Menu
RSS

მეღორეებთან დამწყვდეული „მძევალი“, ჩაშლილი საქმე და „სროკი“ „პადდელნიკების“ ღალატისთვის

რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცავებმა ადამიანის გატაცების მცდელობისთვის ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს. მართლა აპირებდა თუ არა დაკავებული ოთხეული ვინმეს გატაცებას, გამოძიება დაადგენს, მანამდე კი იმას მოგიყვებით, როგორ აკეთებდნენ ამას პროფესიონალები და როგორ უზრუნველყოფდნენ საკუთარ უსაფრთხოებას.
ჯანიკო ო. სასჯელს სწორედ იხდიდა მუხლით _ ადამიანის გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით. როგორც ამბობდნენ, ის ამ საქმის პროფესიონალი იყო და სრულიად შემთხვევით ჩავარდა. უფრო სწორედ კი, თავისი „პადელნიკების“ დაუდევრობის გამო ამოჰყო თავი გისოსებსმიღმა.
„სქემა ყოველთვის მარტივი იყო _ თიანეთის ტყეში მეღორეებს ქოხები ედგათ. ღორებს წიფელაზე და რკოზე ზრდიდნენ, მერე კი ყიდდნენ. ერთი მეღორე ძმაკაცი მყავდა და იმას ჩემთვისაც ავაშენებინე ერთი ქოხი. როცა ვინმეს გავიტაცებდი, იქ ამყავდა, როცა არა და ის ჩემი ,,ბრატი'' იყო და მწყემსავდა ღორებს. გამოსასყიდის მიღების შემდეგ, წილი იმასაც ერგებოდა, რადგან მთელი იქ ყოფნის პერიოდში, გვერდიდან არ გვცილდებოდა, შემთხვევით სხვა მეღორე თუ მოვიდოდა, სახლში არ უშვებდა, ქალი მყავს და უხერხულიაო, ეუბნებოდა.
მოკლედ, ერთი კაცი ამოვიღეთ მიზანში. გეგონებოდა, ფული არ ჰქონდა, ერთი რიგითი ,,შოფერი'' იყო, მაგრამ რუსეთიდან დაგვირეკეს, აქ გადამზიდი კომპანია აქვს, ძალიან, ძალიან დიდ ფულს ჭრის და გადამხდელიც არისო. მივიკითხეთ, მოვიკითხეთ და მართლაც, თვეში 50 ათასი დოლარი ისე მისდიოდა, როგორც არაფერი. არადა, ავტობუსზე მუშაობდა და სულ წუწუნებდა, ხან საბურავზე, ხან ნაწილზე...
ექსკურსიისთვის შევიპირეთ ავტობუსი. უფრო სწორედ, მე შევიპირე, რადგან მე ვიყავი ხოლმე ის, ვინც მსხვერპლს სახით ეჩვენებოდა. ვითომ კოლექტივი მივდიოდით ცხვარიჭამიაში საქეიფოდ. გლდანში დავიბარეთ და როცა მოვიდა, მშვიდად დავადე იარაღი და ასევე მშვიდად ჩავსვი მანქანაში. აქეთ-იქიდან ბიჭები შემოუსხდნენ, საჭესთან მე დავჯექი და წავედით საბადურის ტყისკენ. წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც ხმა ამოუღია. ადგილზე რომ მივედით, მაშინ ვუთხარი, ნახევარი მილიონი უნდა მოიტანო-მეთქი. სიგარეტი გვთხოვა, მოუკიდა, ჩაფიქრდა და ჩუმად თქვა _ ნახევარი მილიონი ბევრია, ორასი ათასის გადამხდელი ვარ და თუ არ გაწყობთ, აქვე მესროლეთ, მე მეტზე ხელს არ მოგიწერთო. კარგა ხანს ვაწვალეთ და ვაწამეთ, ორი ღამე აშიმშილეს ბიჭებმა, მაგრამ სახლში გასაგზავნ წერილში ჩვენს მიერ მოთხოვნილ თანხას არაფრით წერდა. ხუთი დღის შემდეგ 200 ათასზე დავთანხმდით. გამოვართვი მისი ხელითვე დაწერილი წერილი, ჩამოვედი ქალაქში და იმ სალაროში დავტოვე, სადაც მძღოლად მუშაობდა. სათვალე მეკეთა, ბლანჟე...
ერთი კვირა ჰქონდა წერილის მიხედვით ოჯახს. ის ერთი კვირა ტყეში რა უნდა მეკეთებინა და ქალაქში დავრჩი. საჭმელ-სასმელი საკმარისი ჰქონდათ, ჩემი მეღორეც იქ იყო, გადიოდა დილით, დაადებდა კარს ბოქლომს, ოღონდ ქოხს, მეორე, შენიღბული გასასვლელიც ჰქონდა.
მესამე დღეს დამირეკა მეღორემ, აღარც შენი ბიჭები არიან აქ და აღარც ის კაციო. გამიკვირდა, ვერ მივხვდი, რა მოხდა და ტყეში წავედი. მეღორემ მითხრა, დილით ჩვეულებრივად დავტოვე, იარაღიც სახლში ჰქონდათ, საჭმელიც და წყალიც, გამოსვლა არაფერზე დასჭირდებოდათო. გადავირიე კინაღამ, პოლიცია რომ მოსულიყო, სახლში დაბრუნებულ მეღორეს დააკავებდნენ. რაღაც სხვა ხდებოდა. თბილისში დავბრუნდი და ,,პადდელნიკების'' სახლთან დავიწყე თვალთვალი. მალევე გამოჩნდნენ ორივე და მე რომ დამინახეს, თავი დახარეს. რა მოხდა-მეთქი და... გაქცევიათ იდიოტებს. წინა ღამეს კარტი უთამაშიათ გვიანობამდე, მერე ჩაეძინათ და იმან აიშვა, აიღო ავტომატი, ცხვრებივით გამოირეკა წინ, გზამდე ჩამოვიდა, გზაზე მანქანა გააჩერა და ესენი გაუშვა. იქ რაღაზე ავბრუნებულიყავითო და მეორე მანქანას ესენი გამოყვნენ...
დავიმალეთ, ეჭვი გვქონდა, პოლიციაში წავიდოდა, მაგრამ გავიდა 1 კვირა, 2, 3 და არ გამოჩნდა არავინ, არავის დავუძებნივართ. გავიკეთე გრიმი, გავყევი რეისზე იმის ავტობუსს და ყველა რომ ჩავიდა, მაშინ ვუთხარი, არ იყვირო, საქმე მაქვს-მეთქი და თან იარაღის ტარი დავანახე. გისმენო მითხრა და ავუხსენი, შეგეშვები, ოღონდ შენ პოლიციას შეეშვი-მეთქი. გელოდით და პოლიციაში არ წავსულვარ, უბრალოდ, თავი დამანებეთ და მე ჩემთვის, თქვენ _ თქვენთვისო. წამოვედი და ,,პადდელნიკებს'' ავუხსენი, ეს სიტუაციაა, მაგ კაცის არსებობა დავივიწყოთ-მეთქი. დამთანხმდნენ და ორ დღეში, ჩემს გარეშე დაადგნენ, აქაოდა, ის 200 ათასი მოგროვილი გექნებოდა და მოიტაო. ამან ყვირილი ატეხა, იქ მძღოლები მიეხმარნენ და დაიჭირეს. გაბრაზდა ის კაცი როგორც ჩანს, პოლიციას ჩემზეც უთხრა და საღამოს, კორპუსის ეზოში რომ გავაჩერე მანქანა და გადმოვედი, ჰაერში ამაგდეს. სპეცრაზმმა ისე ამიყვანა, თვალის გახელა ვერ მოვასწარი. მეგონა, ის დაჭერილი გაბოზდა, მაგრამ მერე და მერე რომ გავარკვიე, მივხვდი, ჩემი ,,პადდელნიკების'' უთავობის გამო ვიყავი აყვანილი. ახლა მე აქ ვარ, ისინი ქუთაისში იხდიან სასჯელს...“, _ დაასრულა მოყოლა ჯანიკომ.
„და რომ გახვალ, იგივეს იზამ?“ _ ჰკითხა #0578-მა.
„საქართველოში აღარ ღირს, არც ევროპაში. აი, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში კიდევ აქვს აზრი და ვნახოთ...“, _ გაეღიმა ჯანიკოს.
დღეს, ჯანიკო ო. სასჯელს ადამიანის გატაცებისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იხდის.
პატიმარი #0578

back to top