომელიც იქ იგზავნება. საპატრიარქო ერთ-ერთი ორგანიზაციაა, საიდანაც შეწყალების კომისიაში სია შედის.
_ მოკლედ, აცხადებთ, რომ გამოძიების დაწყებისთვის მზად ხართ?
_ სიამოვნებით, სულითა და გულით გეუბნებით, სიმართლის დადგენა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და ამდენი ცილისწამება ღმერთმა ყველას აპატიოს, რადგან ეს უდიდესი ბოროტებაა.
_ რა დააშავეს იმ პატიმრებმა, ვინც საპატრიარქოს ხმა ვერ მიაწვდინეს, მოძღვარს ვერ აბარებენ აღსარებას და თქვენამდე ვერ მოდიან?
_ ყველას აქვს უფლება, პირდაპირ მიმართოს შეწყალების კომისიას, ამის შესახებ ვეუბნებით და თუ ადამიანს მაინცდამაინც უნდა ჩვენს სიაში მოხვდეს, კი ბატონო, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
თათია გოჩაძე

back to top