Menu
RSS

WRONE ZEITUNG-ში, ვენის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატია WIENER ZEITUNG-ის ერთ-ერთ ჟურნალისტზე, რომელმაც, მათი თქმით, ვენის პოლიციაზე „ველური და აგრესიული“ ქმედება განახორციელა. სხვათაშორის, რამდენიმე ხნის წინ, თითქმის მსგავსი ბრალდებები ვენის პოლიციამ მეც წამომიყენა, როცა ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთისთვის ავტოავარიის ფოტოკადრებს ვიღებდი. ეს კი მაძლევს საფუძველს, ვენის პოლიციის ობიექტურობა და სამართლიანობა ეჭვქვეშ დავაყენო. დავიწყე ინფორმაციის მოკვლევა WIENER ZEITUNG-ის ჟურნალისტის საქმეზე, რომელიც ჩემი საქმის თითქმის იდენტურია და მასალებს უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე იმ ფაქტებს გაგაცნობთ, რომელიც სადღეისოდ გვაქვს.
ველური სცენა, 2017 წლის 25 ივლისს, ვენაში, ლტოლვილების 8-სულიანი კავკასიური წარმოშობის ოჯახის დეპორტაციის დროს განვითარდა. ვენის პოლიციის თქმით, 58 წლის ბაბუა სამართალდამცავებისკენ უხეშად „გაიწია“, ხოლო ერთი პოლიციელი შელაპარაკებისას იატაკზე დაეცა. რა თქმა უნდა, ბაბუა დააკავეს და პროკურატურამ ამ ფაქტზე საქმე აღძრა.
დეპორტაციის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, პოლიცია ლტოლვილების ბინაში 6:45 საათზე მივიდა _ 38 წლის მამის, 34 წლის დედისა და მათი 6 შვილის გარდა, ბინაში ასევე იმყოფებოდა ოჯახის ბაბუა, რომელიც, პოლიციის თქმით, ზედმეტად აგრესიული იყო. ამის გამო ვითარება რამოდენიმე წამში დაიძაბა და შედეგად ბაბუა დააპატიმრეს.
პოლიციის თქმით, ოპერაციის მსვლელობისას, მოულოდნელად კარზე ზარი და ბრახუნი გაისმა. კარი გააღეს. სტუმარი ქალბატონი, რომელმაც თავი ოჯახის მეგობრად წარადგინა, ცდილობდა 8 სულიანი ოჯახის დეპორტაციისათვის ხელი ნებისმიერი მეთოდით შეეშალა. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალბატონი ბინაში არ შეუშვეს, განაცხადა, რომ WIENER ZEITUNG-ის ჟურნალისტი იყო და ცდილობდა მოქმედების ადგილას შეეღწია. პოლიცია ამბობს, რომ როცა ქალბატონმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, დაიწყო ჩხუბი, ლანძღვა და სხეულზე თვითდაზიანების მიყენება, შემდეგ თურმე იატაკზე გაწოლილა და უნდოდა, ერთ-ერთი ქალბატონი პოლიციელისთვის ფეხზე ეკბინა (ანუ მცდელობა ჰქონია ეკბინა _ არც უკბენია და არც შეხებია, ამ შემთხვევაში, პოლიციის ინფორმაციით, მოქმედება არაა დაფიქსირებული, _ ლ.ხ.).
რასაკვირველია, ვენის პოლიციამ ჟურნალისტი ქალბატონის მიმართ საქმე აღძრა, ჩემს შემთხვევაში კი მხოლოდ ჯარიმა _ 170 ევროს გადახდა დამაკისრა. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას დავისაჯე იმის გამო, რომ პოლიციელს ჩემი და მისი უფლება-მოვალეობები შევახსენე. მან კი ცრუ ბრალდება წამომიყენა, სადაც ჩამიწერა, რომ თურმე ველურად ვიქცეოდი, უკონტროლოდ ვიქნევდი ხელებს და ხმამაღლა ველაპარაკებოდი. როგორც ჩანს, ელოდა, რომ მშვიდად, ჩურჩულით შევეკითხებოდი, რატომ მირტყამთ-მეთქი?!
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: ვენის 21-ე რაიონში, Lეოპოლდაუერ სტრასსე 44, დიდ გზაჯვარედინზე მოხდა ავარია. ადგილზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი და, როგორც ყველა ჟურნალისტი მოიქცეოდა, მეც გადავწყვიტე ფოტოფაქტი გადამეღო. ზოგადად, მსგავს ფაქტებს ვიღებ ვენის სხვადასხვა გაზეთებისთვის თუ ვინმეს მოეწონება, დაბეჭდავს და ჰონორარი მერიცხება 50 ევროს ოდენობით.
გადაღება დამთავრებული მქონდა და შემთხვევის ადგილს უკვე მოშორებული ვიყავი, როცა პოლიციელი დამეწია და მკითხა, ვიყავი თუ არა ავარიის მონაწილე, მე უპასუხე რომ არა, მხოლოდ ფოტოებს ვიღებდი გაზეთ HEUTE -სთვის. მითხრა, დატოვე შემთხვევის ადგილიო, თუმცა ვუპასუხე, რომ უკვე წასული ვარ, ანუ შორს ვარ შემთხვევის ადგილიდან, შენ გამაჩერე, ისედაც მივდიოდი და რატომ გამომეკიდე, ვერ გამიგია-მეთქი. როგორც ჩანს, პოლიციელს პასუხი არ მოეწონა და გაშლილი ხელისგულით მკერდში რამდენჯერმე დამარტყა.
იქიდან კი წამოვედი, მაგრამ პოლიციელის ძალადობა ვერ ავიტანე და ცოტა რომ დავწყნარდი, დაახლოებით, 3 წუთში უკან მივბრუნდი _ შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციელებს სამკერდე ნომერი არა აქვთ და ვთხოვე, პირადი ნომერი მომეცი, ზემდგომ ორგანოებს უნდა მივმართო-მეთქი. ჯერ მემალებოდა, ხან რომელ ავტომობილში ჩაჯდა, ხან _ რომელში. ვიდექი ტროტუარზე და რომ არა და არ დავანებე თავი, მომცა პირადი ნომერი, ისიც იმიტომ, რომ ზემდგომმა უბრძანა _ მოკლედ, საკუთარი ხელით დამიწერა ყველა მონაცემი, სამაგიეროდ ჩემი საბუთებიც მომთხოვა და თან მითხრა, არც მე დაგრჩები ვალშიო. იმ ღამესვე შევიტანე საჩივარი პოლიციის უახლოეს განყოფილებაში, რომელიც გააქრეს საერთოდ და აღარ არსებობს, აქეთ გამომიგზავნეს 170 ევრო ჯარიმა, სადაც წერია, რომ ხმამაღლა, უხეშად ვლაპარაკობდი, და ხელს ვუშლიდი მუშაობაში. უკაცრავად, მაგრამ როგორ დაველაპარაკები ნებისმიერს, თუ ის ჩემზე ძალადობს? რატომ არ მოვეშვი პოლიციელს? _ მოეცა, თავის დროზე, პირადი ნომერი და მეც არ გავაგრძელებდი დისკუსიას.
მე წერილობით არაერთხელ მივმართე ვენის მთავარ პოლიციასაც და ადგილობრივსაც, დავებარებინე და მოეცათ შანსი, დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე _ მე შემიძლია წარვადგინო ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩვენი საუბარია ჩაწერილი და სადაც აღიარებს, რომ კი არ დამარტყა, არამედ თურმე გამათრია. ჯარიმაში ამის შესახებ არაფერი წერია და გამოდის, ვიდეომასალაში სხვა ბრალდებას მიყენებს და ჯარიმაში რადიკალურად განსხვავებულ ფაქტზეა საუბარი?
ნაცვლად იმისა, რომ სიმართლე გაერკვიათ, არავის შეუწუხებია თავი და პირიქით, ჩემი ადვოკატის გვერდისავლით, რაც კანონდარღვევაა, გამომიგზავნეს გაზრდილი ჯარიმა. ამაზეც გავაკეთეთ რეაგირება. მივწერე პოლიციას, შეეწყვიტათ ფსიქოლოგიური ზეწოლა და ყველა წერილი გაეგზავნათ ჩემი ადვოკატისთვის. ჩემმა დამცველმა თავიდანვე უკანონოდ ჩათვალა ეს ჯარიმა და მითხრა _ საჩივარი უნდა გაბათილდეს, რადგან ააორთქლესო, ბოლო ვიზიტზე კი განმიცხადა _ თუ მომავალი არ გინდა გაიფუჭო, გადახედე საქმეს, მათ არ აინტერესებთ, რა მოხდა, სასჯელს გაგიზრდიან და საბოლოოდ, დაგიჭერენო. აი, ასე ხდება, როცა უსამართლობის მსხვერპლი ხდები. ჯარიმა 195 ევრო ახლახან გადავიხადე, მაგრამ რომ ვეღარ შემომედავონ, ვამზადებ წერილ ვენის მთავარი ომბუდსმენისთვის და ვიმედოვნებ, იქ მაინც შევძლებ სამართლის პოვნას. ვაპირებ, ვუჩივლო მოძალადე პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფისა და ზიზღის ენით საუბრის გამო.
ლევან ხვედელიძე

back to top