Menu
RSS

ნანა კაკაბაძე „ვერსიას“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის

11 ოქტომბერს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა საგანგებოდ გაიმართა. გაირკვა, რომ მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირებმა იმსჯელეს ე.წ. ციანიდის, მეუფე პეტრეს მიმართ განმეორებით საყვედურსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოში შეიქმნება მამა გიორგი მამალაძის საქმის საგამოძიებო კომისია, რომელიც რჯულის კანონით, ეკლესიის წესების მიხედვით განსჯის, რა სასჯელი გამოუტანონ მსჯავრდებულ დეკანოზს. საპატრიარქოს დატოვებისას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ განაცხადა, ეს სხდომა ეკლესიისთვის წინგადადგმული ნაბიჯიაო. სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი ისიც, რომ მეუფე სერაფიმე, რომლის მიმართაც მძიმე ბრალდებები არსებობდა და ბორჯომის ეპარქიიდან საზღვარგარეთ გაუშვეს, ისევ ბორჯომს უბრუნდება, ოღონდ არა მღვდელმთავრის რანგში –  იგი მონასტერში იმსახურებს. ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა განაცხადა ისიც, რომ წმინდა სინოდმა დაკავებული მამა ექვთიმეს შესახებაც ისაუბრა, რომელიც ასევე უმძიმესი ბრალდებით, მცირეწლოვანთან გარყვნილების გამო სასჯელს ახლაც იხდის. ,,ვერსია'' დაინტერესდა, რატომ იქმნება საგამოძიებო კომისია, გამოუცხადეს თუ არა განმეორებითი საყვედური მეუფე პეტრეს და რას უნდა ნიშნავდეს მისი განცხადება საპატრიარქოსთვის წინგადადგმული ნაბიჯის შესახებ? ამ კითხვებით საპატრიარქოსთან დაახლოებულ პირს, ნანა კაკაბაძეს მივმართეთ, რომელმაც საუბარი რამდენიმე დღის წინ, საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლის, ტარას შავშიშვილის განცხადების შეფასებით დაიწყო, რომელიც ამ უკანასკნელმა, ერთ-ერთ შოუში გააკეთა.
 
–  პირდაპირ ეთერში ტარას შავშიშვილმა ძალიან სერიოზული რამ ,,გახეთქა''. მან, ფაქტობრივად, თქვა, რომ ისინი რაღაც გადატრიალებას გეგმავდნენ საპატრიარქოში. რამდენჯერმე გაიმეორა, ოხანაშვილი იყო ერთადერთი პირი, ვისაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ შეეძლო სეიფის გახსნა, სადაც ანდერძი ინახება, პატრიარქს კი სეიფის გასაღები ქამარზე ეკეთაო. ეს ტყუილია. პატრიარქს გასაღები ქამარზე არ უკიდია და შენახული აქვს, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, დაცვის თანამშრომელი უწმინდესის ასეთ საიდუმლოს რომ გათქვამს, ეს დაცვის სამსახურია?!
–  შავშიშვილს ეს ტყუილი რაში დასჭირდა?
–  მათი გეგმები თანდათან აშკარავდება. ეს ადამიანები ამბობდნენ, სოსო ოხანაშვილს უნდა გაეხსნა სეიფი და გამოეღო ანდერძი, რომელშიც ეწერა, რომ მემკვიდრე მეუფე დიმიტრია. კანონიკური სამართალი კი ამბობს, რომ უპირატესი მღვდელმთავარი წმინდა სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათალიკოს-პატრიარქის ანდერძს და აცხადებს საპატრიარქოს ტახტის მემკვიდრის ვინაობას. ასეთი მღვდელმთავარი კი მეუფე კალისტრატე ქუთაისიდან და ახლა მითხარით, როცა შავშიშვილი ამბობს, რომ ერთპიროვნულად უნდა გაეხსნა თურმე ოხანაშვილს ანდერძი, ეს ხომ არის საპატრიარქოში პირდაპირ გადატრიალება, ანუ ჩარევა კანონიკური სამართლით განსაზღვრულ უფლებამოსილებაში. ისინი ახდენდნენ ძალაუფლების უზურპირებას. ეს განცხადებაც, რომელიც პირდაპირი მესიჯია, თუ რას გეგმავდნენ, ააშკარავებს ე.წ ციანიდის საქმეს. გამოდის, ამისთვის აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ოხანაშვილს გაეხსნა სეიფი, ამოეღო ან შეეცვალა პატრიარქის ანდერძი და რაც მოესურვებოდა, ის ჩაეწერა. ამ საქმეზე საპატრიარქომ უნდა მიმართოს პროკურატურას და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე –  გადატრიალებას გეგმავდნენ. ოხანაშვილი საპატრიარქოს კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. ტარას შავშიშვილი უფრო შორსაც წავიდა და თქვა, ანდერძში პატრიარქის მემკვიდრედ დიმიტრი შიოლაშვილი ეწერაო. როგორ, პატრიარქის ანდერძი შავშიშვილისა და ოხანაშვილის წასაკითხი იყო?! პატრიარქი ეპისკოპოსებს არ ეუბნება საკუთარი ანდერძის შესახებ და ვიღაც შავშიშვილსა და ოხანაშვილს აცნობს მას? ეს იყო მათი გეგმა, რასაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან.
–  ამ საკითხს წმინდა სინოდის შეკრებას რატომ უკავშირებთ?
–  ვვარაუდობ, საგამოძიებო კომისია საპატრიარქოში იმიტომ იქმნება, რომ საპატრიარქომ რეალურად დაინახა პრობლემა, ტარას შავშიშვილს ეს ვიღაცამ კი არ დააბრალა და მოუგონა, თავად ისაუბრა მშვიდად ამ საკითხზე.
–  ფიქრობთ, სინოდი შავშიშვილის განცხადებების გამო შეიკრიბა?
–  აბა, მამა გიორგის ირგვლივ რატომ იქმნება საგამოძიებო კომისია?
–  ალოგიკურად მიგაჩნიათ ასეთი კომისიის შექმნა დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით?
–  ერთია, რა შედეგიც გამოძიებამ დადო და მეორეა პიარკამპანია, თითქოს ეს ადამიანი დამნაშავე არ ყოფილა. შავშიშვილი რასაც გადაცემაში ყვება, გამოდის, ეს იყო ტახტისთვის ბრძოლა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებით. ვფიქრობ, კომისია იმიტომ შეიქმნა, რომ დაინახონ რეალობა არა გამოძიებისა და ტელევიზიებისგან გამომდინარე.
–  როგორი სასჯელი ელის რჯულის კანონით მამა გიორგის ამ კომისიის გამოძიების შედეგად?
–  არ ვიცი, მამა გიორგი კი არა, მთელი ჯგუფია შესასწავლი, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები. არ გამოვრიცხავ, ისინი ყველა ეპისკოპოსს აშანტაჟებენ დღეს, რადგან ზუსტად ვიცი მათი განწყობა ამ მოვლენებისადმი. გაგიჟებულები არიან. როგორ შეიძლება სასულიერო პირმა კი არა, ჩვეულებრივმა მოქალაქემაც არ დაინახოს, როგორი ბინძური კამპანიაა, მაგრამ რატომ არ ამბობენ ამას? ვფიქრობ, შიშით, რომ კაცმა არ იცის, რა მასალები აქვთ კიდევ.
–  ანუ ფიქრობთ, ოხანაშვილი სინოდის წევრებს აშანტაჟებს?
–  რა თქმა უნდა, აბა, როგორ შეიძლება პეტრე დღეს ეპისკოპოსი იყოს?! როგორ შეიძლება, არ იდგეს მისი განკვეთის საკითხი, თუ არ არის დაშანტაჟება და შიში, რომ ოხანაშვილი ყველასა და ყველაფერს უსმენდა და იწერდა. უკვე ხომ ნათელია, რომ ის მუშაობდა საპატრიარქოს ე.წ. შავ პიარზე. საინტერესოა, სკოლის დირექტორი ტარას შავშიშვილი საიდან მოხვდა საპატრიარქოს დაცვის სისტემაში? სად სკოლა და სად დაცვა?! ვინ ჩანერგა, ვინ მოიყვანა, ეს ხომ გამოსაძიებელია?
–  აცხადებთ, ეს ტახტისთვის ბრძოლა იყოო. თქვენი ვარაუდით, ვისთვის უნდოდა ამ ჯგუფს პატრიარქის ტახტი?
–  არ ვიცი და ვერ ვიჯერებ, რომ მეუფე დიმიტრიმ იცოდა, რასაც ტარას შავშიშვილი იქ ლაპარაკობს და ამის მონაწილე იყო. ბავშვობიდან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჭაბუკასთან (მეუფე დიმიტრი) და გამაოგნებელია, ვერაფრით ვიჯერებ, ეს მისთვის ცნობილი ყოფილიყო. ამ საქმეს სერიოზული შესწავლა და გამოძიება სჭირდება. რატომ ლაპარაკობს შავშიშვილი ამას, ეს მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ არის თუ?..
