Menu
RSS

აფხაზეთიდან დევნილი ტუსაღების ტრაგიკული თავგადასავლები

27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში შავი ასოებით წერია _ ამ დღეს სოხუმი დაეცა და მას შემდეგ აფხაზეთზე _ საქართველოს ამ ძირძველ მიწაზე კონტროლი დავკარგეთ. ახალმა თაობამ მხოლოდ მოყოლით იცის იმ საოცარი ადგილის შესახებ, რასაც აფხაზეთი ჰქვია და სურათებითა თუ ტელევიზიის საშუალებით ათვალიერებს იმ სამოთხეს, სადაც ქართველებს ჩასვლის უფლება არ გვაქვს. აფხაზეთიდან დევნილი ნახევარ მილიონამდე ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სამწუხაროდ, დუხჭირი ცხოვრების გამო, არაერთი დევნილი გისოსებსმიღმა აღმოჩნდა. აფხაზეთზე მათი მოგონებები მძიმე მოსასმენია.
ბაჩო ჩ., მკვლელობისთვის გასამართლებული: ,,_ რა უნდა ვთქვა? 11 წლის ვიყავი, აფხაზეთიდან რომ წამოვედით, მამაჩემი სკოლის მასწავლებელი იყო, მთელი ცხოვრება ბავშვების აღზრდას მოანდომა და წამოსვლას არ აპირებდა, ასე ამბობდა, ჩემი გაზრდილები თუ მესვრიან, სიკვდილის ღირსი ვყოფილვარ, ვერ გამიზრდია სათანადოდო.
სოფელი ქართველებისგან დაიცალა, მარტო მე, ჩემი და და მშობლები დავრჩით. ერთ დილას ,,ვილისით'' მოგვადგნენ, ჩეჩნები იყვნენ _ რომ გაიგეს, ქართული ოჯახი დარჩენილა სოფელშიო, დაინტერესდნენ. მამამ თავისი მოსწავლეები ჩამოუთვალა, ისინიც იბრძოდნენო, მაგრამ ჩეჩნებს ეცინებოდათ, ნახე, „უჩიტელი“ რა დღეშიაო. მერე დედას მოუბრუნდნენ, 24 საათი გაქვს, შვილები აქედან რომ გაიყვანოო. მამას ქეჩოში მოკიდეს ხელი და ,,ვილისისკენ'' წაიყვანეს. მამა გაუძალიანდა, გაუშვეს ხელი და ავტომატის ჯერი გადაატარეს. ეზოში დავმარხეთ, დედამ ახალ ნამარხზე ბალახები გადარგო, არავინ ამოთხაროსო და იმავე ღამეს წამოვედით. ახლა მამის საფლავი კი არა, სახლიც აღარ დგას _ ნელ-ნელა გადის მეხსიერებიდან და არც ვიცი, რომ ჩავალ, მივაგნებ თუ არა?!
დედამ დამიბარა, რომ მოვკვდები, მეც იქ დამმარხე, მამაშენის გვერდითო. ვერ დავმარხე, არ მომცეს ნება...“
დათა ს., ნარკომომხმარებელი: ,,როცა ომი დაიწყო, იარაღი მამაჩემმაც აიღო და გამოაცხადა, ჩემს ეზოში არავის შემოვუშვებ, ეზოს გარეთ კიდევ არავის ვესვრიო. ნელ-ნელა იცლებოდა სოფელი, აფხაზები გვერიდებოდნენ, სოფლიდან გადიოდნენ და მერე სოფლის დასაწიოკებლად კაზაკები, ჩეჩნები ან სომხები მოდიოდნენ. ერთ დღეს მამას ერთმა აფხაზმა შეუთვალა, ამაღამ სახლში არ დაიძინოო. ზაფხული იდგა და მამამ სასიმინდეში გადაგვიყვანა, თვითონ კი სასიმინდის კართან წამოწვა და ავტომატი მოიმარჯვა. ნაშუაღამევს ჩვენს სახლს ყუმბარა მოხვდა, ჯერ ერთი, მერე მეორე და მიწასთან გაასწორა.
18 სახლი დაანგრიეს იმ ღამეს ყუმბარებით, 18-ვე ოჯახი გააფრთხილეს აფხაზებმა, მაგრამ დილით ყველამ იცოდა, რომ სოფლიდან უნდა გასულიყო, დასარჩენიც არსად იყო და აფხაზებმაც პირდაპირ თქვეს, არ ვიცით, სხვა დროს შევძლებთ თუ არა თქვენს გაფრთხილებასო.
ჩვენ წამოვედით, მამა დარჩა და უგზოუკვლოდ დაიკარგა. ერთმა ნაცნობმა აფხაზმა თქვა, თავის ეზოში აიყვანა სომხების ბატალიონმა და სად წაიყვანა, არ ვიციო. ალბათ, დახვრიტეს, მამის საფლავიც არ მაქვს...“
გიორგი ქ., ,,ქურდული სამყაროს'' წევრი: – „ბოლო კლასში ვიყავი, ომი რომ დაიწყო. ხომ იცი, მაგ დროს თავში გიქრის და კლასელებმა გადავწყვიტეთ, გვეომა. მშობლებმა თავი გაიგიჟეს და ოთხ მეგობართან ერთად, ღამე ძალით გამოგვაპარეს ოთხარადან. ქუთაისში გადაგვანაწილეს ნათესავებთან და ორ დღეში ოთხივე უკან დავბრუნდით, სოფლის დაცვა გვქონდა გადაწყვეტილი. ჩვენს სოფელს ძალიან კარგად ვიცნობდით და ამიტომ, მოძრაობა არ გვიჭირდა. რომ გითხრა, სასწაულები მოვახდინეთ და ჩვენზე ლეგენდები დადიოდა-მეთქი, ასე არ იყო, მაგრამ ჩვენი საომარი ვიომეთ. ორი თვე გავატარეთ ტყე-ღრეში და ორი თვე ვინადირეთ მტერზე. საბედნიეროდ, ოთხივე გამოვედით, მაგრამ რად გინდა? _ საქმე ვერ ვნახეთ, იქიდან ჩამოტანილი იარაღი კი გვქონდა და გადავედით ძარცვა-გლეჯაზე. ძალიან ძნელია, ამხელა კაცი სახლში მიდიხარ და უყურებ, მშობლები საჭმელს არ ჭამენ იმიტომ, რომ შენ შეგხვდეს და მშიერი არ მოკვდე...“
სამსონ ჭ., მკვლელობისთვის გასამართლებული: ,,მთელი ცხოვრება ხე-ტყეს ვამზადებდი და ამიტომ ძალიან ბევრი ნაცნობი მყავდა. ომი რომ დაიწყო, დარწმუნებული ვიყავი, იქიდან არავინ გამომაგდებდა, მაგრამ მერე მირჩიეს, შენ თუ გინდა დარჩი, მაგრამ ცოლ-შვილი ეგებ, ცოტა ხანს გაარიდოო. წამოვიყვანე ცოლ-შვილი წყალტუბოში, ჩემს ძმას მივაბარე და უკან დავბრუნდი. სახლს ვყარაულობდი ძაღლივით და ღამე შიშით არ მეძინა. თუ რამე წასაღები იყო, ყველაფერი გაიტანეს, მოდიოდნენ ღამე, გააღებდნენ კარს, მოაყენებდნენ მანქანას და მიდიოდა ჩემი ნაოფლარის დატვირთვა. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ პირველი სართული რომ დაცალეს, რუსული საუბარი მესმოდა, მეორე სართული რომ დაცალეს _ ქართული და სარდაფიდან ბილიარდის მაგიდა რომ ამოჰქონდათ, აფხაზები იყვნენ.
ბოლოს, მოიფიქრა ვიღაცამ, ქართველები აფხაზეთს იმიტომ არ ტოვებენ, რომ სახლებს უფრთხილდებიანო და კი დაიწყეს სახლების აფეთქება. ჩემი ქვით ნაშენები სახლი იყო, იმედი მქონდა, მიწასთან არ გასწორდებოდა და ასეც მოხდა _ ვერ ააფეთქეს ბოლომდე, მაგრამ საცხოვრებლად აღარ ვარგოდა. სარდაფში დავიწყე ცხოვრება, დღისით იქ ვიმალებოდი, ღამით გამოვდიოდი და ვცდილობდი, ისედაც გავერანებული ეზო, სულ არ გაპარტახებულიყო. ერთი კვირის მერე ისევ ესროლეს ჩემს სახლს, მერე სახურავის ნარჩენს ცეცხლი წაუკიდეს და კი წამოვედი აქეთ...“
იაგო ტ., ყაჩაღობისთვის გასამართლებული: ,,სოფელ ესტონკაში ჩემი ხელით დავწვი საკუთარი სახლი. მთელი ცხოვრება იმ სახლის აშენებას შეალია ჯერ ბაბუაჩემმა, მერე მამაჩემმა და ვიღაცისთვის უნდა დამეტოვებინა.
ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო, მერე კი, როცა წასვლის დრო დადგა, მივხვდი, ჩემების ნაწვალებში სხვას უნდა გაეთბო ძვლები. ვერ გადავხარშე, ვერ მოვინელე ეს და საკუთარი ხელით ავაფეთქე, მიწასთან გავასწორე ჩემების ნაოფლარი.
რა დამრჩა იქ? _ სული დამრჩა, ოფლი და სისხლი დამრჩა ჩემების და სიკვდილის მოახლოებას რომ ვიგრძნობ, წავალ და იქ მოვკვდები, ოღონდ მარტო არა, გავიყოლებ ვინმეს, სხვანაირად ვერ მოვისვენებ...“
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში