Menu
RSS

გიორგი მამალაძის ოჯახი და ადვოკატი, დეკანოზის ძმაზე თავდასხმას „ციანიდის საქმეს“ უკავშირებენ

10 ოქტომბერს მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას 28 წლის მალხაზ მამალაძეს თანხის გამოძალვის მოთხოვნით თავს დაესხნენ. ამის შესახებ ,,ვერსიას'' დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ უამბო და განაცხადა, რომ ეს მათი ოჯახის შესაშინებელი გაფრთხილება იყო. დეკანოზის ოჯახმა საქმის გამოძიების მიზნით, სამართალდამცავ სტრუქტურებს უკვე მიმართა.
,,ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რათა შეგვაშინონ, გავჩერდეთ და არ ვიბრძოლოთ მამა გიორგის სიმართლის დასამტკიცებლად. მოგეხსენებათ, საპატრიარქოს მხრიდან რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადებები, რომ უნდა შევეგუოთ მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს. უნდათ, არ ვიბრძოლოთ, ფარ-ხმალი დავყაროთ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, არანაირი მუქარით არ გავჩერდებით და არ შევწყვეტთ ბრძოლას'', _ განაცხადა ,,ვერსიასთან'' საუბრისას თორნიკე მამალაძემ. კითხვაზე _ რის საფუძველზე უკავშირებს მალხაზ მამალაძეზე თავდასხმას ,,ციანიდის საქმეს'', ბრალდებული დეკანოზის ძმას ამგვარი პასუხი აქვს: ,,ჩემმა ძმამ, მალხაზმა, კარი რომ გააღო, თავდამსხმელი პირველ რიგში შეეკითხა, მამა გიორგის ძმა ხარო? რაზეც დაეთანხმა. ამის შემდეგ ბეჭებში ხელი მოჰკიდა და დაიწყო ფულის გამოძალვის მუქარა. ჩემმა ძმამ ხელი ჰკრა და სახლიდან გაიქცა, რის შემდეგაც დარეკა პოლიციაში. მნიშვნელოვანი ისაა, რომ, რაც მამა გიორგი დაკავებულია, პირველი ღამე იყო, როცა ჩემი ძმა სახლში მარტო დარჩა და სავარაუდოდ, ამ პიროვნებამ ეს ყველაფერი იცოდა. გასაკვირია, თუ გასაქურდად იყო შემოსული, რატომ გააღვიძა ჩემი ძმა და თუ საყაჩაღოდ იყო, არანაირი იარაღი რატომ არ ჰქონია. ეს პიროვნება შავებში იყო ჩაცმული, ხელთათმანი ეკეთა და კაპიუშონი ეხურა''.
თავდასხმას ,,ციანიდის საქმეს'' უკავშირებს გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც: ,,ადამიანი რომ ძარცვას აპირებდეს, საეჭვოა, ეკითხებოდეს, ვისი ძმა ხარო; მით უმეტეს, არანაირი შემოსავალი არ აქვს, არც ბიზნესმენია მალხაზ მამალაძე, რომ მისგან თანხა წამოიღო. ეს შეშინების ერთ-ერთი მცდელობაა. მოგეხსენებათ, ჩვენი საუბარი ბევრს არ მოსწონს. ისიც ცნობილია, რომ საქმე აღძრეს, თითქოს, გარკვეული ჩვენებები, აუდიოჩანაწერები ჩვენ გავასაჯაროვეთ. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მიქაელ ბოტკოველი გამოდის და ამბობს, რომ უნდა მივეჩვიოთ მამა გიორგის 9-წლიან სასჯელს. იმას კი არ ეჩვევიან, რომ სააპელაციო და უზენაესი სასამართლო წინაა. ძალიან მაინტერესებს, თვითონ რომ აღმოჩენილიყვნენ ასეთ მდგომარეობაში, მიეჩვეოდნენ? ვინ შეიძლება ყოფილიყო ან ვის უნდა ჰქონოდა მიზანი? მალხაზ მამალაძე ბარში ჩვეულებრივი, რიგითი ადმინისტრატორია, მიდის ვიღაც შავებში, ხელთათმანებით და ეკითხება, მამა გიორგის ძმა ხარო და ფულს სთხოვს. დეკანოზის ძმამ მძარცველის სახე დააფიქსირა. როგორც ვიცი, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსსა და აჭარის პროკურორს საკუთარ კონტროლქვეშ ჰყავთ და გვაიმედებენ, რომ ამ დამნაშავეს, აუცილებლად იპოვიან. დანარჩენს ვნახავთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მალხაზ მამალაძემ გარკვევით თქვა _ თავდამსხმელი აღმოსავლეთიდან იყოო''.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ადვოკატებმა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიტანეს და სხდომის ჩანიშვნას ელიან.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში