Menu
RSS

რა მტკიცებულებები აქვთ აშშ-ს სამართალდამცავებს ქართველი „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ, ვინ მფარველობს მას რუსეთის დუმაში და მიუსჯიან თუ არა 65-წლიან პატიმრობას

რამდენიმე თვის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სასამართლო პროცესი დაიწყო. ამერიკული გამოცემები რაჟდენ შულაიას დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებს სასტიკი ძალადობის ისტორიას უწოდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. როგორც ამერიკელი სამართალდამცავები აცხადებენ, მათ არამარტო მოწმეთა ჩვენებები, არამედ ვიდეოკადრებიც აქვთ, თუ როგორ აწამებენ შულაიას დაჯგუფების წევრები ადამიანებს, როგორ სძალავენ ფულს, როგორ იპარავენ, ძარცვავენ...
,,ტერმინი ,,კანონიერი ქურდი'' რუსეთშია გავრცელებული და მაფიის ბოსის მნიშვნელობას ატარებს. შულაია ,,კანონიერი ქურდია'' და იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დანაშაულზე მას რუსეთის ფედერაციაც ეძებს, მის გადაცემას არ ვაპირებთ, რადგან რუსეთთან ექსტრადიციის თაობაზე ხელშეკრულება არ გვაქვს გაფორმებული'', _ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა პროცესზე.
მისივე თქმით, შულაია საკუთარ სახლში დააკავეს, რომელიც ნიუ ჯერსიში მდებარეობს და ოკეანეს გაჰყურებს.
,,გამორიცხულია, ბიზნესისა და კრედიტის გარეშე ასეთი სახლის შეძენა. შულაიამ კი ეს ამერიკაში ჩამოსვლიდან ნახევარ წელიწადში მოახერხა _ სახლი კრიმინალით ნაშოვნი ფულით იყიდა. ის არამარტო მთელ შტატს აკონტროლებდა, არამედ რამდენიმე შტატზე მიუწვდებოდა ხელი. მისი დაჯგუფების წევრები რეკეტს ეწეოდნენ, ქურდობდნენ, კაზინოების მდიდარ კლიენტებს ძარცვავდნენ და არც შეკვეთილ მკვლელობებზე ამბობდნენ უარს'', _ აცხადებენ ამერიკელი სამართალდამცავები.
იმის გამო, რომ შულაიას მკვლელობებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, მას სამუდამო პატიმრობა არ ემუქრება, მაგრამ მისი ბანდის 33 დაკავებული წევრიდან ორი, სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობას მიიღებს. რაც შეეხება თავად შულაიას, თუ მას ყველა დანაშაული დაუმტკიცდება, ამერიკული სასამართლო 65 წელს მიუსჯის. ეს, პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობას ნიშნავს, რადგან შეწყალების მოთხოვნის უფლება 40 წლის შულაიას მხოლოდ 20 წლის შემდეგ ექნება და უარის შემთხვევაში (დიდი ალბათობით, უარს ეტყვიან), შემდეგ თხოვნამდე კიდევ 20 წელი უნდა იცადოს.
,,შულაიას დაჯგუფება იპარავდა ყველაფერს, რისი მოპარვაც შეიძლებოდა. მისი ბანდის წევრები იპარავდნენ მანქანებსაც და საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც. ასე განსაჯეთ, მისმა ბანდამ კონტეინერი გაქურდა, საიდანაც ხუთი ტონა შოკოლადი წაიღო. ერთი შეხედვით სასაცილო ფაქტია, მაგრამ შულაიას არ აინტერესებდა, საიდან მიიღებდა ფულს. რაც შეეხება რეკეტს, ნიუ ჯერსის შემოგარენში, თუ ვინმე რამე ბიზნესს ეწეოდა, შულაიას დაჯგუფების რეკეტის ქვეშ იყო. ვიღაც თვეში ას დოლარს იხდიდა, ვიღაც კი ათი ათასს. ასე გროვდებოდა ფული, რომელსაც შულაია ბანდის წევრებს შორის ანაწილებდა და როგორც ამბობენ, ყველა კმაყოფილი ჰყავდა'', _ ეს განცხადებაც სასამართლოზე გაკეთდა.