–  შესაძლებელია, სიმამრის წინააღმდეგ მოქმედებდეს?
–  ის ისეთი სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო... ,,მწვანე ბერეტი'' ნახეთ ინტერნეტში, როგორი სპეცსამსახურია. დაკავებულია სწორედ უკანონო გადატრიალებებით, მკვლელობებით, არეულობის მოწყობით, მაგაში აქვს ტრენინგები გავლილი. მაგრამ ახლა მაინტერესებს, ვინ იყო მის გარდა ამ პროცესში ჩართული და რა ხდებოდა. ტარას შავშიშვილმა რაც გადაცემაში ილაპარაკა, კრიმინალია, არ ვიცი, საპატრიარქომ მოსთხოვა თუ არა პროკურატურას, ამ მიმართულებითაც წაიყვანონ გამოძიება.
–  თუმცა, შავშიშვილი აცხადებდა, რომ საშიშროება იყო, ეს გასაღები შორენა თეთრუაშვილს აეღო.
–  ეს მათი შექმნილი მითია, რათა გაემართლებინათ საკუთარი უკანონო ქმედებები, შორენა თეთრუაშვილი როგორ უნდა მისულიყო სეიფთან, როცა ვიმეორებ, კანონითაა განსაზღვრული, ვინ არის უფლებამოსილი პირი. უპირატესი ეპისკოპოსი თუ ხსნის სეიფს, შორენა რა შუაშია? როგორც მჩხიბავების, თოჯინების ამბები გამოიგონეს, ეგეც ასეთი მითია.
–  შესაძლებელია, შავშიშვილმა იგულისხმა, რომ ოხანაშვილი იქნებოდა გარანტი, გასაღები სხვას არავის აეღო და არა ის, რომ თავად აიღებდა ამ გასაღებს.
–  გარანტი არის კანონი. ვინ ჰკითხავს ოხანაშვილს? დაცვა პრემიერსა და პრეზიდენტსაც ჰყავს. დაცვის ფუნქცია შიდასაქმეებში ჩარევაა?! მან მხოლოდ უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, რომ ვინმე იარაღით არ შევიდეს და საერთოდ, რატომ ბედავს ამ თემებზე ლაპარაკს დაცვა?! რატომ ერეოდა იმ საქმეებში, რაც მის კომპეტეცნიას აღემატებოდა, რა ინტერესები ამოძრავებდა?!
–  მეუფე პეტრემ განაცხადა, ეს სინოდის სხდომა ეკლესიისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყოო. თქვენი აზრით, რა იგულისხმა?
–  ასე იმიტომ განაცხადა, რომ სინოდმა ვერ შეძლო მისთვის გამოეცხადებინა მეორე საყვედური იმ დარღვევებზე, რომელსაც ეწევა. პატრიარქმა გააფრთხილა, ნუ აკეთებ ასეთ განცხადებებსო და ამის მიუხედავად, დაარღვია კანონი. ამ დარღვევებისთვის რომ პასუხი ვერ მოსთხოვეს, ეს ჩათვალა წინგადადგმულ ნაბიჯად.
–  თუ ასე იყო, როგორ ფიქრობთ, რატომ დაიხია უკან წმინდა სინოდმა?
–  მგონია, რომ დაშანტაჟებული ჰყავს ოხანაშვილს ეს ხალხი.
–  ისიც ითქვა, მეუფეებს –  პეტრესა და იაკობს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდაო, ამაზე რაიმე ინფორმაცია გაქვთ?
–  რაღაც შელაპარაკება რომ იყო ვიცი, მაგრამ კონკრეტულად რაზე –  არა.
–  მეუფე სერაფიმეს ბორჯომში დაბრუნება რას უნდა ნიშნავდეს?
–  ვფიქრობ, საპატრიარქო მიხვდა, რომ სერაფიმეს დისკრედიტაცია და ყველაფერი ეს ერთი კამპანიის, ერთი პროექტის ნაწილია და ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ, ეს შეცდომა გამოესწორებინათ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ვერ გააკეთეს ის, რაც ბოლომდე იყო გასაკეთებელი.
–  მეუფე შიოსთან დაკავშირებით რას იტყვით?
–  მეუფე შიო ლევან ვასაძის მეგობარია და ვასაძე რადგან პრორუსულ ადამიანად არის მიჩნეული, აგორებენ ე.წ. შავ პიარს –  თითქოს პრორუსული ძალების განმტკიცება ხდება საპატრი¬არქოში. მერე რა, რომ მეგობრები არიან, მეუფე შიო სულ სხვა აზროვნებისაა.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში