Menu
RSS

„ერთხელ ქალის საცემრად გაგვიშვეს, მაგრამ ხელი ვერ დავადე, ჩემმა მეწყვილემ სცემა...“

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წევრები ერთმანეთს ბრალს ,,ზონდერობაში'' სდებენ. თითის გაშვერა ძალიან მარტივია, აი, ფაქტებით დამტკიცება კი _ რთული, მით უმეტეს, თუ ,,ზონდერობაში'' „ეჭვმიტანილი“ ყოფილი ნაციონალი ახლა „ოცნების“ დეპუტატია და ეს ყველამ იცის. იცის კი არა, შესაბამისი ვიდეოც არსებობს, სადაც ჩანს, ვინ ვინ არის, მაგრამ პოლიტიკას ალბათ, ასე სჭირდება... და მაინც, ვინ არიან ,,ზონდერები''?

მეორე მსოფლიო ომის დროს, ადოლფ ჰიტლერს ჰყავდა სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და სადამსჯელო ოპერაციებს ახორციელებდა. სწორედ მათ ერქვათ ,,ზონდერები'' და ის, რომ წინა ხელისუფლებას ასეთი ადამიანები ნამდვილად ჰყავდა, 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის დროსაც გამოჩნდა. ნიღბიანი, შავქურთუკიანი და ხელკეტით შეიარაღებული ადამიანები უმოწყალოდ სცემდნენ ყველას, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც მაშინ ხელისუფლებამ შეასრულა. რეალურად კი, ნიღაბს მიღმა ამოფარებული იყვნენ ძალოვნები, სპორტსმენები, ექიმებიც კი...
_ ზონდერი არ ნიშნავდა იმას, რომ აუცილებლად ძალოვნებში უნდა ყოფილიყავი. იყავი, მაგალითად, ექიმი, სპორტსმენი და გქონდა პრივილეგიები. ეს პრივილეგიები რომ არ დაგეკარგა, როცა ხელისუფლებას დასჭირდებოდა, უნდა გამოსულიყავი და ხელი გაგექნია, _ უთხრა 2011 წლის გაზაფხულზე პატიმარ #0578-ს თანასაკნელმა, რომელიც სასჯელს ოფიციალურად იარაღზე იხდიდა.
_ და შენც ასეთი იყავი? _ ჰკითხა #0578-მა.
_ ასეთი რომ არ ვიყავი, იმიტომ ვარ შენს გვერდით და იმიტომ ვიხდი სასჯელს. შენ რა გგონია, ჩემი აგებულების კაცს იარაღი სჭირდება რამეში? ხელები იყო ჩემი იარაღი და ეს შეამჩნიეს. რამაზა ხომ იცი, ნოზაძე, ცნობილი მოჭიდავე, ოლიმპიური პრიზიორი, მაგასთან ერთად ვჭიდაობდი, ჩემი ძმაკაცია და მაგაზე ნაკლები შედეგები არ მექნებოდა, რომ არა ის საბედისწერო ქეიფი. მოჭიდავეები დაგვპატიჟეს რესტორანში, გია უდესიანმა გადაიხადა სუფრის ფულიო. ხშირად იყო ხოლმე, უმასპინძლდებოდა გია სპორტსმენებს და ამაში უცნაური არაფერი გახლდათ, უყვარს მაგ კაცს სპორტი. იმ შეკრებას ვიღაც უცხო ტიპი ესწრებოდა, მონგრეული სახით და ცხვირით. მოკრივე მეგონა და ვიფიქრე, მოკრივეებიც არიან-მეთქი. რაც თვალში მეცა, ის იყო, რომ სასმელს გვაძალებდნენ ყველას, ის ტიპი კი არ სვამდა, გვაკვირდებოდა თითქოს. სასმელს კარგად ვიტან და ბევრი დავლიე, მერე მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი. ვიცოდი, პატრული არ გამაჩერებდა, მაგრამ ზედ სახლთან გამაჩერეს, ჩაბერეო და უხეშად მითხრეს, შე სირო, მთვრალი რატომ დადიხარო?! მოჭიდავეებთან დავრეკე, იმათ, ახლავეო და ათი წუთი არ იყო გასული, სწორედ ის მონგრეულსახიანი მოვიდა. პატრულის თანამშრომლებმა ჩესტი აუღეს, მივხვდი, ძალოვანი იყო. ხელის აქნევით გაუშვა, მე თვალი ჩამიკრა და ხვალ დამირეკეო, მითხრა. არც სახელი ვიცოდი, არც ტელეფონი და სიმართლე გითხრა, არც დამიძებნია მეორე დღეს. ერთი კვირის თავზე თავად დამირეკა, რატომ არ შემეხიმანე, ჩემთან ძმაკაცობვა არ გინდაო? შარდენზე შევხვდი და მაშინ გავიგე, რომ კაცი, ვინც მელაპარაკებოდა, გია დგებუაძე, იგივე ,,მასტერა'' გახლდათ. ვისაუბრეთ და მითხრა, ტურნირებზე წასვლის პრობლემა არ გექნება, ეგ კი არა და, კომერციულ ტურნირებზეც გაგიშვებთო. გამიხარდა და მერე დღესვე მივხვდი, რომ ჩემს მიმართ დამოკიდებულება მწვრთნელმაც შეცვალა. ერთი კვირის თავზე ისევ დამირეკა გიამ, შევხვდი, გივი თარგამაძე ვიცანი, ისიც იქ იყო, ვიქეიფეთ, საღამოს კი სატივეზე, ,,ლაგუნა ვერეს'' უკან სახლში ავედით. მითხრეს, ამაღამ აქ დარჩიო და წავიდნენ. ნახევარ საათში კარებზე დააკაკუნეს, ორი გოგო მიღიმოდა ზღურბლზე. მოკლედ, მივხვდი, რომ რაღაც უნდოდა ჩემგან ,,მასტერას'', მაგრამ ბევრი არ მიფიქრია, შემოთავაზებული სიკეთეები შევირგე.
კიდევ ერთი კვირის შემდეგ დამიბარეს და საბუთი მომაჩეჩეს, ,,ნარუშილოვკაა'' და აწი, როცა პატრული გაგაჩერებს, შეგიძლია დედა აგინოო. გამიხარდა და სახლში წამოვედი. ერთი თვე აღარ შემხმიანებიან, ვიფიქრე, დავავიწყდი-მეთქი და სწორედ მაშინ, კომერციული შეჯიბრიდან რომ ჩამოვედი და ხუთი ათასი ჩამოვიტანე, დამირეკეს. ვიფიქრე, წილი უნდათ-მეთქი, 2500 დოლარი ჩავიდე ჯიბეში და წავედი. ჩანთა მომცეს, რომ დაგვჭირდები, ეს ჩაიცვი და ამით მოდიო. იქ არ გამიხსნია, სახლში მოვედი, გავხსენი და ორი შავი ტყავის ქურთუკი, ორი ჯინსი და ორი ნიღაბი იდო. ერთ კვირაში შემეხმიანენ, ღამის ორი საათი იყო. ჩავიცვი იმათი ტანსაცმელი, ნიღბები ჯიბეში ჩავიტენე და გავედი. ,,მასტერამ'' მითხრა, საბურთალოზე ერთი ტიპია საცემი, ორნი წახვალთო. მგონი, მორაგბე გამომაყოლეს და კასტეტები მოგვცეს. იმ მეორემ იცოდა, ვინც უნდა გვეცემა. კასტეტი მანქანაში დავტოვე, სადარბაზოდან გამოსულ კაცს ისე დავხვდით და მაგრად ვცემეთ...
იქიდან პირდაპირ სახლში წავედი და ნახევარ საათში ,,მასტერამ'' დამირეკა, შენ, ბიჭო, შიგ ხომ არ გაქვსო? ჯერ მომართვის ფორმა გამიკვირდა, მერე მისი გაბრაზების მიზეზს ვერ მივხვდი, ცემა უნდოდა ტიპის და მაგრად ვცემეთ. რა ხდება-მეთქი და კასტეტით რატომ არ ურტყიო? ვუთხარი, კასტეტით შეიძლებოდა მომეკლა და უკასტეტოდაც მაგრად მოხვდა-მეთქი. სხვა დროს, როგორც გეტყვით, ისე მოიქცევი, მაგას ახლა ორ დღეში გაწერენ სახლში, ჩვენ კიდევ გვინდოდა, ორი კვირა გდებულიყო საავადმყოფოშიო...
მოკლედ, ასე თითო კაცი რამდენჯერმე ვცემეთ და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტიპთან ერთად მივდიოდი. ყველაფერი იმის მერე აირია, როცა ერთხელ ქალის საცემრად გაგვიშვეს. რატომ-მეთქი და შენი საქმე არ არისო... მანქანიდან კი გადმოვედი, მაგრამ იმ ქალს ხელი ვერ დავადე, ჩემმა მეწყვილემ სცემა. ამ ამბის მერე, სახლში ,,მასტერა'' დამადგა, შენ ალბათ, ვერ მიხვდი, რატომ გვჭირდებიო და ნარუშილოვკა წამართვა, შემდეგ დაგეგმილი ტურნირი გამიუქმეს და ბოლოს მითხრეს, სხვაგან ივარჯიშეო.
ორი კვირა უქმად ვიარე, მერე ისევ დამირეკეს და ,,მასტერამ'' მოკლედ მითხრა, ან ჩვენთან ხარ და რასაც გეტყვით, აკეთებ, ან არა და უფრო დაგერხევაო. დამერხეს, თქვენი დედაც-მეთქი, მივაგინე და ვაი, შე უბედუროო, მომაძახა. ჰოდა, ორ კვირაში, სახლში ამიყვანეს, იარაღ ჩამიდეს და კი ვარ ახლა შენთან..., _ დაასრულა მოყოლა პატიმარმა.
_ რომ გახვალ, რას აპირებ? _ ჰკითხა #0578-მა.
_ სპორტსმენი ჩემგან აღარ გამოვა და დანარჩენს დრო გვიჩვენებს...

პატიმარი #0578

back to top