საუბრობენ იმაზეც, რომ შულაიას რუსეთის უმაღლეს ეშელონებში მფარველები ჰყავდა. რუსულ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ფოტოები, სადაც შულაია ცნობილ ვეტერან რუს მოკრივესთან, მსოფლიო ჩემპიონთან, ამჟამად კი რუსეთის დუმის დეპუტატ ნიკოლაი ვალუევთან ერთად არის გადაღებული. ვალუევი შულაიასთან მეგობრობას არ მალავს და აცხადებს, რომ ქართველი ,,კანონიერი ქურდი'' მისი ცოლის კურსელია, რაც რუს სამართალდამცავებს სასაცილოდ არ ჰყოფნით. ამერიკელები კი სწორედ ასე ამბობენ _ შულაია და ვალუევის ცოლი საბანკო-საფინანსო ფაკულტეტზე ერთად სწავლობდნენო.
,,გამორიცხულია, შულაიას სადმე ესწავლა. ეს ,,ქურდული კანონების'' მიხედვით აკრძალულია. ის რომ სტუდენტი ყოფილიყო, ვერასოდეს გახდებოდა ქურდი. არადა, 2013 წელს ის ქურდად კვიპროსში საკმაოდ გავლენიანმა კანონიერმა ქურდებმა მონათლეს'', _ ეს რუსი სამართალდამცავების სიტყვებია.
შულაიას დაჯგუფების დაკავებულ წევრებს შორის, ყველაზე ცნობილი ასევე მოკრივე, ქართველი ავთანდილ ხურციძეც არის. ხურციძემ მის დაკავებას თავიდან გაუგებრობა უწოდა, თუმცა ამერიკელი სამართალდამცავები არ მალავენ, რომ მასშტაბური სპეცოპერაცია მანამ არ დაიწყეს, სანამ ხურციძე საქართველოდან შტატებში არ გაემგზავრა.
,,ხურციძე იყო ერთ-ერთი მთავარი წევრი შულაიას ბანდაში. ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც იგი ფიზიკურად უსწორდება პიროვნებას, რომელმაც ფულის გადახდაზე უარი თქვა. ის სხვა საქმეებშიც ფიგურირებს. ამიტომ, სპეცოპერაცია მაშინ დავიწყეთ, როცა დავრწმუნდით, რომ ქართველი მოკრივე ამერიკისკენ მომავალ თვითმფრინავში იმყოფებოდა და ის აეროპორტშივე დავაკავეთ'', _ აცხადებენ ამერიკელი სამართალდამცავები.
არადა, ხურციძე ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დასაცავად მიდიოდა. იყო თუ არა რეალურად დამნაშავე ქართველი ჩემპიონი, ამას სასამართლო დაადგენს, თუმცა სამწუხაროა, რომ გისოსებსმიღმა მოხვედრით, ქართველმა ჩემპიონმა ტიტულიც დაკარგა და თუ საპყრობილეს მალე არ დატოვებს, დიდი ალბათობით, მისი კარიერაც დასრულდება, რადგან ციხეში ამ დონის სპორტსმენისთვის სავარჯიშო პირობების შექმნა გამორიცხულია.
,,შეიძლება ითქვას, ამ სასამართლო პროცესს მთელი შტატი ადევნებს თვალს. შულაიას სახელი იქ ყველამ იცოდა, რადგან ის არსად ჩანდა და იყო ყველგან, ის ლეგენდა გახლდათ. ახლა კი ყველა იმის მოლოდინშია, რომ მას მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯიან. ასეთია რეალობა'', _ გვითხრა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა.
პატიმარი #0578

back to top