Menu
RSS

2013 წლის 12 ოქტომბერს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა გიორგი გაბედავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი და მისი მეგობრების უკანონო დაკავებასა თუ პატიმრობაში წვლილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალექსანდრე ელისაშვილს მიუძღვის. გაბედავას თქმით, ელისაშვილს მორალური უფლება არ აქვს, კენჭი იყაროს; იგი საკუთარი პოლიტპატიმრობის საქმის თავიდან განსახილველად მალე სასამართლოს მიმართავს და იმედოვნებს, რომ ელისაშვილი და პოლიციელები ცრუ დასმენისთვის პასუხს აგებენ.
საქმე ის გახლავთ, რომ 2010 წელს გაბედავამ და ,,ილიას უნივერსიტეტის'' სხვა სტუდენტებმა მოითხოვეს სასწავლებელში სალოცავი კუთხის მოწყობა, რაშიც მაშინდელმა რექტორმა, გიგი თევზაძემ და პრორექტორმა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა უარი განუცხადეს. ამ დაპირისპირების გამო გაბედავა, სხვა სტუდენტები და ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ტელეკომპანია ,,კავკასიამ'' ერთ-ერთ გადაცემაში მიიწვია, სადაც შეხლა-შემოხლის დროს სცემეს ტელეკომპანიის დირექტორი დავით აქუბარდია, რის გამოც 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს გიორგი გაბედავასა და კიდევ 7 ადამიანს.
,,დაგვაკავეს ,,კავკასიაში'' ე.წ. შევარდნის გამო, თუმცა დადგინდა, რომ ეს სიცრუე იყო და მიწვეულები ვიყავით. სინამდვილეში, იმჟამინდელმა ჟურნალისტმა, ახლა კი დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გამოიწვია შეხლა-შემოხლა ტელეკომპანიაში. ჩვენი ინფორმაციით, იგი არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიდა, ხელი დაარტყა 18 წლის მოსწავლე ჯაბა გურჩიანს, რის შემდეგაც წარმოიშვა დაძაბულობა და დაგვაკავეს. ელისაშვილი ჩვენებაში წერს, თითქოს ადგილზე დაძაბულობიდან 5 წუთში მივიდა, როცა გაიგო გინება და ნახა ნაცემი აქუბარდია. სინამდვილეში, აქუბარდია ჩვენ კი არა, სხვებმა სცემეს, რაც სასამართლოზე თავადაც დაადასტურა. თავად ვნახე, ელისაშვილმა ხელი დაარტყა გურჩიანს და სასამართლოზე თქვა, აღელვების ნიადაგზე დავარტყიო. მასთან კითხვა მაქვს, ამ ფაქტის გამო რატომ არ დააკავეს და რატომ მოხდა ჩვენი _ 8 კაცის დაკავება აქუბარდიას პიჯაკის დახევისთვის, როცა ვიდეოშიც კარგად ჩანს ჯაბა გურჩიანის თვალზე სილურჯე'', _ გვიამბობს ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომსაც იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ მოხალისეები შეიკრიბნენ დიღმის მასივში, რათა ომში წასასვლელად მზადყოფნა დაეფიქსირებინათ. იქ ელისაშვილიც მივიდა, თუმცა, გაბედავას თქმით, ნახევარ საათში გაიქცა: ,,ბიჭებმა უთხრეს, რომ იქ სათამაშო, საპიარო ვითარება არ იყო და მოგვიწევდა, გორში, კარალეთში და ლოკაციებზე ბრძოლა, რაზეც განაცხადა, რომ სხვაგან ბრძოლას არ აპირებდა და იქ მხოლოდ თბილისის დასაცავად მოვიდა. როგორც ვიცი, ბიჭებმა ყური აუწიეს და ისე გაუშვეს. დღეს ეს ადამიანი გამოდის, თავს კაცობაზე, თბილისელობაზე დებს და ამბობს, თურმე თბილისს იცავდა, როცა ნახევარ საათზე მეტიც არ ყოფილა ამ ბატალიონში''.
გაბედავა ალეკო ელისაშვილისა და მანანა კობახიძის დაპირისპირებასაც იხსენებს: ,,ელისაშვილი აცხადებდა, რომ კობახიძის მესიჯები ჰქონდა, რეალურად კი მესიჯები არ არსებობდა. ელისაშვილი კობახიძეს იმიტომ დაუპირისპირდა, რომ იგი 2010 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების ადვოკატი იყო. ამ ყველაფრის გასაჯაროება ახლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ელისაშვილს ნამდვილ თბილისელად, კარგ ადამიანად მოაქვს თავი. როგორ შეიძლება, მერი იყოს ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც, სავარაუდოდ, მალე საქმე აღიძვრება, რადგან სასამართლოში ჩემი საქმის თავიდან გასახილველად შეტანას ვაპირებ. ყველა მოწმე თავიდან დაიკითხება და ყველა დამნაშავე დაისჯება _ ელისაშვილისნაირი ცრუ დამსმენებიც და ის პოლიციელებიც, რომლებმაც ხელი დაგვადეს. ელისაშვილი ერთადერთი იყო, ვინც პოლიციელების გარდა, მაშინ ხელი დაგვადო. სწორედ მათი ჩვენების საფუძველზე დაგვაკავეს და 8 ადამიანს მოგვისაჯეს 4 წელი და 6 თვე პატიმრობა. ციხიდან 3 წელში გამოვედით პოლიტპატიმრის სტატუსით, როცა ხელისუფლება შეიცვალა... ამ ადამიანს კი არ აქვს მორალური უფლება, იბრძოლოს თბილისისთვის. იგი ყოველთვის საკუთარი პოპულისტური მიზნებისთვის იბრძოდა და ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა თითქოს ნაცმოძრაობის წინააღმდეგ გამოდიოდა, შემდეგ კი ეს პარტია უგროვებდა ხმებს არჩევნებისთვის; GIPA-ში მიიწვიეს მერობის სამი კანდიდატი _ ზაალ უდუმაშვილი, ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე. ერთი ნაციონალია, მეორე ყოფილი ნაციონალი, ხოლო ელისაშვილი საიდან მოხვდა მათთან, ამ კითხვაზე სტუდენტებმაც ვერ მიიღეს ნორმალური პასუხი. საინტერესოა, რატომ უკვირს ელისაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რადგან სტუდენტებისთვის სავალდებულო იყო ამ შეხვედრაზე დასწრება''.
გაბედავა აცხადებს, რომ მზადაა, ელისაშვილს ამ საკითხებზე თუნდაც მედიის თანდასწრებით ესაუბროს: ,,რომ დამინახავს, იმალება და მოვუწოდებ, შემხვდეს ერთი-ერთზე, თუ უნდა _ მედიაშიც, ნებისმიერ ადგილას ამ ჩვენებას სახეზე ავაფარებ''.
კითხვაზე _ ამდენი წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, რატომ გაახსენდა ეს საკითხი? ხომ არ დგას რაიმე ძალა მის უკან, რომელსაც ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ ანტიპიარის აგორება სურს? _ გიორგი გაბედავამ გვიპასუხა, რომ ამ საკითხებზე სოციალურ სივრცეში ყოველთვის ღიად საუბრობდა, უბრალოდ ახლა, როცა ელისაშვილი მერობას აპირებს, საჭიროდ მიიჩნია, ეს ფაქტები მოსახლეობას სცოდნოდა: ,,ჩემს უკან რამე ძალა რომ იდგეს, ამას 2013 წლიდან მიხვდებოდით. სხვათა შორის, ელისაშვილმა 2014 წელს ჩემზე სოციალურ ქსელში რაღაც ინფორმაცია გააზიარა და დააწერა ვირიშვილი მაიმუნიო, რის გამოც შემდეგ დავით ნარმანიას აკრიტიკებდა, როცა თვითონაც არ გამოირჩევა ზრდილობით. დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, თუმცა არც შემხვდა, დიღმელებს სოფლელები გვიწოდა, რადგან დიღმის მასივში ვცხოვრობ და ტელეფონი გათიშა. მინდა, დაველაპარაკო კამერების ან პოლიციის თანდასწრებით, რათა შემდეგ არასწორი ინფორმაცია არ გაავრცელოს''.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში