Menu
RSS

როგორ იშოვეს ფული „ძველებმა“ ნაციონალების დროს _ მკვლელი ბიზნესმენის აღიარება

ე.წ ბაბულიკების თემა მას შემდეგ წამოიწია, რაც 2003 წელს ხელისუფლება შეიცვალა. ის ბიჭები, რომლებიც საძმოებს ქმნიდნენ, ერთმანეთს ებრძოდნენ, უბნის ინტერესებს იცავდნენ, ნელ-ნელა ბიზნესმენებად ყალიბდებოდნენ და რეკეტიდან ლეგალურ ბიზნესზე გადადიოდნენ. ამას, დიდწილად, იმანაც შეუწყო ხელი, რომ საძმოების ყოფილი ლიდერებიდან რამდენიმე ხელისუფლებაში მოხვდა და სამეგობროს წამოწევა დაიწყო. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იშოვეს კრიმინალებმა ფული, როგორ ,,დაითრიეს'' ბიზნესები...
თბილისში, ერთ-ერთი საძმოს მეთაური სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. საბურთალოზე ჩაცხრილულ 09 მარკის მანქანაში ისიც იჯდა, მაგრამ ფეხში დაიჭრა, მისი სამი მეგობარი კი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ გიას სხვა საქმე არ ჰქონდა _ ძმაკაცების მკვლელებს ეძებდა და ბოლო მკვლელს 2008 წელს მიაგნო, სწორედ მაშინ, როცა აგვისტოს ომი გადამწყვეტ ფაზაში იყო... საბურთალოზე, ავტოსადგომზე შუბლგახვრეტილი კაცის პოვნას დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. ამ ამბიდან სამ წელიწადში კი გია ციხეში მოხვდა, თუმცა სულ სხვა ბრალდებით.
,,შენც დაგიჭირეს, კაცო? არადა, სულ შენი ,,სასტავია'' სათავეში, ,,მაყუთიც'' გაქვს და...'' _ პატიმარ #0578-ს გიას დანახვა გაუკვირდა.
,,დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა _ სამი წელი ამათთვის ,,პატალოკია'', მეტს ვერ გაქაჩავს ეს ხელისუფლება (2011 წელი იდგა). ისეთ რაღაცებს აკეთებენ, ყველას გადაიმტერებენ, სულ ყველას, ვიწრო წრე დარჩება მაგათი და ის მთელ საქართველოს ვერ გაუქაჩავს. ატყუებენ იმ დებილს, ,,ვლასტი'' ბოლომდე გვიჭირავს და ვაკონტროლებთო, მაგრამ ყვარყვარეს ციხე რომ გაივსება, გასკდება და ნიაღვარივით წავა'', _ ხელი ჩაიქნია გიამ.
,,არ იტყვი, რა მოხდა?'' _ ჩაეკითხა #0578.
,,კასპში ცემენტის ქარხანა რომ დავითრიე, ხომ იცი?''
,,არ ვიცი, თბილისური თემები ვიცოდი, რესტორნები, ყავის ექსპორტი და რამე...'' _ უთხრა #0578-მა.
,,მოკლედ, რამდენიმე წლის წინ კასპში ერთი მიგდებული ცემენტის ქარხანა გავჩითე. მივიკითხე, მოვიკითხე და ვიღაც ბიძაზე მითხრეს, იმისიაო. მივედი, ,,მაყუთს'' ჩავდებ, ამოვქოქავ და შენც რაღაცას მოგცემ-მეთქი. კარგიო, გაუხარდა და ექვს თვეში ორასი ათასი მივახარჯე იქაურობას, თურქეთიდან ცემენტის მასალის ,,ხოდი'' გავჭერი, მარნეულში კარიერის თემა დავქოქე, მოკლედ, ავაწყვე რა საქმე. ის ტიპი დავიბარე და თვეში სამი ათასი დავუნიშნე ხელფასად. ექვს თვეში დამადგა ტიპი, შენ აქ თურმე მილიონებს აკეთებ და მე კაპიკებს მაძლევო. არადა, გალოთებული იყო ტიპი, სახლში ეგდო და არსაიდან სამი ათასი ლარი ეცემოდა თავზე ყოველთვე. რამდენი გინდა-მეთქი და თვეში 15 ათასიო. სიცილით მოვკვდი და მაშინ, დამიცალე ობიექტიო. ,,კაიფობ'', საქმე ავაწყვე, მაყუთი დავხარჯე, დიდ ,,აბაროტებზე'' გავედი, თბილისში ორ კორპუსს ვაშენებდი და ამ დროს ვიღაც კასპელი ,,სირი'' ,,პრავებს'' ,,მიკაჩავებდა''. ხვალ გნახავ-მეთქი. მეორე დღეს ჩავთხარე პირში ჩემი ბერეტა, 30 ათასი ლარი დავუყარე და შენობა გადმოვაფორმებინე. ზუსტად 30 ათას ლარად ყიდდა თავის დროზე, ასე რომ, არაფერი უზარალია...
