Menu
RSS

პროკურატურამ „ციანიდის საქმის“ დახურული სხდომის მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო _ ვის ადანაშაულებენ მამა გიორგის ადვოკატები ჩვენებების გასაჯაროებაში

პროკურატურამ ,,ციანიდის საქმესთან'' დაკავშირებით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. ამ შემთხვევაში საქმე ეხება დანაშაულს, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო სხდომიდან გამოჟონილ აუდიოჩანაწერებს ეხება. ჩვენებები ეტაპობრივად გარკვეული ტელეარხების მეშვეობით ვრცელდებოდა. ბოლო ასეთი ჩანაწერი ,,რუსთავი 2''-მა წინა კვირას გაავრცელა, სადაც შორენა თეთრუაშვილის ჩვენება იყო ასახული. უკვე ცნობილია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მსჯავრდებული დეკანოზის ექვსივე ადვოკატი, საქმის პროკურორები და სავარაუდოდ, ჟურნალისტებიც დაიკითხებიან. გიორგი მამალაძის ადვოკატების განმარტებით, არ არის გამორიცხული, საქმის მასალებს საპატრიარქოდანაც გაეჟონა, თუმცა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ერთ-ერთ ტელეარხთან საუბარში აცხადებს, რომ საპატრიარქო არ არის მხარე და შესაბამისად, ვერც გამოითხოვდა და ვერც მიიღებდა მასალებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი 4 ოქტომბერს მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და იმედოვნებენ, ეს ინსტანცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დეკანოზის სასარგებლოდ შეცვლის. მანამდე კი თბილისის პროკურატურაში დაკითხვები ოპერატიული ინფორმაციის გასაჯაროების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იწყება. საქმე 374 მუხლით აღიძრა, რაც ფულად ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარეს დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი. პროკურატურაში ორივე მივიდა, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. საქმის დეტალების გასაცნობად ,,ვერსია'' დეკანოზის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

_ უარი არ მითქვამს, ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით მივცემ.
_ რატომ, პროკურატურას არ ენდობით?
_ ნდობა-არნდობის ფაქტორი გადამწყვეტი არ არის. ასე მიმაჩნია სწორად, მინდა, მოსამართლეც დაესწროს.
_ თქვენი ინფორმაციით, ვინ წამოწია ეს საკითხი, პროკურატურამ საკუთარი გადაწყვეტილებით აღძრა საქმე?
_ როგორც ჩემთვის ცნობილია, რადგანაც ტელეკომპანიებში, მგონი, ,,რუსთავი 2''-სა და ,,ტვ პირველში'' ჩვენებები გასაჯაროვდა, ოპერატიული ინფორმაციის გასაჯაროების საფუძველზე აღძრეს საქმე. ვინ მიიტანა ეს მასალები და ვინ იყო წყარო, თვითონ დაადგინონ, მე რა ვიცი!
_ დახურული სხდომიდან მასალები არ უნდა გასაჯაროებულიყო, ხომ ასეა?
_ სხდომის დახურვის მიზეზი მესამე პირთა ინტიმური დეტალების გასაჯაროების პრევენცია იყო. მასალებში კი არც მესამე პირებზეა საუბარი და არც ინტიმურ დეტალებზე. რეალურად სხდომა იმიტომ დახურეს, ხალხს სიმართლე არ მოესმინა. სხდომა ღია რომ ყოფილიყო, თქვენ, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს ამდენი კითხვა აღარ გაგიჩნდებოდათ და ნათლად დაინახავდით, როგორი შეთითხნილი და გააზრებული ნაბიჯი გადაიდგა მამა გიორგის წინააღმდეგ.
_ კი, ბატონო, მაგრამ ფაქტია _ დანაშაული მოხდა, ანუ ოპერატიული ინფორმაცია გასაჯაროვდა. თქვენ, როგორც ამ საქმის მონაწილემ, რატომ არ გააპროტესტეთ მაშინვე, როცა პირველად ინფორმაციამ გაჟონა?
_ რა ინფორმაციამ გამოჟონა? ჩემთვის აქ მესამე პირებზე საუბარი არ იყო.
_ სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერებს, ჩვენებებს ვგულისხმობ.
_ გაპროტესტებაში იმას გულისხმობთ, რომ საქმე აღძრულიყო?
_ დიახ, მიგემართათ პროკურატურისთვის, რათა სათანადო ზომები მიეღო.
_ გამოძიებამ თუ ეს ფაქტი ინფორმაციის ,,გაჟონვად'' ჩათვალა და აქ კანონდარღვევა დაინახა, იმ წუთშივე უნდა აღეძრათ საქმე. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულ ერთია, რა იქნება დახურული და რა _ არა. ჩემი მთავარი მიზანი იყო, სასამართლო ღია ყოფილიყო. თუ საიდანმე რამე ჟონავს, მოიძიონ წყარო. თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და რა პასუხი უნდა მოგთხოვოთ, თქვენი წყარო დამისახელოთ? თქვენი უფლება _ არ დაასახელოთ წყარო, კანონითაა დაცული. პროკურატურამ, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს. ისე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 8 მარტს რომ გაასაჯაროვეს მამა გიორგისა და ირაკლი მამალაძის ჩანაწერი, მაშინ უნდა მოეთხოვათ პროკურორებისთვის პასუხი. ეგრე არ ხდება, ისინი რომ ასაჯაროებდნენ, მაშინ არ იყო საჭირო გამოძიება? ეს იცით, რისკენაა მიმართული?
_ რისკენ?
_ ისეთი აურა შეგვიქმნან, თითქოს ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ. ჩვენი პასუხისმგებლობა არასდროს დადგება, რადგან წყაროს არ წარმოვადგენთ. გამოძიებამ დაკითხოს პროკურორებიც, მოსამართლეც, დაზარალებულებიც და ყველა მოწმე. ყველანაირი გზით შეიძლებოდა ამ ინფორმაციის მოძიება.
_ თითქმის ყველა გამოჟონილი მასალა მამა გიორგის სასარგებლოდ არის, თუნდაც ამიტომ შეიძლება ეჭვის თქვენზე მოტანა...
_ პირდაპირ გეტყვით, სრულად მთელი 10-ტომიანი მასალა რომ გასაჯაროვდეს, ყველაფერი გიორგი მამალაძის სასარგებლოდაა. არც ერთი ჩვენებით არ დასტურდება მამა გიორგის დანაშაულებრივი ქმედება, მაგრამ ეს მასალა მთლიანად რომ გაუშვა, ალბათ სამი თვე დასჭირდება.
_ მოკლედ მედიისთვის დახურული სხდომის მასალები თქვენ არ მიგიწოდებიათ?
_ არა. ინფორმაციის გამოტანაში ის თუ იგულისხმება, რასაც ვლაპარაკობ... რაც შეეხება, ტელეკომპანიებში გასულ აუდიოჩანაწერებს, არ ვიცი, რა წყაროები ჰყავთ და როგორ ახერხებენ, ეს მათი საქმეა, მე არანაირი ინტერესი არ მქონდა, ეს მასალა ვინმესთვის მიმეცა. დაასახელონ წყაროები და გამოჩნდება, მე ვარ, პეტრე თუ პავლე.
_ რამდენად შესაძლებელია, ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
_ არანაირად, რადგან კონფიდენციალურია და კანონით არის დაცული ჟურნალისტის წყარო. ეს გამორიცხულია.
_ აბა, რა შედეგზეა გათვლილი ეს გამოძიება, როგორ ფიქრობთ?
_ ჰოდა, მაგას ვამბობ, თავად არ იციან, რა შედეგზეა გათვლილი. ალბათ, ცდილობენ და ფიქრობენ, იქნებ შეეშინდეთო. არაფრის გვეშინია, რაც უნდათ, ის გამოიძიონ!
_ თქვენი შეშინება რატომ უნდა უნდოდეთ, მამა გიორგის განაჩენი ხომ უკვე გამოუტანეს?
_ ამით არაფერი დამთავრებულა, ვიწყებთ აპელაციას, უზენაესში გასაჩივრებას. თუ რაღაც სასწაული მოხდა და მართლმსაჯულებს გონიერება ეყოფათ, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურის საჩივარი, რომელიც მამა გიორგისთვის სასჯელს 9 წლის მაგივრად, 16 წელს ითხოვს, 8-ფურცლიანია, ხოლო ჩვენი სააპელაციო საჩივარი 40-ფურცლიანი. დეტალურად გვაქვს ყველაფერი აღწერილი.
_ ანუ ეს პროკურატურის მხრიდან ერთგვარი პრევენცია იყო, გაეჩერებინეთ?
_ არა, ვერ გაგვაჩერებენ, რადგან გასაჩივრების უფლება ყველას აქვს. უბრალოდ, ეტყობა, არ მოსწონთ ის ჩვენებები რომ საჯაროვდება, რომლითაც მამა გიორგის უდანაშაულობა დასტურდება.
_ ბატონო გიორგი, ვის მიუწვდებოდა ხელი ამ ჩანაწერებზე?
_ ადვოკატებს, პროკურორებს, მოსამართლეს, დაზარალებულს. ირაკლი მამალაძე რომ გამოდის და ლაპარაკობს, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს ზეპირად ,,ფქვავს'', საიდან აქვს ამდენი ინფორმაცია? მოწმეა თუ გამომძიებელი? მე არ ვიცი, გამოძიებას როგორ აწარმოებენ და ამან ზეპირად იცის...
_ მედიასთან საუბარში თქვით, შესაძლოა, საპატრიარქოდანაც გამოსულიყო ეს ინფორმაციაო, რის საფუძველზე აცხადებთ ამას?
_ დარწმუნებული ვარ, საქმესთან საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც შეიძლება ჰქონდეთ შეხება, რადგან ხომ ხვდებით, როგორ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან... უტყუარად ვერაფერს ვამბობ, ეს ჩემი ვარაუდია და ყველაფერი დასაშვებია...

თათია გოჩაძე

back to top