Menu
RSS

ტუსაღთა ადამიანური ტრაგედიები

ორიოდ დღის წინ, ქვემო ქართლში, ნადირობის დროს, სიძეს იარაღი გაუვარდა და ცოლისძმა მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს სასამართლო, მაგრამ ფაქტია _ ოჯახი გაუბედურდა. ამბობენ, რომ ყველაზე ცოდო ამ შემთხვევაში გარდაცვლილის დაა, რადგან ქმარმა ძმა მოუკლა... მწარე რეალობა: მისი ძმის მკვლელის შვილების დედა ჰქვია! სამწუხაროდ, უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული. დღეს იმ ტრაგედიებზე მოგითხრობთ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქართველოში მოხდა და ოჯახის წევრებმა ერთმანეთი, ნებსით თუ უნებლიედ, სასიკვდილოდ გაიმეტეს.
დათა ს.: – დედაჩემს ტყუპისცალი ჰყავს. ისე მოხდა, რომ ორი კვირის სხვაობით გათხოვდნენ და ბაბუაჩემმა ერთი დიდი ქორწილი გადაიხადა. ერთი თვის სხვაობით დავიბადეთ მე და ჩემი დეიდაშვილი სანდრო.
ბედმა ისე ინება, ჩვენი მამები მანქანით მიდიოდნენ სამეგრელოდან თბილისში: ავარია მოუვიდათ და ორივე დაიღუპა. დავრჩით მე და სანდრო ბაბუის სახლში, იქ გაგვზარდეს დედებმა და სიმართლე გითხრათ, ორივეს დედას ვეძახდით.
რვა თვის წინ, თბილისიდან სამეგრელოში მივდიოდით, საჭესთან მე ვიჯექი, მანქანა მოყინულ გზაზე დამიტრიალდა და ხეს შევასკდი. სანდრო ადგილზე მოკვდა, მე კი გადავრჩი, მაგრამ რა არის ჩემი სიცოცხლე? პრაქტიკულად, ძმა მოვკალი და დეიდაჩემს ერთადერთი იმედი წავართვი. მოსამართლემ სამი წელი მომცა, მაგრამ გავასაჩივრე, კაცი მოვკალი, სამი წელი ცოტაა-მეთქი, იმდენი ვქენი, სააპელაციოს ერთი იმდენი დავამატებინე.
არც მინდა, აქედან გასვლა, რომ გავიდე, სად წავიდე, თვალებში როგორ ჩავხედო დედას ან დეიდას?!
_ და თქვენი მამები რომ დაიღუპნენ, მაშინ ვინ იჯდა საჭესთან? _ ჰკითხა ერთ-ერთმა პატიმარმა დათას.
_ არ ვიცი. ნათესაობა ამაზე არაფერს გვეუბნება, დედას კი ვერ ვკითხეთ, აზრი არ ჰქონდა. გვიმალავდნენ და...
იმის გაფიქრება, რომ მაშინ მამაჩემი იჯდა და ახლა _ მე, სულ ბოლოს მიღებს...
ზურა რ: _ დედაჩემს და მამაჩემს ბაღიდან მოსწონდათ ერთმანეთი. ბაღი, სკოლაც, სასწავლებელიც ერთად დაამ¬თავრეს... რაიონიდან თბილისში გადმოვიდნენ, შემდეგ სამუშაოდ ისევ უკან დაბრუნდნენ და მეც გავჩნდი.
მერე, ქვეყანა რომ აირია, მამაჩემი სამუშაოდ რუსეთში წავიდა და დაიკარგა. ვერაფერი გავიგეთ, სად იყო, როგორ, ვისთან... მაშინ ბევრი წასული დაიკარგა და ვიფიქრე, რომ ვინმემ მოკლა და სადმე ჩამარხეს. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ბინა ვიქირავე და თბილისში ვცხოვრობდი. დედა სოფელში სახლს უვლიდა. პრაქტიკებზე ვაკის რაიონში გამანაწილეს, პოლიციაში დავიწყე მუშაობა. გამიხარდა, ნელ-ნელა აზრზე მოვედი, მანქანა ვიყიდე, ბინა ვიგირავე, ცოლის მოყვანას ვაპირებდი. ამ საკითხზე მინდოდა დედასთან დალაპარაკება, რადგან მუდმივად მიჩიჩინებდა, შვილიშვილი მანახე, ისე ნუ მომკლავო.
დედაჩემის დაბადების დღე იყო, დამირეკა, ხომ ჩამოხვალო და ვუთხარი, აუცილებლად-მეთქი, მერე დავურეკე, ვეღარ მოვდივარ, საქმე მაქვს-თქო და ტელეფონი გავთიშე, მინდოდა, სიურპრიზი გამეკეთებინა და ესეც არ იყოს, როცა მივდიოდი, ხუთ წუთში ერთხელ მირეკავდა, ხომ მშვიდობით მოდიხარო... წავედი და ღამის ორ საათზე მივადექი სახლს. ერთ ხელში დიდი თაიგული მეჭირა, მეორეში _ საჩუქარი. ჩუმად გავაღე კარი, საძინებელში ავედი და რას ვხედავ, დედაჩემის გვერდით ვიღაც კაცი წევს. ყველაზე, ყველაზე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ყვავილები ჩუმად დავდე, საჩუქარიც ტუმბოზე ჩამოვდე, ტაბელური იარაღი ამოვიღე, კაცს შუბლზე დავადე და გამოვკარი. გასროლის ხმას დედაჩემის არაამქვეყნიური ყვირილი მოჰყვა. მამაჩემი დაბრუნებულა და... ისინიც სიურპრიზს მიმზადებდნენ, თურმე.
ასე მოვკალი 25 წლის უნახავი მამა, სიტყვაც კი არ ვათქმევინე. უხმაუროდ დამაკავეს და უხმაუროდ ,,გამსროკეს'', ასევე უხმაუროდ აპირებენ შემიწყალონ, მაგრამ ცხოვრების აზრს ვეღარ ვხედავ, ვერა...
ხაიბულა მ: მთელი ცხოვრება მიწაზე ვმუშაობდით მთელი ოჯახი. დიდი ფართობი გვქონდა და ამიტომ, ყველა ჩართული ვიყავით. ფინანსურად არ გვიჭირდა. უფრო სწორედ, სოფელში ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახად ვითვლებოდით, ამიტომ ცოლის მოყვანის საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში, სოფლის ყველაზე ლამაზ გოგოს დავადე ხელი და მშობლებს უარი არ უთქვამთ.
დიდი ქორწილი გადავიხადეთ და მესამე დღეს უკვე ცოლიც ჩვენს ფერხულში ჩაერთო. შვილი ერთი წლის შემდეგ გვეყოლა, მერე _ მეორე შვილი, მესამე და სამი მცირეწლოვანის გამო, ცოლი სახლში დაჯდა, ჩვენ ისევ მინდორში. ერთხელ, მეზობლის ქორწილიდან მოვდიოდი და მეზობლის ქვრივი ქალი ამეკიდა, მიგაცილებო. ორღობეში ხელების ფათური დამიწყო. რა გინდა-მეთქი და ას დოლარად შენი გავხდებიო. გამეცინა, ხელი ავუქნიე და მაშინ მომაძახა, აბა, ისა ჯობია, შენი ცოლი უფასოდ რომ უწვება ყველასო?!
ვიფიქრე, გამწარებულზე მითხრა-მეთქი, მაგრამ ეჭვმა არ მომასვენა და ცოლის თვალთვალი დავიწყე. ერთ დღესაც მთელი დღის საგზალი წავიღე მინდორში, გვიანობამდე არ მოვალ, მორწყვას ვიწყებ-თქო. მორწყვას ერთი დღე კი არა, მინიმუმ, სამ დღეს ვანდომებდით ხოლმე და ვფიქრობდი, თუ რამე უნდა, ახლა უნდა ქნას-მეთქი. შუა დღისას წამოვედი მინდვრიდან, მაგ დროს ბავშვებს აძინებდა ხოლმე. საძინებელში შევიხედე და... რა მნიშვნელობა აქვს, რა დავინახე, იმხელა შოკი იყო, კარგა ხანს ფანჯარასთან ვიჯექი და ვერ ვდგებოდი.
მერე ავდექი, ნაჯახი ავიღე, საძინებელში შევედი. კაცი იქ აღარ დამხვდა, ცოლი ტანსაცმელს იცვამდა. რომ შემხედა, მიხვდა, განწირული იყო, სახეზე აიფარა ხელები. ნაჯახით მოვჭერი თავი, ტანი ტომარაში ჩავდე, მინდორში წავიღე, თავი კი დამრჩა იქ. მამაჩემს ვუთხარი, დამარხე-მეთქი და დამარხა. უკან მოვბრუნდი და თავზე რომ ვერაფერი მოვიფიქრე, სარწყავი წყლის მილში შევტენე, არ ვიყენებდით იმ მილს, გაუქმებული იყო...
სამ დღეში განცხადება შევიტანე პოლიციაში, ცოლი დავკარგე-მეთქი და ზერელედ ჩაატარეს გამოძიება, გაიკითხეს სოფელში და ვინმეს აეკიდებოდაო, გადაწყვიტეს.
ერთი წლის შემდეგ, იმ მილში, რომელსაც არ ვიყენებდით, წყალი გაუშვეს და თან ისე, ჩვენ სახლში არ ვიყავით. გამოგორდა თავის ქალა და ატყდა ამბავი. მაშინ დამაპატიმრეს და ერთადერთი, რაც შევძელი, მამაჩემი გადავარჩინე, არ ვთქვი, რომ მეხმარებოდა...
პატიმარი #0578

back to top