მერე და მერე კიდევ ერთი ქარხანა ვიყიდე, მშენებლობების თემაში აქტიურად ჩავები, ამათ ვაჭმევდი, თანაც _ კარგად, ათი ათასი მიმქონდა ყოველი თვის ბოლოს. მერე ის ,,გაიჩითა'', ჩემი ,,ბრატების'' მკვლელი, საქართველოში დაბრუნდა ბიჭი, ეგონა, დავიწყებული ექნებათ, მაპატიებენო. ავტოსადგომზე დაველოდე და დავაჭედე. თან აგვისტოს ომი იყო და თან 150 ათასი ამახიეს მაგის მკვლელობის მერე, იცოდნენ, ჩემს გარდა, ბოლოს არავინ მოუღებდა, მარტო მე ვიყავი გადარჩენილი...''
,,ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რატომ დაგიჭირეს? ყველა იმას ამბობდა, გიას რომ დასჭირდეს, პრეზიდენტსაც ურეკავსო...'' _ ჰკითხა #0578-მა.
,,ურეკავს არა, უმესიჯებსო. ვმესიჯობდი ხოლმე მიშასთან, როცა ვიღაცები თავს გადიოდნენ. ერთი ,,როჟა'' გაიჩითა, ბერძენი ინვესტორი, მე მომამაგრეს, თემებში გაარკვიეო. არ ჩანდა ცუდი ,,როჟა'' და ბოლოს ისე მოხდა, რომ 250 ათასი ევრო ,,ქეშად'' მივეცი, დიდი კომპლექსის მშენებლობა უნდა დაგვეწყო. ადგა ეს ,,სირი'' და ამ ჩემი ,,მაყუთით'' საბერძნეთში გაქუსლა. მოვიკითხე, ველოდე და რომ აღარ გამოჩნდა, დავაწექი სალონიკში. სახლში დავადექი, სამჯერ დავუსვი დანა, მსუბუქად გავსერე, ვუთხარი, ,,მაყუთი'' დააბრუნე, თორემ შემდეგ რომ ჩამოვალ, დაგბრიდავ-მეთქი. დავბრუნდი საქართველოში და მიშას ,,სასტავმა'' ,,მიმაკაჩავა'', რა ,,პონტში უხურებ'', ინვესტორიაო. რა ინვესტორი, ,,მაყუთს'' მაწერს-მეთქი და ამიკრძალეს მიახლოება. ჩამოვიდა ის ტიპი თბილისში, ვაცადე ექვსი თვე. მერე ისევ დავადექი. ატეხა ერთი ამბავი, აყვირდა, პატრული გამოიძახა. ვუთხარი, ვალი აქვს-მეთქი და სასამართლოთი გამოართვიო. მივადექით მიშას ,,სასტავს'' ერთად, მათაც, სასამართლოში წადი, ეს ჩვენი მეგობარი და საპატიო სტუმარიაო. მივხვდი, ,,მაყუთს'' მახევდნენ და ჩემთვის მაყუთი არავის აუხევია. მეორე დღეს მივადექი ისევ იმ ბერძენს და ძალიან მშვიდად ვუთხარი, ცინკით გაგიშვებ ელადაზე, თუ ერთ კვირაში ,,მაყუთს'' არ დადებ-მეთქი. ორ დღეში დამიჭირეს, იარაღი არც ჩაუდიათ, იცოდნენ, მექნებოდა და ამიტომ, კამერების წინ ჩამიტარეს სპეცოპერაცია. ოთხი წელი მომცეს და კი გავა ეს ოთხი წელი, მეც გავალ ,,სვაბოდაზე'' და იმ ბერძენს, სადაც ვნახავ, იქ გავთხრი იარაღს, ამათ კიდევ... ამათ ხალხი მოუღებს ბოლოს, დამიჯერე'', _ დაასრულა გიამ.
* * *
გია თავისუფლებაზე უკვე გამოვიდა, თუმცა ის ბერძენი გარდაცვლილი დახვდა. სალონიკში, საკუთარ სახლში გული გაუსკდაო, ასეთია ოფიციალური ვერსია, მაგრამ გიას ეჭვი აქვს, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა მოიშორეს. რაც შეეხება ბიზნესს, ისევ ცემენტის ქარხანა, ისევ ყავა და რესტორნები და...
,,მაშინ შეკვეთებს ვერ ავუდიოდი, ახლა კი მშენებლობის ტემპები ძალიან დაბალია, გორაობით მივდივარ, ის ,,მაყუთი'' აღარ არის, მაგრამ ერთი ეგაა, თვეში ათი ათასი აღარავისთან მიმაქვს'', _ ამბობს გია.
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში